რა მასწავლა დელფინმა შამუმ ბედნიერი ქორწინების შესახებ
2006 წელს დაწერილი ეს ესე "თანამედროვე სიყვარულის" სერიიდანაა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატიაა The New York Times-ის პუბლიკაციების ისტორიაში. სტატია გვიყვება, როგორ ცდილობს ცოლი ქმრის ქცევის მოდიფიკაციას იმ მეთოდებით, რომლებითაც ცხოველებს წვრთნიან.
სანამ ნიჟარასთან ვდგავარ და ჭურჭელს ვრეცხავ, ჩემი ქმარი გაღიზიანებული სცემს ოთახში ბოლთას: "ჩემი გასაღები ხომ არ გინახავს?". ხმამაღლა ოხრავს და მძიმედ დააბიჯებს. ჩვენი ძაღლი დიქსი უკან მისდევს და ისიც ღელავს, რომ მის პატრონს რაღაც აწუხებს.
წარსულში ალბათ მეც ფეხდაფეხ გავყვებოდი დიქსის, რეცხვას შევწყვეტდი და გასაღების მოძებნის მისიაში ჩავერთვებოდი, თან ქმრის დამშვიდებასაც გავაგრძელებდი გამამხნევებელი ლოზუნგებით: "არ იდარდო, აუცილებლად გამოჩნდება". მაგრამ ეს მას კიდევ უფრო გააღიზიანებდა და გასაღების გაუჩინარებით შექმნილი პატარა პრობლემა ბრაზით დამუხტულ დრამაში გადაიზრდებოდა — მთავარ როლებში კი ჩვენ და ჩვენი საწყალი ძაღლი ვიქნებოდით.
ახლა კი გასარეცხ ჭურჭელზე ვფოკუსირდები. უკან არც ვიხედები. სიტყვასაც არ ვამბობ. ვიყენებ ტექნიკას, რომელიც დელფინის მწვრთნელისაგან ვისწავლე.
ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს. განათლებულია, თავგადასავლები უყვარს და ჩრდილოვერმონტულ აქცენტს იმდენად კარგად აკეთებს, რომ 12-წლიანი ქორწინების შემდეგაც კი სიცილით მკლავს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად გულმავიწყიც არის, კიდევ — არაპუნქტუალური და იმპულსური. როცა სამზარეულოში ტაფების ხეხვაზე ვარ კონცენტრირებული, თავზე დამტრიალებს და მეკითხება, The New Yorker-ის რომელიღაც სტატია თუ წავიკითხე; სახლში მიმოფანტული დაკუჭული ხელსახოცებით ზუსტად მიხვდები, სად იჯდა, გარდა ამისა, სიტუაციური სიყრუით იტანჯება: როცა მისგან რაიმე მჭირდება, ჩემი ხმა არ ესმის, მაგრამ საკმარისია, სახლის მეორე ბოლოში მასზე გაბრაზებულმა რაიმე ჩავიბუზღუნო, რომ მაშინვე გამომძახებს: "რა თქვი?".
ეს მცირე დისკომფორტები საკმარისი მიზეზები არაა განშორებისათვის, მაგრამ ჯამში მათმა ერთობლიობამ სკოტის მიმართ გრძნობა გამინელა. მინდოდა (და მჭირდებოდა კიდეც), ცოტა მებიძგებინა მისთვის "სრულყოფილებისაკენ" და ისეთ პარტნიორად მექცია, რომელიც ნაკლებად შემაწუხებდა, რომელიც არ მალოდინებდა რესტორნებში და რომელთან თანაცხოვრებაც უფრო მარტივი იქნებოდა.
ასე რომ, ურთიერთობაზე დაწერილი წიგნების მთავარი რჩევები ფეხებზე დავიკიდე და კაცობრიობის ისტორიაში ჩემამდე არსებული სხვა უამრავი ცოლივით, მეც გადავწყვიტე, ჩემი ქმარი გამეუმჯობესებინა. რა თქმა უნდა, თავიდან წუწუნით დავიწყე, რამაც ვითარება კიდევ უფრო გააუარესა: ახლა სკოტი კიდევ უფრო დაუდევრად მართავდა მანქანას, ნაკლები სიხშირით იპარსავდა წვერს და ოფლიან სპორტულ ტანსაცმელს საძინებლის იატაკზე უფრო დიდი ხნით ტოვებდა, ვიდრე ოდესმე.
