ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით მარტორქებს რქებში რადიოაქტიური ჩიპები ჩაუდგეს
მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში მობინადრე მარტორქებს რქებში რადიოაქტიური იზოტოპები ჩაუდეს. ბრაკონიერები ამ ცხოველებზე რქების გამო ნადირობენ, მკვლევართა ეს ძალისხმევა კი მარტორქების დაცვას ისახავს მიზნად.
ჯეიმს ლარკინმა, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პროფესორმა, AFP-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უჩვეულო მასალის წყალობით რქები გამოუსადეგარი გახდება და მათი გამოყენება ადამიანებისთვის მომწამვლელი იქნება.
მეცნიერის თქმით, იზოტოპები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ გლობალურად დამონტაჟებული დეტექტორები გაააქტიუროს. საუბარია ტექნიკაზე, რომელიც თავდაპირველად ბირთვული ტერორიზმის პრევენციისთვის დამონტაჟდა.
რადიოაქტიური იზოტოპები მარტორქებს პატარა ჩიპების სახით ჩაუდგეს. რაც მთავარია, ისინი ცხოველის ჯანმრთელობას ან ბუნებას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. პროცედურის დროს მარტორქებს ეძინათ და დისკომფორტი არ უგრძნიათ.
მარტორქის რქებზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით აზიაში, რადგან მათ ხშირად ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. რქების თერაპიული ეფექტი არანაირი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება, თუმცა არსებული რწმენა-წარმოდგენების გამო იგი მაინც ოქროსა და კოკაინზე ძვირად ფასობს.
AFP-ს მიხედვით, 2023 წელს 499 მარტორქა დახოცეს, ხოლო 22 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ით გაიზარდა. მარტორქების სამი სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა; ამ მხრივ აფრიკაში მობინადრე თეთრი მარტორქების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც უმეტესად გარემოსდამცველთა დამსახურებაა. მოხსენების თანახმად, სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 15 ათასი მარტორქა ბინადრობს.
მეცნიერებს მათ დასაცავად სხვა მეთოდებიც გამოუცდიათ, მათ შორის რქების მოწამვლა ან მოხატვა, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. გარემოსდამცველებს 1980-იანი წლებიდან რქების განზრახ დაჭრისთვისაც კი მიუმართავთ, რომ ეს ცხოველები ბრაკონიერებისგან დაეცვათ, თუმცა მიდგომამ კრიტიკა გამოიწვია.
ლარკინს ბოლო მცდელობისგან დადებითი მოლოდინები აქვს. ის და მისი კოლეგები რადიოაქტიური იზოტოპების ჩადგმას 20 მარტორქას უპირებენ.
"იქნებ სწორედ ამან შეაჩეროს ბრაკონიერობა", — განაცხადა მეცნიერმა AFP-სთან — "საუკეთესო იდეაა, რომელიც კი ოდესმე გამიგია".
კომენტარები