DFRLab: ირანთან დაკავშირებული საიტი საქართველოს აზერბაიჯანულ თემში ანტიდასავლურ რიტორიკას ავრცელებს
ირანში შექმნილი საიტი, რომლის სამიზნეც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, რუსეთისა და ჰეზბოლას მხარდამჭერ გზავნილებს აქვეყნებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.
Ahlibeyt.ge, ქართული აზერბაიჯანულენოვანი რელიგიური ონლაინჟურნალი, ხშირად აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც შეერთებული შტატები და ნატოა გაკრიტიკებული. Ahlibeyt.ge იმართება აჰლიბეიტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ, რომელიც აჰლულ ბეიტის მსოფლიო კრების (ABWA) ფილიალია. ეს უკანასკნელი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც ჩართულია სახალხო დიპლომატიაში, იმ მიზნით, რომ "აღასრულოს ირანის პრეტენზია, გახდეს მსოფლიოს შიიტური თემების ლიდერი".
DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ ვებსაიტს სამიზნე აუდიტორიად საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი ჰყავს და მათ ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებს აწვდის. მაგალითად, საიტზე უკრაინაში რუსეთის ომი მოიხსენიება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რაც იმეორებს რუსეთის ტერმინოლოგიას, რომლის მიზანიც ომის მნიშვნელობის დამცრობაა. ვებსაიტზე ასევე ვხვდებით კრემლისეულ ფრაზებსა და რიტორიკას, რომლებითაც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს უკრაინაში "კრიზისის" პროვოცირებაში ედებათ ბრალი. Ahlibeyt.ge-მ ასევე გაავრცელა კრემლის კარგად ცნობილი დეზინფორმაცია, თითქოს აშშ ისლამური სახელმწიფოს მეომრებს ეხმარება. ამასთან, ზოგი სტატია ჰეზბოლასთან თანამშრომლობის პროპაგანდას ეწევა.
ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი საქართველოში სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია და ქვეყნის მოსახლეობის ექვს პროცენტს შეადგენს. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ყველაზე ნაკლებად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უჭერენ მხარს. გამოკითხვით ასევე ცხადი გახდა, რომ რუსეთის მთავრობისადმი ყველაზე კეთილგანწყობილები ეთნიკურ უმცირესობათა წევრები არიან.
საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციული გარემო ცუდადაა შესწავლილი. არსებული კვლევები არათანმიმდევრულია, ისტორიული მასალის არარსებობა კი დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ანალიზს ართულებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევათა უმრავლესობა "უმცირესობათა დასახლებების" კუმულაციურ განწყობებს ადგენს. კავკასიის ბარომეტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, მაგალითად, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურ სომხებს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, უმცირესობათა დასახლებებში ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზორი რჩება. ამას გარდა, აქ არაფორმალური წყაროების (იქნება ეს ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეზობლები თუ მეგობრები) გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის სხვა წერტილებში. DFRLab-მა ასევე გაანალიზა, თუ როგორ ეცნობიან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის წევრები Facebook-ზე გამოქვეყნებულ ახალ ამბებს და აღმოაჩინა, რომ ყველაზე პოპულარული აზერბაიჯანული გვერდები არ იმეორებს კრემლის მიერ წახალისებულ ანტიდასავლურ გზავნილებს.
DFRLab-მა ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებაში Ahlibeyt.ge-ის როლის შესწავლა მას მერე დაიწყო, რაც აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა მარნეულში ტრენინგის მსვლელობისას ვებსაიტის სტატიებს მიაქციეს ყურადღება. ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებსაიტი ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და პროირანულ მასალას ავრცელებდა. DFRLab რეგიონიდან სამ აქტივისტს გაესაუბრა და Ahlibeyt.ge-ისთან დაკავშირებით მათგანაც მსგავსი შეშფოთება მოისმინა. მათ თანახმად, აჰლიბეიტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება მარნეულში მოქმედი გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც, სხვა პროირანულ რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წევრებს სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით უკავშირდება. აქტივისტებმა დაურთეს, რომ ისლამის ირანისეული ინტერპრეტაცია თემის ყოფაზე მზარდად აისახება.მაგალითად, მათი თქმით, სულ უფრო მეტი ოჯახი აღნიშნავს გარდაცვლილი აიათოლას, რუჰოლა ხომეინის ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს.
მართალია, Ahlibeyt.ge-ისა და მის Facebook-გვერდს დაბალი ინტერაქცია აქვს, მაგრამ იქ განთავსებული მასალის ანალიზი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ წარმოაჩენს ის დასავლეთს, უკრაინაში ომს და ირანს. ეს განსაკუთრებით რელევანტურია იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკურ უმცირესობათა თემებში ინფორმაციის არაფორმალურ წყაროებს დიდი ზეგავლენა აქვს.
აჰლულ ბეიტის მსოფლიო კრება
აჰლულ ბეიტის მსოფლიო კრება (ABWA) ირანის ახლანდელმა უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ 1990 წელს დააარსა. ხამენეიმ ABWA-ის პირველ გენერალურ მდივნად აიათოლა თასხირი დანიშნა.
ვილფრიდ ბუხტამ თავისი წიგნისთვის, ვინ მართავს ირანს?, თასხირთან ინტერვიუ ჩაწერა. თასხირის განცხადებით, ABWA მიზნად ისახავს, "მშვიდობიანი პროპაგანდითა და დარწმუნებით" მოიპოვოს ბატონობა "კულტურის, პროპაგანდის, ეკონომიკის, საზოგადოებისა და პოლიტიკის სფეროებში აქტიურ ყველა ისლამურ ჯგუფზე და აღასრულოს ირანის პრეტენზია, გახდეს მსოფლიოს შიიტური თემების ლიდერი". ბუხტა წერს, რომ ABWA-ს ირანის გარეთ შიიტური თემების ლიდერობის სერიოზული ამბიცია აქვს და რომ ორგანიზაცია ერაყზე, ლიბანსა და პაკისტანზე დიდი ზეგავლენით სარგებლობს.
2015 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტისადმი გაკეთებულ ჩვენებაში, სკოტ მოდელმა, იმჟამად Rapidan Group-ის დირექტორმა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა ოფიცერმა, თქვა, რომ ABWA "შეიქმნა საზღვარგარეთ ირანის რევოლუციური იდეოლოგიის გასავრცელებლად და ირანელ გავლენიან სასულიერო პირებსა და შიიტ უცხოელ სასულიერო პირებს შორის დამაკავშირებელ რგოლად. თუმცა ABWA ასევე ფუნქციონირებს, როგორც ეფექტიანი შირმა სადაზვერვო ინფორმაციის შესაკრებად; უცხოელი სტუდენტების შესარჩევად და გადმოსაბირებლად; და კუდსის ძალის (და MOIS-ის [ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტრო]) ოპერაციებისთვის განკუთვნილი ფულისა და საბრძოლო ტექნიკის გადასაადგილებლად".
გარდა ამისა, სხვადასხვა ანგარიშში გამოითქვა შეშფოთება ABWA-ის კავშირებზე ჰეზბოლასთან, რადგან სამხედრო დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირები ABWA-ის ადმინისტრაციული განყოფილებების წევრებად ირიცხებიან. მაგალითად, ჰეზბოლას გენერალური მდივანი, ჰასან ნასრალაჰი ABWA-ის უზენაესი საბჭოს წევრია. ხოლო ჰასან ახტარი, რომელიც ჰეზბოლას "ოპერაციების მამადაც" კი მოუხსენებიათ, ABWA-ის მეოთხე გენერალური მდივანი იყო.
ABWA-ის ვებსაიტის თანახმად, ორგანიზაციას ფილიალები 90 ქვეყანაში აქვს, რომელთა რიცხვში საქართველოცაა.
აჰლულ ბეიტის კრება საქართველოში
ABWA-ის საქართველოს ფილიალი აჰლიბეიტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების სახელითაა ცნობილი და მარნეულში მდებარეობს. ის 2001 წელს დააარსა შეიქ რასიმ მამედოვმა (ვებსაიტზე მოხსენიებულია "რასემ მოჰამადევად"), რომელმაც განათლება ირანის წმინდა ქალაქ ყუმში მიიღო. ორგანიზაცია საქართველოში ოფიციალურად 2013 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციის ვებსაიტის თანახმად, მამედოვი საქართველოში ABWA-ის წარმომადგენელი და საქართველოში აჰლულ ბეიტის კრების (იგულისხმება აჰლიბეიტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება) ხელმძღვანელია. აზერბაიჯანულ ონლაინგამოცემა Modern.az-თან ინტერვიუში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა დაადასტურა, რომ აჰლიბეიტი ირანული აჰლულ ბეიტის მსოფლიო კრების ფილიალია. უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI) 2012 წლის კვლევის თანახმად, აჰლიბეიტს თბილისში მდებარე ირანის საელჩოსთან მჭიდრო კავშირები აქვს და ირანის მთავრობასთან და რელიგიურ წრეებთან ასოცირებული ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან არაოფიციალურ დაფინანსებას იღებს. ორგანიზაცია ირანის მთავრობისგან ფულადი სახსრების მიღებას უარყოფს.
2023 წლის იანვარში ABWA-ის გენერალური მდივანი, რეზა რამეზანი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე შეხვედრა გამართა — მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს რელიგიურ წინამძღოლებთან შეხვედრისას რამეზანიმ მათ მოუწოდა, მიექციათ "განსაკუთრებული ყურადღება" ოჯახისთვის, ხოლო დასავლეთი "ოჯახის ცნების შეცვლასა და გადაგვარებაში" დაადანაშაულა. რამეზანიმ მსგავსი გზავნილი გაიმეორა აჰლიბეიტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებაში ვიზიტის დროსაც. აჰლიბეიტის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაციის, ქალთა კავშირის წევრებისადმი მიმართვისას, რამეზანიმ განაცხადა, "ჩვენ ყველანი უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღეს დასავლურ კულტურას საზოგადოებებში ოჯახისა და ქალებისადმი პატივისცემის განადგურება უნდა. ჩვენ ამ პროპაგანდისადმი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ამიტომ ქვეყანა, შესაძლოა, იძულებული გახდეს, მიიღოს დასავლური ლიბერალიზმის პრინციპები სხვადასხვა სფეროში, რაც განსაკუთრებით ქალებს შეეხებათ. ფემინიზმზე ხაზის გასმა და მისი გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახისა და მისი ტრადიციული ფუნქციის განადგურებაში. ჩვენ ამის მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ".
Ahlibeyt.ge
ვებსაიტი Ahlibeyt.ge 2010 წელს შეიქმნა. აჰლიბეიტის თანახმად, "ვებსაიტის მიზანია, სწორად და მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია რელიგიურ და კულტურულ ღირებულებებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე". მართალია, საიტის სარეგისტრაციო ინფორმაცია ამჟამად დაფარულია, თუმცა WHOIS-ის 2015 წლის ჩანაწერში ვებსაიტის რეგისტრატორად აჰლიბეიტის დამფუძნებელი, რასიმ მამედოვია დასახელებული. ჩანაწერში ასევე მოცემულია ორი მეილი, რომელთაგან ერთში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის სახელის ინიციალი და გვარია მოცემული. islammedia.ge-ის ვიდეოშიც, რომელიც საქართველოში აჰლიბეიტის აქტივობებს აშუქებს, ვებსაიტის ადმინისტრატორად იგიდოვია მოხსენიებული. თუმცა იმავე ვიდეორეპორტაჟის თანახმად, 2015 წლიდან ვებსაიტის ადმინისტრატორის როლს რამინ ალიევი ასრულებს.
DFRLab-მა ჩაატარა მოკვლევა იმ საიტების აღმოსაჩენად, რომლებიც ჩანაწერში მოცემულ მეილებთანაა დაკავშირებული. Ahlibeyt.ge-ის გარდა, არის კიდევ შვიდი ვებსაიტი, რომელიც აღნიშნულ მეილებზეა დარეგისტრირებული. მათგან ორი მავნე პროგრამას შეიცავს. სამი ვებსაიტი, aile.ge, amag.ge და bgmi.ge დარეგისტრირებულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საჯარო სამართლის ადმინისტრაციის იურიდიული პირის მიერ. ვებსაიტი almustafa.ge დარეგისტრირებულია ალ მუსტაფას უნივერსიტეტის მიერ და ირანის ქალაქ ყუმში მდებარე ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალის ვებსაიტია.
Aile.ge შეიცავს მავნე პროგრამას, რომელსაც მომხმარებლები გადაჰყავს Haxbyq.com-ზე, სადაც ვირუსული სარეკლამო შეტყობინებები გხვდება. ვებსაიტი Sualcavab.ge ქლაუდის მავნე პროგრამითაა დავირუსებული. BGMI.ge უმოქმედოა, დანარჩენი ვებსაიტები კი აღარ ფუნქციონირებს.
Ahlibeyt.ge-ის სტატიების ანალიზი
ვებსაიტი Ahlibeyt.ge აზერბაიჯანულენოვანია და აქვეყნებს როგორც რელიგიურ მასალას, ასევე ახალ ამბებს. ახალი ამბების განყოფილება ვებსაიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სექციაა.
DFRLab-მა ვებსაიტის ახალი ამბების განყოფილება შეისწავლა, რათა გაეანალიზებინა შემდეგ თემებზე გამოქვეყნებული მასალა: რუსეთის ომი უკრაინაში; შეერთებული შტატების, ნატოს და დასავლეთის წარმოჩენა; რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარმოჩენა; ირანზე ცნობები; და ჰეზბოლა. DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ ამ თემებზე სტატიებში ირანი და რუსეთი დადებითად მოიხსენიებოდა, ხოლო აშშ და ნატო უარყოფითად.
DFRLab-მა გამოავლინა, რომ Ahlibeyt.ge მიკერძოებულად აშუქებს ამბებს და ავრცელებს რამდენიმე სახის ცრუ ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას, რათა თავისი აუდიტორიის გარკვეული თემებით მანიპულირება შეძლოს. ვებსაიტის სტრატეგიაა, გაავრცელოს არა სრულიად გამოგონილი ამბები, არამედ — შეცდომაში შემყვანი მასალა, რომელიც სიმართლის ელემენტებს ან ნაწილობრივ სიმართლეს შეიცავს. შეცდომაში შემყვანი მასალის გამოვლენა რთულია, რადგან საჭიროებს ზედმიწევნით კვლევას სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გასარჩევად. ვებსაიტი შეცდომაში შემყვან მასალას სხვადასხვა ფორმით ავრცელებს, მათ შორის ისეთი ოფიციალური განცხადებებისა თუ გადაუმოწმებელი ცნობების სახით, რომლებიც დასავლეთისა და აშშ-ის საწინააღმდეგო ნარატივს აძლიერებს.
მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ Ahlibeyt.ge ხშირად წერს ირანში მიმდინარე მოვლენებზე, საიტზე არ გაშუქებულა ქალთა უფლებების დამცავი საპროტესტო გამოსვლების ტალღა, რომელიც მაჰსა ამინის მკვლელობამ გამოიწვია. თუმცა საიტზე დაიდო ხამენეის განცხადება, რომელშიც ის ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებაში ბრალს აშშ-ს სდებდა.
DFRLab-მა გამოავლინა, რომ Ahlibeyt.ge რუსეთის ომს უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებდა, რაც კრემლისეული ტერმინია და მიზნად ომის მნიშვნელობის დამცრობას და სამხედრო შეჭრის მორალურ ვალდებულებად შენიღბვას ემსახურება. ვებსაიტზე უკრაინაში რუსეთის ომზე წერისას სიტყვა "შეჭრა" ნახსენები არაა. Google-ში ძებნის შედეგებმა გამოავლინა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა Ahlibeyt.ge-მ უკრაინასთან მიმართებით სიტყვა "შეჭრა" გამოიყენა. ეს იყო კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე "ოპერაციების" "შეჭრად" მოხსენიება არასწორია. ვებსაიტმა რამდენიმე სათაურში გამოიყენა სიტყვა "ომი" — ძირითადად, მაშინ, როცა უკრაინაში ომის შესახებ მოსაუბრე ირანელ ლიდერებს ციტირებდა. თუმცა ეს სტატიები ასევე შეიცავდა ფრაზას, "სამხედრო ოპერაცია", და ავრცელებდა პროკრემლისტურ ნარატივს, თითქოს უკრაინაში ომზე პასუხისმგებლები შეერთებული შტატები და დასავლეთი არიან.
Ahlibeyt.ge-ის ის სტატიები, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მომდევნო კვირებში გამოქვეყნდა, "უკრაინის კრიზისში" ბრალს დასავლეთს სდებს. მაგალითად, ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ დაწერილ სტატიაში მოყვანილია რაისის კომენტარი, რომ "ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება სხვადასხვა რეგიონის დამოუკიდებელი ქვეყნების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და დაძაბულობას იწვევს". კიდევ ერთი სტატია ეყრდნობოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში კრიზისი ნატოს პროვოცირებით დაიწყო.
DFRLab-მა ასევე გააანალიზა, თუ როგორ წარმოაჩენს Ahlibeyt.ge პუტინს. ვებსაიტი ცდილობს აჩვენოს, რომ პუტინი მუსლიმებისადმი დადებითადაა განწყობილი და მას მუსლიმების მოკავშირედ ხატავს. ვებსაიტზე პუტინის შესახებ 84 სტატიაა გამოქვეყნებული; მათგან უმრავლესობა ისლამის თემას ეხება. Ahlibeyt.ge მიზანმიმართულად არჩევს ისეთ ცნობებს, რომლებშიც პუტინის მუსლიმებისადმი დადებითი განწყობა იკვეთება და სათაურებშიც მხოლოდ ის დადებითი განცხადებებია გამოტანილი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ისლამზე გაუკეთებია.
მაშინ, როცა Ahlibeyt.ge პუტინს მუსლიმების მოკავშირედ წარმოაჩენს, ვებსაიტზე არ დაწერილა იმ შემთხვევებზე, როცა რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში ან სირიაში მეჩეთები დაბომბა. 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სულთან სულეიმანის მეჩეთი დაბომბა, რომელსაც 80-ზე მეტი ზრდასრული და ბავშვი აფარებდა თავს. 2015 წლის ოქტომბერში რუსეთი სირიის ქალაქ იდლიბში ომარ ბინ ალ-ხატაბის მეჩეთის დაბომბვაში დაადანაშაულეს. რუსეთმა ბრალდება უარყო, მომხდარს სიცრუე უწოდა და სხვა მეჩეთის ფოტოები გააზიარა იმის დასამტკიცებლად, რომ შენობა არ დაშავებულიყო.
