ინალ არძინბა საქართველოსა რუსეთს შორის კავშირების გაძლიერებაზე საუბრობს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გააფრთხილა ადგილობრივები, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება შეიძლება საფრთხისშემცველი იყოს აფხაზეთისთვის და ასევე ივარაუდა, რომ საქართველო მზად არის, თავს დაესხას რეგიონს, თუ ამის შესაძლებლობა ექნება.
ორ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები არძინბას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მან კი უკვე დაიწყო შეხვედრების სერია ადგილობრივ მოსახლეობასთან აფხაზეთის ქალაქებსა და დასახლებებში.
შეხვედრები 18 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაიწყო და თემა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებია. თუმცა, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არძინბა დიდ ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტზე, რომელიც უძრავი ქონების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით იმ საფრთხის ფონზე, რომელსაც საქართველო-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობებს რეგიონს უქმნის.
კანონი "ბინების შესახებ" კამათის საგანია 2022 წლის შემდეგ, როცა პირველად დაიწყო განხილვა. აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პროექტი მიზნად ისახავს აფხაზების გარდა სხვებს ქონების შეძენისა და შესაბამისად, საცხოვრებელი მიღების შესაძლებლობა მისცეს.
რუსი ჩინოვნიკები წლების განმავლობაში უბიძგებდნენ აფხაზეთს, მიეცათ საშუალება რუსეთის მოქალაქეებისთვის, გადასულიყვნენ და შეიძინათ ქონება აფხაზეთში, რასაც ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს.
თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის არძინბამ, მხარდაჭერა გამოხატეს ამ კანონპროექტის მიმართ და აცხადებენ, რომ ბინების აშენება და გაყიდვა შეიძლება აფხაზეთის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს.
ასევე სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას იმ სავარაუდო საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება დაემუქროს აფხაზეთის მოსახლეობას კანონის მიუღებლობის შემთხვევაში.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ომის საფრთხე
ადგილობრივებთან შეხვედრისას, არძინბამ გააფრთხილა ისინი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახლოვდება და რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმართ. განაცხადა, რომ აფხაზეთმა უნდა შეძლოს, რუსეთისთვის მიმზიდველი პერსპექტივა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკია, რომ დიპლომატიური პროცესების მიღმა დარჩეს.
"დღეს რუსეთსა და [საქართველოს შორის] საჰაერო მიმოსვლა აღდგა, დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი აღდგა", — განაცხადა არძინბამ 13 სექტემბერს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე.
- გაიგეთ მეტი: რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს ხსნის
მანვე დასძინა, რომ 2022 წელს სომხეთიდან და თურქეთიდან საქართველოში 500 000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი შევიდა და რუსეთში გადავიდა. განაცხადა ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $2,5 მილიარდია და ის რუსეთ-აფხაზური ვაჭრობის $3,5 მილიონს შეადარა.
"რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა", — აღნიშნა არძინბამ — "როგორი სავაჭრო ბრუნვა იქნება ხვალ რუსეთსა და საქართველოს შორის?"
არძინბამ განვითარებული მოვლენები პირდაპირ დაუკავშირა ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს ეგიდით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კვარტალურად იკრიბებიან.
"წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ პლატფორმაზე. იქ ყველაფერი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ღმერთმა არ ქნას, რუსებთან ჩვენი ურთიერთობების ბალანსი თუ შეიცვლება, ჩვენთვის რთული იქნება", — თქვა ინალ არძინბამ.
ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორი პოტენციური მიდგომა აფხაზეთის მიმართ, რომელთაგან პირველია ჩართვა აღიარების გარეშე, მეორე — სამხედრო კონფლიქტი.
"ქართველები ამერიკელების მხარდაჭერით, უფასო ჯანდაცვით, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობით შეძლებენ ჩვენი ხალხის მიზიდვას, ჩვენი ხალხის ჩართვას და ამით, როგორც ამბობენ, აფხაზეთის პრობლემას მოაგვარებენ. ეს არის რბილი სცენარი, ეს არის ის, რაც ვნახეთ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში", — განაცხადა არძინბამ.
მას შემდეგ, რაც არძინბამ თანამდებობა დაიკავა, ის მტრულად იყო განწყობილი აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პროექტების დახურვა.
შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით არძინბამ განაცხადა, რომ საქართველო სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდა და მზადყოფნაში ჰყავს თავდამსხმელი თვითმფრინავები.
"როდესაც რუსეთში სამხედრო აჯანყების მცდელობა იყო, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ როგორც კი რუსეთში ვითარება შეიცვლებოდა, ქართველები მზად იყვნენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევისთვის. ამ ოპერაციის გეგმა იმ შემტევი დრონების გამოყენებით უკვე მომზადებულია", — ამტკიცებდა არძინბა.
"მადლიერების გამოხატვა რუსეთის მიმართ"
არძინბამ ყურადღება გაამახვილა ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე. ასევე, იმ სავარაუდო მადლიერების ვალზე, რომელიც აფხაზეთს რუსეთის წინაშე აქვს.
"თუ ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საერთაშორისო კონტაქტებს, ეს რუსეთის დამსახურებაა; თუ გვყავს პარტნიორები, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ეს დიდწილად, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის დამსახურებაა", — განაცხადა არძინბამ — "რთული წარმოსადგენია, ნიკარაგუელებს ან ვენესუელელებს, რომლებიც მსოფლიოს მეორე მხარეს არიან, აინტერესებდეთ, აღიარონ თუ არა აფხაზეთი".
არძინბამ დადებითად შეაფასა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა და რომელზეც ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. შემდეგ სახელმწიფო დაჩის რუსეთის უშიშროების სამსახურისთვის გადაცემის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ საკითხმა აფხაზურ-რუსული ურთიერთობები გაართულა.
14 სექტემბერს გამოსვლისას არძინბამ თქვა, რომ ბელარუსმა აფხაზეთი "ეკონომიკურად დე ფაქტოდ აღიარა", ხოლო პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დაჰპირდა უბაჟო ვაჭრობას ბელარუსსა და აფხაზეთს შორის.
ბოლო კვირების განმავლობაში არძინბა ორი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მან უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა იმ ბრალდებაზე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს ოპოზიციის ლიდერთან, ადგურ არძინბასთან დაკავშირებული ყალბი დოკუმენტები გადასცა.
თუმცა, ისაუბრა იმაზე, რომ გასულ კვირას მისი გადადგომის შესახებ ჭორები კოლეგებთან დისკუსიის გამო გაჩნდა — უფრო მეტ სარგებელ სოხუმში მოიტანდა თუ მოსკოვში. არძინბას თქმით, ამის გამო მისმა კოლეგებმა იფიქრეს, რომ ის ემშვიდობებოდა და აფხაზეთს ტოვებდა.
კომენტარები