რუსული დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ნაცნობია — ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს პროპაგანდის გავლენამ მძიმედ დაგვაზარალა, ამას დამოუკიდებელ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობა მოჰყვა, შემდეგ აგვისტოს ომისას გააქტიურებულ ჰიბრიდულ ომშიც აღმოვჩნდით და დღემდე ვცდილობთ კრემლის მავნე ნარატივები მოვიგერიოთ.

უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის უძლეველობის მითის დარღვევას, კრემლის განწირული ბრძოლის ახალი ეტაპი მოჰყვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასოცირებულმა ტრიომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა.

როგორც იცით, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ეს სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა და 12 რეკომენდაცია ერგო. ეს არის 12 დავალება, რომლითაც სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემები და ხარვეზები უნდა აღმოფხვრათ და ევროპას დავუახლოვდეთ. თუმცა, კრემლი ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ რეკომენდაციების შესრულება ჩვენს ინტერესებში არ შედის.

საგანმანათლებლო, ანალიტიკურ-კვლევითმა ორგანიზაციამ, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოსავლენად პროექტი Fake No More წამოიწყო, რომელიც აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და კურსდამთავრებულთა ლიდერობის პროგრამის ეგიდით ხორციელდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, დღევანდელ სტატიაში გავაბათილებთ ცნობილ დეზინფორმაციებს, რომელსაც პრორუსები ევროკავშირსა და კანდიდატის სტატუსზე ავრცელებენ.

ფოტო: მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი

დეზინფორმაცია #1: კანდიდატის სტატუსის მისაღებად ომში უნდა ჩავერთოთ

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ომშია. შესაბამისად — საქართველომ იმის გამო ვერ მიიღო, რომ რუსეთთან ომზე უარს ამბობს.

ეს მესიჯბოქსი ქვეყნის პირველმა პირებმა გაავრცელეს. მაგალითად:

  • 2022 წლის 17 ივნისი ირაკლი კობახიძე: "გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია".
  • 2022 წლის 22 ივნისი ირაკლი ღარიბაშვილი: "თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ ითქვა, მეგობრებო, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში".

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ დეზინფორმაციული გზავნილები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ხელისუფლების მესიჯბოქსებს კამპანიური ხასიათი ჰქონდა და ის ყველა დეზინფორმაციულმა წყარომ აიტაცა. ქართულ პროპაგანდისტულ ჯგუფებში მსგავსი ნარატივები ყველაზე გავრცელებადი გახდა. ორგანიზაციის განცხადებით, პროპაგანდის ნაწილი იყო ღარიბაშვილისთვის მადლობის გადახდა "მეორე ფრონტის არ გახსნის გამო", რადგან — მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის ვერ მივიღეთ, "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს თავზე რუსული ბომბები არ ცვივა".

სწორედ ასე ამოიქოქა ნარატივი "აბა, ომი გინდათ?", რომელმაც სამთავრობო მედიების ეთერები მოიარა, სახელისუფლებო ექსპერტების ფეისბუქგვერდებზე აღმოჩნდა და პრორუსების ბრძოლის იარაღი გახდა. მაგალითად:

FactChek-მა გამოავლინა, რომ ობიექტივის ეთერში ერთ-ერთმა ბლოგერმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ევროკომისრებისგან მოვისმინეთ, რომ საქართველომ უნდა იომოს და მას შემდეგ იქნება კანდიდატიც და წევრიც.

მათივე ინფორმაციით, პროსახელისუფლებო POSTV-მ მანიპულაციურად გაავრცელა გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის ციტატა და დეზინფორმაცია, თითქოს მას წამოსცდა, რომ კანდიდატის სტატუსი ომს უკავშირდება.

სინამდვილეში, როგორც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთგზის აღნიშნეს, კანდიდატის სტატუსი მიღება კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება და არცერთ ევროპელ ლიდერს არ განუცხადებია, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს, თუ ევროკავშირის წევრობა სურს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია და მისი ინტერესი არ არის რომელიმე წევრი ან კანდიდატი ქვეყანა საომარ მოქმედებებში მონაწილეობდეს.

დეზინფორმაცია #2: სტატუსის მიღება არაფერს ცვლის

ესეც სახელისუფლებო მესიჯბოქსია, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობდა, შეემსუბუქებინა კრიტიკა და იმედგაცრუება იმის გამო, რომ ნანატრი სტატუსი არ გვაქვს. ამ აზრს კი ჯერ კიდევ იქამდე გვაჩვევდნენ, სანამ სტატუსზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაჟღერდებოდა.

შემდეგ, 2022 წლის 17 ივნისს ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, მაგრამ იქვე ამატებდა, რომ ამ ეტაპზე არ მიღება "გარკვეულწილად მაინც გულდასაწყვეტია". რა თქმა უნდა, ამის გავრცელებაში ჩაერთნენ პრორუსული აქტორებიც.

მითების დეტექტორმა ობიექტივის ეთერში თარხან მოურავის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები შეისწავლა, რომელთაგან ერთ-ერთის თანახმად, კანდიდატის სტატუსი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ასოცირებული წევრის სტატუსი.

