აფხაზეთი სოხუმის აეროპორტს რუსი კერძო ინვესტორის ხარჯზე აღადგენს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუს კერძო ინვესტორს საშუალება ექნება, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია ითავოს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა. დოკუმენტი რუსულმა სამინისტრომ იმ მიზნით შეადგინა, რომ აფხაზეთში ფრენები აღდგენილიყო.
კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ინვესტიცია აფხაზეთს რუსეთთან ვალში გადააგდებს, რამაც სუვერენიტეტის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.
კენჭისყრისას შეთანხმების რატიფიცირებას 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
ოზგანმა სცადა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიტიკული ტალღა შეემსუბუქებინა.
"ინვესტორი ინფრასტრუქტურის აღდგენას დააფინანსებს, მაგრამ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება", — განაცხადა ოზგანმა.
აეროპორტი 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი. ასაფრენ ბილიკებს მხოლოდ ვერტმფრენები და მსუბუქი თვითმფრინავები იყენებენ.
ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ რესტავრაცია ორ ეტაპად, უსახელო კერძო ინვესტორის ხარჯზე განხორციელდება, სახელმწიფო ბიუჯეტის შენატანების გარეშე.
რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაახლოებით ₽6,5 მილიარდადაა შეფასებული (72 მილიონი აშშ დოლარი) და მოიცავს 2,4-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციას. აეროპორტი ფრენებს, სავარაუდოდ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში განაახლებს.
რესტავრაციის მეორე ეტაპის დაწყება მას შემდეგ იგეგმება, რაც აეროპორტის წლიური გამტარობა ერთ მილიონ მგზავრს მიაღწევს. დოკუმენტის თანახმად, პირველი ეტაპის შემდეგ, აეროპორტი წლიურად 400 000 მგზავრს უნდა მოემსახუროს. ფრენები აფხაზეთსა და რუსეთს შორის შედგება.
პროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შესრულების ვადები და მიზნები არარეალისტურია. ამ პროექტმა შეიძლება აფხაზეთში ენერგეტიკული დეფიციტი შექმნას, რაც ქვეყანას რუსეთის ვალში ჩაითრევს.
ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში აეროპორტი პრიორიტეტული ობიექტი იქნება. აფხაზეთში ენერგოდეფიციტი ისედაც მწვავე საკითხად ითვლება.
აიაშარა, ტელეგრამის არხი, რომელიც აფხაზეთში მომხდარ ამბებს ავრცელებს, აღნიშნავს, რომ აფხაზეთი ვალდებული იქნება, რუს ინვესტორს ჯარიმა გადაუხადოს, თუ აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს. იგულისხმება აეროპორტისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და მისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება.
კრიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს იმაზეც, რომ ინვესტორი ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ინვესტორის სახელის დამალვა იმისთვის იყო საჭირო, რომ შეთანხმებას საფრთხე არ შეჰქმნოდა. მისივე თქმით, მხოლოდ მას სჯეროდა, რომ აეროპორტის რეკონსტრუქცია შესაძლებელი იქნებოდა.
აფხაზეთის სამოქალაქო პალატის წევრმა თენგიზ ჯოპუამ Facebook-ზე დაწერა, რომ გადაწყვეტილება, "რბილად რომ ვთქვათ", ძვირფასი სპორტული ფეხსაცმლის საყიდლად თირკმლის გაყიდვას ჰგავს,
"მესმის, რომ ეს სისულელეა, მაგრამ ასეთია ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების ლოგიკა", — წერს ჯოპუა, — "[ყველაზე ცუდი] ნაწილი ისაა, რომ ამ სესხის დასაფარად [დაუღალავად] მუშაობა მოგვიწევს 50 წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ თირკმელს დავთმობთ, არამედ სხვა ორგანოებსაც დავიზიანებთ.
საბოლოოდ: როცა სესხის გადახდას ვერ შევძლებთ, ბანკმა შეიძლება სხვა ორგანოებიც მოგვთხოვოს, რასაც სესხის რესტრუქტურიზაციას დაარქმევს. გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ სპორტულ ფეხსაცმელსაც წაგვართმევენ და თირკმელსაც. თირკმლის უკმარისობის გამო კი სიცოცხლეს ნაადრევად დავასრულებთ".
"ძვირადღირებული სპორტული ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, მაგარია და სამწუხაროა, რომ 30 წელი არ გვქონდა, მაგრამ მისი ამ ფასად ყიდვა სისულელეა", — წერს ჯოპუა.
აფხაზმა ეკონომისტმა ახრა არისტავამ ეს გადაწყვეტილება ფინანსურად რისკიანად შეაფასა.
"ჩვენ ვერ ავიღებთ საბიუჯეტო ვალდებულებას, რომ 10 მილიარდი რუბლის (110 მილიონი დოლარის) გადახდას შევძლებთ, თუ სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიარდ რულონზე (55 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლებია", — წერს არისტავა, — "რა მოხდება, თუ რაიმე არასწორად წავა და ამაში აფხაზურ მხარეს დაადანაშაულებენ? ვთქვათ, თუ ელექტროენერგია არ გვექნება, ბიუჯეტიდან 10 მილიარდი რუბლი უნდა გადავიხადოთ? ეს ფული არ არსებობს და რეფორმების გარეშე, ვერც იარსებებს".
მან დასძინა, რომ შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, შეიძლება აფხაზეთს რუსეთისთვის აეროპორტის გადაცემა მოუწიოს.
"რუსეთის მთავრობამ […] იცის ჩვენი შესაძლებლობები. რუსეთს ზუსტად ესმის, რომ 3-5 წელიწადშიც კი არ გვექნება ფული ამ ვალდებულებების შესასრულებლად და მაინც აწერს დოკუმენტს ხელს".
"ახლა ერთი გამოსავალია: დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ გავასამმაგოთ სახელმწიფო ბიუჯეტი რაც შეიძლება მალე — ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", — ამბობს არისტავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაგმო და გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება და აფხაზეთი "სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის" რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
კომენტარები