იმ ხმის მიმცემ 76-ს და ყველა მათნაირს არ უნდა გაუნელდეთ იმის შეგრძნება, რომ პოლიტიკური გვამები და სოციალური პარიები არიან. არანაირი გამარჯობა, არანაირი მადლობა, არანაირი ბოდიში. სულ უნდა გრძნობდნენ, რომ ყველამ იცის ვინ არიან ისინი და სადაა მათი ადგილი. დაუმორჩილებლობა, ართანამშრომლობა და თავხედური გამბედაობა — ზუსტად ესაა ამ აქციების გამარჯვების ფორმულა და ასე უნდა მოვიქცეთ ყველა, ვისაც მართლა გამარჯვება გვინდა შედეგად და არა პროცესი, როგორც გამარჯვება. არავითარი რუტინა, არავითარი Business as usual. ყველას მოვუწოდებ, ყველაზე გულწრფელი აღშფოთებაც კი ათასჯერ აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას საჯაროდ. არავის გაუცხოვება არ შეიძლება, არვინ არაა გასარიყი თუ დასაკარგი.
ყველაფერს უნდა შევხედოთ მონოლითური ერთიანობის კუთხიდან და ამ ინტერესის გამო აუტანელიც ავიტანოთ. პოლიტიკოსებს კი ვთხოვდი, ზოგიერთმა ერეგირებული პოლიტიკური ვნებები ჩაიცხროს, ზოგიერთი კი მყუდრო ჩარჩოში მოქცეული რუტინული პროცესების შემოთავაზებას შეეშვას. მეპროტესტეებს ვურჩევდი, რუტინის მოდუსში არ გადააგდოს პროცესი. გაითვალისწინონ, რომ ამ მოდუსში ივანიშვილის პირისპირ უკვე თავად კი არ იდგებიან, არამედ ისინი, ვინც პროცესზე უფრო კაიფობს, ვიდრე შედეგზე. ვისაც არანაირი შანსი არ აქვს რუტინის დამორჩილების ჩემპიონი ივანიშვილის წინააღმდეგ. ვინც ყველა წინა შემთხვევაში 10:0 წააგო ივანიშვილთან. ამ პროტესტის ძალა იმაშია, რომ სტრატეგიული საკითხის ირგვლივაა მობილიზებული და არა ტაქტიკური მოსაზრებების. იმაში, რომ სტრატეგიული სიცხადის და სწორხაზოვნების მყარ საფუძველზე დგას და არა ტაქტიკური ბუნდოვანების და "ერთი ადგილის თამაშის". ივანიშვილი სტრატეგიული სულელია, მაგრამ ტაქტიკური გენიოსი. ამიტომაც მისი დამარცხება მხოლოდ სტრატეგიულ გაშლილ ველშია შესაძლებელი — მორალური სიცხადის და უპირატესობის პირობებში, ფასეულობების მსახურებით და იდეალიზმის გზით სიარულით, და არა ტაქტიკურ მღვრიე ჭაობში — პოლიტიკური ვაჭრობის და აცაბაცად სიარულის, მორალური "კოჭლობის" და გვერდიდან შემოცურებული "ახალი თუ ალტერნატიული მოთხოვნების", დათმობის წითელ თუ მწვანე ხაზების მონიშვნის და ფსევდო კომპრომისებზე წასვლის ვითარებაში.
ყველა, ვინც 8 მარტის, 19 აპრილის თუ 20 ივნისის შემდგომი შეთანხმებების მარცხს დღემდე არ აღიარებს და საკუთარ სიჯიუტეშია გაჭედილი; — ყველა, ვინც ამ პროცესებში უპრინციპობის თუ გადაღლილობის გამო დაშვებულ შეცდომებს ვერ ხედავს; — ყველა, ვისაც ჰგონია, რომ დიპლომატის სიტყვა აქსიომური ჭეშმარიტებაა და სავალდებულოდ შესასრულებელი მაქსიმა; — ყველა, ვინც პირადი თუ კოლექტიური ინტერესის "შეცურებას" შეეცდება; — ყველა, ვინც ასპუნქტიან გეგმაზე სამსჯელოდ ემზადება და დეტალებში გაბნეული ივანიშვილის ეშმაკების გადაყლაპვისთვის არის განწირული; აი ეს ყველა ან ივანიშვილის სასარგებლო იდიოტია, ან მასთან გარიგებული. სალონური პროტესტების დრო დასრულდა, თუნდაც 100.000-იანი იყოს! პროტესტით მოპოვებული გამარჯვების მოლაპარაკებით წაგების უფლება არ გავაქვს! არც ოპტიმიზმი, არც პესიმიზმი — ჯანსაღი სკეპტიციზმი! თქვენს ხელშია დიდი ტაქტიკური უპირატესობა და კიდევ უფრო დიდი მორალური უპირატესობა. მაგრამ შესაძლებლობების ბრძოლით მოპოვება და ფლობა, მხოლოდ უფლებებს არ წარმოშობს, მოვალეობებსაც.
იმის გააზრება (და უნდა გაიაზროთ!) რომ სამშობლოს მტრის წინაშე დღეს თქვენ წარმოადგენთ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ის დაამარცხოთ — გაკისრებთ ვალდებულებას, ბევრი თქვენგანის ასაკისთვის შეუფერებლად მძიმეს, რომ იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად. გირჩევთ ცივი გონებაც გადადოთ და ცხელი გულიც. მგრძნობიარე გონება და მოფიქრალი გულის პარადოქსული კომბინაციები მუშაობს საუკეთესოდ, როცა სამშობლოსთვის იბრძვი, რადგან სამშობლო არც უსულო კალკულუსია და არც გრძნობამორეული ისტერიკა.
P.S. ახლა ვუყურე მამუკა მდინარაძის ბრიფინგს. 2 დაკვირვება: 1. "ტუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში" 2. შიშისგან სახეზე პირცურცლი ედო.
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან
კომენტარები