წყვილების თერაპიაზეც ვიყავით, რომ უთანხმოებები მოგვეგვარებინა. ფსიქოლოგი ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე და შეგვაქო, რომ ერთმანეთთან გულახდილად ვსაუბრობდით. ხელი ჩავიქნიე. ჩავთვალე, რომ მართალი იყო — ჩვენი კავშირი უამრავი წყვილისას სჯობდა — ამიტომ გადავწყვიტე, ისევ პერიოდულ სარკაზმსა და წყენის მოთმენაში მეპოვა შვება.
მერე რაღაც საოცარი მოხდა. წიგნმა, რომელსაც ეგზოტიკური ცხოველების ტრენერების სკოლაზე ვწერდი, კალიფორნიაში გადამისროლა, სადაც დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდი, როგორ აკეთებდნენ ცხოველები ერთი შეხედვით წარმოუდგენელ რამეებს: აფთრები აკრობატულ ტრიუკებს ასრულებდნენ, პუმები ფრჩხილების დასაქლიბად საკუთარი ნებით წევდნენ თათებს, ბაბუინები კი სკეიტბორდზე მანევრირებდნენ.
ყურადღებით ვუსმენდი პროფესიონალ ტრენერებს, როცა ხსნიდნენ, როგორ ასწავლიდნენ დელფინებს — ამოტრიალებას, სპილოებს კი — ხატვას. საბოლოოდ ტვინში ნათურა ამენთო და ვიფიქრე, რომ ამავე მეთოდებს შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ჯიუტ, მაგრამ უსაყვარლეს სახეობაზეც ემოქმედათ — ჩემს უსაყვარლეს ამერიკელ ქმარზე.
მთავარი აზრი, რომელიც ეგზოტიკური ცხოველების მწვრთნელებისაგან გამოვიტანე ის იყო, რომ უნდა დამეჯილდოებინა საქციელი, რომელიც მომწონდა და ყურადღება არ მიმექცია საქციელისთვის, რომელიც არ მომწონდა. ბოლოს და ბოლოს, ზღვის ლომს წუწუნით ვერ აიძულებ, ცხვირზე ბურთი გაიჩეროს. იგივე ვრცელდება ადამიანებზეც.
მეინში, სახლში დაბრუნების შემდეგ დავიწყე სკოტის ქება, თუ ის ერთ ჭუჭყიან მაისურს მაინც ჩააგდებდა კალათში. თუ ორს ჩააგდებდა — გულთბილად ვკოცნიდი. ძირს დაგდებულ ნესტიან ტანსაცმელს კი უსიტყვოდ გადავაბიჯებდი ხოლმე, ან ხანდახან ფეხს ვკრავდი, რომ საწოლის ქვეშ შემეგდო. თანდათან ტაქტიკამ იმუშავა და ტანსაცმლის გორები ზომაში შემცირდა.
ამ ტაქტიკას, ანუ ახალი საქციელის სწავლისკენ მიმავალ გზაზე პატარა ნაბიჯების წახალისებას ტრენერები "დაახლოებას" უწოდებენ. არარეალისტური იქნება, ელოდე, რომ ბაბუინი სალტოს გაკეთებას ერთ სესიაში ისწავლის. ვერც ჩემი ქმარი ისწავლიდა რეგულარულად ჭუჭყიანი წინდების აკრეფას იატაკიდან მხოლოდ ერთხელ შექების შედეგად.
როცა ბაბუინზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა დააჯილდოო ნახტომი, შემდეგ უფრო დიდი ნახტომი, ბოლოს კი — სალტო. საკმარისია, სკოტს ცოტა ნელა ეტარებინა მანქანა ან თუნდაც ერთი გასარეცხი შორტი ჩაეგდო კალათში, რომ ჩემგან შექებას იმსახურებდა.
საკუთარ საქმეზე შეყვარებული ტრენერები ყველაფერს სწავლობენ გასაწვრთნელი ობიექტის შესახებ: დაწყებული ანატომიით და დასრულებული — სოციალური სტრუქტურით. ინტერესდებიან, როგორ ფიქრობს ცხოველი, რა მოსწონს და არ მოსწონს მას, რა გამოსდის ადვილად და რა — ვერ. მაგალითად, სპილო სოციალური ცხოველია და ის იერარქიას დიდ პატივს სცემს. მართალია, ვერ ხტის, მაგრამ თავზე დადგომა შეუძლია. ასევე — ვეგეტარიანელია. მეც ასე დავიწყე სკოტის გაანალიზება.
ეგზოტიკური ცხოველი, სახელად სკოტი, ინტროვერტია, თუმცა ამავე დროს — ალფა მამრი. ასე რომ, მისთვის იერარქია მნიშვნელოვანია, ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა კი — დიდად არა. ტანმოვარჯიშის შესაშური ბალანსი აქვს, მაგრამ ნელა მოძრაობს, განსაკუთრებით — ჩაცმისას. შეუძლია თხილამურებზე დგომა, მაგრამ არ შეუძლია დროზე მისვლა შეთანხმებულ შეხვედრაზე. ხორცისმჭამელია და ტრენერის ტერმინებით რომ ვისაუბროთ, საჭმლით არის მოტივირებული.
ასე ფიქრი რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი. კალიფორნიაში ყოფნის პარალელურად გამუდმებით ვინიშნავდი, როგორ უნდა გაასეირნო ემუ ან აიძულო მგელს, ხროვის ნაწილად მიგიღოს. თან ვფიქრობდი: "ერთი სული მაქვს, ეს სკოტზე გამოვცადო".
სახლში დაბრუნებისთანავე სკოტისთვის "შეუთავსებელი ქმედებების" მოფიქრება დავიწყე, რათა საჭმლის მზადებისას მუდმივად თავზე აღარ დამდგომოდა. ხან ოხრახუშს დავუდებდი მაგიდის მეორე ბოლოში დასაჭრელად, ხანაც ყველსა და სასუსნავებს ვუტოვებდი ოთახის სხვა წერტილში. ცოტა ხანში შედეგიც დავინახე: სკოტი სამზარეულოში ფუსფუსისას ხელს აღარ მიშლიდა.
როცა სტუდენტებს სან დიეგოს დელფინარიუმში წავყევი, იქ კიდევ ახალი ტექნიკა შევისწავლე, რომელსაც "მინიმალური გამოხმაურების სინდრომი" ჰქვია (მ.გ.ს). როცა დელფინი რაიმეს არასწორად აკეთებდა, ტრენერს უბრალოდ რეაქცია არ ჰქონდა. ცოტა ხანს ჩუმად იდგა, ისე, რომ დელფინისთვის არ შეეხედა, შემდეგ კი მუშაობას უბრუნდებოდა. იდეა ისაა, რომ ნებისმიერი პასუხი, პოზიტიურიც და ნეგატიურიც ხელს უწყობს საქციელის გაღრმავებას. თუ რომელიმე ქცევას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვება, ის უბრალოდ ქრება.
ბლოკნოტში ჩავინიშნე: "ვცადო სკოტზე".
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ისევ დადგა დღე, როცა სკოტმა გასაღების ძებნაში სახლის ყირაზე დაყენება დაიწყო, რა დროსაც არაფერი მითქვამს და უბრალოდ გავაგრძელე, რასაც ვაკეთებდი. დიდი ნებისყოფა დამჭირდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ შედეგი მყისიერი და საოცარი იყო. ძებნის ინტენსიურობას ჩვეული პიკისთვის არ მიუღწევია და მერე სწრაფადვე მინელდა. მომინდა, მისთვის დასაჯილდოებლად სკუმბრია მესროლა.
ცოტა ხანში სამზარეულოში შემოაბიჯა, გასაღებით ხელში და მშვიდად თქვა: ვიპოვე!
შემოტრიალების გარეშე ვუპასუხე: "ძალიან კარგი, დროებით!".
და სკოტმა სახლი ჩვენს ბევრად დამშვიდებულ ძაღლთან ერთად დატოვა.
ორწლიანი წვრთნის შედეგად ახლა ჩვენი ქორწინება ბევრად უფრო მშვიდია და ჩემს ქმართან თანაცხოვრება — ბევრად უფრო სასიამოვნო. ადრე მის შეცდომებს პერსონალურად ვიღებდი: იატაკზე მიმოფანტული ჭუჭყიანი ტანსაცმელი იმის სიმბოლო იყო, რომ საკმარისად არ ვუყვარდი. ჩემს ქმარზე ისე ფიქრმა, თითქოს ეგზოტიკური ცხოველი ყოფილიყო, სწორედ ის დისტანცია გააჩინა, რომელიც ჩვენი განსხვავებების უფრო ცხადად დანახვაში დამეხმარა.
მე გავითავისე მწვრთნელის დევიზი: "ცხოველი არასდროსაა დამნაშავე". როცა ჩემი რომელიმე მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა, სკოტს აღარ ვაბრალებდი, უბრალოდ ახალ სტრატეგიაზე ვერთვებოდი, კიდევ უფრო პატარა სასარგებლო ნაბიჯებს ვაჯილდოებდი და ახალ "შეუთავსებელ ქმედებებს" ვიფიქრებდი. ასევე, ვაანალიზებდი საკუთარ საქციელსაც — როგორ ვიწვევდი ხანდახან ჩემი ქმრის საპასუხო რეაქციას. ბოლოს და ბოლოს, შევეგუე, რომ ზოგიერთი ქცევა იმდენად არის გამჯდარი ადამიანში, რომ ვერაფერსაც ვერ მოუხერხებ. თხუნელა მუდმივად გათხრის სოროებს, ჩემი ქმარი კი ისევ და ისევ დაკარგავს საფულესა და გასაღებს.
პროფესიონალების თქმით, ხანდახან ცხოველები იმდენად კარგად იწვრთნებიან, რომ ისინი ნასწავლ ტექნიკას ტრენერზე იყენებენ. ჩემი ცხოველიც ასე მოიქცა. რაღაც დროს ვეღარ მოვითმინე და ქმარს გავუმხილე, რასაც ვაკეთებდი. არ სწყენია, უბრალოდ გახალისდა. მოვუყევი ტაქტიკებსა და ტერმინოლოგიაზე და მანაც ღრუბელივით შეისრუტა ყველაფერი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ვიფიქრებდი.
გასულ შემოდგომაზე, საკმაოდ მოწიფულ ასაკში აღმოვაჩინე, რომ ბრეკეტები მჭირდებოდა. ეს არა მხოლოდ უხერხული იყო ჩემთვის, არამედ — მტკივნეულიც. კვირების განმავლობაში მტკიოდა ღრძილები, კბილები, ყბა და სასუნთქი სისტემა. ხმამაღლა ვოხრავდი და ვწუწუნებდი. სკოტი მარწმუნებდა, რომ მალე მივეჩვეოდი ამდენი მეტალის ქონას პირის ღრუში. ვერ მივეჩვიე.
ერთ დილასაც, როცა მორიგი ტირადა წამოვიწყე ბრეკეტების შესახებ, სკოტმა უბრალოდ ცარიელი მზერით შემომხედა. არაფერი უთქვამს და არც ჩემი მწუხარება გაუზიარებია. თავიც კი არ გაუქნევია.
მალევე გამომელია "საწვავი" და სხვა ოთახში გავედი. მერეღა მივხვდი, რაც ხდებოდა, მოვბრუნდი და ვკითხე: "მინიმალური გამოხმაურების ტექნიკა"? სიჩუმე. "ეგაა, ჰო?".
სკოტმა გამიღიმა. მისმა ჩანაფიქრმა წარმატებით იმუშავა და ახლა უკვე ის მწვრთნიდა მე, ამერიკელ ცოლს.
კომენტარები