რატომ უნდა გადარდებდეს მართლმსაჯულების პრობლემები მაშინაც, თუ სასამართლოში საქმე არ გაქვს
სასამართლოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მისი მიუკერძოებლად და გამართულად მუშაობა კი, არამხოლოდ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაცაა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და პრობლემები ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. როგორ? — ეს სტატია სწორედ ამაზეა.
ვისთვისაა მნიშვნელოვანი სამართლიანი სასამართლო
ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამა თუ იმ სასამართლო დავისას რომელიმე მხარეს წარმოადგენს. როცა გარანტია გაქვს, რომ სისტემაში პროცესები დამოუკიდებლად და სამართლიანად წარიმართება, უფრო თავისუფლად და დაცულადაც გრძნობ თავს.
მოსამართლის ყოველი გადაწყვეტილება სამართლიანობის სტანდარტის მდგენელია: როგორც პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე გვეუბნება, სისხლის სამართალში გადაწყვეტილება მოსამართლეს საქართველოს სახელით გამოაქვს და ქმნის სტანდარტსაც.
სწორედ ამის გამო, სასამართლოს მიერ მიღებული არასამართლიანი, სხვათა კარნახისა თუ გავლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, საბოლოოდ აისახება მათზეც, ვისაც უშუალო შეხება საერთოდ არ აქვს სისტემასთან.
სამართლიანობა ქმნის სტაბილურობას: სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) იურისტის, ანა პაპუაშვილის შეფასებით კი, დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა არის საზოგადოებრივი მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია, რაც, ასევე კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და კეთილდღეობასთან.
მონაცემებში: სამართალი და დემოკრატია — Economic Intelligence Unit-ის 2022 წლის მონაცემებით, რომელიც The Economis-სა და Bloomberg-ის დაკვეთით ყოველწლიურად აფასებს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს, საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმშია.
და, იცით, რას გულისხმობს ჰიბრიდული რეჟიმი? ასე მოიხსენიებენ ქვეყნებს, რომლებიც აერთიანებენ დემოკრატიულ და არადემოკრატიულ მახასიათებლებს; სადაც რეგულარული სახე აქვს საარჩევნო შედეგების გაყალბების ფაქტებს, რაც თავისთავად ხელისშემშლელი ფაქტორია სამართლიანი, დემოკრატიული გარემოს უზრუნველსაყოფად.
ასეთი სახელმწიფოები ხასიათდება მთავრობებით, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ოპოზიციაზე, ავიწროებენ მედიას, გავლენა აქვთ სასამართლო სისტემაზე, რაც ხელს უწყობს კორუფციული გარემოს ფორმირებას და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანონის უზენაესობის საკითხებს.
მონაცემებში ასახულია Economist Intelligence Unit-ის ექსპერტთა შეფასებები იმის საფუძველზე, თუ რამდენად შეუძლიათ ამ ქვეყნებში მოქალაქეებს თავისუფლად გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი, როგორია სამოქალაქო თავისუფლების სტანდარტი და მთლიანობაში, რამდენად ეძლევა ხალხს საშუალება, არჩევნების შედეგებით მიიღოს ისეთი მთავრობა, რომელიც მათი სახელით მოქმედებს.
იმავე ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები დაღმავალია 2017 წლის შემდეგ. ამ შკალაზე საქართველოსთვის უკეთესი პოზიციების მოსაპოვებლად მართლმსაჯულების დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობას დიდი როლი ექნება.
რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილები ქმნის პრაქტიკას? "სასამართლოს მიერ მიღებული ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, არ ვრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით იქმნება პრაქტიკა და ტენდენციები“ — გვიხნის თამარ გაბოძე.
რამდენად სამართლიანი მოსამართლეები გვყავს, განსაზღვრავს, რამდენად სამართლიანი ვართ ჩვენ, როგორც საზოგადოება: ეს მოცემულობა რომ უკეთ გავიაზროთ, ამისთვის თამარ გაბოძე უზენაესი სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს იხსენებს.
PHR-ის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ საქმე შეეხებოდა ორ ადამიანს — შშმ ბიჭსა და ახალგაზრდა ქალს. როგორც გაბოძე ამბობს, ისინი მამინაცვლის მხრიდან წლების განმავლობაში იყვნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი — "გოგოსთან ამას ჰქონდა სექსუალური ხასიათის შინაარსი, ბიჭთან — საპირფარეშოს აკრძალვა, შეფურთხება, შეურაცხყოფა, საჭმლის აკრძალვა".
PHR ითხოვდა, საქმე შეფასებულიყო, როგორც არაადამიანური მოპყრობა, თუმცა, სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო ძალადობა. გაბოძე გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსმა ცუდმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანის უფლებებზეც.
"მოსამართლე აღარ შეიწუხებს თავს და როდესაც იქნება სხვა მსგავსი, ასეთივე რთული, კაზუსური საქმე, იტყვის, რომ ასეთი შემთხვევა უზენაესი სასამართლოს მიერ შეფასებულია მხოლოდ ძალადობადო."
სასამართლო და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა
მიიჩნევა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და, ზოგადად, გამართული სასამართლო სისტემა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში იზრდება ინვესტიციები, რაც გადამწყვეტია ეკონომიკური განვითარებისთვის.
ანა პაპუაშვილის შეფასებით, რეალურად, სასამართლომ უნდა დააზღვიოს არაფორმალური გავლენები პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში. მისივე თქმით, სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობას, შეუძლია, სახელმწიფო რესურსების სამართლიანი და სწორი გადანაწილება.
ეკონომიკური კეთილდღეობასთან ერთად, ასევე, სასამართლოს შეუძლია გააკონტროლოს ბიზნესი — არსებობს თუ არა სამართლიანი კონკურენცია.
"როდესაც სამართლიან კონკურენციის წესებს ემორჩილება ბიზნესი, ამის ერთ-ერთი მაკონტროლებელია სასამართლო. როდესაც სამართლიანი კონკურენციის წესები პრაქტიკაში კარგად აღსრულდება, ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, უკეთესია, რადგან რაც უფრო სამართლიანია კონკურენცია, უფრო დაბალ ფასად, უკეთესი ხარისხის პროდუქტია ხელმისაწვდომი", — განმარტავს პაპუაშვილი.
იურისტის თქმით, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად, სასამართლო სოციალური სამართლიანობის გარანტორიცაა, რაც, საბოლოოდ, ნებისმიერ ადამიანზე ახდენს გავლენას. პაპუაშვილი საუბრობს სოციალურად მგრძნობიარე სასამართლოს მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან ინტეგრაციის ფონზე.
"არაფორმალური გავლენები თუკი სასამართლოშიც არსებობს, ის სიკეთე, რაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას, ფაქტობრივად, უქმდება. რადგან შენ თუ გაქვს მიკერძოებული სასამართლო ან არაფორმალური გავლენების მეშვეობით დაიცავს გავლენიან პირს, ცხადია, სამართალს ვერ იპოვი".
ფართო სურათში: თუ უკეთ აღქმისთვის ამ ყველაფერს "ზემოდან" დავხედავთ, დავინახავთ, რამდენად კავშირშია მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა ყველაფერთან, რაც არსებითად, ჩვენი ყოფითი გარემოსთვის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს განსაზღვრავს.
ეს, თითქოს, ერთი უწყვეტი ჯაჭვია.
- სოციალური წესრიგი: სოციალური წესრიგი ფუნდამენტია რიგითი მოქალაქის ინდივიდუალური უფლებების დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. სწორედ სამართლებრივი სისტემა ადგენს იმგვარ წესებსა და რეგულაციებს, რაც ხელს უწყობს წესრიგისა და სტაბილურობის განცდას.
- პერსონალური უფლებები და საზოგადოების სამართლიანობის პრინციპი: სამართლიანობა იცავს პიროვნების უფლებებსა და თავისუფლებას. ამასთან, ის უზრუნველყოფს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად და სამართლიანად ვაგებდეთ პასუხს, მიუხედავად წარმომავლობისა, სოციალური სტატუსისა თუ პიროვნული მახასიათებლებისა. კანონის წინაშე თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც აძლიერებს დათქმას, რომ ყველა ჩვენგანი თანაბრად ექვემდებარება ერთსა და იმავე სამართლებრივ სტანდარტს, ეს კი ხელს უშლის და ამცირებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს და მოქალაქეებს უსამართლო მოპყრობისგან იცავს.
- დავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა: ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა უზრუნველყოფს დავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მექანიზმებს და აზღვევს საზოგადოებას ძალადობისა და ქაოსისგან — სასამართლოები და სამართლებრივი პროცესები ხომ სტრუქტურირებული გზაა საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტისთვის.
- დანაშაულის პრევენცია: ეფექტური სამართლიანი სისტემის არსებობა ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას. უფრო მარტივად — კანონმდარღვევების შემაკავებელი ფაქტორია. როდესაც მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ სამართლებრივი სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელია, ისინი უფრო მეტად ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებსაც, მათ შორის, მთავრობასა და სამართალდამცავ ორგანოებს.
- სამართალი და ეკონომიკა: სამართლიანი სამართლებრივი სისტემა აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის და საკუთრების უფლებების დასაცავად და თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალურ, ასევე, კოლექტიურ ეკონომიკურ კეთილდღეობას.
- უსაფრთხო გარემო: სამართლიანობა ხელს უწყობს მოქალაქეთა საერთო კეთილდღეობას ისეთი გარემოს შექმნით, რომელშიც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, სამართლიანობა ქვაკუთხედია და უზრუნველყოფს ინდივიდუალური უფლებების დაცვას, ხელს უწყობს სოციალურ წესრიგს და ინსტიტუტებისადმი ნდობას, რაც, საბოლოო ჯამში, როგორც ქვეყნის, ასევე მისი მოქალაქეების კეთილდღეობას განსაზღვრავს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები