რა პირობებში მუშაობენ ქალი ჟურნალისტები საქართველოში
რასთან ასოცირდება თქვენთვის ჟურნალისტიკა? დიდ ნიუსრუმში მჯდომ ადამიანთან? ქუჩაში გადაღებაზე მყოფ პირთან, რომელიც მოქალაქეების აზრს არკვევს? სტუდიიდან მოლაპარაკე წამყვანთან? თუ ჩაფხუტით და პრესის ჟილეტით შემოსილ ადამიანთან, რომელიც ცხელი წერტილიდან ერთვება? ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის ყველაფერი ეს ყოველდღიური რეალობაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენზე უნდა იცოდეთ, ის დაბრკოლებები და პრობლემებია, რომლებსაც სისტემატურად ვაწყდებით. ხანდახან გადარჩენისთვის ვიბრძვით, ზოგჯერ კი თავდასხმებსა და დისკრედიტაციის კამპანიებს ვიგერიებთ.
ისეც ხდება, რომ ხშირად უმიზეზოდ გვესხმიან თავს. მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებთ და კითხვებს ვსვამთ, ვიკვლევთ იმას, რის დამალვასაც აქტიურად ცდილობენ. ამის გამო თავდასხმა შეიძლება იყოს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. იყენებენ დისკრედიტაციის კამპანიებსაც — დეზინფორმაციით, მანიპულაციით და დიფფეიკებით ცდილობენ, ჩვენს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას შეუწყონ ხელი.
ეს პრობლემები ყველა ჟურნალისტს აწუხებს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ხანდახან ქალი ჟურნალისტები სქესისა და გენდერის ნიშნით თავდასხმის სამიზნე არიან. მაგალითად, მედიის განვითარების ფონდის კვლევაში "ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში" ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად შეურაცხმყოფელი ლექსიკის ადრესატები ოპოზიციონერი ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, დასავლელი პოლიტიკოსი ქალები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
გინახავთ ფეისბუქგვერდები "ჟუუურნალისტი", "ქვეყნის მტრები", "ჟურნალიტების მარგალიტები"? აქ მედიაში დასაქმებულების წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება. როცა საქმე ქალ ჟურნალისტებს ეხება, სექსისტური მოტივით აქცენტი მათ გარეგნობაზე კეთდება. არჩევენ ან სქრინავენ ისეთ კადრებს, სადაც ისინი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინე, არმოსაწონ ან მიუღებელ ფორმაში არიან. პოსტების წარწერებში კი იყენებენ ისეთ ფრაზებს, რომლითაც მათ ობიექტივიზაციას ცდილობენ.
MDF-ის კიდევ ერთ კვლევაში "გენდერული დეზინფორმაცია" საუბარია იმაზეც, რომ ჟურნალისტების წინაააღმდეგ სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა სლატშეიმინგი გამოიყენეს. სლატშეიმინგი ე.წ. მრუშობით შერცხვენაა, რაც გულისხმობს ქალების და გოგოების კრიტიკას იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა არ შეესაბამება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპულ გენდერულ ნორმებსა და წარმოდგენებს.
ამ ფორმით კამპანია აუგორეს კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების – მთავარი არხის და ტვ პირველის ქალ ჟურნალისტებს. მაგალითად, დაამუშავეს დეა მამისეიშვილის ფოტო, რომელზეც მას იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მაისური ეცვა წარწერით — "ირაკლი! ნიკა კრიმინალი არ არის!". პროსახელისუფლებო გვერდებმა წარწერა ასე შეცვალეს — "ლიფი მიჭერს", რის შემდეგაც ფაბრიკაცია სექსისტური კომენტარებით გავრცელდა — "თავისუფლება ძუძუებს", "არა გვჯერა, გვანახე", "სალამი ბიჭებს! მე ლიფი მიჭერს!".
აქვე განხილულია, რომ ფორმულასა და ნეტგაზეთის ჟურნალისტების გენდერული დისკრიმინაცია ჰომოფობიური მოტივით სცადეს. ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ ისინი ლგბტქი იდენტობის, "ხალხის მტრები" იყვნენ.
გამოვლინდა გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით ქალებზე თავდასხმაც, რაც მათ ინტელექტუალურ უნარებს, კომპეტენციასა და გამოცდილებას აყენებდა ეჭვქვეშ. ამ ნიშნით გამოვლენილი 39 შემთხვევის სამიზნე უმეტესწილად პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალები იყვნენ, რამდენიმე შემთხვევაში კი – ჟურნალისტებიც.
იმის გასარკვევად, რა პირობებში მუშაობენ ქართულ მედიაში ქალები, რა სახის დაბრკოლებებს აწყდებიან მოვალეობის შესრულებისას, მთავარი არხის ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს; ნეტგაზეთის ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს; ქარტიის საბჭოს თავმჯდომარესა და მედია აპრილის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს ვესაუბრეთ. გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებასაც.
ნატალი ჯახუტაშვილი არაერთი წელია მედიაშია და სხვადასხვა ტელეკომპანიაში მუშაობდა. ის რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე, როგორც ძალადობრივი ჯგუფების, ისე კოლეგის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან.
ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო უსაფრთხო არ არის და კრიტიკულ მედიებთან ბრძოლით, კრიტიკული კითხვების მიუღებლობით, ხელისუფლება ძალადობას ახალისებს. მუშობისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გვიხსნის, რომ ჟურნალისტებს ყოველთვის აქვთ თავდასხმის მოლოდინი, თუნდაც მაშინ, როცა ქუჩაში არასამუშაო დროს გადიან.
კითხვაზე, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი საქართველოში ასე გვპასუხობს: "ყველამ იცის, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული ქვეყანა. აქ ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ჟურნალისტს რაღაც საფრთხე შეექმნას. მოლოდინი ყველას გვაქვს, რომ ნებისმიერ დროს, იმის გამო, რომ არ მოსწონთ შენი მსოფლმხედველობა ან კრიტიკული მიდგომა ხელისუფლების მიმართ, გაგისწორდებიან ფიზიკურად, ან დაზიანდები. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც სტრესი ხშირია".
2022 წლის 14 დეკემბერს ჯახუტაშვილი კლინიკა ვივამედიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როცა შემთხვევით იმედის კადრში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ოპერატორმა მას აგრესიულად კრა ხელი. ნატაშკამ არ შეიმჩნია და ჩართვა გააგრძელა, თუმცა მასზე თავდასხმა ამით არ დასრულებულა, ჩართვის დასრულების შემდეგ ოპერატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ამ მოვლენებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას არ უკავშირებს, მაგრამ მსაგვსი აგრესია მისთვის მოულოდნელი იყო.
"როცა რამე ხდება და სპეცით შედიხარ ეთერში, ან ყველა ტელევიზიას ეთერში ჰყავს რესპონდენტი, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება ვიღაცის კადრში მოხვდე და ბუნებრივი მოვლენაა. ასეთი შემთხვევა იყო მაშინაც, როცა რესპონდენტთან ვიდექით და უნდა გადავსულიყავი ჩართვაში.
ისე მოხდა, რომ წამიერად გამოვჩნდი იმედის კამერაში. ამ დროს წინ მივდიოდი, ვიცოდი, იყო ალბათობა ვიღაცის კადრში მოვხვედრილიყავი და ჩანს, მივდივარ წინ ჩემი ოპერატორისკენ, რომ ხელი არ შემეშალა სხვისთვის. ამ მომენტში ძალიან მოულოდნელად იმედის ოპერატორმა მკრა ხელი. თავიდან ვერც გავიაზრე, რა მოხდა. უბრალოდ არ მოველოდი ეგეთ თავდასხმას. მერე გაირკვა, რომ ამ ოპერატორს პრობლემა ჰქონდა, რომ მე მის კადრში მოვხვდი", — იხსენებს ის.
2022 წლის 25 ივლისს ნატალის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სიტყვიერად თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძემ ჟურნალისტი სექსისტური ტერმინებით მოიხსენია.
"ღონისძიების დასრულების შემდეგ, როგორც ხდება დადგა კომენტარზე. იქ ვიყავით ყველა მედიის წარმომადგენელი. მანამდე არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა ჩვენს შორის ამ დღეს. ძალიან მარტივია — თავს დამესხა ირაკლი კობახიძე იმიტომ, რომ არ მოეწონა ჩემი კითხვები. ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუღებლობა აქვთ კრიტიკული კითხვების და ჩემი აზრით, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევენ თავს და ვერ ხვდებიან, რომ აქვთ თმენის ვალდებულება.
