პოლიტიკა, კოგნიტური მეცნიერება და ლინგვისტიკა — ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან
ნოამ ჩომსკი ამერიკელი ლინგვისტი, ინტელექტუალი, ფილოსოფოსი და პოლიტიკური აქტივისტია. ჩომსკი თანამედროვე ლინგვისტიკის მამად ითვლება და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული მეცნიერია. მისმა ლინგვისტურმა ნაშრომებმა "სინტაქსური სტრუქტურები", "ენა და გონება" და "მინიმალისტური პროგრამა" ძირეულად გარდაქმნა ენათმეცნიერების განვითარების ტრაექტორია. ამასთანავე, ჩომსკი ითვლება "კოგნიტური რევოლუციის" ერთ-ერთ პიონერად (1950-იანებში მომხდარი ინტელექტუალური პარადიგმის ცვლილება ფსიქოლოგიაში, რომელმაც ყურადღების ცენტრში მოაქცია მენტალური/კოგნიტური პროცესები, რომლებიც ქცევას წარმართავენ).
არანაკლებ გავლენიანია ჩომსკი, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. წლების განმავლობაში იგი ყოველდღიურად საათებს ატარებდა საჯარო ბიბლიოთეკებში, სადაც ეცნობოდა აურაცხელ სახელმწიფო ანგარიშებს და დეკლასიფიცირებულ დოკუმენტებს, რათა მედიის პროპაგანდის გავლენებისგან დამოუკიდებლად გაცნობოდა საერთაშორისო პროცესებს. ჩომსკიმ ფართო საზოგადოების ყურადღება პირველად ვიეტნამის ომის დროს მიიპყრო, რომელსაც ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. ანტისაომარი რიტორიკის გამო ის რამდენიმეჯერ დააპატიმრეს კიდეც. 2013 წელს CIA-მ აღიარა, რომ 70-იანებში ჩომსკის უთვალთვალებდნენ.
ბოლო თვეებია, ქართველ მკითხველს გაუჩნდა შესაძლებლობა, ქართულად გაეცნოს ჩომსკის სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაშრომს "თანხმოების წარმოება", სადაც იგი აღწერს თანამედროვე მასმედიის მუშაობის პრინციპებს, ეგრეთ წოდებულ "პროპაგანდის მოდელს", რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.
ამ ინტერვიუში, მოგვეცა საშუალება ორივე კუთხიდან დაგვესვა კითხვები პროფესორ ჩომსკისთვის: როგორც პოლიტიკური მოაზროვნესთან და ასევე, როგორც ლინგვისტთან და კოგნიტურ მეცნიერთან.
"თანხმობის წარმოებაში" და თქვენ სხვა ნაშრომებშიც გითქვამთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ხშირად გულისხმობდა, მოლაპარაკებების საპირწონედ, პრობლემების სამხედრო გადაწყვეტისთვის უპირატესობის მინიჭებას. ფიქრობთ, რომ იგივე ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემთხვევაშიც?
ამ შემთხვევაში ეს ეჭვგარეშეა. აშშ-ს პოზიცია იყო ღია და ერთმნიშვნელოვანი: ომი უნდა გაგრძელდეს, რათა რუსეთი მძიმედ დავასუსტოთ. იმ მომენტში, როცა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, სახდეპმა საჯაროდ განაცხადა, რომ, მხედველობაში არ მიუღიათ რუსეთის უსაფრთხოების რისკები. დეკემბრის შემდეგ, რუსებს ჰქონდათ მოლაპარაკებების რამდენიმე ვერსია, მაგრამ აშშ-ს მათზე რეაქცია არ ჰქონია. თუმცა, ეს პოზიცია შეიცვალა გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და აშშ-მ წნეხი შეუქმნა უკრაინას, რათა შეარბილოს მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ახალია. ამ დრომდე, დაუფარავი პოლიტიკა იყო, რომ გავაგრძელოთ ომი და დავასუსტოთ რუსეთი, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია.
არსებობს მოსაზრება, რომ NATO-ს გაფართოება და უკრაინის NATO-ში შესვლა იყო წითელი ხაზი რუსეთისთვის; ამ დებატში საპირისპირო მხარე ხშირად ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რუსეთს არ ჰქონდა პრობლემა, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები შევიდნენ ნატოში...
30 წლის განმავლობაში, 1990-იანებიდან მოყოლებული, რუსეთის ყველა ლიდერი: პუტინი, ელცინი, გორბაჩოვი, ყოველი მათგანი ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს მიიღებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. მეტიც, ყველა აშშ-ს მაღალჩინოსანი 30 წლის განმავლობაში ეთანხმებოდა ამაში — რობერტ გეითსი, ჯორჯ კენანი, ჰენრი კისინჯერი, რეიგანები და ბევრი სხვა.
მაგრამ, ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთმა უბიძგა უკრაინას და საქართველოს NATO-ს ორბიტაზე, ისე როგორც თქვენ ამბობთ, რომ ვთქვათ, აშშ-მ უბიძგა ნიკარაგუას და სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს საბჭოთა ორბიტისკენ. ამაში მიუძღვის რუსეთს ბრალი?
აგრესიაზე 100%-ით რუსეთია პასუხისმგებელი, ამას არავინ აყენებს ეჭვქვეშ. მაგრამ ცალკე საკითხია, ჰქონდა თუ არა თუ არა აშშ-ს პოზიცია, რომელზეც იცოდა, რომ რუსეთი არასდროს მიიღებდა? კი, რუსეთია დამნაშავე, არავინ ამართლებს ამას, ეს შეჭრა იყო საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ აშშ-ს შეჭრას ერაყში და სტალინის და ჰიტლერის შეჭრას პოლონეთში. მაგრამ, ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ აშშ-ს ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში იყო ისეთი, რომელზეც არცერთი რუსი ლიდერი არ დასთანხმდებოდა.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია ჩინეთის მნიშვნელოვან როლზე ამ ომში, რომ იგი ერთი მხრივ არწმუნებდა აშშ-ს, რომ უკრაინისთვის სტრატეგიული იარაღი არ მიეწოდებინა, მეორე მხრივ კი არწმუნებდა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაში. თქვენ ისაუბრეთ პელოსის ვიზიტზე ტაივანში; ზოგადად, რას გვეტყოდით აშშ/ჩინეთის ბოლოდროინდელ დინამიკაზე?
50 წლის განმავლობაში, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებობდა შეთანხმება. 70-იანებში დაიდო სამი კომუნიკე, რომელშიც აშშ აღიარებს ტაივანს ჩინეთის ნაწილად "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის ფარგლებში. დღეს აშშ არღვევს ამ შეთანხმებებს. ოფიციალური პოლიტიკაა, რომ ჩინეთი "ალყაში მოაქციონ" აშშ-ს მოკავშირეებმა: სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვები. ესაა დღეს აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა. პელოსის ვიზიტის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, შეიმუშავეს Taiwan Action Policy, რომელიც გულისხმობს ტაივანის მახლობლად სამხედრო სისტემების განთავსებას, რომელიც ჩინეთს შეუქმნიდა საფრთხეს. ეს არის პრაქტიკულად ასლი იმ პოლიტიკის, რაც აშშ-ს ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაში. სამხედრო წვრთნები, იარაღის მიწოდება და ა.შ. პელოსის ვიზიტისას ჩინეთის პასუხი იყო ტაივანისთვის ალყის დარტყმა, რითიც აჩვენა, რომ ტაივანის ბლოკადა შეუძლია. ტაივანი კუნძულია და ცხადია, ის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე და კომერციულ ურთიერთობებზეა დამოკიდებული.
ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა და ძალიან სახიფათოა, რომ ესკალაცია მოხდეს. დღეს ბევრი ზედაპირულად საუბრობს ბირთვულ ომზე, რაც შოკისმომგვრელია. დაუშვებელია მოხდეს ომი ორ ბირთვულ სუპერძალას შორის, თუ ეს დავუშვით, ყველანი დამთავრებულები ვართ. ერთ-ერთი რამ, რასაც დღეს ბევრისგან გაიგებ: "ნუ ღელავთ, ბირთვული ომი არ იქნება". ყველაზე წარმოუდგენლად სულელური კომენტარი. ამას ვერ გაიგებ პენტაგონისგან ან სამხედროებისგან, მათ უკეთ ესმით საკითხი, მაგრამ ხშირად გაიგებ კომენტატორებისგან და პოლიტოლოგებისგან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ფრენსის ფუკუიამამ თქვა, რომ ბირთვულ ომზე არ უნდა ვიდარდოთ. "გარწმუნებთ, რუსეთი არაა ამაზე წამსვლელი". მადლობა, ბატონო ფუკუიამა, ძალიან დამეხმარეთ. როგორც ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა თქვა, ეს იყო ყველაზე სულელური კომენტარი, რაც კი ოდესმე მოუსმენია, არადა ბევრი სისულელე გაუგია.
რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება კონფლიქტი, მით მეტი იქნება ტერმინალური ბირთვული ომის რისკი, რაც კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება უკრაინისთვის. ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი გაოცებული იყო, რომ რუსეთმა პირდაპირ არ გადმოიღო ომის აშშ-ს და ბრიტანეთის სტილი, როცა აშშ, ბრიტანეთის და ისრაელი ღაზას ბომბავენ, ისინი პირდაპირ საძილე არტერიას უმიზნებენ, პირველი ნაბიჯი - გაანდგურე კომუნიკაციები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რათა საზოგადოებამ ვეღარ იფუნქციონიროს. ისეთ პატარა ომშიც კი, როგორიც სერბეთის ომი იყო. დღეს რუსეთს ყველა სამართლიანად გმობს, როცა ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს იერიშებს, მაგრამ ის ზუსტად ისეთ ზომებს მიმართავს, როგორსაც აშშ, ისრაელი და ბრიტანეთი რუტინულად მიმართავენ.
რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა ნავთობის მოხმარების სწრაფი ზრდა. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ აუცილებელი ზომების საპირისპირო მიმართულებით მივდივართ; ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომის გამო მილიონებს შიმშილი ემუქრებათ, შავი ზღვის რეგიონიდან მარცვლეულის და სასუქის ექსპორტის სირთულეების გამო. ამიტომაა, რომ ჩინეთი და ბევრი სხვა ქვეყანა მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის. ევროპაშიც უმრავლესობა ასე ფიქრობს, ფრანგების და გერმანელების დიდი ნაწილი ამბობს, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაც ამ საშინელებას დაასრულებს. რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე, რომელიც ყველაზე უარესად იტანჯება, ომით ევროპაც ზარალდება. მეორე მხრივ, აშშ სარგებელს იღებს ომით. უფრო მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე ოდესმე. პუტინის პერსპექტივიდან უკრაინაში შეჭრა კრიმინალური სისულელე იყო, ამით მან პრაქტიკულად ევროპა ვაშინგტონის ჯიბეში ჩასვა. ომის შემდეგ ევროპა აშშ-ზე მეტად დამოკიდებული გახდა, რაც აშშ-ს გრძელვადიან ინტერესებში შედიოდა.
რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს ყველაზე ცუდი გამოსავალი იყო, რადგან ევროპა საერთაშორისო წესრიგში დამოუკიდებლობის ძიებაში იყო. ეს საფუძველს იღებს ცივი ომის პერიოდიდან, როცა მიდიოდა მსჯელობა ევროპის სტატუსზე საერთაშორისო წესრიგში. უნდა დაემორჩილოს ის ამერიკის მიერ ჩამოყალიბებულ ჩარჩოს, თუ დამოუკიდებელი ძალა უნდა იყოს. ეს შარლ დე გოლის და ვილი ბრანტდის ხედვა იყო, რომელიც რეალისტური გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. გორბაჩოვი გამოვიდა "საერთო ევროპული სახლის" იდეით. პირველი ჯორჯ ბუში ტოლერანტული იყო ამის მიმართ, მაგრამ კლინტონმა გაანადგურა ეს პერსპექტივა NATO-ს გაფართოებით.
შეგიძლია მოიძიო ინტერნეტში ემანუელ მაკრონს და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების სტენოგრამები. შეჭრამდე 4 დღით ადრეა გამოქვეყნებული. მაკრონი სთავაზობდა პუტინს თანამშრომლობის, უსაფრთხოების გარანტიების და სავაჭრო ურთიერთობების ვერსიებს "საერთო ევროპულ სახლში". პუტინმა ბოლოს ამრეზით უარყო შეთავაზება, არ მცალია, ყინულზე სასრიალოდ უნდა წავიდეო.
სინამდვილეში, მსოფლიოში მოლაპარაკებების გზით სვლის დიდი მოთხოვნაა. ასეთია ქვეყნების უმრავლესობის პოზიცია, რისი აღქმაც რთულება პროპაგანდის პირობებში. პროპაგანდის ბოლოდროინდელი კარგი მაგალითია, როგორც გააშუქა დასავლურმა პრესამ შერჩევითად, რომ ინდოეთის მოდიმ გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა. პრობლემა ისაა, რომ თუ დოკუმენტს ოფიციალურ ვებსაიტზე ნახავთ, მოდიმ პუტინს უთხრა, რომ "ომი არაა გამოსავალი", წერილის დანარჩენი ნაწილი კი არის პრაქტიკულად სასიყვარული წერილი პუტინისადმი, სადაც ბევრი რამ წერია ინდოეთის და პუტინის სამომავლო თანამშრომლობაზე, მას შემდეგ რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.
თუ დავაკვირდებით სანქციებს. სანქციები დააწესა აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა, ხოლო მსოფლიოს უმრავლესობამ არა. ასევე დააკვირდით სანქციებისადმი დამოკიდებულებას, ევროპაში სანქციებს 50%-ზე ოდნავ მეტი ემხრობა. მხოლოდ სანქციებს, არათუ ომის გაგრძელებას. მსოფლიოს დიდი ხანია სურს მოლაპარაკებებზე გადასვლა.
წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა წლევანდელი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. არაერთმა გამოცემამ გააკრიტიკა კატარი გეი უფლებებზე, მიგრანტების უფლებებზე და ა.შ. მეორე მხრივ, სახდეპმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აქებს კატარს ტერორიზმთან ბრძოლის, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების, ინვესტიციების განხორციელების და სხვა მიზეზების გამო. საინტერესოა, რა არის თქვენი პოზიცია ამაზე?
მემარცხენეები მკაცრად აკრიტიკებენ კატარს მუშების უფლებების გამო. კატარის სტადიონის მშენებლობისას 7 000 მუშა მოკვდა. კატარის მოსახლეობის უმრავლესობას მიგრანტი მუშები შეადგენენ გლობალური სამხრეთიდან, რომლებიც მონურ პირობებში ცხოვრობენ და აშენებენ ძვირადღირებულ სასტუმროებსა და სტადიონებს, სადაც მდიდრები ერთობიან. საზიზღარი და სამარცხვინო სიტუაციაა. კატარის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მონურ შრომაშია ჩართული. მართალი ხარ, რომ სახდეპმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კატარის სასარგებლოდ წერია, რომ მან გააუმჯობესა მუშათა პირობები. შესაძლოა ოდნავ გააუმჯობესა, მაგრამ ოდნავ უკეთესი პირობები ნამდვილად არაა საზეიმო. რატომაა აშშ-ს პოზიცია ასეთი? რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო: კატარის როლი აშშ-ს მიერ დომინირებულ ზოგად ჩარჩოში, კატარი აშშ-ს მთავარი მოკავშირეა ნავთობის წარმოების კონტროლის საკითხში და სტრატეგიული ღირებულება აქვს, ისევე როგორც გაერთიანებულ საემირებს და საუდის არაბეთს.
პოლიტიკიდან კოგნიტურ მეცნიერებაში რომ გადავინაცვლოთ, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ბოლოდროინდელ თეორიულ ჩარჩოზე, რომელსაც "პროგნოზული დამუშავება" ეწოდება. არსებობს ბევრი ინტერპრეტაცია, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ეგრეთ წოდებული "ბეიზიანური დასკვნა" და "თავისუფალი ენერგიის პრინციპი".
ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ კოგნიტური მეცნიერების ორი კომპონენტი. კოგნიტური მეცნიერების ერთი მხარე სწავლობს კოგნიტური სისტემების გარკვეულ კომპონენტებს — როგორ მუშაობს მხედველობა, როგორ მუშაობს ენა, როგორ მუშაობს მეხსიერება და ა.შ. ესაა კოგნიტური მეცნირების მეცნიერული ნაწილი. არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც სპეკულირებს, თუ ზოგადად, როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი სამყაროსთან, როგორ უმკლავდება კომპლექსურ სიტუაციებს. ეს ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი რამაა. რაც ახლა ახსენე, თავისუფალი ენერგიის თეზისი, ეს მეორე ნაწილია და არა პირველი. ის ბევრს არაფერს გეუბნება მხედველობაზე, ენაზე, მეხსიერებაზე. რაც შეეხება ბეიზიანურ დასკვნას, ეს სასარგებლო ტექნიკაა და იყენებენ. მაგრამ გაზეთების სათაურებამდე რაც აღწევს და აღტკინებას იწვევს ხშირად გადაჭარბებულია. მაგალითდ, დიდი ენის მოდელები. ხდებიან თუ არა მანქანები ცნობიერები, ადამიანის მსგავსად იყენებენ თუ არა ენას და ა.შ. ეს სრული ნონსენსია. ეს ენის მოდელები იგივეა, რაც მაღალტექნოლოგიური პლაგიატი. მათ შეუძლიათ ძალიან დიდი ოდენობით მონაცემების შესწავლა, ყველაფრის რაც ინტერნეტშია. სტატისტიკური ანალიზით შეგიძლია კანონზომიერებების აღმოჩენა და ამის საფუძველზე, თუ შევძლებთ წარმოვქმნათ, რაღაც რაც ამ კანონზომიერებებს ზედაპირულად გაიმეორებს, ის მართლა დაემსგავსება რეალურ წინადადებას, მაგრამ ამ სისტემებს არაფერი შეუძლია გვითხრას ნამდვილი ენის ან მხედველობის შესახებ. ენის მოდელების სასარგებლოა ინჟინრული თვალსაზრისით, ახლაც ლაივ-ტრანსკრიფცია გაქვს ჩართული და ეს არის ინჟინერიის წარამტების ნიმუში. არაფერი მაქვს ენის მოდელების საწინააღმდეგო, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ავთენტური კოგნიტური მეცნიერება, რომელიც ენის, მხედველობის და მეხსიერების შემეცნებას ცდილობს სილიკონის ველის პროპაგანდაში.
ფილოსოფოსი კოლინ მაკგილი ამტკიცებს, რომ ადამიანი ისე ვერ გაიგებს ცნობიერებას, როგორც შიმპანზე კვანტურ მექანიკას. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? ოდესმე შევძლებთ ცნობიერების რთული პრობლემის გადაჭრას?
ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, თუ რას ვუწოდებთ რთულ პრობლემას. მისი ფორმულირების ორი გზა არსებობს: ერთი ეყრდნობა თომას ნაგელის ცნობილ კითხვას "როგორია იყო ღამურა?". მარტივი პრობლემებია ვიპოვოთ ცნობიერი გამოცდილებების ნეირონული კორელატები. რთულ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს არგუმენტი, რომ იქნებ "როგორია ვხედავდე მზის ჩასვლას" არ არის ლეგიტიმური კითხვა. სწორი კითხვაა "როგორია მზის ჩასვლა, რომელსაც ახლა ვუყურებ", რომელიც შეგიძლია აღწერო და პოემა მიუძღვნა, მაგრამ კითხვას "როგორია ვხედავდე მზის ჩასვლას ზოგადად" არ აქვს პასუხი.
მეორე ფორმულირების ავტორია ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი "რთული პრობლემა". ის ამბობდა, რომ თუ გადავჭრით ყველა მარტივ პრობლემას, მაინც რჩება ეგრეთ წოდებული "ზომბის პრობლემა". საიდან შეიძლება იყო დარწმუნებული, რომ სხვა არსების სუბიქეტური გამოცდილება შენნაირია ან აქვს თუ არა ეს გამოცდილება. ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ, მაგრამ არსებობს ამ პრობლემის უფრო გონივრული რასელისეული ვერსია, რომელსაც შეგვიძლია, ვუპასუხოთ. რასელმა საუკუნეზე მეტის წინ თქვა, რომ ყველაზე დარწმუნებულები რაშიც ვართ, ესაა ჩვენი უშუალო გამოცდილება. როცა გიყურებ და პიროვნებას ვხედავ, ამ დროს ბადურაზე ეცემა ფოტონების მიმდევრობა და იწვევს იონების მოძრაობას, რისი მეშვეობითაც ტვინში პიროვნების ხატი წარმოიქმნება. თუ ამ კუთხით შევხედავთ რთულ პრობლემას, რა ხდება ტვინში, როცა კონკრეტული სახის ცნობიერებას წარმოქმნის, ამ პრობლემის გადაჭრა პრინციპულად შესაძლებელია, მაგრამ მეორე კითხვაა შევძლებთ თუ არა ჩვენ მის გადაჭრას. არ არსებობს გარანტია, რომ ადამიანის ინტელექტი შეზღუდული არაა, ადამიანები ანგელოზები არ ვართ. ორგანული არსებები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია.
თქვენი დახასიათებით, მინიმალისტური პროგრამა ავითარებს იდეას, რომ ენის დიზაინი ოპტიმალურია და რომ მისი შინაგანი სტრუქტურა ემორჩილება ძალიან მარტივ კომპუტაციურ (გამოთვლით) წესებს. შეგიძლიათ გვესაუბროთ ლინგვისტურ მაგალითებზე, რომელმაც თქვენ და თქვენი კოლეგები ამ დაშვებამდე მიგიყვანათ?
პირველ რიგში შეამჩნევთ, რომ დაშვება უბრალოდ არის, რომ ენა იგივენაირი რამაა, რაც სხვა რაღაცები ბუნებრივ სამყაროში. რაც მეტს ვსწავლობთ ბუნებაზე, ვიგებთ, რომ ბუნების ფუნდამენტური დიზაინი და სტრუქტურა ძალიან მარტივია. ამას აინშტაინი უწოდებდა "სასწაულის დოგმას", რაც ცხადია დაშვებაა, მაგრამ ამის საბუთი იმდენია, რომ უბრალოდ ბუნებრივი სამყაროს ნორმალური მდგომარეობაა. ბუნება ყველაზე მარტივი შესაძლო გზებით მოქმედებს. "სასწაული" კი სწორედ ისაა, რომ ბუნება ოპტიმალურია და მისი ფუნდამენტური მექნიზმი ყოველთვის მაქსიმალურად მარტივია. ეს დაკვირვება უდევს საფუძვლად ჯერ კიდევ გალილეოს სამეცნიერო რევოლუციას. მაშ პირველი კითხვაა, "არის თუ არა ენა ისეთივე რამ, რაც სხვა რაღაცები ბუნებრივ სამყაროში?" ჩვენ ამის ჩვენებას ვცდილობთ უკვე 70 წელია, ამის დამტკიცება იყო გენერაციული გრამატიკის მიზანი თავიდანვე. სამეცნიერო თეორიის პირველი მიზანია ვიპოვოთ ახსნა, თუ რატომ არის რაღაც ასე და არა სხვანაირად, შემდეგ კი თავდაპირველი დაშვებები უნდა შევუსაბამოთ რეალურ დაკვირვებას, ანუ მოვიშოროთ სპეკულაციები.
ასევე იხილეთ: რას გვეუბნება ენა ადამიანის ბუნებაზე — შესავალი გენერაციულ გრამატიკაში
ენათმეცნიერების შემთხვევაში განსაკუთრებულობა ისაა, რომ ენაზე ვსაუბრობთ, რომელიც მხოლოდ ადამიანებისთვის დამახასიათებელი სახეობისთვის სპეციფიკური უნარია, რაც გვაძლევს ენის ათვისების საშუალებას. მსგავსი რამ დანარჩენ ცხოველთა სამყაროში არ მოიძებნება, თუმცა ადამიანებში უნივერსალურია. შემდეგი კითხვაა, რა არის ეს უნარი? არის თუ არა ის ისეთივე რამ, როგორიც დანარჩენი ობიექტები სამყაროში? მინიმალისტური პროგრამა 70-წლიანი მუშაობის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც ცდილობს თავდაპირველი სპეკულაციებისგან გათავისუფლებას და მაქსიმალურად ოპტიმალური უნივერსალურ გრამატიკის თეორიის შემუშავებას. ერთ-ერთი ასეთი დაკვირვება და ყველაზე უცნაური ფაქტი ენაზე შემდეგია; სტრუქტურული დამოკიდებულება, რომელიც აჩვენებს რომ ენის წესები არ ემორჩილება სიტყვების წრფივ წყობას, არამედ ენის შინაგანი მექანიზმი ემორჩილება გონების შექმნილ აბსტრაქტულ წესებს, აი, ძალიან მარტივი მაგალითი:
თუ ვიტყვით: "Friends of your brother are honest". ყველაზე მარტივი [კომპუტაციური გაგებით] იქნებოდა, რომ ზმნა ირიბ ობიექტს, ყველაზე ახლოს მდებარე არსებითი სახელის ფრაზას ეწყობოდეს [ანუ იყოს Friends of your brother is honest], მაგრამ ერთი შეხედვით ბევრად უფრო რთულ წესს ვიყენებთ, პირველ რიგში ვპოულობთ რომელია წინადადების, ამ შემთხვევაში ზმნური ფრაზის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, ეს არც ისე ტრივიალური ოპერაციაა, თუმცა ამას ავტომატურად ვაკეთებთ და თან ყველა ენაში არსებობს მსგავსი კონსტრუქციები. ამასთანავე, ამის გაკეთებას ჩვილი ბავშვებიც ახერხებენ ყველანაირი გამოცდილების გარეშე ისე, რომ მსგავსი "წესი" მათთვის არავის უსწავლებია. ამას ექსპერიმენტებიც მოწმობს, რომ ჯერ კიდევ 2 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ ეს. შესაბამისად, გამოდის რომ ახალშობილობიდან სიცოცხლის ბოლომდე, ჩვენ უგულებელვყოფთ ყველანაირ ლინგვისტურ ინფორმაციას რომელიც მოგვეწოდება, კერძოდ სიტყვების წრფივ სტრუქტურას. ამ ყველაფერს უგულებელვყოფთ და ვემორჩილებით ძალიან აბსტრაქტულ წესებს, რომლებსაც ჩვენი ტვინი ქმნის. ეს ჰგავს იმას, რაც მხედველობაზე ვილაპარაკეთ, როცა თქვენ გიყურებთ ვხედავ პიროვნებებს. ეს ძალიან რთული ოპერაციაა და პიროვნების ცნებაც, ჩვენი ტვინის აბსტრაქტული წესებითაა შექმნილი. იგივენაირად, როცა ვცდილობ გადავწყვიტო მაკავშირებელი ზმნა (copula) მხოლობითი უნდა იყოს თუ მრავლობითი, აქაც მივმართავ აბსტრაქტულ წესებს. რატომაა ეს ასე?
ამას აქ დეტალურად ვერ განვიხილავ, მაგრამ ეს გამომდინარეობს დაშვებიდან, რომ ბუნებამ შეარჩია ყველაზე მარტივი ოპერაცია. ასეთი სტრუქტურის აწყობას ენათმეცნიერებაში Merge-ის ოპერაციას ვეძახით და სწორედ Merge წარმოქმნის სტრუქტურულ დამოკიდებულებას. მსგავსი ფუნდამენტური ოპერაციაა, მაგალითად "კონტროლის თეორია", რომელიც წარმოდგენას გვიქმნის, როგორ მუშაობს ენა. სია დიდია. საბოლოო ჯამში, მინიმალისტური პროგრამის მიზანია აჩვენოს, რომ ენა მუშაობს ყველაზე მარტივი შესაძლო ოპერაციებით. ამას ევოლუციური მიზეზები აქვს. ევოლუცია ხშირად არასწორად არის გაგებული, ეს მცდარი შეხედულება დარვინიდან მოდის. დარვინი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ყველანაირი ცვლილება უნდა იყოს თანდათანობითი, ამ დოგმას დღესაც ხშირად იმეორებენ. ჩვენ ათწლეულებია უკვე ვიცით, რომ ეს ასე არ არის.
ევოლუციას თანამედროვე მეცნიერებაში სამი სტადია აქვს. პირველ სტადიაზე სისტემაში რაღაც დარღვევა ხვდება, მუტაცია ან გენის ტრანსფერი, შეიძლება სიმბიოზი, შეიძლება ერთმა ორგანიზმმა მეორე ჩაყლაპოს. ამით ეცემა პასუხი კითხვას რატომ არ დავრჩით ბაქტერიებად? რატომ წარმოიქმნა მრავალუჯრედული სიცოცხლე? რეალურად რაც მოხდა, ერთმა მიკროორგანიზმმა სიმბიოზის დამყარების შემდეგ შეიერთა მეორე. ესაა მრავალუჯრედიანი სიცოცხლის საფუძველი. ანუ, როგორც ვთქვი არის რაღაც სისტემა, მოხდება რღვევა და იქმნება ახალი სისტემა, ყველაზე მარტივი შესაძლო გზით. მესამე ეტაპია უკვე ის რასაც ბუნებრივ გადარჩევას ვეძახით. რას ნიშნავს ეს ადამიანებისთვის?
ადამიანის კოგნიციის ევოლუციაზე ბევრი არ ვიცით, თუმცა ის ვიცით, რომ იგი ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, დაახლოებით 200 000 წლის წინათ. თანამედროვე ადამიანებამდე არ არსებობდა რაიმე სახის სიმბოლური აქტივობის კვალი. ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სისტემაში ცვლილება სწორედ თანამედროვე ადამიანებში მოხდა, როცა გარკვეული უნარები შევიძინეთ.
ამის მინიშნებები ბიოლოგიურ დონეზეც არსებობს, რასაც გერმანელი ნეირომეცნიერის ანგელა ფედერიჩის კვლევებიც მოწმობს. ანუ თანამედროვე ადამიანებში მოხდა რაღაც მუტაცია, რომელმაც ენა შესაძლებელი გახადა, კერძოდ კი უსასრულო ოდენობით სტრუქტურირებული გამოსახულებების რეკურსიული აღნიშნვის უნარი. რას ვიტყვით მესამე ეტაპზე, ბუნებრივ გადარჩევაზე? მესამე ეტაპი არ მომხდარა, რადგან ამ თვალსაზრისით ყველა ადამიანი ფუნდამენტურად ერთნაირი ჩანს. თქვენს თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მინიმალისტური პროგრამის ფარგლებში, რომელიც უბრალოდ კვლევის ჩარჩო იყო, მრავალი მტკიცებულება დაგროვდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არ არის შესწავლილი, მაგალითად როგორ იწყობა ეს კონსტრუქციები ტვინში. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ინვაზიური გამოკვლევა ადამიანებში არ შეგვიძლია და არ არსებობს ორგანიზმი, რომელსაც ენის მსგავსი უნარი აქვს. მაგალითად ადამიანების მხედველობით სისტემის შესწავლის შესაძლებლობა იმიტომ გვაქვს, რომ კატებს და მაიმუნებს მსგავსი მხედველობა აქვთ და მათზე ინვაზიური ექსპერიმენტების ჩატარება შეგვიძლია. რამდენად ეთიკურია ეს, ცალკე საკითხია. ენის შემთხვევაში იმავეს ვერ ვიზამთ, ამიტომ ენის "ბიოლოგიის" გამოკვლევა რთულია, მაგრამ რაღაც მინიშნებებს ვპოულობთ. შეიძლება მომავალში კიდევ ბევრად მეტი გავიგოთ.
ლინგვისტურ მაგალითებზე და მინიმალისტურ პროგრამაზე გავაგრძელოთ, შეგიძლიათ გვესაუბროთ სემანტიკური ქვესიმრავლის პრინციპზე, რომელიც აჩვენებს, რომ ენის ათვისებისას, განურჩევლად იმისა რა ენით იზრდებიან ისინი (ჩინური, ქართული ა.შ) ბავშვები თავდაპირველად ითვისებენ ყველაზე მარტივ შესაძლო ენას.
ქვესიმრავლის პრინციპი დაფუძნებულია ემპირიულ დაკვირვებაზე. დაკვირვების მიხედვით, ბავშვები ენას ითვისებენ მხოლოდ პოზიტიური მტკიცებულებებით. ანუ, როცა ბავშვი რაღაცას ამბობს და მშობელი მას უსწორებს, ბავშვი შესწორებას უგულებელყოფს. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ძალიან მცირე სტიმულია საჭირო იმისთვის, რომ ენის ათვისება დაიწყოს. მშობლებისთვის ეს ხანდახან გამაღიზიანებელია იმიტომ, რომ ბავშვი რეალურად თავის შიდა სისტემაში ერკვევა, მშობლები კი სალაპარაკო ენის სწავლებას ცდილობენ. ემი ვაინბერგის და კოლეგების კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ მიწოდებულ ინფორმაციაში ბავშვი ყველაზე მარტივ ქვესიმრავლეს არჩევს.
სხვა კოგნიტურ უნარებსაც რომ შევეხოთ. ჯორჯ ლაკოფმა და ნუნეზმა გამოაქვეყნეს ახალი წიგნი სახელად "საიდან მოდის მათემატიკა", რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენი მათემატიკის ცოდნა მოდის კონცეპტუალური მეტაფორებიდან, ეთანხმებით თუ არა ამ თეზისს?
ვფიქრობ, ლაკოფს ძალიან საინტერესო კვლევა აქვს გაკეთებული მეტაფორებზე, თუმცა მათემატიკის ათვისებაზე და მათემატიკის ბუნებაზე ეს ბევრს არ გვეუბნება. ჩვენ საკმაოდ ბევრი გვესმის ამ საკითხზე. ისე უნდა აღვნიშნო, რომ მათემატიკის ათვისება ევოლუციურ თეორიაში ყოველთვის სერიოზული პრობლემა იყო, ჯერ კიდევ დარვინის და უოლესის დროს. მათ უკვირდათ, როგორ იცის ყველა ადამიანმა არითმეტიკა? ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს მართალია და ვიცით, რომ ყველა ადამიანს ესმის არითმეტიკის ფუნდამენტური თვისება, მაგალითად ნატურალური რიცხვები, რომლებსაც ზღვარი არ აქვთ. 1,2,3… ასე ადის უსასრულოდ, არ არსებობს ყველაზე დიდი ნატურალური რიცხვი. ადაპტაციით ასეთი უნარის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ევოლუციური გადმოსახედით ისევ ძალიან მცირე დროზე ვსაუბრობთ.
უოლესი მიიჩნევდა, რომ ამის ასახსნელად რაღაც ახალი ევოლუციის პრინციპი იყო საჭირო, დარვინი კი იმედოვნებდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის ფარგლებში შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება; ადამიანების არითმეტიკის თანდაყოლილი უნარი აქვთ. დღეს ამის საკმაოდ კარგი ახსნა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ თუ ავიღებთ ყველაზე მარტივ კომბინატორიული ოპერაციას, რაც ენათმეცნიერებაში Merge-ის სახელითაა ცნობილი… რომ აიღოთ ოპერაცია, რომელიც მხოლოდ ერთ ელემენტს მოიცავს (unary), ენის შემთხვევაში ეს იქნება ერთი ლექსიკური ელემენტი, მაგალითად ერთი სიტყვა და დავუმატოთ ეს მარტივი ოპერაცია, ენის შემთხვევაში Merge, იღებთ Succesor ფუნქციას, რაც არის მიმატების და არითმეტიკის ფუნდამენტი. რა შეგვიძლია ვთქვათ დანარჩენ მათემატიკაზე?
ამაზე ცნობილი კომენტარი გააკეთა გამოჩენილმა მათემატიკოსმა კრონეკერმა, "ღმერთმა შექმნა ნატურალური რიცხვები, დანარჩენი ადამიანმა". სიმრავლეთა თეორია, არაევკლიდური გეომეტრია და ა.შ, საბოლოოდ ეფუძნება ძალიან ფუნდამენტურ და მარტივ ოპერაციას. გეომეტრიის საფუძველი კი, ალბათ, ნაწილობრივ არის მხედველობითი სისტემა, სწორედ ვიზუალური სისტემის აბსტრაქტული წესებიდან გამომდინარეობს გეომეტრია. ამ ყველაფრის ასახსნელად ვფიქრობ, კონცეპტუალური მეტაფორები ვერ გამოდგება. შეატყობდით, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მათემატიკის ცოდნაზე, ანუ როგორ ვიცით მათემატიკის შესახებ. სხვა საკითხია ის თუ რა არის არითმეტიკა, ეს უკვე პრაქტიკულად პასუხგაუცემელი კითხვაა. ეს მათემატიკის ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ჯერაც გადაუწყვეტელი. ერთია უპასუხო კითხვას, როგორ ვიცით მათემატიკა, მაგრამ მეორეა "რა არის მათემატიკა?", აქ უკვე პლატონს ვადგებით, რომ ისინი არსებობენ იდეალურ სამყაროში და მეტს ვერაფერს ვამბობთ.
დიდი მადლობა, პროფესორო ჩომსკი...
ისე, უნდა აღვნიშნო რომ ქართული ენა ჩემი არსებობის კოშმარია. მე მყავს მეგობარი, რომელიც ქართულზე მუშაობდა, მისი მიგნებები კი თითქოს ყველაფერს ეწინააღმდეგობოდა რაზეც ვმუშაობდით. ერთი ხუმრობა გვქონდა, რომ მან ქართული ენა ჩემს გასაწამებლად მოიგონა.
განპირობებული იყო თუ არა ეს სირთულე ქართულის "თავისუფალი წყობით"?
დაახლოებით 30 წლის წინ ენათმეცნიერებს მიაჩნდათ, რომ თავისუფალი წყობა ენებისთვის ერთ-ერთი კონფიგურაცია იყო, თუნდაც ლათინური. თუმცა, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის და თავისუფალი წყობის ენები სხვა ენებს გავს, ამ საკითხზე ბევრი კვლევაა ვალბურის ენის საფუძველზე. კენ ჰეილმა და ჯულია ლეგეიმ აჩვენეს, რომ თავისუფალი წყობის ენების შესწავლისას იგივე ღრმა აბსტრაქტული წესები იკვეთება. იგივე ჩანს პოლისინთეტურ ენებში, აქაც რეალურად ძალიან მკაცრი წესებია. ასე რომ, დღეს მიიჩნევა, რომ სიტყვების თავისუფალი წყობა მხოლოდ ზედაპირზე მჟღავნდება. ბევრი კვლევაა იმაზე თუ როგორ გარდაიქმნება იერარქიული შინაგანი ენა სწორხაზოვან სიტყვებად, ამაზე მუშაობდნენ კენ ჰეილი და სხვები. ახლა უნდა გამოვიდეს გულიამე ჩინქუეის ნამუშევარი, რომელიც ამ საკითხს კიდევ მნიშვნელოვნად წაწევს წინ.
კომენტარები