Ahlibeyt.ge-ზე ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომელშიც წერია, რომ აშშ-მ სირიის ნავთობი მოიპარა. ამ ნარატივის ძირითადი საფუძველია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2019 წელს გაკეთებული შემდეგი განცხადება: "ჩვენ [სირიაში] ჯარისკაცებს ნავთობის დასაცავად ვტოვებთ. და ჩვენ შეიძლება, ბრძოლა მოგვიწიოს ნავთობისთვის... მე მინდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნო. მაგრამ მე ნავთობის დაცვაც მინდა". ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე ნება დართო აშშ-ის კერძო კომპანიას, რომ სირიის ოპოზიციის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე სანავთობო რეწვა დაეწყო. თუმცა Ahlibeyt.ge-ზე გაზიარებული ნარატივის თანახმად, აშშ-ს სირიიდან კონტრაბანდით გააქვს ნავთობი და ნავთობის მოსაპარად სირიის ზოგიერთ ნაწილში შეჭრას გეგმავს. ვებსაიტზე ასევე დაიდო სირიული სახელმწიფო მედიის მტკიცება, თითქოს აშშ-მ სირიისგან 120 ტანკერი ნავთობი მოიპარა. ეს ცნობები BBC-იმ, ამერიკის ხმამ და რადიო თავისუფალმა აზიამ უარყვეს.
ვებსაიტზე გამოქვეყნებული სხვა სტატიებით ვრცელდებოდა ნარატივი, თითქოს შეერთებული შტატები ისლამური სახელმწიფოს ტერორიზმს უჭერს მხარს. Ahlibeyt.ge-მ გააზიარა ირანის, თურქეთის, ჰეზბოლას და ირანთან დაკავშირებული ერაყის სამხედრო ფრაქციის, ასაიბ აჰლ ალ-ჰაქის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებები, რომელთა თანახმადაც, აშშ ისლამურ სახელმწიფოს აფინანსებს და მხარს უჭერს. ერთ სტატიაში მოცემულია ასაიბ აჰლ ალ-ჰაქის სპიკერის, ჯავად ალ-ტალაბავის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ახანგრძლივებდა ომს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. კიდევ ერთ სტატიაში მოყვანილია ირანელი პარლამენტარის, ალი ლარიჯანის ციტატა, თითქოს ისლამური სახელმწიფოს უკან აშშ და CIA დგას.
ვებსაიტზე ჰეზბოლაც დადებითადაა წარმოჩენილი. ჰეზბოლაზე გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატია ამტკიცებს, რომ სამხედრო დაჯგუფება არაა ტერორისტული ორგანიზაცია და მასთან თანამშრომლობის იდეის პროპაგანდას ეწევა. ჰეზბოლა 1997 წლიდანაა შეყვანილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანახმად, ჰეზბოლას დაფინანსების და პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ორგანიზაციული დახმარების უდიდესი წილი ირანზე მოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმზე გაკეთებულ 2019 წლის ქვეყნის ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ორგანიზაციას 700 მილიონ დოლარით დაეხმარა. ჰეზბოლა ლიბანის პარლამენტში 1992 წლიდან არის შესული, თუმცა 2022 წლის არჩევნებით ჰეზბოლის ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.
DFRLab-ის ანალიზი ააშკარავებს, რომ Ahlibeyt.ge საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემს დასავლეთის, აშშ-ისა და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს აწვდის. გამოძიებამ აჩვენა, რომ Ahlibeyt.ge იშვიათად აქვეყნებდა სრულად შეთხზულ ამბებს, სანაცვლოდ კი კონცენტრირდებოდა მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებაზე ირანისა და რუსეთის სასარგებლოდ და დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ეს დაკვირვება ემთხვევა ირანის ციფრული გავლენის უფრო ფართომასშტაბიან სტრატეგიას, რომელიც, როგორც DFRLab-ის 2020 წლის ანგარიშში — "ირანის ციფრული გავლენის ძალისხმევა: პარტიზანული მაუწყებლობა ოცდამეერთე საუკუნეში" — არის ნათქვამი, კონცენტრირდება მიკერძოებულ გაშუქებაზე, რაც განსხვავდება კრემლის ტაქტიკისგან, გაავრცელოს პირდაპირი ფაბრიკაციები.
კომენტარები