ვალდებულება აქვთ, ყველა კითხვას გასცენ პასუხი, რამდენადაც სენსიტიური არ უნდა იყოს მათთვის და რამდენადაც მიუღებლად არ უნდა მიიჩნევდნენ. მითუმეტეს ჩემი კითხვა შეეხებოდა ძალიან მძიმე ბრალდებას, რომელიც გაჟღერდა არც მეტი, არც ნაკლები უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდან. დავით არახამიამ, რომელიც უკრაინაში ხელისუფლების მაღალჩინოსანია, გააჟღერა ბრალდება, რომ კობახიძის მამა არის კა გე ბე-ს აგენტი. ბუნებრივია, რომ ჟურნალისტს აქვს ვალდებულება, ამ თემაზე დასვას კითხვები", — ასე იხსენებს ის იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ყველაფერი მარტივად დასრულებოდა, თუ პასუხად მმართველი პარტიის თავმჯდომარე კის ან არას იტყოდა, ან თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, რომ მსგავსი ბრალდებები მიუღებელია. პოლიტიკოსი ასე არ მოქცეულა.
"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე", "შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, შენ არ ხარ ქალი" — ამ სიტყვებით მიმართავდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ჯახუტაშვილს. ჟურნალისტი ამ ფრაზებს დისკრიმინაციულად აფასებს.
ამ შემთხვევას გამოეხმაურა ეთიკის ქარტია და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
"მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება", — ეწერა მათ განცხადებაში.
თუმცა, ასე არ მომხდარა. კობახიძემ ეს რიტორიკა Facebook-ზე გააგრძელა, თან პრეზიდენტი, ოპოზიცია და სხვა ჟურნალისტებიც გალანძღა. პოსტში მან ჟურნალისტებს ვაჭრები, პატარა ქალები და კაცები უწოდა და ჯახუტაშვილზე შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით ისაუბრა.
კობახიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, პარტიის წევრებმა, მამუკა მდინარაძემ, შალვა პაპუაშვილმა, გივი მიქანაძემ. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კი არათუ გააკრიტიკა დისკრიმინაციული გამონათქვამები, ამ საქციელის გამართლება სცადა.
"როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის — ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!!" — დაწერა დეპუტატმა ფეისბუქზე.
მაშინ On.ge-მ წილოსანს ჰკითხა, როგორც გენდერული საბჭოს წევრს, მიაჩნდა თუ არა, რომ ეს იყო სექსისტური ენა. მან ფეისბუქგვერდზე გადაგვამისამართა. On.ge-მ დეპუტატს განუმარტა, რომ პოსტში კობახიძის საქციელის შეფასება არ ჩანდა და გაუმეორა, რომ მისი, როგორც საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია აინტერესებდა სექსისტური ენის გამოყენებაზე. პასუხად წილოსანმა გვითხრა —"მგონი, გასაგებად მოგწერეთ ჩემი პოზიცია" — და დამატებით კითხვაზე აღარ გვიპასუხა.
ჯახუტაშვილს ყოველდღიური შეხება აქვს დეპუტატებთან, რადგან ძირითადად პარლამენტში მუშაობს. ამბობს, რომ ყოველთვის აგრესიულად არიან განწყობილნი კრიტიკული კითხვების მიმართ და როცა სიტყვიერი შეურაცხყოფისგან იკავებენ თავს, აგრესიას მაინც არ მალავენ. მისი თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ კობახიძისგან ბოდიში არ მიუღია და საქმიანი კომუნიკაცია ჩვეულებრივად გააგრძელეს.
მგავსი გამოცდილების მიუხედავად, პროფესიის შეცვლაზე არასდროს არ უფიქრია.
"ფაქტია, რომ დაშინება სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც ებრძვიან კრიტიკულ ჟურნალისტებს. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება იყოს საინფორმაციო ვაკუუმში და უნდათ, რომ ჟურნალისტმა სენსიტიურ თემებზე არ ისაუბროს.
დაშინების მიზნით თავს გესხმიან კიდეც, აგრესიით არიან განწყობილი ჩვენს მიმართ. ალბათ, ფიქრობენ, რომ ასეთ მეთოდებს თუ გამოიყენებენ, შესაძლოა, თვითცენზურა დაიწესოს ამა თუ იმ ჟურნალისტმა. მაგრამ ცხადია, რომ ასე არ მოხდება. ამიტომ შიში არ მაქვს, შეჩვეულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყანაში, მაგრამ ის რომ ამის გამო პროფესიიდან წავიდე, გამორიცხულია".
თამთა კახაბერიძე ამჟამად ნეტგაზეთის ჟურნალისტია. ის On.ge-ში მუშაობდა, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სექსისტური მიდგომის მსხვერპლი გახდა. ამბობს, რომ უმეტესად ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის სამიზნე იყო და მის მიმართ იყენებდნენ ფრაზებს "პატარა გოგო", "კარგი გოგო". როგორც სამართალდამცავები, ისე ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.
2021 წლის 23 თებერვალს თამთა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მუშაობდა. იმ დროს, როცა სპეცრაზმი შენობაში შევიდა ნიკა მელიას დასაკავებლად, ისიც შიგნით იყო.
"ყველა წავიდა ზედა სართულზე, სადაც მელია იყო. მაღლა ასასვლელ კართან ვიდექი, მინდოდა ჯერ სპეცრაზმის შემოსვლა გადამეღო, მეგონა ავასწრებდი ასვლას. რომ შემოვიდნენ გავიქეცი ზევით, მაგრამ ვერ მოვასწარი.
ქუდი მქონდა თავზე და შორიდან რთული იყო გარჩევა, გოგო ვიყავი თუ ბიჭი. მომვარდა სპეცრაზმელი, მხარში ძალიან უხეშად მომკიდა ხელი, მიმაჯახა კარზე და რომ დაინახა გოგო ვიყავი, აგრესია მოთოკა და თქვა — უი, გოგოა და გაიწიეთო.
იმ სივრციდან ძალით გამომაგდეს, მაგრამ თან მესმოდა ტერმინები, ფრთხილად გოგოაო. მე ვიმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, უნდა დავრჩე, უნდა გადავიღო. მეუბნებოდნენ — შეხედე დაზიანდები, არ გვინდა რომ ცუდად გახდეო, ცუდად ხარ, ფერი არ გაქვს, მობრძანდით აქეთო. ვეუბნებოდი რომ კარგად ვარ, არ მისმენდნენ", — იხსენებს თამთა.
ამბობს, რომ ძალიან გაბრაზდა, რადგან ის, რაც ერთი შეხედვით კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ჰგავდა, მისთვის დისკრიმინაციული იყო. ფიქრობს, ასე მიანიშნებდნენ, რომ სუსტია.
"სპეცრაზმი რამდენიმე რიგად იდგა. ერთი რიგი რომ გაიხსნებოდა, რომ გავეტარებინე, მეორე რიგის სპეცრაზმელები მომზადებული იყვნენ, ჩემთვის აგრესიულად ჩაევლოთ ხელი და უკნიდან მაშინვე აძახებდნენ, ფრთხილად გოგოაო. მერე ესენი მეუბნებოდნენ მობრძანდითო. მახსოვს ამ დროს ჩემი რეაქცია. გოგო ხარო რომ მიმახვილებდნენ ყურადღებას, ვეუბნებოდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ. განწირულად ვყვიროდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ. მაინც მეუბნებოდნენ — მიბრანძიდით გოგონა, მე ისევ ვიმეორებდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ".
გენდერული ნიშნით თავდასხმის სამიზნე გახდა 5 ივლისსაც, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათგან ერთ-ერთი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აგრესიული პირები თავდაპირველად იმაზე გაღიზიანდნენ, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, შემდეგ კი ტელეფონზე დაკრული ცისარტყელას სტიკერის გამო დაუპირისპირდნენ, რადგან ლგბტქი თემის წევრად და მხარდამჭერად მიიჩნიეს.
"რუსთაველზე დილით მივედი, უკვე ჩოჩქოლი იყო ატეხილი. ჩავრთე კამერა, რადგან არ ვიცოდი რა ხდებოდა და მივყვებოდი ამ ბრბოს. ქაშუეთს რომ გავცდი, მანდ მოხდა ჩემი ეპიზოდი, ორი პირი დამესხა. მეუბნებოდნენ, რომ ბავშვები უნდა გავრყვნა. აღმიქვამდნენ, როგორც მარშის მონაწილეთა მხარდამჭერს.
კამერით რომ დამინახეს ეს იყო აგრესიის პირველი მიზეზი. ზოგადად, ჟურნალისტი რომ ვიყავი ეგ აღიზიანებდათ. მერე უკვე გენდერული ნიშნით დამესხნენ თავს, თემის წევრად ან მხარდამჭერად აღმიქვამდნენ და იყო ტერმინები, რომ არ მომცემენ გარყვნის და წაბილწვის უფლებას", — იხსენებს თამთა.
მაშინ ვერ ხვდებოდა, რის მოხსნას ითხოვდა თავდამსხმელი, როცა ტელეფონისკენ ხელს იქნევდა და უყვიროდა. ისიც ვერ გაიაზრა, რატომ უთხრა პოლიციელმა გაიქეციო ან რატომ გაიქცა.
"ასე სირბილით ჩავედი თითქმის რესპუბლიკის მოედანზე. ამასობაში ვწერდი რედაქციაში და პანიკა მქონდა. რედაქტორმა მითხრა, რომ თვითონ მოვიდოდა და შემცვლიდა. მირჩევდა გავრიდებულიყავი რომელიმე ჩიხში და ტაქსი გამომეძახებინა. დავთანხმდი, მაგრამ ტაქსის გამოძახების დროს გადავწყვიტე, აღარ წავსულიყავი.
ვფიქრობდი, ახლა თუ აქედან წავალ, უფრო მეტად შემეშინდება-მეთქი. ცოტა ხანი ამოსუნთქე, დარჩი-თქო ასე აღვუთქვი ჩემს თავს. რედაქტორის მოსვლამდე შორიდან ვაკვირდებოდი სიტუაციას, ცენტრს ვერიდებოდი. როცა ხატია მოვიდა, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი. საფრთხეს ვგრძნობდი, მაგრამ შიშს ნაკლებად", — ამბობს თამთა.
მაშინ On.ge-ის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე იყო, სწორედ ის გავიდა რუსთაველზე, თამთას შესაცვლელად. რადგან თამთამ დაბრუნებაზე უარი თქვა, ორივე სირცხვილიას ოფისისკენ წავიდა გადასაღებად. ამ დროს ძალადობრივი ჯგუფების ნაწილი შენობას არბევდა, ნაწილი ქვევიდან აგინებდა აქტივისტებს.
როცა აგრესიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დატოვეს, ორივე ჟურნალისტმა რუსთაველზე დაბრუნება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ გადაუღო მათ ფორმულას ფოტორეპორტიორმა, ვახო ქარელმა ფოტო. მალევე ვახოსაც თავს დაესხნენ.
კადრში ხატიას შეშფოთებული სახე და ორივე ჟურნალისტის პრესის მაისური ჩანს, რომელიც იმ დღეს სპეციალურად, თავის დასაცავად ჩაიცვეს. 5 ივლისადმე მედიაში დასაქმებულებს გვჯეროდა, რომ პრესის მანიშნებელი წარწერები და ბეიჯები გვიცავდა.
რუსთაველზე ბრბრო რომ დაიშალა, გადასაღებად ხატიამ პრაიდის ოფისთან გადაინაცვლა, თამთა იქვე დარჩა და სიტუაციას აკვირდებოდა. ამბობს, რომ იქ კიდევ ერთხელ გახდა გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი.
"მთავარი არხის ჟურნალისტი ჩართვისთვის ემზადებოდა, მე იქვე ახლოს ვიჯექი. გვერდით რამდენიმე ბიჭი ედგა, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ პირდაპირ ეთერში როცა შევიდოდა, რამეს ვიტყვითო. თან ემუქრებოდნენ, რას ქვია არ გვათქმევინებ, კამერას დაგიმტვრევთო.
ამ ყველაფერს ჩუმად ვიღებდი. ერთ-ერთმა დაინახა, ჩემკენ წამოვიდა. აგრესიას ველოდი, მაგრამ გვერდით დამიჯდა და სხვა ბიჭებს დაუწყო ჩემს გასაგონად ლაპარაკი. ამბობდნენ, შეხედე რა კარგი გოგოა, ლამაზი გოგოა, თავისთვის ზის წყნარადო. მგონი ესეც ჟურნალისტია, მაგრამ კარგი ჟურნალისტიაო. იმას მადარებდნენ, იმიტომ, რომ ის ეკამათებოდა და მე არა. თქვეს, ახლა გამორთავს ტელეფონს, ჩაიდებს ჯიბეში და წავაო. აგრესია არ გამოხატეს, მაგრამ მუქარანარევი, ვითომ კეთილგანწყობით დამაშინეს. იმას უსვამდნენ ხაზს, რომ მე კარგი გოგო ვიყავი და უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც მათ ჰქონდათ მოლოდინი", — იხსენებს თამთა.
ორი წელი გავიდა და ახლაც, როცა რუსთაველზე ქაშუეთის მიმდებარედ უწევს გავლა, თავდასხმის მომენტი ახსენდება. ეს ისტორია თამთასთვის იმ დღეს არ დასრულებულა. პროკურატურამ 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნო და ჟურნალისტი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიბარეს.
"მოვყევი ყველაფერი და კითხვების დასმა დამიწყეს ბრალდებულების ადვოკატებმა. რაღაცას რომ ვყვებოდი იცინოდნენ, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ჩემს ფრაზებს იმეორებდნენ და ისევ იცინოდნენ. მასხრად მიგდებდნენ.
ბოლოსკენ მითხრეს, რომ გიყურებთ და გვჯერა, კარგი, პატიოსანი გოგო ხარო. შენ ცუდი განზრახვა არ გექნებოდა, უბრალოდ, რაღაცები არასწორად გააკეთე, თუ აღიქვიო. ვითომ მზრუნველობითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეო. სერიოზულად არ აღიქვეს საერთოდ არაფერი, რასაც ვყვებოდი", — იხსენებს თამთა.
ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
ამ სხდომის შემდეგ გაიგო, რომ ადვოკატების ტაქტიკაა, მოწმე დააბნიოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ მისი ჩვენება არარელევანტური ჩანდეს. მისი თქმით, სწორედ ასე მოქცნენ, როცა ხაზს უსვამდნენ, რომ პატარა, კარგი გოგოა, რომელიც მთლად სერიოზულად არ უნდა აღიქმებოდეს.
"მკითხეს მივაკუთვნებდი თუ არა თავს ქვიარ თემს. ოღონდ ლგბტქ რაღაცნაირად წაიკითხა. სამჯერ წაიკითხა და სამივეჯერ აღნიშნა, რომ ვერ ერკვევა ამ ტერმინებში და "ამ რაღაცებში". დარწმუნებული ვარ, რომ განზრახ ამახინჯებდა, პერფორმანსს დგამდა, გადაშლიდა, წაიკითხავდა, მერე სპეციალურად ისეთი ფორმულირებით ამბობდა, რომ ისევ დაჭირვებოდა წაკითხვა და ისევ არასწორად ამბობდა.
ეს იყო მთელი ამ სტრესული გამოცდილების ყველაზე საშინელი მომენტი. თუ მანამდე დაბნეული ვიყავი, ემოციურად რთული იყო და ნორმალურად ვერ ვპასუხობდი, ეს იყო მომენტი, როცა გავიაზრე, რომ ამას სპეციალურად აკეთებდნენ. მანამდე მეგონა, რომ მე ვერ ვშვებოდი რაღაცას სწორად და ჩემი ბრალი იყო. გავბრაზდი და ვთქვი, რომ ამ კითხვას არ ვუპასუხებდი. ავხსენი, რომ არც საქმეს არ ეხებოდა, არც კითხვის დასმის უფლება ჰქონდა და არ მინდოდა პასუხის გაცემა".
თამთა ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფების ადვოკატი დაჟინებით უმეორებდა და სამჯერ თქვა უარი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ბოლოს კი პროკურორმა აცილება მოითხოვა. მოსამართლე დათანხმდა, თუმცა მისთვის პრობლემური იყო ფორმა, რომლითაც ეს გადაწყვეტილება განმარტა.
"თქვა, რომ ყველა ადამიანს აქვს თვითგამორკვევის უფლება, ამიტომ ასეთი კითხვების დასმა არ არის სწორი", — ამბობს თამთა და განმარტავს, რომ ეს კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როცა მისი პროფესიული გამოცდილება გვერდით გადადეს და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია სცადეს.
პირად ჟურნალისტურ გამოცდილებასა და საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე ვესაუბრეთ ხატია ღოღობერიძესაც. ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში მედიაგარემო გაუარესდა.
"5 ივლისის დანაშაულების ორგანიზატორები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან და ლამის ყოველდღიურად ახალ ძალადობას აანონსებენ, ხელისუფლება კი დუმს. პარალელურად, ხელს უშლის მშვიდობიან გამოხატვას. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.
ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ სათანადოდ გამოიძიოს ყველა საქმე და თავადაც ნუ წაახალისებს აგრესიას მედიის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, რიტორიკით. ამ ყველაფერს ემატება პრობლემები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, უფრო ზუსტი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ერთეული გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად შეუძლებელია დღეს ჟურნალისტმა რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან საჯარო ინფორმაცია მიიღოს, არადა, უწყებებს ამ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება კანონით აქვთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს არც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის ახალი წესი, რომელიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს და რომლის გაუქმებისკენ ქარტიამ შალვა პაპუაშვილს არაერთხელ მოუწოდა. აღარაფერს ვიტყვი რუსული კანონის მიღების მცდელობაზე, ასევე, მომავალ ინიციატივებზე, რომლებიც უკვე დააანონსეს".
როგორც ჟურნალისტს ხატიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე საზოგადოების ინფორმირებაში. მუშაობის პროცესში დაბრკოლებებს აწყდებოდა მაშინაც, როცა პოლიტიკოსების გამონათქვამებს სექსისტურად აფასებდა.
"ზოგადად, საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა არ არის მარტივი და წლების განმავლობაში არაერთი თავდასხმის გამოვლა შეგიძლია მოგიწიოს, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი. ამის გამო თავდაპირველად გამიჭირდა კიდეც კონკრეტული შემთხვევის გახსენება, რადგან პირველი ასოციაციაა, რომ ეს თავდასხმები ჩემი პროფესიის გამო მოხდა და არა გენდერის. თუმცა კონკრეტული შემთხვევების გააზრების შემდეგ ხვდები, რომ კი, ხანდახან თავდასხმები სწორედ გენდერული ნიშნით ხდება. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა გადაღებაზე ერთ-ერთი ტელევიზიის კაცი ჟურნალისტი თავს დამესხა და ჩემკენ ხელით გამოიწია. მერე ამის გამართლებაც სცადა სხვადასხვა მიზეზით.
ასევე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, რადგან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი შეკითხვა, რომელიც, სხვათა შორის, ქალების უფლებებს ეხებოდა. აღარაფერს ვიტყვი ზოგადად სოცქსელებში ბულინგის მცდელობაზე გენდერული ნიშნით და "გენდერზონდერის" და მსგავს იარლიყებზე", — ამბობს ის.
ხატია განმარტავს, რომ საზოგადოებაში, გავრცელებულია სექსისტური და მიზოგინიური დამოკიდებულებები, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდანაც, რაც ქალი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაზეც მოქმედებს. ამბობს, რომ თავდამსხმელებს უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება თავდაპირველად პროფესიის გამო აქვთ, ხოლო შემდგომ გენდერის გამო. არის შემთხვევებიც, როცა დისკრიმინაცია ორივე ნიშნით ხდება.
"ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჟურნალისტიკა ქალებით დომინირებული სფეროა, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ჩემი სუბიექტური ხედვით, ამის მიზეზი ისაა, ეს პროფესია სტერეოტიპულად "ქალურად" მიიჩნევა, ასევე, ბევრი სამუშაოა და ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მცირე. რაც შეეხება განსხვავებულ დამოკიდებულებას, ამის შესაფასებლად ჩემთვის ცოტათი უხეში, თუმცა მარტივი ტესტი ასეთია — ესა თუ ის პირი ეტყოდა იმავე ფრაზას კაც ჟურნალისტს? თუ დავფიქრდებით, უმეტეს შემთხვევაში უარყოფით პასუხს მივიღებთ.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაც ჟურნალისტებს არ შეურაცხყოფენ, თუმცა ქალების მიმართ ე.წ. აგდებული დამოკიდებულება უფრო იგრძნობა ხოლმე. ეს ჩემი დაკვირვება და შთაბეჭდილებაა, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ასე ვფიქრობ. მე არ მგონია, რომ ფრაზები: "ნახეთ რას დაემსგავსეთ. მოიტანეთ სარკე, ჩაახედეთ ერთი, რა დღეში არი. სირცხვილია უბრალოდ, ქალბატონი ბრძანდებით ბოლო-ბოლო" ან "ბედნიერი ვარ, რომ ამდენი აღელვებული ახალგაზრდა გოგოს გარემოცვაში ვარ" სტერეოტიპებისგან დაცლილია და სექსისტური არ არის. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როცა კაც ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო "კაცობას" უწუნებენ, ესეც სექსიზმია", — ამბობს ხატია.
აქვე განმარტავს, რომ პოზიტიური დისკრიმინაციაც დისკრიმინაციაა, ხშირად ნაკლებად მტკივნეული, მაგრამ მაინც და ბევრი ქალისთვის ეს დამაკნინებელი და დამამცირებელია.
"პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მე არ მსურს ჩემს გენდერს გაუსვან ხაზი, არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად, რადგან კონკრეტული ამბის გაშუქებისას მე ვარ ჟურნალისტი".
ხატია ხაზს უსვამს, რომ ქარტია გმობს დისკრიმინაციას ამა თუ იმ ნიშნით და ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება როგორც მედიის წარმომადგენლებში, ასევე, მოქალაქეებში.
"ქარტია ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მედიის წარმომადგენლების დახმარებისა და კონსულტაციებისთვის, როცა მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ არიან დისკრიმინაციის სამიზნეები", — განმარტავს ის.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მეც არაერთხელ დამესხენ თავს. პირველად ეს 2019 წელს ჰომოფობიურ აქციაზე მოხდა, სადაც On.ge-ის ჟურნალისტის სტატუსით ვიმყოფებოდი. ქართული მარშის წევრებმა ხელი მკრეს და ტელეფონი დამაგდებინეს, თან პროპაგანდისტს და პროვოკატორს მეძახდნენ. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას დავეცავი, "ჩემივე უსაფრთხოებისთვის" ადგილიდან გაცლა მირჩია.
მაშინ არ მიფიქრია, რომ ეს გენდერული ნიშნით თავდასხმა იყო. მხოლოდ სახლში მისულს გამახსენდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ამახვილებდნენ ყურადღებას ჩემს გარეგნობასა და თმის ფერზე. ხან ჩურჩულით, ხან წამოძახებით მაგონებდნენ, რომ "იასამნისფერი თმით არც ნორმალურს ვგავარ და არც ქალს".
როგორც ზევით აღვნიშნე, 5 ივლისამდე ჟურნალისტებს გვეგონა, რომ პრესის მაისური და ბეიჯები გვიცავდა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმამ მიგვახვედრა, რომ ასე არ არის. 2023 წლის მარტის აქციების დროს კი აღმოვაჩინე ისიც, რომ პარლამენტიდან შეიძლება გამოგაძევონ, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტირებული ჟურნალისტი ხარ და სპეციალური საშვი გაქვს.
ჩემს 2 კოლეგასთან ერთად პარლამენტის ეზოდან ვიღებდი ე.წ. აგენტების, ანუ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას, როცა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აკრედიტაცია მომთხოვა. პარლამენტის გაცემული საშვი ვაჩვენე და სიტუაციის გარკვევას დამპირდა, თუმცა რამდენიმე წამში ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომაგდო საკანონმდებლო ორგანოდან, ისე რომ არაფერი ამიხსნა. ასეთი აგრესიული ფორმით შეგვიშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მე და ჩემს 2 კოლეგას, რომლებმაც პარლამენტის ოფიციალური აკრედიტაცია წარადგინეს.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. დაბრკოლებებს ჟურნალისტები მსოფლიოს მასშტაბით ყველგან აწყდებიან, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, მნიშნველოვანია, რომ ასეთ ქვეყნებში საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტური რეაგირების იმედი აქვთ.
EUvsDisinfo-მ მოამზადა პოდკასტი, სადაც ქართველი ჟურნალისტი, OC Media-ს დამფუძნებელი, მარიამ ნიკურაძე და ბალკანეთში Al Jazeera-ს ჟურნალისტი, დალია ჰასანბეგოვიჩი ამ საკითხებზე თავისი ქვეყნების გამოცდილებებსა და გამოწვევებს განიხილავენ. პოდკასტის მოსმენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ავტორს.
კომენტარები