გაიცანით გრეის ჰოპერის დაჯილდოვების ფინალისტები
საქართველოში თიბისის ორგანიზებით უკვე მეოთხედ ტარდება გრეის ჰოპერის დაჯილდოვება. ჯილდო 4 წლის წინ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. გრეის ჰოპერი, იგივე “საოცარი გრეისი” ამერიკელი მეცნიერი და მათემატიკოსი იყო. ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ ადამიანად ითვლება ტექნოლოგიების სფეროში. ამ სტატიაში ჯილდოს 2024 წლის ფინალისტების შესახებ მოგიყვებით.
საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა. ესენია: ტექ ლიდერი, აღმოჩენა ახალ თაობაში, გამორჩეული მეცნიერი, ინოვაციური ტექ პროდუქტი და ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის. ჯილდო გადაეცემა მათ, ვინც წარმატებით მოღვაწეობენ თავიანთ სფეროში და ამასთან ერთად, ხელს უწყობენ სხვა ქალების ჩართულობასა და გაძლიერებას ტექნოლოგიებში.
გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები რამდენიმე დღის წინ გამოვლინდნენ.
ტექ ლიდერი
ეს ჯილდო გადაეცემა მას, ვისაც აქვს ლიდერული უნარები, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და უკვე აქვს გამორჩეული მიღწევები ტექნოლოგიების სფეროში. ამ კატეგორიის ფინალისტებს შორის არიან ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი და მარია ბელმასოვა.
ნათია სირბილაძე, რომელმაც პროფესიული საქმიანობა სხვადასხვა ორგანიზაციაში ბიზნეს ანალიტიკოსისა და კონსულტანტის პოზიციით დაიწყო, დღეს Exactpro-ს საქართველოს ოფისის აღმასრულებელი დირექტორი, GeoSTQB-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი და ICT-ის ასოციაციის ბორდის წევრია.
მას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის თითქმის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მისთვის ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა ყოველთვის იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ნათია ხუხუნაიშვილი IT მენეჯერია, 20-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. უმუშავია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს იყო Microsoft-ის ტექნიკური მენეჯერი კავკასიაში და განყოფილების უფროსი Prodware-ში. ამ ეტაპზე არის გლობალური აპლიკაციების სერვისების გუნდის ხელმძღვანელი FINCA Impact Finance-ში. ის აქტიურად ცდილობს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექ სფეროში.
მარია ბელმასოვა ქსელის ინჟინერია 18 წლის გამოცდილებით და ამჟამად საერთაშორისო პროექტზე მუშაობს კომპანია EPAM-ის ეგიდით. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული აიპი ქსელების მოწყობასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. მარიას დახმარებით ბევრმა ახალბედამ დაიმკვიდრა თავი ამ სფეროში.
გარდა ამისა, 2008 წლის ომის დროს, მნიშვნელოვანი იყო მისი ჩართულობა საქართველოზე განხორციელებული კიბერ თავდასხმის აღმოჩენის, მყისიერი რეაგირებისა და მტკიცებულებების შეგროვების პროცესში.
აღმოჩენა ახალ თაობაში
კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგო, რომელსაც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე აქვს შთამბეჭდავი მიღწევები და პოტენციალი, რომ გახდეს ლიდერი თავის სფეროში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კატეგორიის ფინალისტები არიან ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი და მარიამ გაგუა.
ანასტასია კვინიკაძე
თამარ ფეიქრიშვილი
მარიამ გაგუა
ანასტასია კვინიკაძე კომპანია იმპელის ინჟინერიის დირექტორია. მან ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა.
განსაკუთრებით აინტერესებს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. თვლის, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მაქსიმალური ინფორმირება. სწორედ ამიტომ, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამის შექმნაზე. მისი სამომავლო გეგმებიც აკადემიურ და სამეცნიერო სფეროს უკავშირდება.
თამარ ფეიქრიშვილმა წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა და ახლა სრული დაფინანსებით აგრძელებს სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტთა სიაში QS World University Rankings-ის მიხედვით პირველ ადგილზეა ბოლო 13 წლის განმავლობაში. სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 8 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.
თამარს ასევე აინტერესებს პროგრამირება და სურს, რომ მათემატიკა გამოიყენოს ისეთი მოწყობილობების შესაქმნელად, რომლებიც საზოგადოებას დაეხმარება.
მარიამ გაგუა პროდუქტის უფროსი მენეჯერია და აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება. 2022 წელს ის შეუერთდა Klarna-ს ლონდონის ოფისს, სადაც სოციალური შოპინგის აპლიკაციებზე მუშაობდა. 2023 წელს კი seed-stage სტარტაპის, beetl-ის პროდუქტების ხელმძღვანელი გახდა.
ამასთან ერთად, მარიამი არის ქართული ტექნოლოგიური კომუნის, Fennec Tech Studio-ს დამფუძნებელი და წლებია ქართველ ახალგაზრდებს ეხმარება ტექნოლოგიური კარიერის განვითარებაში.
ინოვაციური ტექ პროდუქტი
გრეის ჰოპერის ჯილდო ინოვაციური ტექ პროდუქტის კატეგორიაში გადაეცემა პროდუქტს, რომელიც პასუხობს ბიზნესის თუ საზოგადოების საჭიროებებს. რაც მთავარია, მისი შემქმნელი უნდა იყოს ქალი. ამ კატეგორიის ფინალისტები არიან Helio.Ai, QuickShipper და Elven Technologies.
Helio.Ai რეკრუტინგის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ნეირომეცნიერული თამაშების გამოყენებით, კომპანიებს ეხმარება საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში.
QuickShipper არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად მიიტანოს შეკვეთა მომხმარებლამდე. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს ციფრულ ეკოსისტემას კურიერების სამართავად, რაც მოიცავს მარტივად გამოსაყენებელ კურიერის აპებს, მარშრუტების ოპტიმიზაციის მოდულს, tracking-ს მათი მყიდველებისთვის, ინტეგრაციას ნებისმიერი პლატფორმიდან და პლატფორმაშივე ინტეგრირებულ წამყვან საკურიერო კომპანიებს.
Elven Technologies — Elven-მა შეიმუშავა მსუბუქი, მოქნილი და ცეცხლგამძლე კომპოზიტი, რომელიც ოთხი ფენისგან შედგება. მას საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს სიმსუბუქისა და დაბალი ფასის გამო.
გამორჩეული მეცნიერი
გამორჩეული მეცნიერის ჯილდო გადაეცემა ქალს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი STEM სფეროში. ამ კატეგორიის ფინალისტები არიან თინათინ კახნიაშვილი, ლელა ოქრომელიძე და მარიამ გაჩეჩილაძე.
თინათინ კახნიაშვილი
ლელა ოქრომელიძე
მარიამ გაჩეჩილაძე
თინათინ კახნიაშვილმა 1988 წელს, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში (მოსკოვი, რუსეთი) დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (უთანაბრდება Ph.D. ხასისხს). 1999 წელს, რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილებაში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (უთანაბრდება Habilitation-ს) და 2000 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
2009 წლიდან დღემდე არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარი-პროფესორი, 2011 წლიდან კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ამასთან ერთად, თინათინს მოპოვებული აქვს არაერთი საქართველოს თუ საერთაშორისო დონის გრანტები.
ლელა ოქრომელიძე უკვე მეორე წელია ფლორიდაში, მეიოს კლინიკის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის რეზიდენტურაში სწავლობს. ის არაერთი რადიოლოგიური საზოგადოების წევრია, მათ შორის, RSNA, ESR, ASNR, ASFNR და SENRS.
ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ერთი წელი აშშ-ში გაატარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით გააგრძელა.
2013 წელს, Erasmus Mundus ALRAKIS II სტიპენდიით ერთი წელი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში ისწავლა. 2015 წელს მან მიიღო AMGEN-ის სტიპენდია, რითიც მიეცა შესაძლებლობა ემუშავა ტოკიოს უნივერსიტეტის მოლეკულური იმუნოლოგიის ლაბორატორიაში. 2018 წელს, თსსუ-ს დასრულების შემდეგ პროფესიული განვითარება ამერიკაში გააგრძელა.
მარიამ გაჩეჩილაძე 2022 წლიდან დარმშტატის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია კვანტური გამოთვლებისა და ინფორმაციის თეორიის სფეროში. დარმშტატში გადმოსავლამდე, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კელნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში კვანტური ინტერნეტის განვითარების მიმართულებით.
2015-2019 წლებში, ზიგენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო თეორიული კვანტური ოპტიკის განხრით. იქამდე, სწავლობდა ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ასევე, დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებებს. მარიამი ამბობს, რომ ეს გზა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.
ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის
ამ კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა კომპანიას, რომელიც მხარს უჭერი~ს თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს ქალებს დაიკავონ ლიდერული პოზიციები STEM სფეროში. ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის კატეგორიის ფინალისტები არიან Noxtton, Veli.Store და Leavingstone.
Noxtton არის საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც თავის სერვისს ახორციელებს 15-ზე მეტ ქვეყანაში. Noxtton-ის პორტფოლიო მოიცავს 200-ზე მეტ დასრულებულ პროექტს ისეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონის ორგანიზაციებთან, როგორებიცაა EBRD, USAID, Radisson, Marriot Global, Red Cross და სხვა. ჩამოთვლილ და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით Noxtton-მა $2 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
Veli.Store მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს. ველი 50 ათასამდე პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს და ასე ამარტივებს როგორც ყოველდღიურ საყიდლებს, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მზადების პროცესს.
Leavingstone თბილისში მდებარე ციფრული კრეატიული სააგენტოა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ემსახურება. მათ 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული.
"თავიდანვე გვჯეროდა ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის უსაზღვრო პოტენციალის და გვქონდა ამბიცია დაგვემტკიცებინა, რომ პატარა ქვეყნებსაც აქვთ შესაძლებლობა მისწვდნენ საერთაშორისო სიმაღლეებს", — ამბობენ Leavingstone-ში.
ამჟამად, სააგენტო თავის მომხმარებელს სთავაზობს მარკეტინგულ კონსულტაციასა და ბრენდინგს, კრეატიულ კონცეფციასა და კამპანიის განხორციელებას, სოციალური მედიისა და ციფრულ სარეკლამო სერვისებს, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების განვითარების სერვისებს, Al/Big მონაცემთა ანალიზის სერვისებს.
გრეის ჰოპერის სახელობოს დაჯილდოვება გაიმართება 5 ივლისს, 18:30 საათზე, თიბისი კონცეპტში.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული წელს პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს 10,000 ლარის ოდენობით მხარდაჭერას, რაც წინასწარი შეთანხმებით მოხმარდება გამარჯვებულის განათლებასა და განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას; კომპანიის შემთხვევაში პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას თუ ტექნოლოგიური პროდუქტის დახვეწას.
პარტნიორები: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიჯიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.
კომენტარები