როგორ გამოიყურება ჯერ კიდევ დაუსრულებელი წერეთლის გამზირი — ამბავი ფოტოებით
რა ხდება: 2024 წლის 1-ელ იანვარს აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა.
- თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წერეთელზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანება, შუქნიშნების დამონტაჟება და სხვა სამუშაოები, რომელიც მარტში დასრულდება.
- On.ge დაინტერესდა, როგორ გამოიყურება წერეთლის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.
ადგილზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა.
- წერეთლის გამზირის ერთ მხარეს ტროტუარი არ არის მოწყობილი. შესაბამისად, ავტობუსის გაჩერება არ არსებობს. მოქალაქეებს გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი ქუჩის სავალ ნაწილში უწევთ.
იმისთვის, რომ მოქალაქე სასურველ შენობაში შევიდეს, მათ უწევთ, ისარგებლონ ფიცრებით, რომელიც გადათხრილ ტროტუარზეა გადებული.
- წერეთლის გამზირზე შუქნიშნები მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზე ფუნქციონირებს;
- საფეხმავლო, ე.წ. ზებრა გადასასვლელები ჯერჯერობით, დახაზული არ არის.
- ამის გამო, მოსახლეობა გზის სავალ ნაწილზე თვითნებურად გადაადგილდება.
- თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის ერთ მხარეს ტროტუარი მოაწესრიგა, თუმცა, ტროტუარზე ავტობუსის გაჩერებები ჯერ არ არის მოწყობილი, მხოლოდ დგას ტაბლოები, რომელიც არ ფუნქციონირებს.
- წერეთლის გამზირის იმ მხარეს, სადაც ტროტუარი მოეწყო და გადაადგილება შესაძლებელია, რამდენიმე ადგილას გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
წერეთელზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიცვლება: 1-ელ თებერვალს თბილისის მერმა ასევე, თქვა, რომ აკაკი წერეთლის გამზირზე, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ადგილას ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება.
მერიის ინფორმაციით,
- შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით.
-
გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა, ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.
-
გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ,
-
ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.
წერეთლის რეაბილიტაციის ქრონიკა: წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო.
- მთლიანობაში, პროექტისთვის გამოყოფილი იყო 32 600 000 ლარი.
- აქედან წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ 400 ათასი, დანარჩენი — დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.
- 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუჩერა ორ კომპანიას, რომელთაც პროექტის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ.
მეორე დღეს, 17 იანვარს მერიამ, სანაცვლოდ, დაიქირავა 4 კომპანია. ესენია: ენკო, პარმა, ჯეო გრუპი და ბლექ სი გრუპი. - იმავე დღეს, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა მერიასთან ტალახი მიიტანა და თქვა, რომ ეს კალაძის კორუფციის სიმბოლოა.
კომენტარები