რამდენად არის დამოკიდებული შენი ნათურა რუსეთზე
ალბათ, ყველაზე უფრო მეტად 1990-იანი წლების ბავშვებმა იციან, რამდენ რამეს ცვლის მოცემულობა, როდესაც შეგიძლია, ნათურა აანთო ზუსტად მაშინ, როდესაც გინდა. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ნათურის ანთების ყოველ ახალ ჯერზე კიდევ უფრო ვაძლიერებთ ოკუპანტ რუსეთთან კავშირს? ბოლო წლებში, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იკლებს, თუმცა, ამის შეცვლა შესაძლებელია.
ამ სტატიაში საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას მიმოვიხილავთ. მაგრამ მანამდე ჯობია, ჯერ ის ავხსნათ,
რა განსხვავებაა ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოდამოკიდებულებას შორის
- ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ასოცირდება სტაბილურ განვითარებასთან, უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნასთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან.
- უფრო მოკლედ — ენერგოდამოუკიდებლობით სახელმწიფო უფრო მეტ კონტროლს ფლობს საკუთარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობაზე.
- ენერგეტიკულ დამოკიდებულებას კი, ამის საპირისპიროდ, შეუძლია, უფრო დაუცველი გაგვხადოს ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა: გარე გავლენა შიდა საკითხებზე, გეოპოლიტიკური რისკები და ეკონომიკური რყევები, რაც სოციალურ კეთილდღეობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზეც მოქმედებს.
პრობლემაა, რომ: საქართველო, წლების განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, რაც სარისკო მდგომარეობას ქმნის.
- რუსეთი ახლაც პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტად იყენებს ენერგორესურსებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მიმართ.
ამ თემაზე: აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო — როგორ იყენებს პუტინის რუსეთი ამას რეგიონის ანექსიისთვის
- იმავე მიდგომას აქტიურად იმეორებს ფართოდ, საგარეო პოლიტიკაში.
- ბოლო წლების მონაცემების ანალიზით, საქართველოში საკმარისი რაოდენობით განახლებადი ენერგიის სადგურები არ შენდება, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მზარდია, ეს კი ავტომატურად მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდას ნიშნავს.
რატომ? რუსული ენერგომატარებლების ფასი, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად დაბალია, რაც დანარჩენი ქვეყნების ტარიფს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.
- იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ეკონომიკურად უფრო მომგებიან ფასს გვთავაზობს, რეალურად, იაფ ენერგეტიკულ პროდუქტებს ენერგეტიკული უსაფრთხოების მხრივ, ძვირი ფასი აქვს: საქართველო ყოველ წელს მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მხრივ, რაც ჩვენს მთლიან ენერგეტიკულ სისტემაზე კონტროლისა და ზემოქმედების ბერკეტს აძლევს, — ვკითხულობთ EPRC-ის 2023 წლის მიმოხილვის დოკუმენტში, რომელიც ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის ფარგლებში მომზადდა.
ისინი, ასევე აცხადებენ, რომ
- საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რუსული იმპორტის წყაროები, აზერბაიჯანულით ან თურქულით ჩაანაცვლოს, თუმცა
- "ეს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ წნეხთანაა დაკავშირებული, რადგან ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის ტარიფი ხშირად იზრდება, მეორე მხრივ — რუსეთი ცნობილია მასზე სხვა ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებით. მსგავსი შემთხვევები იყო საქართველოშიც და უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.
- რუსეთი სხვადასხვა ხერხებით ყოველთვის ცდილობს, ქვეყნებს არ მისცეს საშუალება მისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებლები გახდნენ.
- შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოში რუსეთიდან ელ.ენერგიის იმპორტი შეიძლება განსაკუთრებულ საფრთხედ არ მივიჩნიოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ დამოკიდებულებამ პოლიტიკურად დიდი რისკის ქვეშ შეიძლება დაგყვაყენოს", — დაწერა EPRC-იმ მიმოხილვის დოკუმენტში.
რა პროგნოზია? მომდევნო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
რა ვიცით? ეს არის საქართველოს გადამცემი ქსელის ათლწლიანი განვითარების გეგმა. დოკუმენტში მოცემული პროგნოზით,
- 2025 წელს მთლიანი მოხმარება იქნება 16 მილიარდი კილოვატ საათი;
- 2033 წლისთვის, ანუ ათ წელიწადში, მოხმარება 20 მილიარდ კილოვატ საათს გადააჭარბებს.
ეს ნიშნავს, რომ მოხმარების არსებულ მონაცემთან შედარებით, დაახლოებით 33%-იანი ზრდა გველოდება. "დღესდღეობით კი, საქართველო წელიწადში 10 თვის საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებს", — მიიჩნევს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
მონაცემებში
- რამდენს მოვიხმართ ახლა: 2022 წელს საქართველოს მთლიანმა მოხმარებამ 15 მლრდ. კვტ. სთ-ს მიაღწია. მოხმარება წლიურად 5.6%-ით იზრდებოდა 2014-2022 წლებში.
- ვისგან ვყიდულობთ: გასულ ათწლეულში, საქართველოს ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია რუსეთიდან გვაქვს შეძენილი და ეს მთელი იმპორტის 52 %-ია.
- რუსეთის გარდა, ელექტროენერგიას ვყიდულობთ — აზერბაიჯანისგან, თურქეთისა და სომხეთისგანაც.
რა რესურსი აქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს მოსალოდნელი ენერგეტიკული შიმშილის დაძლევაზე და ამისთვის, განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებით, თავადვე უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის წარმოება.
- "ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ორი გზა გვაქვს: ენერგომატარებლების დერეფნის ფუნქციის გაზრდა და საკუთარი გენერაციის მომატება", — აცხადებენ EPRC-ში.
- იმავეს ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც: "განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება და სრულად ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მოთხოვნისა და მიწოდების უკანასკნელი ტენდენციების, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით".
რატომ განახლებადი ენერგია? განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) განსხვავებით, ამოუწურავია.
- რაც მნიშვნელოვანია: განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია იძლევა საშუალებას, დაკმაყოფილდეს გაზრდილი მოთხოვნა ისე, რომ ამით გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.
- ენერგიის განახლებადი წყაროებია: წყლის ენერგია; ტალღების ენერგია; მზის ენერგია; ქარის ენერგია; გეოთერმული ენერგია; ბიომასის ენერგია (ბიოლოგიური წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი, მათ შორის, მცენარეული და ცხოველური ნივთიერებები).
- როგორია სახელმწიფოს მიდგომა: საქართველო აღიარებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს, თუმცა ამ ეტაპზე მას მნიშვნელოვნად ვერ განავითარებს.
- განახლებადი ენერგია, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა საქართველოს პარლამენტის 2015 წლის დადგენილებით, რომელსაც მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმოწერა აქვს.
"საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განხორციელებას საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებით.", — ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის დადგენილებაში, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
- 2015 წლის ამ დადგენილების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების სავალდებულო ნაწილია, თუმცა, დოკუმენტმა, პოლიტიკურ რეალობაში, ამან მოცემულობა ვერ შეცვალა და საქართველოს ენერგოსისტემისთვის განახლებადი ენერგორესურსები ძირითად პრიორიტეტად ჯერ მაინც ვერ იქცა.
- განახლებადი ენერგიის პოტენციალს მიმოიხილავს საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2023-2033 წლების 10-წლიანი გეგმაც,
- თუმცა პრობლემაა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში, მეტწილად, მხოლოდ განახლებადი ენერგიის, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსის პოტენციალია შეფასებული, თუმცა, იმავე დოკუმენტებში ამ თვალსაზრისით პროგრესი არ ჩანს.
ბოლო ხაზი: ენერგეტიკული პოლიტიკის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთზე სტაბილურად დამოკიდებულების გამო, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა ამჟამად კომპლექსურ, გარდამტეხ ეტაპზეა. ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელია მაშინ, როცა საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი საწვავისა და ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია. საქართველოს, განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებით, არც ერთი მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის განხორციელება აღარ დასჭირდება. განახლებადი ენერგიის ათვისება ასევე ექსპორტისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაძლიერების დიდ შესაძლებლობას იძლევა.
კომენტარები