როგორ ცდილობს რუსეთი დაგაჯეროთ, რომ უკრაინას "ათავისუფლებს"
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე წლებით ადრე, ჯერ კიდევ 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისათვის რაციონალური გამართლება მოეძებნა. პუტინი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც კი ამბობდა, რომ რუსეთი ვალდებული იყო გაენეიტრალებინა საფრთხე, რომელსაც დასავლეთის მიერ შეიარაღებული და აშშ-ის მიერ "ფაშისტურად მომართული" უკრაინა მას უმზადებდა.
2023 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს შეეშვება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნეონაცისტური საფრთხის განეიტრალებას. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნარატივია იმ მრავალ მეთოდთა შორის, რომელსაც რუსეთი იყენებს, რათა დაგვაჯეროს, რომ უკრაინაზე თავდასხმით უკრაინელ ხალხზე ზრუნავს.
რუსეთი, როგორც ნეონაციზმთან მებრძოლი ძალა
კრემლი დიდი ხანია იყენებს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, "დიდი სამამულო ომის" ნარატივს, საშინაო და საგარეო პოლიტიკის გასამართლებლად და ასახსნელად. უკრაინაში ომის პირველ წელს ეს მნიშვნელოვანი ნარატივი იყო, თუმცა ევგენი პრიგოჟინის "ამბოხმა" მას მძიმე დარტყმა მიაყენა.
"ვაგნერის" აწ უკვე მკვდარი ლიდერი წარუმატებელ აჯანყებამდე აცხადებდა, რომ რუსეთის კორუმპირებულმა სამხედრო ლიდერებმა მოატყუეს პუტინი და დააჯერეს მას, რომ NATO და უკრაინა რუსეთზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ: უკრაინაში შეჭრა არ იყო აუცილებელი რუსეთის ნეონაცისტური საფრთხეებისგან დასაცავად.
მიუხედავად ამისა, ნაციზმთან ბრძოლა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად რჩება — პუტინის რეჟიმი მუდმივად გვეუბნება, რომ უკრაინელი ხალხი ნეონაცისტური ძალების ტყვეობაშია და "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ამ ტყვეობიდან მათ დახსნას ემსახურება.
მიუხედავად აქტიური მცდელობებისა, როგორც ჩანს ეს ტყუილი თანდათან კარგავს პოპულარობას. რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ გამოკითხვაში ომს მხარს აქტიურად 43% უჭერდა, 41% კი თვლიდა, რომ მან რუსეთს სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა, ხოლო ომის მხარდამჭერთა მხოლოდ 9% თვლიდა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ნაციზმისგან და ფაშიზმისგან თავდასაცავად იყო წამოწყებული.
2022 წლის აგრესიამდე წლებით ადრე, რუსული პროპაგანდა ხშირად უსვამდა ხაზს სტეპან ბანდერას წარმომავლობას, მისი იდეოლოგიის მიმდევარი პარამილიტარისტული დაჯგუფებების მიერ მომავალ საფრთხესა და მათ გავლენას უკრაინელ ნაციონალისტებზე. უკრაინელი ჯარისკაცების "ბანდერისტებად" მოხსენიება პუტინის რეჟიმის ნარატივებში ჯერ კიდევ 2014 წლიდან გვხვდებოდა. თუ ამას განვაზოგადებთ, პუტინი უმტკიცებს რუს ხალხს, რომ უკრაინელი ხალხი "ბანდერისტების" ტყვეობაშია და მათი განთავისუფლება ფაშიზმის წინააღმდეგ დაუღალავად მებრძოლი რუსეთის არათუ საჭიროება, არამედ უზენაესი მოვალეობაა.
რუსეთი, როგორც უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის მცველი
უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთ მიზეზად პუტინი აცხადებდა იმას, რომ უკრაინა დონბასის რეგიონის რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ წლების განმავლობაში გენოციდს ახორციელებდა. ის ამბობდა, რომ "სამხედრო ოპერაციის" მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის დაცვა იყო, რადგან ისინი "კიევის მიერ მოწყობილი გენოციდის" მსხვერპლები იყვნენ გასული 8 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან 2022 წლამდე.
რასაკვირველია, პუტინის მტკიცება, როგორც ყოველთვის, ობიექტურ საფუძველს მოკლებულია და მსგავსი იდეების მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილს სჯერა, რომლისთვისაც იქმნება ასეთი მცდარი ნარატივები.
ევროპულმა კომისიამ ბრალდებას "რუსული დეზინფორმაცია" უწოდა. 300 მეცნიერზე მეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთი არასწორად იყენებდა ტერმინ "გენოციდს" საკუთარი აგრესიის გასამართლებლად. ასევე, უკრაინამ საქმე ICJ-ს (მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო) წარუდგინა. სასამართლოს დასკვნით, უკრაინელთა მხრიდან გენოციდის არც ერთი ნიშანი არ გამოკვეთილა.
ჯამში 2014 წელს დონბასის ომის დაწყებიდან 14 300 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 3 404 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მათი უმრავლესობა ომის დაწყების პირველ წელს დაიღუპა, შემდეგ კი მსხვერპლის რიცხვი იკლებდა — დაღუპულთა უმრავლესობა 2019-2021 წლებში აუფეთქებელი საბრძოლო მასალის დეტონაციას შეეწირა.
2019 წელს კონფლიქტის გამო 27 ადამიანი დაიღუპა, 2020 წელს — 26, ხოლო 2021 წელს — 25. შედარებისთვის, 2022 წელს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მხოლოდ მარტში 4 163 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა — სულ რაღაც 1 თვეში იმაზე მეტი, ვიდრე გასულ 8 წელიწადში ერთად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთის აგრესიის მიზანი ვინმეს გათავისუფლება ნამდვილად არ არის.
ერთი სიტყვით, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა დაგვაჯეროს, რომ უკრაინაში მისი ომი კეთილ მიზნებს ემსახურება, ხოლო უკრაინელი ხალხი "ბანდერელების", ნეონაცისტებისა და დასავლური ძალების ტყვეობაშია და დახმარება სჭირდება.
ალბათ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მსგავსი პროპაგანდა მარტივად ამოსაცნობია, თუმცა კრემლს მაინც ჰყავს აუდიტორია, რომელზეც ეს სახელდახელოდ შეთხზული ნარატივები მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ ნებისმიერ აუდიტორიაში ერთნაირად ვებრძოლოთ.
მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები