გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უმნიშვნელოვანესი, კანონით, კონსტიტუციით გარანტირებული და ასევე, ევროპული კონვენციით დაცული უფლებაა.

თუმცა, საქართველოს კონსტიტუციაში დადგენილია ამ უფლების შეზღუდვის წინაპირობებიც — მათ შორის, უფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფადაც.

"ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად", — წერია კონსტიტუციაში, მუხლი 17.

როგორ განისაზღვრება მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება

ამას კონსტიტუციაც ადგენს, კანონიც და მოსამართლეების პროფესიული ეთიკის წესებიც, და ყველა შეზღუდვის ძირითადი არსია, რომ მოსამართლემ თავი შეიკავოს ისეთი აზრის გამოხატვისაგან, რომელიც, შეიძლება, საზოგადოების მხრიდან მიკერძოებულად შეფასდეს:

  • კონსტიტუციით, მოსამართლეებს ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება, ან — ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;
  • კანონით, გარდა პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრების, ან პოლიტიკური საქმიანობისა, მოსამართლეებს ასევე, აეკრძალათ საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა, ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა — ეს ცვლილება, კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, შევიდა 2019 წელს.
  • ეთიკის წესებით, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენცია ადგენს, პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები, ასევე, არაეთიკურად მიიჩნევა.

ბუნდოვანი ჩანაწერი კანონში

პრობლემაა, რომ, მიუხედავად კანონში უკვე არსებული ისედაც მკაფიო ჩანაწერისა, 2021 წლის დეკემბერში, "ქართულმა ოცნებამ" დამატებით შეიტანა ცვლილება კანონში საერთო სასამართლოების შესახებ: ჩაიწერა, რომ "მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, დისციპლინურ პასუხისმგებლობას ექვემდებარება."

  • რა იგულისხმება დისციპლინურ პასუხისმგებლობაში: საყვედური, ხელფასის დაქვითვა, უკიდურესი ზომა კი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაა.

მაგრამ 2023 წლის ივნისში "ოცნებამ" კანონში კიდევ ერთი შესწორება შეიტანა, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ვენეციის კომისიამ მიუთითა.

რა იყო კომისიის რეკომენდაცია? "თუ ფორმულირება "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი" შენარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სანქციების საფუძველი მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის დარღვევასთან მიმართებით უნდა დაადგინოს, ან — გამორიცხოს სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები."

ამიტომ, მმართველმა პარტიამ

  • 2023 წლის ივნისში საკანონმდებლო ცვლილებით განმარტა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მოსამართლის მეცნიერული, ან ანალიტიკური მსჯელობა.
  • ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით, 2023 წლის სექტემბერში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა საკანონმდებლო პროექტი, რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ დისციპლინურ პასუხისმგელობას ექვემდებარება "მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით".
  • ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიამ მოიწონა 2023 წლის ოქტომბრის მოსაზრებაში და მიიჩნია, რომ ჩანაწერით გაფართოვდება მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები.

თუმცა, ინიციირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

On.ge-მ სცადა, გაერკვია, თუ როდის იგეგმება ცვლილების კანონში შეტანა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჩვენს ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ასევე, შევეცადეთ, გაგვერკვია, რამდენად საჭიროდ მიიჩნევენ ჩანაწერს კანონში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა პასუხი ვერც მათგან მივიღეთ.


ცვლილების მიუხედავად, რჩება კითხვა — საერთოდ, რატომ დადგა ამ ჩანაწერის საჭიროება, რადგან კანონი პოლიტიკურ აქტივობებს მოსამართლეებს მანამდეც უზღუდავდა.

  • და ისევ პრობლემად რჩება ტერმინი "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი", რადგან ის ბუნდოვანი და ზოგადია.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ ცნება "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ იმდენად ფართოა, რომ არაკეთილსინდისიერი აღმსრულებლის პირობებში, შესაძლებელია, ეს ჩანაწერი განსხვავებული აზრის დევნის იარაღი გახდეს.

"მართლმსაჯულების სისტემაში დღეს არ გვყავს ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოიყენებენ კონკრეტულ ნორმებს", — გვითხრა თამთა კახიძემ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" მთავარმა იურისტმა. ის არის 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის, "მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები" თანაავტორი.

„რაც არ უნდა კარგი კანონი შევქმნათ, ის მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან, სამწუხაროდ, სისტემაში ამ კანონს არაკეთილსინდისიერი აღმსრულებლები ხვდება. სწორედ ამიტომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა საჭირო, რათა ძალაუფლება გადანაწილებული იყოს სისტემის სხვადასხვა რგოლში. დღეს ჩვენი სისტემა არ არის განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებელი, ეს წლების პრაქტიკამ აჩვენა, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ნებისმიერი მსგავსი ცვლილება სწორედ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების სისტემიდან განდევნის მიზნით იქნება გამოყენებული.“

თამთა კახიძე.

იმავე პრობლემებზე მიუთითებდა ვენეციის კომისიაც:

2022 წლის მოსაზრებაში ვენეციის კომისია წერდა, რომ

  • გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ცვლილების დამატება, როდესაც მოსამართლეს კანონით მანამდეც ეკრძალებოდა პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა.
  • ჩანაწერი კი, რომელიც კანონში 2021 წლის დეკემბერში შევიდა, მათი შეფასებით, ბუნდოვანია და ფრაზას "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი", შესაძლოა, მრავალგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვეს.
  • კომისიის მოსაზრებაში წერია, რომ რამდენიმე პირმა, რომელსაც ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა, თქვა, რომ ახალი ფორმულირების მიზანი იყო მოსამართლეების ნაწილის გაჩუმება.

რა არის ვენეციის კომისია და რატომ არის მნიშვნელოვანი: ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა კონსტიტუციურ საკითხებში. ის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, ეხმარება, დააახლოვოს ადგილობრივი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტთან.

რა შეიძლება ყოფილიყო ამ ჩანაწერის წინაპირობა

2021 წლის საკანონმდებლო ცვლილებამდე 1 თვით ადრე, 15-ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც გააკრიტიკეს აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები, იმის გამო, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევის პროცესი სასამართლო სისტემისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

რა მოხდა:

  • 2021 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩიეს. სილაგაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმის, ხოლო — გოგინაშვილი სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე იყო; მათ ჩაანაცვლეს თამარ ონიანი და თეა ლეონიძე, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ ამოწურული არ ჰქონდათ, თუმცა, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს.
  • მალევე, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც — გამჭვირვალე.
  • ევროკავშირის მაშინდელმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი იყო სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში.

მათ პასუხად, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოსაზრებები სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევად შეაფასეს.

"ყველამ, მათ შორის ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც "გაუგებარი" და არც "უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია", არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება.", — ეწერა განცხადებაში, რომელიც მოსამართლეების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

თამთა კახიძე

თამთა კახიძე

ფოტო: transparency.ge

სავარაუდოდ, სწორედ მოსამართლეების პროტესტს მოჰყვა, იურისტის, თამთა კახიძის აზრით, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ცვლილებები კანონში, რადგან ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი აძლევს კლანს (ასე მოიხსენიებენ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებულ გავლენიან მოსამართლეებს) შესაძლებლობას, დაუპირისპირდნენ მოსამართლეებს, განსხვავებული აზრის გამო.

მისივე თქმით,
პრობლემა იკვეთება დისციპლინური პროცესის წარმოებისასაც: მოკვლევას იწყებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, შემდეგ საკითხს გადასცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სწორედ ეს ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს თუ არა მოსამართლის წინააღმდეგ ე.წ. დევნა, თუ — უარი თქვას დისციპლინური პროცესის დაწყებაზე.

თამთა კახიძის თქმით,

  • იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი შოთა ქადაგიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ აირჩიეს, კლანთან მჭიდრო კავშირში მყოფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია.

"სამწუხაროდ, არ არსებობს აღქმა, რომ დისციპლინური სამართალწარმოების დროს, მოსამართლის წინააღმდეგ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღება, რადგან სისტემა, ფაქტობრივად, სრულად დაკომპლექტებულია ე.წ. გავლენიანი მოსამართლეებით. სისტემის შიგნით არ არსებობს რგოლი, რომელიც კლანის უკონტროლო ძალაუფლებას დააბალანსებს", — თქვა თამთა კახიძემ.

"დუმილი კანონის დონეზე გახადეს გარანტირებული"

ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა, რომელმაც 2016 წელს 10-წლიანი კარიერა დატოვა და ახლა ემიგრაციაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განსხვავებული აზრი სისტემისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.

  • მისი თქმით, მოსამართლის დანიშვნისას, კლანი მისგან იღებს "ერთგულებისა და მორჩილების" გარანტიებს.
  • დასანიშნ მოსამართლეებს კი, ძირითადად, კლანთან დაახლოებული მოსამართლეები უდგებიან თავდებში და "ისინი იღებენ მათ პროფესიულ ქცევაზე პასუხისმგებლობას".

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ ეს ჩაკეტილი წრე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ მოსამართლეები პრობლემაზე საუბარს ხმამაღლა დაიწყებენ:

მათი სუსტი ხმაც კი საკმარისი იქნება კლანის დასაშლელელად, ხმა იმის შესახებ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან კლანს, რომ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით და რომ ეწინააღმდეგებიან კლანურ მმართველობას,

გვითხრა მან.

ღელეყვა მიიჩნევს, რომ მოსამართლეების ხმამაღალი განცხადებები კლანის სიძლიერეს შეარყევს, რადგან ხელისუფლებას სჭირდება არა "9-კაციანი მოქეიფე ბიჭების ჯგუფი", არამედ კლანი, რომელსაც გავლენა ექნება მოსამართლეთა სრულ კორპუსზე.

"ამიტომ დაიზღვიეს თავი და [მოსამართლეებმა] საპარლამენტო უმრავლესობას მიაღებინეს ეს კანონი, რომელიც სამუდამოდ ახშობს ხმას სასამართლოში. კანონის დონეზე გარანტირებული გახადეს დუმილი”, — ამბობს ანა ღელეყვა.

ანა ღელეყვა

ანა ღელეყვა

ფოტო: ანა ღელეყვას "ფეისბუქის" გვერდი

მისი თქმით, სწორედ განსხვავებული აზრის გამო არ დანიშნეს ის უვადო მოსამართლედ. ამას კი იმითი ხსნის, რომ სასამართლო კონფერენციაზე მხარი არ დაუჭირა ლევან თევზაძეს, კლანის მიერ მხარდაჭერილ საბჭოს წევრობის კანდიდატს, და ამის თაობაზე, ლევან მურუსიძემ, იმ დროსათვის იუსტიციის საბჭოს მდივანმა პირად საუბარში თავადვე უთხრა.

  • "მე არ მიმაჩნია პირად საკითხად ის, რაც მოსამართლის დანიშვნის საკითხს ეხება. მოსამართლეს, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით, არ შეიძლება ნიშნავდნენ, ან არ ნიშნავდნენ იმის მიხედვით, რა შეხედულებები აქვს კონკრეტული ჯგუფის მიმართ. ნებისმიერი რამ, რაც ეხება მოსამართლეთა დანიშვნებს, თუ მათ პროფესიულ საქმიანობას, უნდა იყოს გამჭვირვალე", — თქვა ღელეყვამ.

იცავენ თუ არა მოსამართლეები ეთიკასთან დაკავშირებულ კანონებსა და ნორმებს

ყოველთვის არა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) 2021 წლის კვლევაში მოყვანილია ფაქტები, რომელშიც, მოსამართლეთა კლანად მოაზრებული წრის წარმომადგენლები არღვევენ მოსამართლის გამოხატვის თავისულების სტანდარტს — პოლიტიკასთან დაკავშირებული საჯარო განცხადებების შეზღუდვის შესახებ.

ლევან მურუსიძე პოლიტიკურ დებატებში

  • ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და კლანის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა.
  • სასამართლოზე მისი გავლენის შესახებ, წინა ხელისუფლების პერიოდშიც საუბრობდნენ.

მურუსიძის მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებს შორის არის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ "გაოგნებას იწვევდა შიდა სასამართლოებთან ერთად სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოების ხმაშეწყობილი მოქმედება, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება."

ლევან მურუსიძემ, 2019 წელს, საჯაროდ, ტელეეთერის საშუალებით ისაუბრა გირგვლიანის საქმეზე დაზარალებული მხარის ადვოკატთან, შალვა შავგულიძესთან.

შალვა შავგულიძე, ლევან მურუსიძე

შალვა შავგულიძე, ლევან მურუსიძე

ფოტო: სქრინშოტი "იმედის" ეთერში გასული გადაცემიდან

ამასთან, იმ პერიოდისთვის, შავგულიძე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, მსგავსი პრეცენდენტი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არ მომხდარა, რადგან ფაქტობრივად, მოსამართლე მურუსიძე პოლიტიკურ დებატებში შევიდა პოლიტიკოსთან.

TI-ს შეფასებით, დებატების დროს, ლევან მურუსიძე არ უარყოფდა, რომ იგი, ფაქტობრივად, ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში:

  • "სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომელთან ერთადაც თქვენ ხართ გაერთიანებული, იძახოდნენ, რომ გირგვლიანის საქმეში მთავარი დამნაშავე ყოფილა ლევან მურუსიძე. პირადად ჩემი, როგორც მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი, შესაბამისად, ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს, და თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის თქვენი, პოლიტიკოსების ბრალი."
  • დებატების უდიდესი ნაწილი, სწორედ გირგვლიანის საქმის განხილვას ეძღვნებოდა. მურუსიძე, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული შეფასების მიუხედავად, კვლავ ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტლების მიღება და გადაწყვეტილება კანონიერი იყო.

"წინასაარჩევნო პერიოდში გამართულ საჯარო დებატებში მონაწილეობით, მოსამართლე ლევან მურუსიძემ არ დატოვა მიუკერძოებელი და ობიექტური მხარის შთაბეჭდილება, რომლის მიზანი მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა იყო", — წერია TI-ის კვლევაში.

სერგო მეთოფიშვილის ფეისბუქპოსტები

სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.

  • ის, ასევე, მიიჩნევა კლანის ერთ-ერთი გავლენიან მოსამართლედ.

მეთოფიშვილი, მოსამართლეთა შორის სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური
მომხმარებელია. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ მისი საჯარო განცხადებები ხშირად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია.

  • მეთოფიშვილი აკრიტიკებს და პოლიტიზირებულს უწოდებს არასამთავრობო სექტორს.
  • ასევე, არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას სასამართლოს არსებული სისტემის
    მიმართ, კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით.
  • განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ.
მეთოფიშვილის ფეისბუქპოსტი

მეთოფიშვილის ფეისბუქპოსტი

საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველო კვლევაში აღნიშნავს, რომ მეთოფიშვილი
საკუთარი განცხადებებით, აშკარად და დაუფარავად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას სასამართლოსადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი აქტორის მიმართ.

  • მსგავსი განცხადებები კი აზიანებს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობას.

ამასთან, მეთოფიშვილის პოსტები სრულად წინააღმდეგობაშია მოსამართლეთა მიერ სოციალური ქსელებით სარგებლობასთან დაკავშირებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტთან.

როგორია მოსამართლეების მიერ სოციალური ქსელებით სარგებლობის სტანდარტი

რამდენიმე ქვეყანამ შეიმუშავა კანონმდებლობა და ეთიკის სტანდარტები, რომელიც სოციალურ ქსელში მოსამართლეთა ქცევას არეგულირებს.

ისეთ ქვეყნებში კი, სადაც მსგავსი საკანონმდებლო ჩანაწერები არ არსებობს, დაწყებულია აქტიური დისკუსიები სოციალურ მედიაში მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით.

თუმცა, მოსამართლეთა საყოველთაოდ აღიარებული ბანგალორის ქცევის წესები განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებიც თითოეული მოსამართლის სამუშაო და პირად ცხოვრებას წარმართავს და TI წერს, რომ სოცმედიაშიც, მოსამართლეები, ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ:

  • მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულმა ნებისმიერმა განცხადებამ თუ კომენტარმა უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულებისადმი, იყოს შესაბამისობაში თანამდებობის ღირსებასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან.
  • მოსამართლეები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ მათი პირადი შეხედულებები თუ მრწამსი უარყოფითად არ აისახოს მათ სამსახურეობრივ მოვალეობაზე, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მათი მიუკერძოებლობა.
  • სოციალურ ქსელში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრებით, ყოველთვის უნდა გამოიჩინონ პატივისცემა საკუთარი თანამდებობის მიმართ, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი.
  • ყოველთვის თავი უნდა შეიკავონ ისეთი ონლაინ აქტივობისგან, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, დააზიანებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულებისადმი.

რაზე შეიძლება საუბრობდნენ მოსამართლეები საჯაროდ

ხშირ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეების მიერ საკუთარი მოსაზრების გამოხატვას სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტის დასაცავად, ან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიზანი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და სამართლის უზენაესობის მხარდაჭერაა.

მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დასაცავად, 2020 წელს პოლონეთში მოსამართლეები ქუჩაშიც კი გამოვიდნენ და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მდუმარე აქციაში, მათთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა ევროკავშირის 20 ქვეყნიდან.

მოსამართლეების აქცია პოლონეთში

მოსამართლეების აქცია პოლონეთში

ფოტო: EPA

პროტესტი მოჰყვა, პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომლის საფუძველზეც, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახდა პოლონელი მოსამართლეების დისციპლინირება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო.

ეს იყო სოლიდარობის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის მიზანი, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვა იყო

TI-ს შეფასებით, ევროპული სასამართლო ასოციაციების წარმომადგენლების ასეთი პროტესტით მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ უარი თქვეს, ტრადიციულ მიდგომაზე, რომ მოსამართლეებმა მხოლოდ "გადაწყვეტილებებით უნდა ისაუბრონ".

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.