მეცნიერებმა ანტიკური ეგვიპტის იდუმალი ორსული ქალი მუმიის სახე აღადგინეს
მკვლევრები ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ მუმია კაც მღვდელს ეკუთვნოდა.
მუმია ქალისა, რომელიც სიკვდილის მომენტში ორსულად იყო, არქეოლოგებისთვის თავსატეხს წარმოადგენს, რადგან მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ახლა კი სპეციალისტებმა შექმნეს სახის 2 მიახლოებითი მოდელი, რომლებიც გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ეგვიპტელი ქალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული.
CT სკანირებისა და რენტგენის გამოყენებით, სასამართლო სპეციალისტები მუშაობდნენ მუმიის სახის რეკონსტრუქციაზე, რის შედეგადაც ქალის სახის 2 განსხვავებული ინტერპრეტაცია შექმნეს. ორივე რეკონსტრუქციაში ქალი მუქი კანითა და ყავისფერი თვალებითაა წარმოდგენილი.
"თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ მუმიის ვირტუალური გაკვეთა", — განაცხადა ვარშავას მუმიის პროექტის თანა-დირექტორმა ვოიჩეჩ ეჯმონდმა.
"იქნება ეს არქეოლოგიური თუ სასამართლო ექსპერტიზის სახის რეკონსტრუქცია, სახის რეკონსტრუქცია არ უნდა ჩაითვალოს პიროვნების ზუსტ პორტრეტად", — თქვა პროექტზე მომუშავე ექსპერტმა შანტალ მილანიმ. "თუმცა, ის ეფუძნება პრინციპს, რომ თავის ქალას, ისევე როგორც ანატომიური სტრუქტურების უმეტესობას, აქვს დეტალები, პროპორციები და ფორმები, რომლებიც ინდივიდუალურია ამ ადამიანისთვის და გამოვლინდება რბილი ქსოვილების მეშვეობით, რაც პიროვნულ ხასიათს მატებს საბოლოო გარეგნობას." მან დასძინა, რომ "სახე, რომელიც ფარავს ძვლის სტრუქტურას, მიჰყვება სხვადასხვა ანატომიურ წესს, ამიტომ სტანდარტული პროცედურების გამოყენება შესაძლებელია მის აღსადგენად — მაგალითად, ცხვირის ფორმის დასადგენად. ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რბილი ქსოვილების სისქის რეკონსტრუქცია სახის ძვლების ზედაპირზე მრავალ წერტილში. ამისათვის ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა პოპულაციისთვის მთელ მსოფლიოში."
პროექტის წევრი ჰიუ მორისონი შანტალს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, დაღუპული ფიგურალურად გავაცოცხლოთ.
სახის რეკონსტრუქცია უფრო მეტ ცოდნას იძლევა ქალზე, რომლის ვინაობაც არქეოლოგებს დღემდე აბნევს. მკვლევრები ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ მუმია კაც მღვდელს ეკუთვნოდა.
გასულ წელს Warsaw Mummy-ის (ვარშავას მუმია) პროექტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს კვლევა მუმიის შესახებ და უწოდეს მას "იდუმალი ქალი", რადგან მის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. მე-19 საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა იპოვეს მისი ნაშთები კაცი მღვდლის კუთვნილ დალუქულ სარკოფაგში, რომელიც მათ 1826 წელს გადასცეს ვარშავას უნივერსიტეტს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, ცხედრისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით, მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ ისინი უყურებდნენ, ალბათ, მსოფლიოში პირველ ცნობილ ორსულ მუმიას, რომელიც, როგორც ჩანს, დაახლოებით 28 კვირის ორსული იყო და 20 წლის ასაკში მოკვდა. მათ ასევე დაასკვნეს, რომ ქალს შეიძლება კიბო ჰქონოდა.
"ბევრი ადამიანისთვის ძველი ეგვიპტური მუმიები მუზეუმის ნაწილია", — თქვა ეჯმონდმა. "ჩვენ კი გვსურს მათი რეჰუმანიზაცია და იმის ჩვენება, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ცოცხალი, გრძნობადი და მოსიყვარულე ადამიანები, რომელთა სიკვდილი ტრაგედია იყო."
სახის რეკონსტრუქცია, ისევე როგორც ქალის ჰოლოგრაფიული გამოსახულება, გამოფენილი იქნება სილეზიის მუზეუმში (კატოვიცე, პოლონეთი) 2023 წლის 5 მარტამდე.
ასევე იხილეთ:
კომენტარები