On.ge-ის გუნდი გირჩევს — 5 საყვარელი ალბომი გიორგის ფლეილისტიდან
ძალიან ვაფასებ იმ დროსა და სიტუაციებს, მთლიანი მუსიკალური ალბომის მოსმენის შესაძლებლობა რომ მეძლევა ხოლმე. აი, ზუსტად ამიტომ, არასდროს დამიწუწუნია ხანგრძლივ მგზავრობაზე ან მშობლიურ პატარა ქალაქში უქმეების მოწყენილობაზე. რა ჯობს, როცა შეგიძლია მშვიდად დაჯდე და საყვარელი შემსრულებლის ახალ ალბომს აუჩქარებლად, თავიდან ბოლომდე მოუსმინო. მერე კი, როცა გკითხავენ (ან არც), ბოლოს მოსმენილი ალბომებიდან რომელს გამოარჩევდიო, დარწმუნებით უთხრა, ესა და ესო.
ჰოდა, ახლა ამ დროსა და სიტუაციასაც ვაფასებ, ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში საყვარელი ალბომების სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობა რომ მომეცა.
1. Lorde — Melodrama
ახალზელანდიელი მომღერლის რიგით მეორე სტუდიური ალბომი 2017 წელს გამოვიდა — მაშინ, როცა სკოლაში ჩემი ბოლო სასწავლო წელი დაიწყო. ამიტომ, ეს სიმღერები ჩემთვის აბიტურიენტობის ტკბილ-მწარე პერიოდთან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლასთან ასოცირდება. თუმცა, არა მხოლოდ გამოსვლის თარიღის გამო; თავად მომღერლისთვისაც ეს ალბომი, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი სინგლი Perfect Places, თინეიჯერობასთან გამოთხოვებას უკავშირდება. ამას გარდა, ალბომში თითქმის ყველა განწყობისთვის შესაფერისი სიმღერა მოიძებნება. გულგატეხილი ხარ? — Writer in the Dark. მარტოსულად გრძნობ თავს? — Liability. მოზღვავებულ ენერგიას გრძნობ? — რა თქმა უნდა, Green Light.
2. ტეილორ სვიფტი — folklore
ტეილორ სვიფტი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თანამედროვე მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ასევე ვუხამებ ყველანაირ განწყობას. მისი 10 სტუდიური ალბომიდან კი ყველაზე მეტად folklore მიყვარს, რომელიც მომღერალმა 2020 წელს გამოუშვა — კოვიდპანდემიის პირველ წელს, როცა ახლო წარსულსაც კი ნოსტალგიით ვიგონებდით და რეალობიდან გაქცევაზე ვოცნებობდით. სწორედ ამ ორი განწყობის ამსახველია folklore, რომელიც, ჩემი აზრით, პოპვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ნამუშევარიცაა. სვიფტი რომ ნამდვილი პოეტია, ამაზე ცნობილი შექსპიროლოგიც გვეთანხმება, თუმცა, ამ ალბომმა ასე დავიწყებული და მონატრებული ინდი-ფოლკ ჟღერადობაც გაგვახსენა. ასე რომ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა folklore-იდან სულ რამდენიმე თვეში სვიფტმა ახალი ალბომი evermore გამოუშვა, რომელიც, როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად, წინამორბედის გაგრძელებაა.
3. Of Monsters and Men — My Head Is An Animal
რადგან რეალობიდან მოწყვეტაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი ალბომი უნდა ვახსენო, რომელიც ამ ამბავში ყველაზე მეტად მეხმარება ხოლმე. ეს ალბომი კი 2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტით გავიცანი, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანსაც მოუსმენია — Little Talks. ისლანდიური ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარი გასული ათწლეულის საუკეთესო ინდი-ფოლკ ალბომად მიმაჩნია და, მგონია, რომ ზედმიწევნით ასახავს ნორდიკულ სულისკვეთებას, რადგან სადღაც რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა. აღსანიშნავია, რომ ალბომის ყველა სიმღერა ამბავს ჰყვება — როგორც ტექსტით, ისე მელოდიითა თუ ვიდეოკლიპის ზღაპრული ანიმაციით. ასე რომ, თუკი დიდ და ხანგრძლივ გზას ადგახართ, ამაზე უკეთესს ვერაფერს მოუსმენთ.
4. The BearFox — გამოიდარებს
The BearFox ჩემი კიდევ ერთი საყვარელი ინდი-როკ ჯგუფია — უფრო სწორად, იყო, რადგან გამორჩეული ქართველი მუსიკოსების, მებო ნუცუბიძისა და ირაკლი მანჩხაშვილის, ექსპერიმენტული პროექტი 2020 წელს, ზემოხსენებული ალბომის გამოშვებით დასრულდა. The BearFox-ის სიმღერების მოსმენისას, სულ მეამაყება, რომ ეს ყველაფერი საქართველოში შექმნეს; ზოგს შეიძლება ამის დაჯერებაც გაუჭირდეს, მაგრამ მტკიცებულებად ჯგუფის ქართულენოვანი სიმღერები და მებო ნუცუბიძის ძალიან ადვილად ამოსაცნობი ხმა გვაქვს.
რაც შეეხება ალბომს გამოიდარებს — ისევ კოვიდპანდემია უნდა ვახსენო, რადგან ეს სიმღერები პირველად 2020 წლის იანვარში მოვისმინეთ, სანამ საყოველთაო შიში და გაურკვევლობა მოგვიცავდა. მერე კი, იმ შავ-ბნელ პერიოდში, ალბომი სინათლის სხივად და ნუგეშად იქცა — დაწყებული მისი სახელით, დამთავრებული ერთ-ერთ სიმღერაში ბევრჯერ გამეორებული ფრაზით: "ვიცი, რომ ხვალ ისევ გაჩნდება გზა, ისევ გამოვა ხვალ, რასაც ვერ გრძნობდი დღეს".
5. კოლექტივი — დამსწრე საზოგადოება
დღესაც ზებუნებრივ ძალებს მივაწერ იმ ამბავს, რომ ერთ მშვენიერ საღამოს, როცა არცთუ მშვენიერ ხასიათზე ვბრუნდებოდი შინ, ჯგუფი კოლექტივი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ვეჭვობ, ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ყურსასმენში სიმღერების მონაცვლეობას დიდად ვერც ვამჩნევდი. მაგრამ ამ უნიკალური ჟღერადობის მუსიკამ ჩემი ყურადღება ისე მიიქცია, რომ მაშინვე გადავედი მთლიან ალბომზე. ეგრე გავიცანი დამსწრე საზოგადოება, რომელიც მაჟორულ მელოდიებს მელანქოლიურ ტექსტებს ისე საოცრად უხამებს, ჩამოყალიბება გაგიჭირდება, როგორ განწყობაზე გაყენებს ალბომის მოსმენა. რაც უნდა იყოს, დანამდვილებით ვიცი, რომ ამ სამყაროში ჯგუფი კოლექტივის არსებობით ძალიან ბედნიერი ვარ.
კომენტარები