მთიანი ყარაბაღი გაეროს სამშვიდობო მანდატს ითხოვს
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გაეროს სამშვიდობო მისიის მანდატი მოითხოვა, როგორც "უსაფრთხოების გარანტია" რეგიონის სომეხი მოსახლეობისთვის.
სამშაბათს, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა France24-ს განუცხადა, რომ ისინი ეძებენ "უფრო ფუნდამენტურ საერთაშორისო გარანტიებს", რადგან რუსული სამშვიდობო ჯარების ხუთწლიანი მანდატი მთიან ყარაბაღში ორ წელიწადში სრულდება.
2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, მოიცავდა 2 000-მდე რუსი სამშვიდობოს განლაგებას. შეთანხმება შეიძლება განახლდეს ყველა მხარის შეთანხმებით.
"დღეს არცახის [მთიანი ყარაბაღის] სომხების ბედს საფრთხე ემუქრება", — განაცხადა ჰარუტუნიანმა.
"გენოციდი? ეთნიკური წმენდა? ჩვენთვის არავითარი განსხვავება არ არის, ჩვენ არცახის დატოვება მოგვიწევს. ეს ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში ვცხოვრობთ ჩვენს მიწაზე და გვინდა იქ ცხოვრება გავაგრძელოთ", — თქვა მან.
მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ბაბაიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათ სურთ გაეროს უშიშროების საბჭომ რუს სამშვიდობოებს "განუსაზღვრელი" საერთაშორისო მანდატი მისცეს. ბაბაიანმა ამას "საუკეთესო გზა" უწოდა.
მთიან ყარაბაღში რუსულ სამშვიდობო კონტინგენტის ხუთწლიანი ვადა 2025 წელს ეწურება და ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში განლაგებულ 2000-ზე მეტ სამხედროს ტერიტორიის დატოვება იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რომელიმე მხარე გაგრძელებას შეეწინააღმდეგება.
სომხეთის ხელისუფლებამ და თავად პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთიან ყარაბაღში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არსებობის მნიშვნელობას. ფაშინიანის თქმით, მანდატი შეიძლება მიენიჭოს, როგორც რუსულ, ასევე, მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს.
ფაშინიანის, ალიევისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრაზე ფაშინიანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას სამშვიდობო მისიის გახანგრძლივებაზე.
"მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი აღქმით, ეს საკითხი დღის წესრიგშია", — განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.
ფაშინიანმა ასევე შესთავაზა მხარეებს სამშვიდობოების მანდატის ავტომატურად გახანგრძლივება, მიუხედავად ნებისმიერი მხარის წინააღმდეგობისა.
"ჩვენი აზრით, სომხეთისა და რუსეთის ხელმოწერები საკმარისია ამ [სამშვიდობო] მანდატის სრულად განსახორციელებლად. და თუ არა, მაშინ აუცილებელია ზომების მიღება, რათა ეს მანდატი საერთაშორისო დონეზე დამტკიცდეს, ან მიენიჭოს სამშვიდობოებს უფრო ფართო საერთაშორისო მანდატი", — განაცხადა ფაშინიანმა აგვისტოში.
ასევე, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ბოლო რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებს საფრანგეთს განიხილოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მოუწოდა მთავრობას, გამოიკვლიოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში წვლილის შეტანის შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს საომარი მოქმედებების დასრულება სამხრეთ კავკასიაში. დეკემბრის დასაწყისში მიღებული რეზოლუცია ეხმიანებოდა საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ ნოემბრის რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა საფრანგეთის მთავრობას "მოეთხოვა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება სომეხი მოსახლეობის [მთიანი ყარაბაღის] და სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ხშირად აპროტესტებდნენ რუსული სამშვიდობო ძალების მანდატის გახანგრძლივებას და აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას რეგიონში მათი ყოფნის საწინააღმდეგოდ.
8 ნოემბერს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სიტყვით ალიევმა გააფრთხილა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა, არ დაეყრდნონ რუს სამშვიდობოებს და თქვა, რომ ისინი იქ "დროებით" იმყოფებოდნენ.
"ჩვენ მათ ამ გაკვეთილს ვასწავლით და ვიმედოვნებთ, რომ ამას საბოლოოდ გაიგებენ და იზრუნებენ თავიანთ საშინაო საქმეებზე. შეწყვიტეთ ჩვენი მიწის, ჩვენი ყარაბაღის გათხრა. ყარაბაღი ჩვენი მიწაა. იქ დისლოცირებული რუსი სამშვიდობოები დროებითია", — განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანულმა მედიამ, მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტრომ, როგორც ჩანს, გააძლიერა კამპანია რუსეთისა და მისი სამშვიდობო მისიის წინააღმდეგ. სამინისტრომ, სულ ცოტა ხნის წინ, გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მთიანი ყარაბაღის დასახლებებისთვის აზერბაიჯანული სახელების არ გამოყენებისთვის. ასევე, ტერმინი "მთიანი ყარაბაღის" გამოყენებისთვის. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ არ არსებობს "მთიანი ყარაბაღი".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები