რატომაა პრობლემა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა
სასამართლო სისტემის უკეთ გასაცნობად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია მოსამართლეთა დანიშვნის წესი. იურისტები ამბობენ, რომ სწორედ ასე შეგვიძლია, ამოვიცნოთ სასამართლოს მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენის ხარისხი.
საქართველოში მოსამართლეები ხმაურიანი პროცესის ფონზე ინიშნებიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათი თანამდებობაზე განწესების პროცედურა არაერთხელ შეიცვალა, თუმცა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სისტემაში არაფორმალურ გავლენებს გამკლავებოდა და საზოგადოების ნდობა დაემსახურებინა.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიად სახავდა, პროცესმა უვადო მორჩილება, ერთგულება და ლოიალობა მოგვცა. ფავორიტიზმი, არათანაბარი მიდგომები, ბუნდოვანი კრიტერიუმები — ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოიკვეთა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან On.ge-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სასამართლო სისტემაში 336 მოსამართლეა, მათგან 277 კი უვადოდაა დანიშნული. მათ შორის არიან აშშ-ის მიერ "მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის" სანქცირებული მოსამართლეებიც.
როგორია მოსამართლეთა (უვადოდ) დანიშვნის წესი
სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირები უვადო მოსამართლედ დანიშვნამდე 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გადიან. მოსამართლე შეიძლება, გახდეს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც:
- აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით;
- აქვს სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება;
- ფლობს სახელმწიფო ენას;
- ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
- გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი;
- შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის პირველი და მეორე წლის თავზე, ასევე, 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს ერთ მოსამართლე და ერთ არამოსამართლე წევრს, რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის საქმიანობა.
ისინი ორი ძირითადი კრიტერიუმით, კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით, ფასდებიან, რის შემდეგაც მოსამართლეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ეყრება კენჭი, სადაც მისი უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება.
მოსამართლეს შეუძლია, დანიშვნაზე უარი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.
თანამდებობაზე განწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება ყოფილ მოსამართლეებზე, თუ მათ აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და მათი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა.
ისინი უვადოდ ინიშნებიან შესაბამისი კონკურსის წარმატებით გავლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო რაოდენობის ხმების ფარული კენჭისყრით მიღების შემთხვევაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კი ორდონიანი სისტემით ხდება:
- კანდიდატებს ჯერ საბჭო აფასებს;
- შემდეგ კი პარლამენტს წარუდგენს, რომელიც საბოლოო სიას ამტკიცებს.
"გარიგება კლანთან" — ხარვეზები პროცესში
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება, ჰქონდეს უვადოდ დანიშვნას, როგორ წარიმართება ეს პროცესი საქართველოში და რა შეიძლება, იყოს გამოსავალი — On.ge ამ თემაზე პარტია სამართლიანობისთვის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას; მართლმსაჯულების მკვლევარსა და პლატფორმა კომენტარის რედაქტორს, სოფო ვერძეულსა და იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ხელმძღვანელს, კახა წიქარიშვილს ესაუბრა.
შესაძლო დამოუკიდებლობის საპირწონედ, ისინი საუბრობენ უარყოფით მხარეებზე, რაც უვადოდ დანიშვნას ახლავს:
- არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური მოსამართლეების უვადოდ დარჩენა სისტემაში;
- სასამართლოში ახალი ცოდნა-გამოცდილების შესვლის, შესაბამისად, მისი გაჯანსაღების ნაკლები შესაძლებლობა;
- მოსამართლეების მიერ საახლობლო წრის გაჩენა.
სამივე რესპონდენტი ფიქრობს, რომ უვადოდ დანიშვნის შემოღებამ სასამართლო სისტემაში მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. კლანი გააძლიერა.
სოფო ვერძეული ამბობს, რომ არც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისას და არც შემდეგ, პროფესიულ წრეებში ამ თემაზე ფართომასშტაბიანი განხილვა არ ყოფილა.
"დაინიშნნენ ყველაზე პრობლემური მოსამართლეები და ვინც ხმას იღებდა ან განსხვავებულ აზრს ამბობდა, ის ვეღარ გადაინიშნა უვადოდ", — გვეუბნება ის.
ეკა ბესელია, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შესაჩერებლად დატოვა, ამბობს, რომ მაშინ ხელისუფლება კლანს გაურიგდა.
მისივე შეფასებით, უვადოდ დანიშვნის პროცესი აღმოჩნდა კრახი, რომელმაც წყალში ჩაყარა მართლმსაჯულების რეფორმის გზაზე გაწეული შრომა და ქვეყანა ევროპულ გზაზე უკან დახია.
კახა წიქარიშვილის შეფასებით, მოსამართლეებს ორი არჩევანი ჰქონდათ: კლანთან გარიგებაზე წასვლა ან სამსახურის გარეშე დარჩენა.
"2012 წლიდან 2019-20 წლამდე მთელ სასამართლოს გაუვიდა უფლებამოსილების ვადა. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანმა, რომელსაც ხელში ეჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ძალიან მარტივი რამ შესთავაზა მოსამართლეებს: გადაგნიშნავთ, თუ იქნებით ჩვენი მხარდამჭერები", — ამბობს იურისტი.
სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა უფლებამოსილების ვადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც სასამართლო სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად მიიჩნევა. 2017 წლის 11 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის დახურული გასაუბრების შედეგად უვადოდ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ამან გააჩინა ეჭვი, რომ რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებები პროცედურული დარღვევით პარლამენტმა სწორედ მის დასანიშნად მიიღო.
წიქარიშვილი გვეუბნება, რომ სასამართლოს მშენებლობა სულ ორი ეტაპისგან შედგება: მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნა, შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა. მისივე შეფასებით, რადგან საქართველოში პირველი ეტაპი არასწორად წარიმართა, მომდევნო ეტაპზე არა დამოუკიდებლობის, არამედ სისტემის თავდაცვის გარანტიები შეიქმნა.
წიქარიშვილის თქმით, მოსამართლეებად უმრავლეს შემთხვევაში ისინი ინიშნებიან, ვინც სისტემას უკვე კარგად ჰყავს შესწავლილი. ამ პროცესს ის "კლანის კლონირებას" უწოდებს.
"თანაშემწეები, მდივნები, კანცელარიის სპეციალისტები და ა.შ. ეს არის ხალხი, ვისაც უკვე გავლილი აქვს კარიერა სასამართლოს შიგნით, ვინც პროგნოზირებადია. ისინი არ დააფიქსირებენ განსხვავებულ აზრს სისტემის შიგნით, არ მოინდომებენ ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრის შექმნას სასამართლოში, არ დაუპირისპირდებიან მათ ყოფილ ხელმძღვანელ მოსამართლეებს და ყოველთვის მხარს დაუჭერენ კლანის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში".
"მონსტრი იუსტიციის საბჭო" — რა როლი აქვთ მათ
იურისტების აზრით, პოლიტიკური და სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი უმრავლესობის ხელშია. მათი შეფასებით, ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც. ვინაიდან მოსამართლეების დანიშვნა საბჭოს უფლებამოსილებაა, პრობლემის მოგვარებაც აქედან უნდა დაიწყოს.
"ძალაუფლების სპეციფიკური სისტემა გვაქვს სასამართლოში, რომელიც ემყარება კლანთან სიახლოვეს და მის ერთგულებას. ამ სისტემას ამყარებს გადაწყვეტილების მიღების ის წესი, რომელიც დღეს არის იუსტიციის საბჭოში", — ამბობს ვერძეული.
მისი შეფასებით, საბჭოს დაკომპლექტება კონსენსუსური უნდა იყოს და მხოლოდ უმრავლესობა არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას წევრების არჩევაზე.
"მთლიანად სისტემის ლოგიკა არის შესაცვლელი. ჩვენ რომ გვექნება სხვანაირი იუსტიციის საბჭო და გადაწყვეტილების მიღების სხვანაირი წესი, პრობლემებიც გვექნება ნაკლები", — გვეუბნება ის.
საბჭოში არამოსამართლე წევრების როლის გაზრდას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკა ბესელიაც. მისი აზრით, თუ იუსტიციის საბჭოს დარჩება შესაძლებლობა, გაფილტროს სია და პარლამენტს ასარჩევად შესთავაზოს მხოლოდ კლანთან დამეგობრებული ადამიანები, საკანონმდებლო ორგანო ვერასდროს შეარჩევს კარგ მოსამართლეს.
ამ მოსაზრებას იზიარებს კახა წიქარიშვილიც და ფიქრობს, რომ ეს ნაკლებად რადიკალური გამოსავალი იქნება.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან შეიცვალოს ძალთა ბალანსი ისე, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდეთ ხმების უმრავლესობა", — ამბობს იურისტი.
დამოუკიდებლობის ალტერნატიული გარანტიები
ვერძეულის აზრით, მცდარია შთაბეჭდილება, რომ უვადობის გარდა, მოსამართლეების დამოუკიდებლობის მექანიზმები არ არსებობს. იურისტი საქართველოს მაგალითზე ასკვნის, რომ ცალკე აღებული უვადობა არაფრის გარანტი არ არის. მისივე თქმით, პროფესიულ წრეებში ამ თემაზე ბევრი განსხვავებული მოსაზრება და ალტერნატივები არსებობს, ერთ-ერთ მაგალითად კი მოსამართლის ერთი ვადით დანიშვნას ასახელებს.
"მეორე ვადით აღარ უნდა შეეძლოს თანამდებობის დაკავება. ეს არის ანალოგი უვადოდ დანიშვნის, როდესაც მოსამართლეს აღარ აქვს ინტერესი ვინმეს გულის მოგების, რადგან მაინც ვეღარ გადაინიშნება თანამდებობაზე, ზოგადად".
წიქარიშვილის აზრით, რადიკალური გამოსავალი იქნებოდა, მთელი სასამართლო კორპუსი ვეტინგს დაექვემდებაროს. ეს საგამონაკლისო და არასტანდარტულია პროცესია, როდესაც მოსამართლის პოლიტიკური მიკუთვნებულობის, წარმომავლობის, საკუთრების, სტატუსისა და სხვა დეტალების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია გროვდება, რის შემდეგაც მისი თანამდებობასთან შესაბამისობა ფასდება.
მოსამართლეთა ხელახალ დანიშვნა/გადანიშვნაზე საუბრობს ეკა ბესელიაც.
"ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი ტესტი და არა კობახიძის ტესტი. ისე უნდა მოხდეს მათი გადანიშვნა თუ დანიშვნა ხელახლა", — ამბობს ის.
იურისტები თანხმდებიან, რომ სასამართლო უნდა გათავისუფლდეს იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ. სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ მოქალაქეები, ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
კომენტარები