ჩეჩენ კაცს სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება
ჩეჩენ კაცს, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წელს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალობის ეჭვის გამო აწამეს, სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. სასამართლო სალმან მუკაევის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების გამოსატანად 25 მაისს არის ჩანიშნული. ინფორმაციას NC SOS კრიზის ჯგუფი ავრცელებს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ქვიარი ადამიანების უფლებებს იცავს.
ჯგუფმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუკაევის სიცოცხლეს რუსეთში შეიძლება საფრთხე შეექმნას, რადგან "სამართალდამცავებს გაქცევის გამო მისი დასჯა სურთ".
ჯგუფის თქმით, მუკაევი უშიშროების ძალებმა 2020 წელს დააკავეს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალობის ეჭვის გამო და ცდილობდნენ, მისგან წამებით მიეღოთ აღიარება, რომ მეგობართან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.
NC SOS-ის ინფორმაციით, "კაცი დააბეს, სცემდნენ, ჩანთით ახრჩობდნენ, თითში მავთულს ურჭობდნენ", რის შემდეგაც აღიარებინეს, რომ მეგობართან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა და ცარიელ ფურცლებზე მოაწერინეს ხელი.
ამის შემდეგ სპეცსამსახურებმა კაცს მოსთხოვეს, ონლაინ დაკონტაქტებოდა გეი კაცებს და ისინი დაეპატიჟებინა სახლში, რომელშიც ჩაწერა მიმდინარეობდა. მუკაევმა უარი თქვა და ჩეჩნეთი დატოვა.
Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, მასზე ორი კვირის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იარაღისა და საბრძოლო საშუალებების ფლობის, შეძენის, გაყიდვის, ტრანსპორტირებისა და თან ტარების ბრალდებებით.
სომხეთი 2021 წელს მუკაევისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას განიხილავდა, წერს RFE/RL. თავშესაფრის მიცემაზე არც ევროპული ქვეყნები იტყოდნენ უარს, თუმცა რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში ყოფნამ მუკაევს სომხეთის დატოვებაში ხელი შეუშალა.
მუკაევის ადვოკატი ამბობს, რომ თუ სასამართლო ექსტრადიციას გადაწყვეტს, ისინი ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
კრიზის ჯგუფმა North Caucasus SOS სომხეთში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, სასამართლოში მუკაევის მხარდასაჭერად შეკრებილიყვნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები