ვეგანური დიეტა პლანეტისთვის მართლაც უფრო სასარგებლოა — მასშტაბური კვლევა
მაინც, როგორ მოქმედებს გარემოზე ადამიანთა სხვადასხვა ტიპის დიეტა? ამის გასარკვევად ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ვეგანურ კვების რაციონს დედამიწაზე იმის 30% გავლენა აქვს, რაც ხორცზე დაფუძნებულს.
სპეციალისტებმა სულ 55 000 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 2 დეკადის განმავლობაში იყო მოპოვებული. ეს ინდივიდები 6 კატეგორიად დაჰყვეს: ვეგანები, ვეგეტარიანელები, თევზისმჭამლები და ხორცის მცირე, საშუალო და დიდი ოდენობით მომხმარებლები.
ავტორებმა ჯგუფების შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს შეადარეს. მათ შორის 57 000 საკვები პროდუქტი და თითოეულთან დაკავშირებული ეკოლოგიური თავისებურებები, მაგალითად, მათი წარმოების ადგილი და სხვა. გარემოზე გავლენა 5 მთავარი კრიტერიუმით შეფასდა: სათბურის აირების ემისია, გამოყენებული მიწის ფართობი, წყლის დანახარჯი, წყლის დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების შემცირება.
შედეგად, ავტორებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე მინიმალურად ეკომეგობრული ვეგანური დიეტაც კი გარემოს იმაზე ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე ხორცისა თუ რძის პროდუქტების შემცველი რაციონი.
ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან
"მიღებული საკვების ყოველი ერთეულის მიხედვით, გარემოზე ხორცისა და რძის პროდუქტების გავლენა მცენარეული საკვებისას 3-100-ჯერ აღემატება", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, ვეგანებზე სათბურის აირების ემისიის მხრივ იმის მხოლოდ 25% მოდის, რაც ხორცისმჭამლებზე. აქ გასათვალისწინებელია, რომ გლობალური ემისიის 30% სწორედ ადამიანთა კვებას უკავშირდება ისევე, როგორც გამოყენებული მტკნარი წლის 70%.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Food გამოქვეყნდა.
კომენტარები