"შეტევა კლუბურ საზოგადოებაზე" — ერევანში პოპულარული კლუბი პოლიციამ დაარბია
პოლიგრაფი, ცნობილი ღამის კლუბში ერევნის ცენტრში პოლიციამ ნარკოტიკების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაარბია. დარბევამ გამოიწვია კრიტიკა და დისკუსია პოლიციის, ნარკოტიკების და იმ უსაფრთხო ტერიტორიების შესახებ, რომელსაც ქვიარ საზოგადოება იყენებს.
პოლიციამ კლუბი კვირას, გამთენიისას დაარბია და დახურა, დააკავა ორმოცზე მეტი ადამიანი, მათ შორის რეივერები და კლუბის თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, დარბევა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისა და ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტების შესახებ შეტყობინების შემდეგ დაიწყო.
სომხეთის პოლიციის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ზარზანდ გაბრიელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარბევა მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილი იყო.
სამშაბათს, პოლიგრაფმა გამოაქვეყნა CCTV-ს კადრები, სადაც ჩანს, რომ სულ მცირე 20 ოფიცერი, ზოგიერთი მათგანი ავტომატით და ჯავშანტექნიკით შეიარაღებული, კლუბში იჭრება და ხალხს ტერიტორიიდან აძევებს.
კადრებში ჩანს, რომ ერთი პოლიციელი იქვე მდგომ ადამიანს თავში ურტყამს, სანამ იატაკზე დაწოლას უბრძანებს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციამ კლუბში მყოფი ადამიანების მიმართ ძალა გამოიყენა, დააკავა ისინი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის განყოფილებაში მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, გაშიშვლებას და დაცინვას.
"რა ძალადობა?"
პოლიგრაფის დარბევამ სოციალურ მედიაში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფი სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო.
ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა Vanadzor-მა, ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანმა ორგანიზაციამ სომხეთში, დაგმო ძალადობა და სამართლებრივი დახმარება შესთავაზა კლუბის თანამშრომლებსა და სტუმრებს, რომლებიც "დაზარალდნენ პოლიციის უკანონო ქმედებებით".
თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატმა არმენ ხაჩატრიანმა უარყო კრიტიკა და გაამართლა დარბევა, როგორც "ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის" ნაწილი.
"პოლიცია შევიდა კლუბში, სადაც ყველამ იცის, რომ ნარკოტიკებს ავრცელებენ, დაწყებული სინთეზური ნარკოტიკებით დამთავრებული ყველაფრით", — ამტკიცებს ხაჩატრიანი. "და თქვენ საუბრობთ ძალადობაზე... რა ძალადობა?"
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არპინე სარგსიანმა სამშაბათს პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ ვერ შეაფასებდა, იყო თუ არა პოლიციის ძალის გამოყენება "პროპორციული" ან ჰქონდა თუ არა ადგილი ოფიცრების მხრიდან კლუბის სტუმრებზე ძალადობას.
"გარწმუნებთ, რომ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება [კლუბში ნარკოტიკების შესახებ] და იყო შესაბამისი რეაგირება".
დარბევის შემდეგ, პოლიგრაფმა აღწერა ინციდენტი, როგორც თავდასხმა სომხეთში "მთელ კლუბურ საზოგადოებაზე".
"ჩვენ ყველანი, უფრო მნიშვნელოვანი კულტურული და კრეატიული ინდუსტრიის ნაწილი საფრთხის ქვეშ ვართ", — ნათქვამია კლუბის განცხადებაში. "ეს ეხება არა მხოლოდ ცეკვისა და საკუთარი თავის გამოხატვის უფლებას, არამედ ჩვენი საზოგადოების არსს. ჩვენ ვართ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითობას, მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ შეიკრიბონ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება".
კლუბმა მხარდაჭერისკენ მოუწოდა მათ, "ვინც აფასებს კრეატიულობას და მრავალფეროვნებას".
პოლიგრაფი სომხეთში განიხილება, როგორც ქვიარ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უსაფრთხო სივრცე.
ქვიართა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, პინკმა დაგმო დარბევა და მას "მიუღებელი" უწოდა.
ლილიტმა, ქვიარმა სომეხმა, OC Media-ს განუცხადა, რომ პოლიგრაფი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქვიარები თავს "აბსოლუტურად დაცულად" გრძნობდნენ. მათ დარბევის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყვეს, რადგან ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა.
"ყველა ერთნაირად აღწერს მოვლენებს: ღამის 01:00 საათზე მოვიდნენ. იქ მყოფი ყველა ადამიანი იატაკზე დააწვინეს, ძალა გამოიყენეს, ყველა [პოლიციის] განყოფილებაში წაიყვანეს, მათ დასცინოდნენ, ძირითადად ჩაცმულობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო".
ლილიტმა ასევე შეაქო პოლიგრაფის კარის პოლიტიკა და თქვა, რომ ისინი ხელს უწყობდნენ კლუბში უსაფრთხოების განცდას.
"საეჭვო სახის ან ქცევის მქონეს არავის არ უშვებენ. არც მთვრალს უშვებენ", — ამბობენ ისინი.
მეზობელ საქართველოში ღამის კლუბების მსგავსმა დარბევამ ახალგაზრდების მასიური პროტესტი გამოიწვია, რომლებიც პარლამენტის წინ საათობით ცეკვავდნენ. საპროტესტო აქციებმა, რომელსაც "რეივ რევოლუცია" ეწოდა, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ბოდიში მოახდევინა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები