რა სიახლეებს გიმზადებენ ქართული გამომცემლობები 2023 წლისთვის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

2022 წელი ქართული საგამომცემლო სივრცისთვის გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან კომპანიები, ერთი მხრივ, კვლავაც პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, სრული მასშტაბით დაბრუნებულ ფესტივალებსა და სხვა ლიტერატურულ ღონისძიებებზე — მკითხველის სიახლეებით განებივრებას.

სასიხარულოა, რომ, სირთულეების მიუხედავად, ქართული გამომცემლობები წინსვლას და განვითარებას არ წყვეტენ. 2023-შიც ისინი მკითხველს უამრავ სიურპრიზს უმზადებენ. მასშტაბიდან გამომდინარე, სტატიის ფორმატში მათი სრულად თავმოყრა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ქვემოთ მაინც გაგიზიარებთ იმ გამორჩეულ სიახლეებს, რომლებიც წლის განმავლობაში გელოდებათ.

სტატიაში სურათებზე გამოტანილი ტექსტები არ გახლავთ ამონარიდები თარგმანების ოფიციალური გამოცემებიდან.

გამომცემლობა დიოგენე

წლების განმავლობაში, გამომცემლობა დიოგენემ მხატვრული ლიტერატურის არაერთი სერია შექმნა და ერთგული მკითხველის ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი ავტორებით გაამდიდრა — იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი. თუმცა, გასულ წელს დიოგენეში გადაწყვიტეს, უფრო მეტი აქცენტი გაეკეთებინათ არამხატვრულ ტექსტებზეც. ასე რომ, 2022-ში ჩვენს თაროებზე აღმოჩნდა ისეთი საინტერესო გამოცემები, როგორებიცაა პრიმო ლევის განა ეს ადამიანია, ვ.გ. ზებალდის აუსტერლიცი და ფარლი მოუეტის ნუ იყვირებ: მგელი, მგელი! ამასთან, გამოიცა შექსპირის რომეო და ჯულიეტას ახალი თარგმანიც.

რაც შეეხება წლევანდელ გეგმებს, დიოგენეს ძირითად მიმართულებად 2023-ში კვლავაც არამხატვრული ლიტერატურა რჩება, თუმცა, გამომცემლობაში არაერთი საინტერესო მხატვრული ტექსტიც ემზადება მკითხველთან შესახვედრად.

  • ჟაკ ლე გოფის ევროპის დაბადება (ფრანგულიდან თარგმნის თამარ ლომიძე)
    ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ეს ნაშრომი სერია NONFICTION-ის ფარგლებში გამოიცემა. ლე გოფი ერთ-ერთ საუკეთესო მედიევისტად მიიჩნევა, მისი წიგნი ევროპის დაბადება კი — შუა საუკუნეების უბადლო მატიანედ. BBC History Magazine-ის შეფასებით, ლე გოფის ეს ნაშრომი ერთდროულადაა "პროვოკაციული, ინფორმაციული და საინტერესო საკითხავი".
  • ზიგმუნდ ფროიდის სიზმრის ახსნა (გერმანულიდან თარგმნის მაია ბადრიძე)
    ფროიდის ეს ცნობილი წიგნი კვლავაც სერია NONFICTION-ს შეემატება. ფსიქოანალიზის ფუძემდებლის გამორჩეული ტექსტი არაცნობიერის ფროიდისეული თეორიის ერთ-ერთი საბაზისო ნაშრომია. იმის მიუხედავად, რომ სიზმრის ახსნა მოცულობითაც და შინაარსითაც მასშტაბური ნამუშევარია, მისი პირველი და მცირე ტირაჟის გაყიდვას კი მთელი რვა წელი დასჭირდა, წიგნი მოგვიანებით მკითხველთა ფართო მასებშიც გახდა პოპულარული და ფროიდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად იქცა.
  • ოლივერ ზაკსის კაცი, რომელსაც ცოლი ქუდში აერია (ინგლისურიდან თარგმნის თამარ ლომიძე)
    მართალია, ამერიკელი ნევროლოგის ოლივერ ზაკსის სახელი ჩვენთან მაინცდამაინც ცნობილი არაა, თუმცა, იგი ამ დარგში თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნეოდა. ზემოხსენებული წიგნი კი ავტორის პაციენტების გამორჩეულ ისტორიებს უყრის თავს. მისი საშუალებით მკითხველი უფრო ახლოდან გაიცნობს ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა აღქმის და ინტელექტუალური განვითარების დარღვევები. რასაკვირველია, წიგნს NONFICTION-ის სერიაში იხილავთ.
  • ირაჯ ფეზეშქზადის ბიძაჩემი ნაპოლეონი (სპარსულიდან თარგმნის თეა შურღაია)
    როგორც ვთქვი, დიოგენე აგრძელებს მხატვრული ლიტერატურის გამოცემასაც. ირანელი მწერლის ეს რომანი კი სერია დიოგენეს ბიბლიოთეკის ფარგლებში გამოიცემა. ფეზეშქზადის ბიძაჩემი ნაპოლეონი მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების მიერ ირანის ოკუპაციის პერიოდზე მოგვითხრობს, თუმცა, მისი სიუჟეტი ადამიანურ ისტორიებს მიჰყვება. სატირული ტექსტი, რომელიც მოგვიანებით სატელევიზიო სერიალად იქცა, ირანის რევოლუციის შემდეგ მცირე ხნით აიკრძალა კიდეც, თუმცა, პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს.

