რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სამართლებრივი დაახლოება ევროკავშირთან
საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის საგარეო კურსის "კომპასი" ევროკავშირისკენ არის მიმართული და სწორედ ეს სახალხო არჩევანია საზოგადოებრივი ზეწოლის მძლავრი ბერკეტი იმ სხვადასხვა პოლიტიკური წინაღობის გადასალახად, ევროინტეგრაციის გზაზე შიგადაშიგ რომ ვაწყდებით ხოლმე. ეს ვიცით, მაგრამ ეს სტატია იმ "სამართლებრივ და ტექნიკურ დეტალებზეა", რაზეც შესაძლოა, იშვიათად ვსაუბრობდეთ: სამართლებრივ აპროქსიმაციაზე — საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივ დაახლოებაზე, რაც, რეალურად, ინტეგრაციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და თანმდევ პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ყველაზე რთული გამოწვევაა.
რას ვგულისხმობთ, როდესაც აპროქსიმაციაზე ვსაუბრობთ
წარმოიდგინეთ, გინდათ, რაიმე ითამაშოთ თქვენს უცხოელ სტუმართან, ან მეგობართან ერთად. თამაში რომ შედგეს, წესებისა და პირობების განსაზღვრას ვერ ავცდებით, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი თამაშის ძირითადი წესი საერთოც კი იყოს, მაგრამ დეტალები განსხვავდებოდეს ტრადიციების, სოციალური, თუ კულტურული ფაქტორების გამო. და თუ წესებზე დეტალებს წინასწარ არ დავაზუსტებთ, ვერც თამაშისათვის თანაბარ გარემოს შევქმნით.
შეგვიძლია, ამ პროცესს სათამაშო მოედნის თანაბარი უზრუნველყოფა ვუწოდოთ და იგივე მიდგომა განვაზოგადოთ ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების არც თუ ისე მარტივ პროცესზე საუბრისასაც: სამართლებრივი დაახლოებით ევროკავშირი ცდილობს, საერთო წესებითა და რეგულაციებით თანაბარი პირობები შექმნას გაერთიანებაში შემავალი ყველა სახელმწიფოსთვის და მათთვისაც, ვისაც ამ კავშირის წევრობა სურს.
ამ საკითხის ირგვლივ არსებულ მრავალმხრივ სამართლებრივ ასპექტებში უკეთ გასარკვევად, On.ge ეკატერინე ქარდავას რამდენიმე მიზეზის გამო ესაუბრა: ის არის სამართლის დოქტორი, შრომის სამართლის პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი სამართლებრივი აპროქსიმაციის სფეროში.
ეკატერინე ქარდავა ამბობს, რომ საქართველო ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც ცალმხრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც თავისთავად არ ნიშნავს რაიმეს გაკეთებას ევროკავშირისთვის, თუმცა, ზოგჯერ ამ პროცესს საზოგადოების ნაწილი არასწორად აღიქვამს:
- "ამბობენ ხოლმე, ჩვენ რატომ უნდა დავუახლოოთ კანონმდებლობა ევროკავშირს, აქეთ დაუახლოონ ჩვენსასო. ზოგს ჰგონია, ეროვნული ინტერესები ილახება ამით. არა, ეს ასე არ არის. ეს არის კანონმდებლობისა და დემოკრატიზაციის იმგვარი განვითარება, რაც ადამიანებისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის უფრო უსაფრთხო, თავისუფალ გარემოს ქმნის. ასე რომ ეს ცალსახად ეროვნული ინტერესია, რომლითაც საქართველო, ევროკავშირის სახით, იყენებს კარგ ნიმუშს, კარგ მაგალითს. მის საფუძველზე საკუთარ დემოკრატიასაც განავითარებს და ამავდროულად, ევროკავშირის სტანდარტებსაც უახლოვდება", — განმარტავს ქარდავა.
არსებითად, აპროქსიმაცია, იგივე სამართლებრივი დაახლოება, საბოლოო შედეგით ნიშნავს არა მარტო საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ევროპული სტანდარტების გაჩენას, მათ აღსრულებასაც.
აპროქსიმაციის მსგავსი დატვირთვით გამოიყენებენ ტერმინს სამართლებრივი ჰარმონიზაცია, რომლის შესრულებაზე ავიღეთ კიდეც ვალდებულება საქართველოს პარლამენტის მიერ, 1997 წელს მიღებული დადგენილებით საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა PCA-ს — სამართლებრივი საფუძვლის ჩამყრელ პირველ დოკუმენტს ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ:
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ევროპის საერთაშორისო სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესების განვითარების, სამართლებრივი სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის, ევროპის კავშირის მიერ აღიარებულ პრინციპებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.
2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე, ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ნორმების მოთხოვნები და ამ მოთხოვნებთან კანონპროექტის შესაბამისობა.
1997 წლის 2 სექტემბერს მიღებულ ამ დადგენილებას ხელს აწერს ზურაბ ჟვანია, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე.
სამართლებრივი დაახლოების ქრონოლოგია
უკვე 28 წელია, საქართველო ევროკავშირთან ერთად ცდილობს, კანონებიც და რაც მთავარია, მათი აღსრულების მექანიზმებიც ამ სამართლებრივი თანხმობისკენ მიმართოს.
მართალია, მხარეებს შორის, საერთო მიზნისთვის გაღებული ყოველწლიური შრომა თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი თარიღი მაინც შეგვიძლია, განსაკუთრებულად გამოვყოთ:
- 1996 წელი: პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის — ოფიციალური ევროპული ინტეგრაციისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის დაწყების თარიღი;
- 2004 წელი: საქართველო ხდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ბენეფიციარი;
- 2008-2009 წლები: საქართველოს ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ბენეფიციარი;
- 2009 წელი: ფორმდება პარტნიორობა მობილურობისათვის;
- 2010 წელი: შეთანხმება ვიზის გამარტივების შესახებ / რეადმისიის შეთანხმება / ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმება;
- 2014 წელი: გაფორმდა AA/DCFTA — ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება;
- 2016 წელი: ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება;
- 2017 წელი: უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსთვის შენგენის სივრცეში;
- 2023 წელი: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
ეკატერინე ქარდავა ევროკავშირთან დაახლოების თითქმის 30-წლიან დინამიკას, შინაარსობრივად, ეტაპებად ყოფს.
პირველი ეტაპი: მიიჩნევს, რომ 1996 წელს გაფორმებული დოკუმენტი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლის ჩაყრის თვალსაზრისით, ისტორიულია, შემდეგ წლებს კი ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა შინაარსი თუ დატვირთვა შეჰქონდა.
მეორე ეტაპი: 2004 წლის შემდეგ პერიოდს გამოყოფს, როგორც სამართლებრივი აპროქსიმაციის პოპულარიზაციის ხანას, როდესაც მასმედიით, საუნივერსიტეტო პროგრამებით თუ სხვა ფორმატებით, აქტიურად დაიწყო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას თავისი სამართლებრივი წესები აქვს.
- "იმ დროსათვის საინფორმაციო კამპანია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რეალურად, სამართლებრივი დაახლოების პრაქტიკები. გააქტიურდა ევროინტეგრაციისკენ მიმართული განცხადებები, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, რეალურად, კანონმდებლობა იმ პერიოდში ნაკლებად უახლოვდებოდა სამართლებრივ დათქმებს", — გვითხრა მან.
- სამართლის ექსპერტი განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ეკონომიკური პოლიტიკის ახალ მოდელებს ნერგავდა, "მიზანშეწონილად არ მიიჩნეოდა" ბიზნესისთვის ევრო-დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრება: "უფრო პოლიტიკური ინტეგრაცია და დაახლოება მიმდინარეობდა, ვიდრე — სამართლებრივი აპროქსიმაცია", — აღნიშნა ქარდავამ.
ის გვესაუბრა იმაზეც, რომ სამართლებრივი აპროქსიმაცია მხოლოდ სამართლებრივ დაახლოებას არ მოიაზრებს და ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი დაახლოების ერთიანი სისტემა, "რადგან ევროკავშირში პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთისგან განცალკევებულად არ განიხილება და ჩვენ, საქართველოს, გარკვეული დრო დაგვჭირდა ამის სასწავლად."
მესამე ეტაპი: ქარდავა 2014 წელს გამოარჩევს, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.
"ეს იყო მეორე უმსხვილესი ხელშეკრულება, როდესაც უკვე ძალიან კონკრეტული და მკაცრი ვალდებულებებიც კი დაგვეკისრა სამართლებრივი აპროქსიმაციის თვალსაზრისით. ევროკავშირისგან მონიტორინგიც გაძლიერდა და ამ ეტაპიდან, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ბევრი მაგალითი იქმნება", — ამბობს ეკატერინე ქარდავა.
რას ცვლის ეს მოქალაქისთვის
მას ვთხოვეთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგი პერიოდის მაგალითებით გაეზიარებინა საკუთარი დაკვირვება, რა შეცვალა მიღებულმა კანონებმა და მათმა დანერგვამ მოქალაქისთვის.
ქარდავამ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება კომპლექსურია, რამდენადაც ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, თუმცა, ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების ეფექტს მაინც გამოარჩევს.
მაგალითად,
- შრომის ინსპექცია: "შრომის ინსპექციის შექმნის შემდეგ, დამსაქმებლები დღეს უკვე ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების ზომები მოაწესრიგონ. ეს დიდი პროგრესია, რადგან მანამდე ამაზე არავინ ფიქრობდა, არ აინტერესებდათ, რადგან იცოდნენ, რომ შემმოწმებელი და მონიტორინგის განმახორციელებელიც არავინ იყო. ახლა კი მეტად გაიაზრეს დამსაქმებლებმა, რომ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რადგან სხვაგვარად, პასუხისგება მოუწევთ."
- სურსათის უვნებლობა: "ეს სფერო დღემდე პრობლემურია, მაგრამ შედარება არ არის იმასთან, რაც მანამდე იყო; საერთოდ არ არსებობდა კონტროლი და რეაგირება მომხმარებლის საჩივარზე, ახლა კი, სურსათის ეროვნული სააგენტო შედის ობიექტებში და დარღვევების შემთხვევაში, უჩერებს მუშაობას, ან სანქციას აკისრებს, ან მის გაუმჯობესებაზე მუშაობს, და ეს ნიშნავს, რომ უვნებლობის ინდექსი, გარკვეულწილად, გავაუმჯობესეთ."
- გარემოსდაცვა: "გარემოზე ზეგავლენის ნაწილში, ძალიან მარტივ, ჭიაკოკონობის მაგალითს მოვიყვან — ყველა წვავდა რეზინის ბორბლებს და არავის ჰქონდა მგრძნობელობა, როგორ აზიანებდა ამით და აბინძურებდა გარემოს. დღეს ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან შემოვიდა ევროპული გაგება: თუ გაქვს კანონი, უნდა აღასრულო კიდეც და კანონის დამრღვევს უნდა დააკისრო ჯარიმა, რომ სუბიექტს გარემოზე ზემოქმედების პასუხისმგებლობა აგრძნობინო."
- განათლება: "აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფაქტობრივად, დღეს ვერ ვნახავთ უნივერსიტეტებს საქართველოში, ევროკავშირის სამართალი რომ არ ისწავლებოდეს. ევროკავშირი გვეხმარება სამეცნიერო და სასწავლო პროგრამებით და როდესაც ვამბობთ, რომ გვეხმარება, ნიშნავს, რომ არამხოლოდ ინტელექტუალურ რესურსს დებს ამაში, ფინანსურადაც გვიჭერს მხარს.
- ასევე, ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდისთვის გაიხსნა კარი ევროკავშირისკენ. აქტიურად მიდიან როგორც სტუდენტები, ასევე, აკადემიური პერსონალი და ეს სერიოზული გარღვევაა. მათი დიდი ნაწილი სარგებლობს მათ შორის, ერასმუსის პროგრამით." Erasmus+, რომელზეც ქარდავა საუბრობს, ევროკავშირის პროგრამაა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებისთვის.
როგორ "ზომავს" პროგრესს ევროკავშირი
ვკითხეთ ქარდავას, საერთაშორისო ექსპერტს.
აგვიხსნა, რომ საამისოდ, რამდენიმე სისტემა მოქმედებს, რათა ევროპელი პარტნიორები ერთიანობაში დააკვირდნენ ფართო სურათს:
- ევროკავშირის მონიტორინგი: ევროკავშირი თავადვე აწარმოებს დაკვირვებას ნებისმიერი სექტორული მიმართულებით, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ სრულდება მხარეებს შორის აღებული ესა თუ ის ვალდებულება.
- სამთავრობო ანგარიშები: ორმხრივი პარტნიორობით, საქართველოს მთავრობასაც ეკისრება ვალდებულება, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიშები, თუ კონკრეტულად, რა განახორციელა ევროინტეგრაციისთვის. "აქამდე ასეთი ანგარიში ყოველწლიურად მზადდებოდა ასოცირების შეთანხმების ნაწილში, ამიერიდან, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დაემატება ყოველწლიური ანგარიში უკვე ევროკავშირთან დაახლოების პაკეტის ფარგლებშიც", — განმარტა მან.
- მონიტორინგი სამოქალაქო სექტორიდან: როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ამ თუ იმ ვალდებულებას, ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიშებიც მნიშვნელოვანია. მათი ანგარიშები საჯაროა და მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას კი არ ეცნობა, ევროკომისიასაც ეგზავნება.
"ევროკომისია კრებს ამ ინფორმაციას — რა მიაწოდა საქართველოს მთავრობამ, როგორ აღწერა და შეაფასა პროგრესი, ასევე, როგორ აღწერა ეს ნაბიჯები სამოქალაქო სექტორმა და თავად როგორ ხედავდა ამ მოვლენებს ევროკავშირი. შემდეგ ხდება საბოლოო შეფასება და აისახება ევროკომისიის წლიურ შეფასებებში საქართველოს შესახებ. ამის შედეგად, საბოლოოდ, ვიგებთ, რა მიმართულებით ხედავს ევროკომისია პროგრესს და სად დარჩა ვალდებულებები შესასრულებელი. კომისია, სამომავლო რეკომენდაციებსაც ამის მიხედვით გასცემს", — თქვა ეკატერინე ქარდავამ On.ge-სთან.
რა გამოწვევები გვაქვს
"ჩვენი გამოწვევა ცალსახად და ნათლად ჩანს იმაში, რაზეც საჯაროდ განაცხადა ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას. ევროკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ეს უნდა გავიგოთ, როგორც უდიდესი ერთგულების აქტი", — გვითხრა ეკატერინე ქარდავამ.
ის საუბრობს გამოწვევებზე, რომელზეც მიგვითითებენ ევროკომისიიდან მართლმსაჯულების სფეროში, სასამართლოს რეფორმის ირგვლივ, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, ანტიკორუფციული ბიუროს მეტად გაძლიერებასა და მისი, როგორც ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაზრდაზე.
ქარდავა დემოკრატიის ძირითად პრინციპებსა და სამი სახელისუფლებო შტოს როლზეც შეგვახსენებს — მათზე, ვინც კანონებს იღებს, ვინც აღასრულებს და ვინც კანონების უზენაესობას იცავს: "ჩვენ თუ სახელმწიფო კეთილმოწყობასა და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, ნიშნავს, რომ თითოეული ეს რგოლი უნდა ვითარდებოდეს და მართლმსაჯულების სფერო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ამოწმებს პირველი და მეორე ხელისუფალის დემოკრატიის დონეს", — ამბობს და განავრცობს, რომ სწორედ მართლმსაჯულებამ უნდა უპასუხოს როგორც მოქალაქეს, ასევე, პარლამენტს და დაამკვიდროს საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონის აღსრულების ჯანსაღი პრაქტიკა. ხოლო თუ რაიმე შეცდომებია დაშვებული, მას სწორი მიმართულება მისცეს.
ქარდავა აღნიშნავს, რომ საქართველო ახლა იმ გზაზეა, როდესაც ყველაზე უფრო სერიოზული ნიშნულები უნდა დავაკმაყოფილოთ: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა. "ის საკითხები, რაც პირდაპირ აისახება ადამიანის უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, ჩვენთან ისევ გამოწვევის წინაშეა", — თქვა მან. "მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ბოლო 28 წლის განმავლობაში გადავიტანეთ ომები, ვართ მცოცავი ოკუპაციის პირობებში და ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ეკონომიკა არ გვაქვს." სამართლის დოქტორი იმასაც ამბობს, რომ ბევრი პარამეტრით, ასოცირებულ ტრიოში [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა] კარგი პოზიციები გვაქვს.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები