რას გვეუბნება ენა ადამიანის ბუნებაზე — შესავალი გენერაციულ გრამატიკაში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სინტაქსური მეტყველების უნარი ადამიანებისთვის თანშობილია?

ადამიანის ბუნების საიდუმლოს ამოხსნა მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მეცნიერების და ფილოსოფიის პროგრესის მიუხედავად, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბუნების შესწავლა ერთგვარ ჩიხშია, მას შემდეგ რაც ეს კითხვა პირველად დაისვა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ბუნებრივი სამყაროს ნაწილია, ის დანარჩენი ცხოველებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ დაკვირვებით შთაგონებული რენე დეკარტი მივიდა დასკვნამდე, რომ ცხოველს ადამიანისგან განსხვავებით, "სული" აკლია.

ეს "სული" კი პასუხისმგებელია შემოქმედებითობაზე, რომელიც ცხოველებს თითქოს აკლიათ. იქნება ეს ინტროსპექცია, აბსტრაქტული აზროვნება თუ ცნობიერება. ადამიანის შემოქმედებითობის ყველაზე აშკარა დემონსტრაცია, ვფიქრობ ხელოვნების ნიმუშებში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ისეთ რაღაცაში, რაც თითქმის ყველა ადამიანს აქვს — ენაში.

პასუხი კითხვაზე, "რა არის ენა?", არც ისე მარტივია. მაგალითად, ენას ხშირად აღწერენ როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება დამაკმაყოფილებელ პასუხად ჩანდეს, ფუნდამენტურად, ის კითხვას არ პასუხობს. ანალოგიური მიდგომით რომ ვუპასუხოთ შეკითხვას "რა არის ფეხი?", გამოვა, რომ ფეხი არის გადაადგილების საშუალება. თუმცა, აქაც, პასუხი დამაკმაყოფილებელი არაა, რადგან ფეხზე, მის აღნაგობაზე და შემადგენლობაზე ძალიან ცოტას გვეუბნება.

დიდი ხნის მანძილზე, ენა ქცევის გამოვლინებად მიიჩნეოდა. ადამიანები იმიტომ სწავლობენ ლაპარაკს, რომ მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. ბ.ფ სკინერის წიგნი Verbal Behavior ამ იდეას ავრცობს. მარტივად რომ ითქვას, პატარა ბავშვი ხედავს, რომ დედა და მამა, საუბრის მეშვეობით, ერთმანეთისგან რაღაცებს იღებენ. მაგალითად, დედა ეუბნება მამას "წვენი მომაწოდე", რის შედეგადაც ერთი მშობელი მეორეს სასურველ წვენს აწვდის. ბავშვი ცდილობს სიტყვების გამეორებას, რათა თვითონაც მიიღოს სასურველი რაღაცები.

თუმცა, როგორც ამერიკელმა ენათმეცნიერმა — ნოამ ჩომსკიმ შენიშნა, ეს ენის რაობაზე ძალიან ცოტას გვეუბნება. ადამიანური ენა ცხოველური ენისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა. მეტყველების უნარი ისევე გამოგვარჩევს დანარჩენი ცხოველებისგან, როგორც ფრთები გამოარჩევს ფრინველებს, მაგალითად, კამეჩებისგან.

ამასთანავე, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ადამიანები ენას გარკვეულ ასაკში იდგამენ, განვითარების "კრიტიკულ პერიოდში", შესაბამისად ჩომსკიმ ივარაუდა, რომ სინტაქსური მეტყველების უნარი ადამიანებისთვის თანშობილია. ეს აზრი, თავის დროზე, საკმაოდ რადიკალური იყო, ისევე როგორც ჩომსკის შემდეგი ნაშრომები, თუმცა მოგვიანებით ჩომსკის და სხვა მეცნიერებს "კოგნიტური რევოლუციის" დაწყება მიაწერეს, რის შედეგადაც საფუძველი დაედო თანამედროვე კოგნიტურ მეცნიერებას და ფილოსოფიას.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ "რევოლუციურ" იდეებს, რომლებიც ლინგვისტიკის ერთ-ერთ დისციპლინაში, "გენერაციულ გრამატიკაში" გაჯერდა. გენერაციული გრამატიკა ენის საფუძველის და ახსნის მხოლოდ ერთ-ერთი მიდგომაა. ამ დარგში მომუშავე ენათმეცნიერები ცდილობენ ახსნან ენის ფენომენი და გვაჩვენონ რითია ადამიანური ენა უნიკალური და რა საერთო აქვს ყველა ენას დედამიწაზე.

ადამიანი იბადება "შინაგანი ენით" — უნივერსალური გრამატიკა

სმენა და მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ტადომა მეთოდით საუბრობენ

სმენა და მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ტადომა მეთოდით საუბრობენ

1991 წელს New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ფსიქოლოგი სუზან გოლდინგ-მედოუ თავის ფართო კვლევებზე წერს და მკითხველებს თავის მიგნებებს აცნობს. მედოუს თქმით, სმენადაქვეითებული ბავშვები, რომლებსაც ჯერ "ნიშნების ენის" სწავლა არ დაუწყიათ ან მშობლებს ის მათთვის ჯერ არ უსწავლებიათ, ჟესტებით თავიანთ ენებს ქმნიან. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი სმენადაქვეითებულ დედმამიშვილებშია.

ასეთ ნიშნების ენას აქვს საკმაოდ დახვეწილი სინტაქსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სხვა ენების სინტაქსს "არ ჩამოუვარდება" კომპლექსურობით. მეტიც, მეოცე საუკუნეში მშობლები ხშირად ცდილობდნენ, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვებს ნიშნების ენა არ აეთვისებინათ და მათთვის "ტუჩების წაკითხვა" ესწავლებინათ, ასეთი მშობლების ბავშვები ისევ თავიანთ ენას ქმნიდნენ.

ზოგმა შეიძლება იცოდეს ჰელენ კელერის, ამერიკელი აქტივისტის და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლი ქალის ისტორია. ის ბრმა და სმენადაქვეითებული იყო, რომელმაც ლაპარაკი "ტადომა" მეთოდით ისწავლა. იხილით ეს 1928 წლის ძალიან შთამბეჭდავი დემონსტრაცია:

ტადომა მეთოდის ფარგლებში, სმენადაქვეითებული და უსინათლო ადამიანი ხელს მოსაუბრე ადამიანს სახეზე ადებს, მისი თითები მავანის ხორხს და პირს ეხება, რითიც ის საუბრისას წარმოქმნილ ვიბრაციებს და პირის მოძრაობას აღიქვამს, ამის მეშვეობით სმენადაქვეითებულ და უსინათლო ადამიანს გასაოცარი სიმარტივით შეუძლია ნათქვამის აღქმა. საუბრის ასე სწავლა რთული ჩანს, მეორე მხრივ ბავშვები კომუნიკაციას ამ მეთოდით ისეთივე სიმარტივით სწავლობენ, როგორც სრული სმენის და მხედველობის მქონე ბავშვები.

გენერატივისტების (გენერაციული გრამატიკის ფარგლებში მომუშავე მეცნიერები) მტკიცებით, ბავშვები მეტყველებას ძალიან მწირი ინფორმაციის პირობებშიც თავისუფლად სწავლობენ და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებსთვის მეტყველების უნარი თანშობილია. ამ არგუმენტს poverty of stimulus ეწოდება.

ამის გასამყარებლად რამდენიმე ემპირიული მაგალითის მოყვანა შეიძლება. ზოგ ენაში თხრობითი წინადადებებისთვის კითხივითი წინადადების შეთავსება, შემასმენელის გადანაცვლებას მოითხოვს:

(1) Man who is singing is happy

(2) is the man who is singing happy?

ქართულში მსგავსი მაგალითის მოყვანა რთულია, რადგან ქართულ ენას ცოტა განსხვავებული მორფოლოგია აქვს.

(3) კაცი რომელიც მღერის ბედნიერ-ია

(4) კაცი რომელიც მღერის ბედნიერ-ია?

როგორც ხედავთ, შემასმენელი "არის" არსებით სახელს "უერთდება" და "ბედნიერი არის"-ის მაგივრად "ბედნიერია"-ს ვამბობთ, თუმცა, ზმნის გამოყოფისას წინადადება მაინც გრამატიკული რჩება. მაგალითად:

(5) არის კაცი, რომელიც მღერის, ბედნიერი?

ბავშვები (1)-ის (2)-ად გადაქცევას თავისუფლად ახერხებენ. რატომ? რატომ გადადის happy-სთან მიჯაჭვული ზმნა წინადადების დასაწყისში და რატომ არ შვება იგივეს singing-თან მიჯაჭვული ზმნა? იგივეს თქმა შეიძლება (5)-ზე.

მიზეზი ისაა, რომ წინადადება მხოლოდ სიტყვების კრებული არაა. მეტყველებისას, მეტყველების და წინადადების ნაწილებს შორის გარკვეული მიმართებები წარმოიქმნება, მიმართებები რომლებსაც ენის სწავლისას ბავშვები აღიქვამენ.

განხილულ მაგალითებზე დაყრდნობით, ეს მიმართებები აშკარა არაა. უფრო ლოგიკური და უფრო მარტივი იქნებოდა, რომ (1)-ის შესაბამისი კითხვითი წინადადების თავში, პირველი შემასმენელი გადასულიყო. ამის იმპლიკაციას კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვების შემდეგ განვიხილავ.

ჩომსკიმ შენიშნა, რომ მეტყველების ფუნდამენტური ფუნქცია, სასრული შესაძლებლობებით უსასრულო ვარიაციების შექმნაა. მაგალითად, ყველა ადამიანს აქცს უნარი შექმნას უსასრულო რაოდენობის წინადადებები, მათ შორის ისეთი, რომელიც არასდროს თქმულა.

(6) შოთამ თქვა, რომ "Organs and Oceans" საუკეთესო ქართული ინდი ბენდია;

(7) ტატომ თქვა, რომ შოთამ თქვა, რომ "Organs and Oceans" საუკეთესო ქართული ინდი ბენდია;

(8) ივამ თქვა, რომ ტატომ თქვა, რომ შოთამ თქვა, რომ "Organs and Oceans" საუკეთესო ქართული ინდი ბენდია;

(9) მარიამმა თქვა, რომ ტატომ თქვა, რომ შოთამ თქვა, რომ "Organs and Oceans" საუკეთესო ქართული ინდი ბენდია

(10)...

ასე გაგრძელება თეორიულად უსასრულოდ შეგვიძლია და ყოველ ჯერზე ახალი წინადადება ითქმება. აქამდე ნამდვილად არსად დაწერილა, რომ Organs and Oceans საუკეთესო ქართული ინდი ბენდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე შეიძლება იყოს.

გენერატივისტები ასკვნიან, რომ "რეკურსია", ანუ წინადადებების წინადადებებში ჩაშენება, ხშირად ადამიანური ენების მახასიათებელია და ადამიანების უნარია.

(1)-(5)-ის მაგალითზე კი ირკვევა, რომ ყველა ენას აქვს "ღრმა" სტრუქტურა და "წესები", რომლებსაც ბავშვები ექსპლიციტურად კი არ სწავლობენ, არამედ როცა იბადებიან და ენას იდგამენ, ის "წესები" აქტიურდება. ამგვარად, ადამიანი იბადება "შინაგანი ენით", რომელსაც I-Language-ს ვეძახით (Internal Language), რომლის მეშვეობითაც ვსწავლობთ საუბარს, რასაც შეგვიძლია e-language დავუძახოთ. ამ უკანასკნელის წესებს სკოლებში, ქართულის გაკვეთილზე ყველა ვსწავლობთ, ხოლო i-language-ის წესები დასწავლადი არაა.

სინტაქსი, სტრუქტურა და მნიშვნელობა

ერთ-ერთი თვისება, რომელიც ადამიანურ ენას ახასიათებს მდგენელების წარმოებაა.

(1) დიდი ყვითელი წიგნი

(2) დიდი ლამაზი ყვითელი სქელყდიანი წიგნი

ორივე მაგალითში აშკარაა, რომ ზედსართავი სახელი "დიდი", არსებით სახელ წიგნს ახასიათებს და არა ყვითელს, მიუხედავად იმისა, რომ ორივეგან სიტყვა "დიდი" და სიტყვა "წიგნი" ერთმანეთისგან დაშორებულია. იმის მიხედვით თუ როგორ მდგენელებს ვაწყობთ თავში, იცვლება წინადადების მნიშვნელობაც. მაგალთად:

(3) მაიმუნი ყვითელ ბანანზე წერს;

(4) კაცმა მოკლა მეფე დანით;

აქ, (3) შეგვიძლია ორნაირად გავიგოთ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პროზით გატაცებულ მაიმუნი ყვითელი ბანანების თემაზე წერს ან შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მაიმუნს ნაწერი ბანანზე დააქვს, რომელიც ყვითელია. იგივენაირად, (4) შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მკვლელობის აქტი, სადაც მკვლელობის იარაღი დანაა ან შეიძლება დავასკვნათ, რომ მეფე, რომელიც მავანმა მოკლა დანით იყო შეიარაღებული. (4)-ის მაგალითზე მდგენელები შეგვიძლია გამოვყოთ:

(5) [კაცმა[მოკლა მეფე]დანით]

(6) [კაცმა[მოკლა[მეფე დანით]

"მოკლა მეფე" და "მეფე დანით" სხვადასხვანაირი მდგენელებია. მოიაზრება, რომ ეს უნარი, რომლითად მდგენელებად ვახარისხებთ წინადადებებს და ვანიჭებთ მას იერარქიულ სტრუქტურას, ასევე ჩვენი თანშობილი უნარია. ამ იერარქიის საილუსტრაციოდ ენათმეცნიერები სინტაქსურ ხეებს აგებენ ხოლმე. მოვიყვან მაგალითს, სადაც სინტაქსური ხე "ფრაზის სტრუქტურის წესების მიხედვითაა" აგებული.

(7) ვლადიმერმა თქვა რომ მან დაამარცხა ბოროტი ბურჟუაზია.

მაინც რას ვხედავთ ამ სინტაქსურ ხეზე? პირველ რიგში, წინადადებაში გამოყოფილია მეტყველების ნაწილები და შესაბამისი ფრაზები. N არსებითი სახელია (Noun), V ზმნა (Verb), C მაკავშირებელი (Complementizer). ეს მეტყველების ნაწილები ფრაზების ქვესიმრავლეებია. მაშ, არსებითი სახელის ფრაზა არის NP, ზმნური ფრაზა არის VP, ზედსართავი სახელის ფრაზა AP და ა.შ.

წინადადება რეალურად რთულია. ანუ, ის ორი წინადადებისგან შედეგება: "ვლადიმერმა თქვა" და "მან დაამარცხა ბოროტი ბურჟუაზია".

სინტაქსურ ხეს თუ დააკვირდებით, იერარქიას შენიშნავთ, რომელიც ზემოდან ქვემოთ მოდის. მეორე წინადადება პირველს ექვემდებარება, რადგან რასაც მეორე წინადადებაში ვკითხულობთ, ვლადიმერის ნათქვამია. შენიშნავთ, რომ ფრაზებით სიტყვებს შორის მიმართებებია გამოყოფილი. დააკვირდით ბოლო NP-ს — "ბოროტი ბურჟუაზია", აშკარაა, რომ ბოროტი ბურჟუაზიას მიემართება, შესაბამისად ისინი ერთადაა შეჯგუფებული.

ხეების ამგვარი აგების წესი მეოცე საუკუნის 50-იანებში გამოიყენებოდა და ახლა წინადადების სტრუქტურის და დამალული მიმართებების ჩვენების უკეთესი ხერხები გვაქვს, თუმცა მდგენელების და ფრაზების მიმართებების საჩვენებლად, ვგონებ, ეს სინტაქსური ხე გამოდგება.

გენერატივისტების მიზანი მეტყველების ფორმალური რეპრეზენტაციაა და ფორმალური წესების აგება, რომლებიც აღწერს როგორია ადამიანების ენა. რაც აქამდე განვიხილეთ, უნივერსალური გრამატიკის, სტიმულის ნაკლებობის (poverty of stimulus) და რეკურსიის ფენომენები, ენის საშენ მასალებად მოიაზრება. მათი "წესები" ფორმალური ლოგიკის წესებს ჰგავს. იმის გამო, რომ ძალიან ვრცელ თემაზე ვწერ, მეტ დეტალებში შევალ, თუმცა იმედი მაქვს მკითხველი დისციპლინით დაინტერესდება. მეტი სიცხადისთვის, მკითხველს ვურჩევ იხილოს ენდრიუ კარნის წიგნი "Syntax: A Generative Introduction".

უნივერსალური გრამატიკა — როგორ სწავლობენ ბავშვები ენას

როგორც ვაჩვენე, სინტაქსი და სემანტიკა ერთმანეთთან დაკავშირებულია. წინადადება შეიძლება სინტაქსურად იყოს გამართული:

(1) უფერულ მწვანე იდეებს მშფოთვარედ სძინავთ.

მაგრამ, სემანტიკურად იყოს უაზრო. მწვანე უფერული არაა, იდეა მშფოთვარე ვერ იქნება და ვერ ეძინება. ამასთანავე, წინადადების ფორმულირებიდან ხშირად მისი იდეა გამომდინარეობს.

იმისთვის, რომ თეორია გამართული იყოს, ის გარკვეულ გამოსავლიანობას უნდა წინასწარმეტყველებდეს. რა წინასწარმეტყველებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს გენერაციულ გრამატიკაში გაკეთებული მიგნებები? რა მიგვანიშნებს, რომ უნივერსალური გრამატიკა არსებობს. ემპირიული მტკიცებები ნაწილობრივ განვიხილეთ, როცა წინადადებების კითხვით ფორმაში გადაყვანაზე იყო საუბარი. თუმცა, უკეთესი არგუმენეტებიც არსებობს.

განვიხილოთ სემანტიკური ქვესიმრავლის პრინციპი და ლოგიკური ოპერატორების თანმიმდევრობა. ეს სიტყვები რთულად ჟღერს, მაგრამ მალე იმედია ყველაფერი ნათელი გახდება. ავიღოთ წინადადება:

(2) მარიამს პასტა ან სუში არ შეუკვეთავს
მარიამს არ შეუკვეთავს პასტა ან სუში

ამ წინადადებაში ორი "ლოგიკური ოპერატორია", უარყოფა, რომელსაც (¬)-ით აღვნიშნავთ და "ან", რომელსაც (v)-თი აღვნიშნავთ. (2) შეგვიძლია ლოგიკის ენაზე გადავიყვანოთ და დავწეროთ ¬(A v B), სადაც პასტას A-თი აღვნიშნავთ, ხოლო სუშის B-თი. უხეშად რომ ვთქვათ, აქ გვიწერია არა(პიცა ან სუში). ქართულად მოსაუბრე ადამიანებისთვის, (2)-იდან აშკარა უნდა იყოს, რომ მარიამს არც პასტა შეუკვეთავს და არც სუში. ეს შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც
¬A ∧ ¬B.

თუმცა, იგივე წინადადება რომ გადავთარგმნოთ მაგალითად ჩინურ ენაზე და ჩინელ ადამიანს წააკითხოთ ან მოასმენინოთ, მან შეიძლება სხვა დასკვნა გამოიტანოს. ეს ჭეშმარიტია თურქულისთვის, რომელსაც განსხვავებული სიტყვათ წყობა აქვს:

(3) Mariam makarna yada sushi siparis et-me-di
მარიამ პასტა ან სუში შეუკვეთა არ

ან ჩინურ ენაში, სადაც წინადადება (2)-ის მსგავსი წყობით შეიძლება ჩაიწეროს:

(4) Mariam méiyŏu diăn yìdàlìmiànshí huòzhě shòusī
მარიამი არ შეუკვეთა პასტა ან სუში

