გაჭიანურებული სასამართლო პროცესები — პრობლემა, რომელსაც ყველა აღიარებს
"ყოველი ადამიანი აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლებით" — ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში. იმავეზეა საუბარი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლშიც.
თუმცა, საქართველოში, სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, სწორედ გაჭიანურებული საქმეებია. ესაა პრობლემა, რომელსაც მეტ-ნაკლებად აღიარებს ყველა, მათ შორის, თავად სასამართლო ხელისუფლება.
მონაცემები პრობლემის რეალურობაზე
2023 წელს ორგანიზაციამ საქართველოს სასამართლო გუშაგი, კვლევა ჩაატარა და სასამართლო სისტემა 5 ინდიკატორისა და 45 ქვეინდიკატორის საფუძველზე შეაფასა.
- კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ინდიკატორს აქვს, რომელიც საქმეთა ნაკადის მართვასა და სასამართლოს დროის მენეჯმენტს უკავშირდება.
- ზოგადად, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი კი 30,70% იყო.
საქმეთა ნაკადის მართვის ეფექტიანობის ინდექსი 1.22%-ია.
2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ბარიერებს შორის, მოქალაქეები, პირველ რიგში, საქმის განხილვის ხანგრძლივობას ასახელებდნენ (58%).
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფისა და დემოკრატიის ინდექსის კვლევის თანახმად, 198 გამოკითხული ადვოკატიდან 94% აცხადებს, რომ თითქმის ყველა საქმე, ან საქმეების უმეტესობა, ჭიანურდება.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ 2017-2022 წლების მონაცემებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ უმკლავდება შემოსულ საქმეთა მზარდ ნაკადს, რაც საქმეების დაგროვებასა და სასამართლოების/მოსამართლის გადატვირთულობას იწვევს.
პრობლემის აღიარება შედეგების გარეშე
"მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა გამოსწორდეს, [სასამართლოს] გადატვირთულობაა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად და არ იქნება საქმეების გაჭიანურება", — თქვა 2022 წელს ლევან მურუსიძემ, მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ.
- 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიაშიც ერთ-ერთ პრობლემად სწორედ გაჭიანურებული სასამართლო პროცესები იყო დასახელებული.
- სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება სახელდება გამოწვევად ქართული ოცნების მიერ მიღებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტშიც.
მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა, ან უბრალოდ, მისი მოგვარების რეალური სურვილი არ არსებობს.
ვის აწყობს გაჭიანურებული საქმეები?
სადავოა, ვის აწყობს, თუმცა პროცესის გაჭიანურება უდავოდ არ შედის რიგითი მოქალაქის ინტერესში, რომელსაც არანაირი პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესი არ აქვს და უბრალოდ, სამართლებრივ დავას აწარმოებს.
საქართველოს სასამართლო გუშაგის დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, კონკრეტული ჯგუფების შესაძლო ინტერესზე საუბრობს.
"გაჭიანურებული საქმეები კლანისთვის ხელსაყრელია. მოსამართლეები მოწყვლადები არიან, რადგან კლანს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაიწყოს მათ მიმართ დისციპლინური დევნა, საქმეთა გაჭიანურების გამო", — ამბობს ჯანეზაშვილი.
დისციპლინური საჩივრები
კვლევის მიხედვით, სახელწოდებით — საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში, გამოვლინდა, რომ მზარდია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან მოსამართლეთა წინააღმდეგ შეტანილი დისციპლინური საჩივრების რაოდენობა 2020-2022 წლებში.
აქედან, თითქმის ნახევარი, მოსამართლის მიერ, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევას ეხება.
ნაზი ჯანეზაშვილი ასევე, საუბრობს, რომ საქმეთა გაჭიანურების ზოგადი ტენდენცია, შესაძლოა, მოსამართლეთა ნაწილს აწყობდეს, თუმცა ეს ხელსაყრელი არ არის მათთვის, ვისაც პროფესიონალური მიდგომები აღელვებს.
"მაგრამ არის სხვა კატეგორია, რომლებიც სარგებლობენ იმით, რომ გაჭიანურებული საქმეები აღიარებული პრობლემაა, და სხვა საქმიანობას ეწევიან იმ დოზით, რომელიც შეიძლება, ზიანს აყენებდეს მართლმსაჯულებას, ან სათანადო დროს არ უთმობდნენ სამოსამართლეო საქმიანობას. მაგალითისთვის, არის შემთხვევები, როდესაც ძალიან დიდი დოზით ეწევიან მოსამართლეები პედაგოგიურ საქმიანობას და ეს მათ ძირითად სამუშაო დროს იკავებს", — გვეუბნება ჯანეზაშვილი.
გაჭიანურებული საქმეების ტიპები და შესაძლო ზიანი
დემოკრატიის ინდექსისა და საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორები კი იმას აღნიშნავენ, რომ სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა, ძირითადად, პირველი ინსტანციის სასამართლოებში ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით არის განპირობებული.
- "სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურება, მეტწილად, მოსამზადებელ ეტაპზე ხდება.
- საქმის მომზადების მიზნით, მხარეებთან საკომუნიკაციოდ, სატელეფონო გასაუბრების ან ვიდეოკონფერენციის გამართვის პრაქტიკა იშვიათია.
- აქტიურად არ გამოიყენება საქმის მომზადების წერილობით წარმართვის ფორმა.
- თითქმის ყველა საქმეზე ინიშნება მოსამზადებელი სხდომა და ის არ მთავრდება მხოლოდ ერთი შეკრებით", — ვკითხულობთ კვლევის დასკვნით ნაწილში.
კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ერთმანეთისგან ტერიტორიული, თუ დატვირთულობის პარამეტრებით განსხვავებულობის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონით დადგენილი, 5-თვიანი საგამონაკლისოდ მაქსიმალური ვადის დაცვასაც კი.
ორგანიზაცია საფარის იურისტთა კოორდინატორი, თამარ ლუკავა გვეუბნება, რომ ორგანიზაციაში სასამართლოს მიერ, საქმეთა გაჭიანურების არაერთი მაგალითი აქვთ. მათ შორისაა ქონებრივი და ბავშვთან დაკავშირებული დავებიც. მისი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ქალს 2-3 წელი მხოლოდ პირველ ინსტანციაში შეიძლება დასჭირდეს სამართლებრივი ბრძოლა.
"როცა ქონებრივ დავებზე ვსაუბრობთ, კიდევ უფრო რთულადაა საქმე, იმიტომ, რომ ზოგიერთი ქონება შესაძლებელია გაასხვისოს მოპასუხე მხარემ. რა თქმა უნდა, შეგვაქვს წინასწარ უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა და ყადაღა ედება ქონებას, თუმცა არის რაღაც ქონებები, მაგალითად, შპს-ს, ან კომპანიის წილი, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა ნულდება და როდესაც ქალი უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით მიდის კომპანიაში, შეიძლება, არაფერი დახვდეს... გამოდის, რომ წლების განმავლობაში ეს ქალი იმისთვის იბრძოდა, რაც რეალურად არ დახვდა", — აღნიშნავს ლუკავა.
დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდები
არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებს, მათ შორის, არბიტრაჟსა და მედიაციას. მაგალითად, თამარ ლუკავა, ქონებრივი დავების შემთხვევაში, უალტერნატივოდ მიიჩნევს მედიაციას: "სამოქალაქო დავებში სასამართლო მედიაციის პრაქტიკაში დამკვიდრება ბევრ პრობლემას გადაწყვეტს", — გვითხრა მან.
პრობლემა მენეჯმენტში
"არაფერი კეთდება პრობლემის აღმოსაფხვრელად. უნდა მიდიოდეს დისკუსია, განხილვა — სასამართლოში მოსამართლეებთან, თავმჯდომარეებთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მენეჯმენტი არასწორია" — განმარტავს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილია მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომლის ვალდებულებაა საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველწლიური შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვისა და სასამართლოებისთვის რეკომენდაციების წარდგენა.
საქმეთა ნაკადის მართვის მდგომარეობის ანალიზისა და მოსამართლეთა ინფორმირების ვალდებულება კი სასამართლოს თავმჯდომარეებს დაეკისრათ.
დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფისა და დემოკრატიის ინდექსის კვლევაში საუბარია, იმის თაობაზეც, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ყველა მოსამართლემ აღნიშნა, რომ არასოდეს სმენიათ თავმჯდომარის ანგარიშების, მენეჯმენტის დეპარტამენტის რეკომენდაციების ან, ზოგადად, საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციის, პოლიტიკის არსებობის, ან მათი განხილვის შესახებ.
აქვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ სასამართლო სისტემა არ არის ღია — არაერთი მოწოდების მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებები არ ქვეყნდება. აუცილებელია მუდმივ რეჟიმში იწარმოებოდეს და ქვეყნდებოდეს სტატისტიკა.
სასამართლო სისტემა და "ჩაკეტილობის პოლიტიკა"
ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ სასამართლოს "ჩაკეტილობის პოლიტიკამ" გამოიწვია ის, რომ სისტემას საკმარისი მოსამართლე არ ჰყავს.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არასაკმარისია, საქმეები არათანაბრადაა გადანაწილებული მოქმედ მოსამართლეებს შორის. აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საშუალება, რითაც არსებული პრობლემა შეიძლება დაიძლიოს, თავად მოსამართლეები არიან — "მათ უნდა თქვან სათქმელი: როგორ პირობებში მუშაობენ".
"მოსამართლის ვალდებულებაა, ამ ყველაფერზე ილაპარაკოს ღიად — საბჭოში მივიდნენ, ღია სხდომაზე ილაპარაკონ, იმსჯელონ თავის კოლეგებთან. უნდა თქვან, რამდენად მძიმე მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ეს არის მათი სათქმელი და გასაკეთებელი", — განმარტა ჯანეზაშვილმა.
შეიძლება ითქვას, რომ საქმეების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, თავად სასამართლოს მიერ დასახელებული მიზეზი (სისტემის გადატვირთულობა), ნამდვილად არის ერთ-ერთი, თუმცა არა — ერთადერთი, და ამაზე ზემოთ განხილული არაერთი დეტალი მიუთითებს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები