ნახეთ: როგორ გამოიყურება რობოტი "ცოცხალი" კანით
რა არის საჭირო იმისთვის, რომ რობოტი ადამიანს გარეგნულად დაემსგავსოს? ერთი-ერთი მთავარი გამოსავალი მისი მეტალის სხეულის დაფარვაა, რისთვისაც ყველაზე კარგი საშუალება კანია.
ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა სწორედ ეს გააკეთეს. მათ ლაბორატორიულ პირობებში ცოცხალი უჯრედები გაზარდეს, რომელთა დახმარებითაც ხელოვნური კანი მიიღეს. მისი ქვედა შრე სილიკონისგანაა დამზადებული. სპეციალისტებმა ორივე მათგანის კომბინაციით მიღებული საფარველი რობოტის სახეზე გადაიტანეს, რომელიც მანამდე წყლის ორთქლის პლაზმით დაამუშავეს, რათა ის ჰიდროფილური გამხდარიყო, ანუ ზედაპირზე სითხეების მიმაგრება გამარტივებულიყო.
აი, შედეგიც:
გუნდი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიას შეუძლია, რობოტიკა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს და მსგავს მოწყობილობებს შეხების შეგრძნებისა და თვითაღდგენის უნარები შესძინოს. უფრო კონკრეტულად, ეს ქიმიური ბაზის მქონე ისეთი მასალის შექმნის საშუალებას გვაძლევს, რომელიც დაზიანებისას გამთელდება, მაგრამ ამისთვის სითბო, წნევა ან სხვა მაპროვოცირებელი ელემენტებია საჭირო, თუნდაც ნერვები.
"რბილ და სველ ბიოლოგიურ ქსოვილებზე მუშაობისას მათი გარდაქმნა იმაზე რთულია, ვიდრე ამ სფეროში გაურკვეველი ადამიანების მიერ აღიქმება. მაგალითად, თუკი სტერილურობა ვერ შენარჩუნდება, შესაძლოა, მათში ბაქტერიამ შეაღწიოს და ისინი გაანადგუროს", — აცხადებენ ავტორები.
ისინი აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში ადამიანის ვიზუალური მახასიათებლების გამეორება გარკვეულ დონეზე მოახერხეს, რადგან რობოტს სახეზე ჩვენი კანისნაირი სტრუქტურის მქონე ზედაპირული საფარი მიამაგრეს. ასევე, გამოავლინეს ახალი გამოწვევები, როგორიცაა ნაოჭები და უფრო სქელი ეპიდერმისი, რაც მეტი მსგავსებისთვისაა საჭირო. მათი მიზანი ამ ხელოვნურ ქსოვილში ფორების, საოფლე ჯირკვლების, სისხლძარღვების, ცხიმისა და ნერვების ინტეგრირებაა.
კომენტარები