ჩინურში და თურქულ ენაზე მოსაუბრე ზრდასრული ადამიანებისთვის აშკარა არაა, რომ მარიამს არც პასტა შეუკვეთავს, არც სუში. მათ შეუძლიათ ეს წინადადება გაიგონ, რომ მარიამს ან პასტა არ შეუკვეთავს, ან სუში, ანუ ერთ-ერთი შეუკვეთა. მსგავს ბუნდოვნებებს ქართულშიც ვხვდებით, მაგალითად:

(5) ყველა ზღარბი ჟირაფთან მეგობრობს.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა ზღარბი ერთ კონკრეტულ ჟირაფს ემეგობრება, ან ზღარბები სხვადასხვა ჟირაფებთან მეგობრობენ. ფორმალურ სემანტიკაში ამ ფენომენს scope ambiguity, ანუ "ფარგლების ბუნდოვნება" ქვია (ეს ტერმინი პირდაპირ გადავთარგმნე, ქართულად შეიძლება სხვა შესატყვისი ჰქონდეს). თუმცა, ქართულენოვანი ზრდასრულებისთვის, ვვარაუდობ, რომ (5)-ის ნახვის შემდეგ, პირველი გაგება უფრო ბუნებრივია. უფრო ნათელი მაგალითის მოყვანა შეიძლება

(6) ივამ ცემა კაცი ჯოხით.

ამ წინადადების თავდაპირველი ხილვისას, ქართველენოვანთა უმეტესობა სავარაუდოდ დაასკვნის, რომ ივამ ვიღაც საცოდავი კაცი ჯოხით სცემა. თუმცა, ამ წინადადების ისე გაგებაც შეიძლება, თითქოს ივამ ჯოხით აღჭურვილ კაცს სცემა.

თავდაპირველ მაგალითებს (2)-(4)-ს რომ მივუბრუნდეთ, აშკარაა, რომ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეებს წინადადება სხვადასხვანაირად ესმით. ანუ, ერთი ლოგიკური ოპერატორი, ამ შემთხვევაში უარყოფა "არ", გადაწონის "ან"-ს. შესაბამისად, მორგანის კანონი, რომ ¬(A ∨ B) ⇒ ¬A ∧ ¬B ჭეშმარიტია. იგივე კანონს, ზოგი ენა მეტყველებისას მთლად არ ემორჩილება. ასეთ ენებზე ამბობენ, რომ მათ "შებრუნებული ფარგლები" აქვთ (inverse scope).

შენიშნავდით, რომ მაგალითების იტნერპრეტაციებზე საუბრისას, ვახსენებდი ზრდასრულ ადამიანებს, რადგან ზრდასრულებში ამა თუ იმ ენის სპეციფიკა გამჯდარია. თუმცა, ბავშვებში, რომლებსაც ენა ახალი ადგმული აქვთ, ეს ამა თუ იმ ენისთვის სპეციფიური წესები გამჯდარი არაა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ოჯახებში დაბადებული ბავშვები, მათ გარემოში არსებული სასაუბრო ენის სპეციფიკით აღჭურვილი არ არიან. გენერატივისტების ჰიპოთეზის თანახმად, მათ მხოლოდ უნივერსალური გრამატიკა აქვთ.

სემანტიკური ქვესიმრავლის პრინციპის მიხედვით, ენის ათვისებისას, თუ ერთი მნიშვნელობა, მეორე მნიშვნელობის ქვესიმრავლეა, მავანი ქვესიმრავლეს ამჯობინებს. ეს შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს, ამიტომ ვეცდები უკეთ განვმარტო ინგლისური ენის მაგალითზე:

(7) The dinosaur is only painting a house
(7a) The only thing the dinosaur is doing is coloring a house
(7b) The only thing the dinosaur is coloring is a house

ანუ, (7a)-ს მიხედვით, ერთადერთი რამ რასაც დინოზავრი აკეთებს, არის სახლის შეღებვა. მეორე მხრივ, (7b)-ის მიხედვით, ერთადერთი რამ, რასაც დინოზავრი ღებავს. თუ ჭეშმარიტია, რომ ერთადერთი რამ, რასაც დინოზავრი აკეთებს, სახლის შეღებვაა, აქედან გამომდინარეობს, რომ ერთადერთი რამ, რასაც დინოზავრის ღებავს, სახლია. ანუ, (7a) მოიცავს (7b)-ს. მეორე მხრივ, 7b-დან არ გამომდინარეობს 7a. ანუ, 7b-ს მიხედვით დინოზავრი შეიძლება მხოლოდ სახლს ღებავდეს და სხვა არაფერს, მაგრამ თან მღეროდეს ან ჰაერში ფრანს აფრიალებდეს. თუმცა, რადგან 7a-ში ერთადერთი რამ, რასაც დინოზავრი აკეთებს, სახლის შეღებვაა, ის არ შეიძლება, რომ სხვა რამესაც აკეთებდეს.

90-იანებში მკვლევრებმა ბავშვებს (7) ანახეს და შესაბამისი ფოტო და კითხეს, ამ დებულების მიხედვით რომელიც იყო ჭეშმარიტი (7a) (შესაბამისი ფოტოთი) თუ (7b), შესაბამისი ფოტოთი. ბავშვების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაასკვნა, რომ (7b) (7)-ის ერთადერთი სწორი იტნერპრეტაცია იყო.

იგივენაირად, როცა ჩინელ და თურქ ბავშვებს წარუდგინეს წინადადება "მარიამს პასტა ან სუში არ შეუკვეთავს", მათ დაასკვნეს, რომ მარიამს არც პასტა შეუკვეთავს, არც სუში, მაშინ როცა ზრდასრულმა ჩინელებმა და თურქებმა დაასკვნეს, რომ მარიამმა ერთ-ერთი არ შეუკვეთა, ან სუში ან პასტა.

ზემოხსენებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, გენერატივისტები ამტკიცებენ, რომ არსებობს კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ რეალურად ბავშვები ერთ ენაზე საუბრობენ, სანამ მათი საზოგადოებისთვის სპეციფიკური ენის სპეციფიურ წესებს არ ისწავლიან.

ენა და ადამიანის ბუნება

როცა ვფიქრობ, რა არის ადამიანობის საუკეთესო მახასიათებელი, პირველი ენა მახსენდება. მართლაც, გასაოცარია რამდენი უნიკალური ენა და დიალექტი არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რამდენად მსგავს პრინციპებს ექვემდებარება ყველა ადამიანური ენა.

ნოამ ჩომსკის შენიშვნა, რომ მარსელი დედამიწელებს რომ დააკვირდეს, მან შეიძლება დაასკვნას, რომ ყველა ადამიანი ერთ ენაზე, მაგრამ განსხვავებულ დიალექტზე საუბრობს. გენერაციული გრამატიკა ენის შესწავლის ძალიან საოცარი მიდგომაა, რადგან ის წარმოდგენას გვიქმნის თუ რატომაა ადამიანური ენა ისეთი, როგორც არის და რატომ არ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ენები.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ბიოლოგიური ორგანიზმები ვართ და ჩვენი შესაძლებლობები, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ენობრივი, ძალიან შეზღუდულია, ჩვენივე ბიოლოგიური სხეულებით. უნდა აღვნიშნო, რომ "გენერატივისტული მიდგომა" ყველასთვის მისაღები არაა და არსებობს არაერთი სხვა თეორია, თუ როგორ ვსწავლობთ ენას და როგორია ჩვენი ბუნება. მაგალითად, კოგნიტური ლინგვისტიკის მიმდევრები გენერაციული გრამატიკის საფუძველში არსებულ დაშვებებს ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და კვლევის განსხვავებულ მეთოდოლოგიას მისდევენ.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს სიმართლე ადამიანურ ენაზე, ეს შეიძლება ვერასდროს გავიგოთ. ერთი რამ კი ნამდვილად ჭეშმარიტია: ადამიანური ენის საფუძვლების შესწავლა უსასრულო ინტელექტუალური სიამოვნების წყარო შეიძლება იყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