ქარჩხაძის გამომცემლობა

ქარჩხაძის გამომცემლობამ, რომელიც თითქმის 20 წელია, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გაჩნდა, ბოლო ხანებში არაერთი პოპულარული თანამედროვე უცხოელი ავტორი პირველად გააცნო ადგილობრივ მკითხველს. გამომცემლობისთვის წარმატებული იყო 2022 წელიც, როცა მკითხველის ბიბლიოთეკას შემატა ისეთი ცნობილი და საინტერესო რომანები, როგორებიცაა ლილი კინგის ეიფორია, კოლუმ მაკკენის აპეიროგონი და ცაო ვენსიუენის ცეცხლოვანი დაღი.

როგორც 2023 წლის გეგმებიდან ვიგებთ, ქარჩხაძის გამომცემლობა მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგვანებივრებს გამორჩეული ავტორების ცინცხალი თარგმანებით — სადაც ალბათ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესო საკითხავს.

  • მეგი ო'ფარელის ჰამნეტი (ინგლისურიდან თარგმნის თეონა ბითაძე)
    ცნობილი ჩრდილოეთირლანდიელი მწერლის ეს რომანი 2020 წელს გამოიცა და მკითხველთა ყურადღება მაშინვე მიიქცია. წიგნი, რომელიც შექსპირის 11 წლის ასაკში გარდაცვლილი შვილის ამბავს მხატვრულად ჰყვება, პრემიებით დაიხუნძლა. ჰამნეტის მიხედვით ბრიტანეთში წელს სპექტაკლი დაიდგმება. იგეგმება წიგნის ეკრანიზაციაც.
  • ანა ბარნსის მერძევე (ინგლისურიდან თარგმნის რამაზ ხატიაშვილი)
    ბარნსი ქარჩხაძის გამომცემლობის კიდევ ერთი ჩრდილოეთირლანდიელი ავტორია, ხოლო მერძევე — ბუკერის პრემიის მფლობელი ბესტსელერი რომანი. წიგნში მოქმედება გასული საუკუნის 1970-იან წლებში, ჩრდილოეთ ირლანდიისთვის მეტად დაძაბულ პერიოდში ვითარდება. ისტორიის მთავარი გმირი კი 18 წლის გოგოა, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი კაცისგან თავსმოხვეული ურთიერთობის მსხვერპლია.
  • იაა გიასის დაბრუნება
    დაბრუნება წარმოშობით განელი მწერლის სადებიუტო რომანია. მრავალშრიანი ნაწარმოები აშანტი ქალების სხვადასხვა თაობის ამბებს ჰყვება. ამ ისტორიული რომანის გამოცემას ინგლისურენოვან სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2019 წელს კი BBC-მ დაბრუნება ყველა დროის 100 ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა.
  • კრისტინ ჰანას ოთხი ქარი
    კრისტინ ჰანა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ამერიკელი ავტორია, რომლის წიგნები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე და მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული. ოთხი ქარი ჰანას შედარებით ახალი წიგნია, რომელიც 2021 წელს გამოიცა. რომანი კვლავაც ისტორიულ ჟანრს განეკუთვნება და აშშ-ის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდის, დიდი დეპრესიის, პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. ამერიკელი გამომცემლის შეფასებით, ოთხი ქარი "შეუპოვარი ქალის თვალით დანახული ამერიკისა და ამერიკული ოცნების წარუშლელი ნახატია".
  • დაიენ ბრაიანტის, ბრაიან ბრაიანტის და დებორა სმიტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების განათლება ინკლუზიურ საკლასო ოთახებში (ინგლისურიდან თარგმნის რამაზ ხატიაშვილი)
    ქარჩხაძის გამომცემლობისთვის შემეცნებითი არამხატვრული ლიტერატურა პრიორიტეტად რჩება. აღნიშნული წიგნიც ამის დასტურია. ნაშრომი, რომელიც მთელ რიგ კვლევებს ეფუძნება, საიმედო მეგზური იქნება პედაგოგებისა და მომავალი მასწავლებლებისათვისაც. მარტივი ენით მოთხრობილი და პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოცაა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისთვის.

სულაკაურის გამომცემლობა

სულაკაურის გამომცემლობის ისტორია თითქმის მეოთხედ საუკუნეს უახლოვდება უკვე. ქართული ლიტერატურული სივრცის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში დაფუძნებულმა გამომცემლობამ წლების განმავლობაში მკითხველს უამრავი მსოფლიო ბესტსელერი, ახალი თუ დავიწყებული ქართველი ავტორი გააცნო. მხოლოდ გასულ წელს სულაკაურის გამომცემლობამ 500-ზე მეტი დასახელების წიგნი გამოსცა, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველისთვის მრავალფეროვან არჩევანს მოიცავდა.

ცხადია, გამომცემლობის გეგმები 2023-ისთვისაც არანაკლებ მასშტაბურია. ქართული და უცხოური, მხატვრული და არამხატვრული, საბავშვო და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი საკითხავის გეგმებიდან ქვემოთ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია მოცემული.

  • ზურა ჯიშკარიანის სწრაფი ღამისიერი
    მუსიკოს და მწერალ ზურა ჯიშკარიანს ქართველი მკითხველი მისი სადებიუტო რომანით საღეჭი განთიადები. უშაქროდ იცნობს. ქართული პროზისთვის უცხო, კიბერპანკის, ჟანრის რომანმა ჯიშკარიანს მკითხველის აღიარებასთან ერთად ორი პრესტიჟული ჯილდოც, საბა და ილიაუნის ლიტერატურული პრემია, მოუტანა. ექვსი წლის შემდეგ ავტორი კვლავ ექსპერიმენტული წიგნით ბრუნდება, რომელშიც მოქმედება მომავლის თბილისსა და ფაზისში ვითარდება.
  • კარლ სეიგანის მკრთალი ლურჯი წერტილი (ინგლისურიდან თარგმნის ნოდარ მანჩხაშვილი)
    სულაკაურის გამომცემლობის შემეცნებითი ლიტერატურის სერიის, აკადემიის, წლევანდელ გეგმებში გავლენიანი ამერიკელი ასტროფიზიკოსის, კარლ სეიგანის, მკრთალი ლურჯი წერტილიც შედის. გამომცემლობამ რამდენიმე წლის წინ სეიგანის კიდევ ერთი გახმაურებული ნაშრომი, კოსმოსი, გამოსცა. ზემოხსენებული წიგნი სწორედ კოსმოსის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც სეიგანი კვლავაც მარტივი ენით ხსნის, სად არის ადამიანის ადგილი ამჟამინდელ და მომავლის სამყაროში.
  • ჯეიმს ბალარდის მზის იმპერია (ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ)
    ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯეიმს ბალარდის, ორ რომანს, ცათამბჯენი და შეჯახება. მზის იმპერია ბალარდის კიდევ ერთი მხატვრული ტექსტია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ავტორისეულ გამოცდილებებს ეფუძნება. 1984 წელს გამოცემული ეს რომანი ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა.
  • ზეიდი სმითის On Beauty (ინგლისურიდან თარგმნიან ლაშა გველესიანი და მეგი გაბისონია)
    ზეიდი სმითი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინგლისურენოვანი ავტორია დღეს. მისი წიგნები წლების შემდეგაც რჩება ცხარე განხილვების თემად. ერთ-ერთი ასეთი რომანია On Beauty, რომელსაც მალე ქართულადაც წავიკითხავთ. 2005 წელს გამოცემული წიგნი აშშ-ში მცხოვრები ოჯახის ამბებს ჰყვება და ისეთ საინტერესო საკითხებს შეეხება, როგორებიცაა კულტურული სხვაობები და ეთნიკური კუთვნილება. "ტრანსლატლანტიკურ კომიკურ საგად" მონათლული რომანი ნომინირებული გახლდათ ბუკერის პრემიაზეც.

ამასთან, წელსვე გამოიცემა უკვე თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსად მიჩნეული ზაირა არსენიშვილის მოთხრობების ახალი კრებული. სულაკაურის გამომცემლობაში მკითხველთან შესახვედრად ასევე მზადდება მიშელ უელბეკის, ჰარუკი მურაკამის, ჟოზე სარამაგუს, იუკიო მიშიმას, კობო აბეს, სალმან რუშდის, ჯონ მ. კუტზეეს და კიდევ ბევრი სხვა აღიარებული ავტორის ნაწარმოებებიც.

გამომცემლობა მედუზა

მედუზა ქართულ საგამომცემლო სივრცეში გასულ წელს გამოჩნდა და მიზნად მკითხველის ფენტეზი და საი-ფაი ნაწარმოებებით მომარაგება დაისახა. პრაქტიკულად, ის პირველი ქართული გამომცემლობაა, რომელიც მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ტექსტებზე ფოკუსირდება. 2022 წელსვე მედუზამ საბჭოთა პერიოდის ქართველი ავტორების ფანტასტიკური მოთხრობების ანთოლოგია, დროთა კავშირი, გამოსცა.

ახალბედა გამომცემლებს 2023-ში დიდი გეგმები აქვთ. მედუზამ შარშანვე გააფორმა არაერთი ხელშეკრულება და მკითხველს საინტერესო ქართველი და უცხოელი ავტორებით განებივრება აღუთქვა.

  • ურსულა კ. ლე გუინის The Lathe of Heaven (ინგლისურიდან თარგმნის ქეთი ჩართოლანი)
    მართალია, ლე გუინი ჩვენთან ისეთივე პოპულარული არაა, როგორც ინგლისურენოვან სამყაროში, თუმცა, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ ავტორად მიჩნეულ მწერალს ქართველი მკითხველიც იცნობს მისი ოთხი წიგნის თარგმანით. ზემოხსენებული წიგნი კი ლე გუინის კიდევ ერთი გამორჩეული საი-ფაი რომანია, რომლის მთავარ გმირს სიზმრების მეშვეობით წარსულისა და აწმყოს შეცვლა შეუძლია. ნაწარმოები ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ნებულას პრემიებზე. მის მიხედვით გადაღებულია ორი ფილმიც.
  • დაიანა უინ ჯონსის ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი (ინგლისურიდან თარგმნის ქეთევან ყანჩაშვილი)
    ეჭვად მაქვს, ამ წიგნს განსაკუთრებული წარდგენა არც სჭირდება. მართალია, ბევრმა წინათ არ იცოდა, მიაძაკის პოპულარული ანიმე რომ სწორედ უინ ჯონსის ფენტეზი წიგნს ეფუძნება, თუმცა, მის გამოცემას უკვე ყველანი მოუთმენლად ველოდებით. ბრიტანელი მწერლის 1986 წელს გამოცემული ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი დღეს უკვე ჟანრის კლასიკად მიიჩნევა, მისი მკითხველი კი ყველა თაობაში მოიძებნება.
  • ართურ კლარკის Rendezvous with Rama
    წარდგენას არც ართურ კლარკი საჭიროებს — თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ინგლისელი ავტორი საქართველოში გასულ საუკუნეშივე გაიცნეს. თუმცა, აქამდე არასდროს თარგმნილა მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტექსტი, Rendezvous with Rama, რომელმაც გამოსვლისთანავე ჰიუგოც მოიგო და ნებულაც. მართალია, რომანის გამოცემიდან უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, თუმცა, მასში აღწერილი რეალობა თანამედროვე მკითხველისთვისაც "მომავალია", სადაც მზის სისტემას უცხოპლანეტელთა ხომალდი სტუმრობს.

თარგმანების გარდა, გამომცემლობა მედუზა უკვე მუშაობს დებიუტანტი ქართველი ავტორის წიგნზეც. ამ და სხვა გეგმებზე, ასევე გამომცემლობის შესახებ მეტს კი ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ გახსოვს გასული თვეების პოლიტიკური მოვლენები?
  2. ქვიზი: რა იცი ელექტრონულ არჩევნებზე?
  3. ქვიზი: შეამოწმე შენი ცოდნა ავტომობილებში
  4. ქვიზი: თბილისის რომელი მეტროსადგური ხარ?
  5. 10 მიზეზი, რატომაა ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიონსე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – "თანამშრომლობა…