სოხუმში ბანერების დაკიდებისთვის აქტივისტები დააკავეს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
სოხუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. დაკავების მიზეზი ქალაქში აფხაზი მოღვაწეების ციტატების შემცველი ბანერების დაკიდება გახდა.
აინარ ხაშიგი და რაშიდ ტანია ახალგაზრდული მოძრაობა H-ara H-Pitsunda-ს წარმომადგენლები არიან. მათ მიერ გაკრულ ბანერებზე საბჭოთა პერიოდის ნახევრად აფხაზი მწერლისა და პოეტის, ფაზილ ისკანდერის, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ციტატები და კონსტიტუციის ამონარიდები იყო გამოსახული.
ლია აგრბას, ადვოკატისა და H-ara H-Pitsunda-ს წევრის თქმით, ხუთშაბათს, გამთენიისას პოლიციამ ორი აქტივისტი "გამოსაკითხად" დაიბარა, შემდეგ კი დააკავა. აქტივისტები პარასკევს გაათავისუფლეს.
დაკავებულებს თავდაპირველად ადვოკატებთან კონტაქტს უკრძალავდნენ. ადვოკატების გარეშე დაკავების შესახებ ცნობის ხელმოწერაზე ორივე აქტივისტმა უარი თქვა.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ბრალდების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
H-ara H-Pitsunda (ჩვენი პიცუნდა) ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც პიცუნდას (ბიჭვინთის) გარიგების გასაპროტესტებლად შეიქმნა. მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ხაშიგი და ტანია იმყოფებოდნენ, H-ara H-Pitsunda-ს სხვა აქტივისტები, დაკავებულების მშობლები, რამდენიმე საზოგადო მოღვაწე და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ.
ინალ ხაშიგმა, ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა დამკვირვებელმა, აქტივისტების დაკავებას "აბსურდი" უწოდა.
"თუ ხვალ საკუთარ ღობეზე დაამაგრებთ ბანერს "გაუმარჯოს აფხაზეთის რესპუბლიკას", შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაგეკისროთ", — წერს ხაშიგი ფეისბუქზე.
"თუ ისინი დიდი აფხაზების ციტირებას გვიკრძალავენ, მაშინ ეს პოლიცია "ჩვენს პოლიციად" არ უნდა ითვლებოდეს", — განუცხადა გარი კოკაიამ, ყოფილმა პარლამენტარმა "ნუჟნაია გაზეტას", — "ეს არის ოკუპანტების ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დათრგუნვას ცდილობს".
საიდ გეზერდაა, ადვოკატი და აქტივისტი, ამტკიცებს, რომ აქტივისტებს უკანონოდ ადანაშაულებენ ხულიგნობაში.
"საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე. პირველ რიგში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ამ შემთხვევაზე მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონი არ ვრცელდება, რადგან არ ყოფილა არც მიტინგები, არც მსვლელობები, არც დემონსტრაციები", — განუცხადა გეზერდაამ ნუჟნაია გაზეტას.
H-ara H-Pitsunda-ს წარმომადგენლის, ლია აგრბას თქმით, ჯგუფმა საჭიროდ არ ჩათვალა აქტივობასთან დაკავშირებით ნებართვის აღება, რადგან ეს არ იყო "მასობრივი ღონისძიება".
"წარსულში, როცა ქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაცია მოვაწყვეთ, მერიას ვაცნობეთ, როგორ და როდის ვაპირებდით ჩატარებას და მარშრუტი შევუთანხმეთ, მაგრამ ამჯერად საჭიროდ აღარ ჩაგვითვლია".
პოლიციელებმა გაკრული ბანერები ჩამოხსნეს და "გამოსაკვლევად" გადააგზავნეს.
მოძრაობა ხელისუფლებას ბანერების დაბრუნებას სთხოვს.
კომენტარები