შესაძლოა, იუპიტერის გასაოცარი ღამეული ნათება ბნელ მატერიას უკავშირდებოდეს
ბნელი მატერია უხილავია, მაგრამ სამყაროს მასის უდიდეს ნაწილზეა პასუხისმგებელი. ჩვეულებრივი ტელესკოპებით მისი ისე დაფიქსირება შეუძლებელია, როგორც ვარსკვლავებს, გალაქტიკებსა და შორეულ ნისლეულებს ვაკვირდებით. ამის მიუხედავად, დამზერად კოსმოსზე ის საკუთარ კვალს მაინც ტოვებს.
ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, ამის მაგალითი მზის სისტემის გიგანტი პლანეტა იუპიტერი იყოს. კერძოდ, მისი ღამეული ინფრაწითელი ნათება, რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში შეინიშნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ფენომენი სწორედ ბნელ მატერიასთან ურთიერთქმედებითაა განპირობებული.
ციურის სხეულის აირადი გარსის ამ რეგიონში დიდი რაოდენობით გვხვდება წყალბადის დამუხტული იონები, რომელთაც ტრიწყალბადის კათიონები (H3+) ეწოდება. ისინი სხვადასხვა კოსმოსური პროცესისას წარმოიქმნება, მაგრამ, სპეციალისტთა აზრით, ასეთი სიუხვე ყველაზე უკეთ ბნელ მატერიასთან კავშირით აიხსნება.
"ვასკვნით, რომ შესაძლოა, ბნელი მატერია პლანეტურ ატმოსფეროებში H3+-ის დამატებითი წყარო იყოს. წესით, ის იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუ ბნელი მატერია გაიფანტება და ციური სხეულების მიერ მიიზიდება, საბოლოოდ კი ანიჰილაციას განიცდის, რაც მაიონებელ რადიაციას წარმოქმნის", — აცხადებს ფიზიკოსი კარლოს ბლანკო.
ბნელი მატერიის შესახებ ვიცით, რომ ის ჩვეულებრივ მატერიასთან გრავიტაციულად ურთიერთქმედებს. ყველა მასა, რომელიც ჩვენთვის ხილულ შედგენილობებს ვერ მიეწერება, სწორედ ამ სუბსტანციას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ როცა მისი ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება, ეს მათი ანიჰილაციით, ანუ განადგურებითა და გაქრობით, სრულდება. შედეგად სითბო ან სინათლე უნდა ჩნდებოდეს, ან, სულაც, ორივე.
ასტრონომები ამბობენ, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ პლანეტების იონოსფეროშიც ხდებოდეს, სადაც ზემოხსენებული ნაწილაკები მიიზიდება და ერთმანეთს ანადგურებს. ავტორებს მიაჩნიათ, რომ იუპიტერი ამგვარი პროცესებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, რადგან დიდი ზომისაა და შედარებით ცივი ბირთვი აქვს.
მათი თქმით, ამ აირის გიგანტის ატმოსფეროში ბნელი მატერიის პოტენციური ანიჰილაცია ზონდმა Cassini-მ 2 დეკადაზე მეტი ხნის წინ ვიზუალური და ინფრაწითელი სპექტრომეტრით დააფიქსირა.
რა თქმა უნდა, საუბარია ურთიერთანიჰილაციის შედეგზე, მაიონებელ რადიაციაზე, და არა თავად პროცესზე. ამ დროს იონოსფეროში ატომებისგან ელექტრონები ცალკევდება, რის გამოც დადებითად დამუხტული იონები მიიღება, რაც ინფრაწითელ ელვარებასთან ასოცირდება.
იუპიტერის ატმოსფეროში ამგვარი რადიაციის შესაძლო წყარო მზის გამოსხივება და თავად ციური სხეულის ციალია. მეცნიერები მის ღამეულ ნახევარსფეროს დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ ამ ორივე ფაქტორის მოქმედება იქ მინიმალურია, რაც ავტორების მოსაზრებას ამყარებს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები