უმუშევრობა ახალგაზრდებში, სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა და მარტის აქციების კონტექსტი
"ახალგაზრდების 62% საერთოდ არ არის დაინტერესებული პოლიტიკით" — წერია ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2022 წლის კვლევაში. ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენა 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებმა, როდესაც ახალგაზრდებმა რუსული კანონის ჩაგდებაში დიდი როლი ითამაშეს. "ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ახალგაზრდებს საკუთარი პოლიტიკური ნების დაცვა შეუძლიათ. 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, "ოცნება" აპირებს, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არსებობს, მათთვის საჯარო სტრუქტურებში დროებითი სტაჟირების შეთავაზებით მოაგვაროს. ეს და მთავრობის სხვა "მასშტაბური" წინადადებები კი კითხვასაც აჩენს — ხომ არ ცდილობს მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების ხმების მოსყიდვას.
2024 წლის 5 მარტს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომლის მიხედვით, სულ მცირე, 2-3 ათასი კურსდამთავრებული მინიმუმ, 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის როგორც საჯარო, ასევე, კერძო სტრუქტურებში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი სტაჟირების პროგრამა შეაფასა, როგორც "უნიკალური შესაძლებლობა" კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის.
სტაჟირების პროგრამის გარდა, სახელმწიფო ახალგაზრდებს სთავაზობს "პირად ინტერესებზე მორგებულ" თემატურ ღონისძიებებს, "მასშტაბურ" ახალგაზრდულ ფესტივალს, თემატურ კონკურსებსა და ბანაკებს.
იკითხება თუ არა ანაზღაურებადი სტაჟირების მიღმა ახალგაზრდების საარჩევნო ხმების მოსყიდვის შესაძლო მცდელობა, 2024 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, მაშინ, როდესაც, რეალურად, ახალგაზრდებში უმუშევრობის პრობლემას ამდენად ფართო მასშტაბი აქვს?
ვკითხეთ ეს სიმონ ჯანაშიას, განათლების ექსპერტს.
ორი ხელისუფლება — ერთი ახალგაზრდული პოლიტიკა
სიმონ ჯანაშიას თქმით, საქართველოს უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პოლიტიკა, ახალგაზრდული გამოწვევების მიმართ, მსგავსია. მისი თქმით, 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ენმ-საც ზუსტად იგივე, ახალგაზრდების საჯარო და კერძო სტრუქტურებში დასაქმების პროგრამა ჰქონდა შემუშავებული.
ჯანაშია იხსენებს, რომ 2008 წელს ხელისუფლებამ კერძო სტრუქტურები დაავალდებულა, ახალგაზრდები სტაჟირებაზე აეყვანა.
- "მახსოვს, ჩემი მეგობრის კომპანიაში 5 ადამიანი მუშაობდა და 10-ზე მეტი სტაჟიორი მიუყვანეს, უთხრეს, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაესაქმებინა. ეს დასაქმება იყო ფორმალური, სტაჟიორები არ დადიოდნენ სამსახურში. იგივე ხდებოდა საჯარო სტრუქტურებშიც — სამინისტროებში ასე "მიამაგრეს" ახალგაზრდები, არც იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ. თავის მხრივ, საჯარო სამსახური არ იყო მზად ამ ხალხისთვის რაიმე ორგანიზებული გამოცდილება შეეთავაზებინა", — ამბობს ის.
ჯანაშია საუბრობს კონტექსტზეც: 2008 წელს, ახალგაზრდების კერძო და საჯარო სტრუქტურებში დასაქმებას წინ 2007 წლის აქციები უძღოდა, ისევე, როგორ ახლა, 2024 წლის ახალგაზრდების დასაქმების პროგრამას უძღვის წინ 2023 წლის მარტის აქციები: "2007 წლის აქციებზე ახალგაზრდების დიდი ჯგუფი გამოვიდა, როგორც ეს მოხდა 2023 წლის მარტის აქციებზე".
რა შეცვალა 2023 წლის მარტის აქციებმა
ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2022 წლის კვლევას რომ მივუბრუნდეთ, გამოკითხულთა 89% ამბობდა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას პოლიტიკური ჩართლულობის ისეთ ფორმაში, როგორიც დემონსტრაციაა.
კვლევის მიხედვით, ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების ნაწილი მიიჩნევდა, რომ აქციებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს და არაფერს ცვლის. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე მყოფთაგან, უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც დამრბევი რამზების საგანგაშო სიგნალებზე აი, ასეც რეაგირებდნენ:
2023 წლის 7-8 მარტს ხალხი პარლამენტის წინ რუსულ კანონს აპროტესტებდა. სამართალდამცველებმა შეკრებილები რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით, სცემდნენ და აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს.
მისივე თქმით, შეიძლება, ხელისუფლების ინტერესია, წინა საარჩევნო პერიოდში ახალგაზრდების დასაქმება საჯარო სამსახურს "მიაბას" და ამით შეამციროს მათი პოლიტიკური აქტიურობა ან გაზარდოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
- "კონტექსტი, რომელშიც ხელისუფლება ახალგაზრდების მიმართ ამ პოლიტიკური ინსტრუმენტების დანერგვას და განვითარებას ცდილობს, არის ის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ძლიერად დაიცვან მათი პოლიტიკური პოზიცია და მოახდინონ ცვლილებები", — ამბობს ჯანაშია.
ჯანაშია აღნიშნავს, რომ 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, ხელისუფლება ახალგაზრდებში ხედავს ძალას, რომელსაც შეუძლია, არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ამიტომ ახალგაზრდებს თავს კი არ აწონებს, ცდილობს, გაანეიტრალოს ახალგაზრდების სიბრაზე, რომ გაბრაზებული არ მივიდნენ არჩევნებზე ან ვინმე სხვას არ მისცენ ხმა: "ახალგაზრდებისგან განსხვავებით, უფროსი თაობის განწყობები არჩევნებიდან არჩევნებამდე ნაკლებად იცვლება. ხელისუფლებას ამ დროს ურჩევნია, რომ საერთოდ არ მივიდეს ახალგაზრდა არჩევნებზე", — ამბობს განათლების ექსპერტი.
2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, მთავრობის მხრიდან, ახალგაზრდების გულის მოგების პირველ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების დაფარვა.
2023 წლის 15 სეტემბერს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფინანსური დავალიანება გაუნულდებოდათ საჯარო და კერძო უნივერისტეტის 30 000-მდე სტუდენტს, რომელთაც სტატუსი შეჩერებული აქვთ.
საგულისხმოა, რომ მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სატელევიზიო სიუჟეტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა სტუდენტი შვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩასაყვანად.
რეალურად კი, მთავრობამ, დავალიანებების დაფარვა საკუთარ თავზე კი არ აიღო, სტუდენტების დავალიანების დაფარვაში თანამონაწილეობა კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ შედეგად არ ვიცით, რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი დაუბრუნდა უნივერისტეტებს.
ბანაკები და ფესტივალები
სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ბანაკები და ფესტივალები, როგორც წესი, "მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების პარტიულ პოლიტიკასთან". მისი თქმით, ქართულ ოცნებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ახალგაზრდები საზაფხულო ბანაკებში მიჰყავს, სადაც მათი "ერთგვარი პოლიტიკური აღზრდა ხდება".
მაგალითად, 2005 წლიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებისთვის შეიქმნა პატრიოტთა ბანაკი, მათ შორის, შაორში, ანაკლიაში, ლაგოდეხში, ბაზალეთში, წყალტუბოში, ხელვაჩაურში, სქურში, საგარეჯოში, განმუხურსა და კოდორში.
ჯანაშია მაგალითად გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ, წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლებამ ოპოზიციის დისკრედიტაცია სცადა, "რომ თითქოს, ხელისუფლების ოპონენტებს საკმარისად არ უყვართ საქართველო, რადგან განიხილავდნენ, რამდენად მისაბაძია მეფე ერეკლე II. ზუსტად იმავე პერიოდში, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებში ლექციებს კითხულობდნენ იმის შესახებ, როგორი დიდებული მეფეა ერეკლე. ლექციებს კითხულობდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტები, მაგალითად, სახელისუფლებო მედია იმედის წამყვანი გიორგი კალანდია".
აღსანიშანვია, რომ 2023 წლის ივლისში, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით, "ჯარის ბანაკის" პროექტი დაიწყო. ბანაკის გახსნაზე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არის იმ გლობალიზაციის ნაწილი, სადაც "ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის". მისი თქმით, ბანაკი ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში "სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას" და "პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას".
გარდა ამისა, სიმონ ჯანაშია იხსენებს, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში პოლიტიკაში ჩართო ახალგაზრდების ორგანიზებული სტუდენტური მოძრაობა ლაბორატორია 1918; მოძრაობა, რომელიც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, მათ შორის, ახალგაზრდულ პოლიტიკას.
- "შემდგომში, მათ ერგოთ გარკვეული პრივილეგიები, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყვეს ხელი. ნაწილი შევიდა პარლამენტში, ნაწილს კი გადასცეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მნიშვნელოვანი გადაცემები."
დასაქმების პრობლემა საქართველოში — ფართო სურათი:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში მოსახლეობის 16.4% ანუ დაახლოებით 261 741 ადამიანი უმუშევარი იყო. მათგან თითქმის 169 000 ადამიანი ქალაქში ცხოვრობს, 93 000 ადამიანი — სოფელში.
როგორი იყო 2023 წელს უმუშევრობის მაჩვენებლის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, 2022 წლის მონაცემების თანახმად, დაახლოებით, 267 900 უმუშევარი ადამიანიდან
- 12 200 უმუშევარია 15-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში;
- 36 175 — 20-24 წლამდე;
- ხოლო 32 600 — 25-29 წლამდე კატეგორიაში.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) 2022 წლის კვლევის თანახმად,
- საქართველოში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების 58% არ არის დასაქმებული.
- თითქმის ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს,
- ხოლო გამოკითხული ახალგაზრდების 38% სამსახურს არ ეძებს.
ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.
დასაქმებული ახალგაზრდების უმეტესობა, 72%, კერძო სექტორში მუშაობს, 16% კი — საჯარო სამსახურებში. გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი დასაქმებულია სხვა სექტორებში.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების დაახლოებით ორი მესამედი მაინც აღნიშნავს, რომ ფინანსურად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული. პირადი შემოსავალი მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილს (38%) აქვს, ხოლო ყოველი მეათე ახალგაზრდა სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული.
დაბოლოს, 2023 წლის მარტის აქციებს რომ მივუბრუნდეთ, ახალგაზრდების პროტესტი მთავრობის მიერ ინიციირებულმა რუსულმა კანონმა გამოიწვია, რომელიც თავისი არსით, სრულ წინააღმდეგობაში იყო ევროინტეგრაციასთან.
და როგორია უმუშევრობის თვალსაზრისით სურათი ევროკავშირში?
შედარებისთვის: თუ 2022 წელს, საქართველოში, 15-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში 47.4, ხოლო 20-24 წლამდე ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 37.3% იყო, ევროსტატის თანახმად, ევროკავშირში, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, 25 წლამდე უმუშევართა მაჩვენებელი მხოლოდ 14.7%-ია.
ევროსტატის მონაცემებში ნათლად ჩანს ისიც, როგორ მცირდება ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში შემავალ ქვეყნებსა და ევროპის ტერიტორიაზე წლების მიხედვით:
რაც შეეხება ევროკავშირში უმუშევრობის ზოგად მაჩვენებელს, ასევე 2023 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, ის მხოლოდ 5.9%-ია.
კომენტარები