FactChek-მა ასევე პრორუსული ალტინფოს მანიპულაცია გამოავლინა. ისინი ცდილობდნენ ვიოლა ფონ კრამონის ციტატის არასწორი კონტექსტის გავრცელებით დაემტკიცებინათ, თითქოს ისიც კი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსი მატერიალური დოვლათის და სიკეთეების მომტანი არ არის.

მაგრამ კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება არამხოლოდ სიმბოლურია, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია დაიწყო.

დეზინფორმაცია #3: 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთან ქორწინების დაკანონებას ეხება

რუსული პროპაგანდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელჩასაჭიდი თემა საქართველოში "პატრიოტული" სენტიმენტების მართვაა. ცრუ ღირებულებზე აპელირებით ისინი ხშირად ცდილობენ ლგბტ თემის დემონიზებას და პრობლემად წარმოჩენას.

ასე მოხდა ახლაც და ტროლ-ბოტებმა იმის მტკიცება დაიწყეს, თითქოს კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე გული არ უნდა დაგვწყდეს, რადგან ევროპა გვაიძულებს, ლგბტ ქორწინება დავაკანონოთ. ქვეყანაში, სადაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას აგრესიით და ძალადობით პასუხობენ, ჰომოფობები ამ თემას მალევე ჩაეჭიდნენ.

ცხადია, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი ალტინფომ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს, ალტინფო მოურიდებლად ამტკიცებდა, თითქოს ერთი რეკომენდაცია ლგბტ ქორწინებას ეხება. პრაიდ კვირეულის მოახლოებასთან ერთად კი იმასაც იტყუებოდნენ, რომ სტატუსის მიღების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი "გეი აღლუმის" ჩატარებაა.

ამ დეზინფორმაციას ხელი შეუწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პრიმაკოვის ფონდის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემაც — როგორც მითების დეტექტორი წერს, ის იტყუებოდა, თითქოს "12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ".

თავადაც რომ დარწმუნდეთ, რომ მოთხოვნებში მსგავსი არაფერი არ არის, შეგიძლიათ ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ განაცხადში იპოვოთ 12-ვე რეკომენდაცია: აი, აქ.

დეზინფორმაცია #4: ხელისუფლების შეცვლას გვთხოვენ

როგორც ჩანს, რუსეთს მხოლოდ ეს ნარატივები არ ჰყოფნის და არც მოსახლეობის დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას, ამიტომ კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხი გამოიყენეს — ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მობრუნებით დაშინება. მაგალითად:

ახალშექმნილი პრორუსული და ანტიდასავლური პორტალი, საქართველო უპირველეს ყოვლისა, ერთ-ერთი ექსპერტის პოსტზე დაყრდნობით წერდა, თითქოს ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს.

მითების დეტექტორის ინფორმაციით, ალტინფოს ერთ-ერთი წევრი მათივე ეთერში თქვა, რომ "პირველი პუნქტიდან დაწყებული 12 პუნქტამდე, ყველგან არის ჩადებული ის, რომ უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების ჩანაცვლება ისევ ნაციონალური მოძრაობით".

კიდევ ერთხელ: თავადაც რომ დარწმუნდეთ, რომ მოთხოვნებში მსგავსი არაფერი არ არის, შეგიძლიათ ევროკავშირის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ განაცხადში იპოვოთ 12-ვე რეკომენდაცია: აი, აქ.

დეზინფორმაცია #5: ევროკავშირმა საქართველო უარყო

ევროკავშირის სრული დისკრედიტაციისთვის პრორუსებს დასჭირდათ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპას ჩვენთან ურთიერთობა არ უნდა და უბრალოდ დაგვცინის. ამას პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები სხვადასხვანაირად ავრცელებდნენ, ხან ექსპერტების მოსაზრებებით, ხან იუმორნარევი ვიდეოების და მიმების შექმნითა და დასპონსორებით.

პროპაგანდისტული წყაროები კი ამტკიცებდნენ, თითქოს ევროკავშირმა საქართველო საბოლოო უარყო და თან "ალტერნატიულ" საგარეო კურსს გვთავაზობდნენ.

თუმცა, ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების განცხადებები, EU-ს წევრი ქვეყნების ელჩების მცდელობები საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყონ ხელი, უამრავი პროექტი, რომლითაც ევროპა ჩვენს დახმარებას ცდილობს, საკმარისი არგუმენტის იმისთვის, რომ ეს დეზინფორმაცია არ დავიჯეროთ.


ეს დეზინფორმაციები თითქმის ერთი წელია ვრცელდება. მთელი ეს პერიოდი მათი შემქმნელები და გამავრცელებლები ყველანაირად ცდილობენ, ჩვენს ისტორიულ არჩევანზე გავლენა მოახდინონ და ევროპა არა სასურველ მომავლად, არამედ მტრად წარმოგვიჩინონ. თუმცა ავტორიტეტული ორგანიზაციების ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ტყუვდება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულად რჩება.

შენც დაიმახსოვრე, რა არის მითი და რა — სიმართლე.

ფოტო: მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი