მეცნიერებმა 31 000 წლის წინ მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სახე აღადგინეს — როგორ
ქვის ხანაში მცხოვრები 17 წლის გოგონა მეცნიერებს თავდაპირველად კაცი ეგონათ.
1881 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალა დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ მლადეჩში. იმ დროს მკვლევრებმა თავის ქალა დაახლოებით 31 000 წლით დაათარიღეს და ინდივიდი მამაკაცად მიიჩნიეს. თუმცა, როგორც ჩანს, ინდივიდის სქესი ვერ "გამოიცნეს", რასაც ახალი კვლევა ადასტურებს.
ახლა, 140 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მკვლევრებმა გამოასწორეს შეცდომა და აჩვენეს, რომ ე.წ. მლადეჩ 1-ის თავის ქალა ეკუთვნოდა 17 წლის გოგონას, რომელიც ზედა პალეოლითის პერიოდში ცხოვრობდა (დაახლოებით 43 000-26 000 წლის წინ).
მკვლევართა გუნდმა თავიანთი დასკვნა გამოაქვეყნა წიგნში, The Forensic Facial Approach to the Skull Mladeč 1, სადაც აღწერილია, თუ როგორ დააიდენტიფიცირეს არასწორად მეცნიერებმა "ევროპაში ნაპოვნი ერთ-ერთი უძველესი ჰომო საპიენსის სქესი".
"თავის ქალას ინდივიდუალური ანალიზისას, მისი თვისებები მიუთითებდა მამრობით სქესზე, მაგრამ როდესაც მოგვიანო კვლევებმა ის შეადარა ადგილზე აღმოჩენილ სხვა თავის ქალებს, მტკიცებულებები უთითებდა მდედრობით სქესზე", — განუცხადა Live Science-ს ციცერო მორაესმა, ბრაზილიელმა გრაფიკის ექსპერტმა და წიგნის ერთ-ერთმა თანაავტორმა.
მე-19 საუკუნის არქეოლოგიური გათხრებიდან შეგროვებული ინფორმაციის გამოყენებით, ასევე 1930-იან წლებში მკვლევრების მიერ შესრულებული სახის რეკონსტრუქციებით, რომლებიც შეზღუდული იყო ტექნოლოგიის ნაკლებობის გამო, მორაესმა და თანაავტორმა ჟირი შინდელარმა გამოიყენეს CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) თავის ქალის მიახლოებული ციფრული მოდელის შესაქმნელად. იმის გამო, რომ ქვედა ყბა აკლდა, მორაესმა გამოიკვლია თანამედროვე ადამიანის ყბების არსებული მონაცემები, რათა ინდივიდის ვიზუალური მახასიათებლები "გამოეცნო".
"ქალას რეკონსტრუქცია მოგვიწია და ამისთვის გამოვიყენეთ საშუალო და პროგნოზირებადი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამოღებული იყო თანამედროვე ადამიანის დაახლოებით 200 კომპიუტერული ტომოგრაფიიდან და არქეოლოგიური გათხრებიდან და მიეკუთვნება სხვადასხვა პოპულაციის ჯგუფებს, მათ შორის ევროპელებს, აფრიკელებსა და აზიელებს", — თქვა მორაესმა. "[ამან] საშუალება მოგვცა, წარმოგვედგინა ადამიანის სახის დაკარგული ნაწილები."
მონაცემების შევსების მიზნით, მკვლევრებმა "შეიტანეს ცოცხალი სუბიექტების კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები და ფორმა შეუცვალეს ძვლებსა და რბილ ქსოვილებს კომპიუტერული ტომოგრაფიიდან, რათა შესაბამისობაში მოსულიყო კონკრეტულ სახესთან", — დასძინა მან. "მლადეჩ 1-ის ფოსილის შემთხვევაში, ფორმა შევუცვალეთ შედეგებს ორი კომპიუტერული ტომოგრაფიიდან, სადაც ერთი ქალი იყო, ხოლო მეორე — კაცი, და ორივე გავიდა ძალიან მსგავს შედეგზე."
წიგნისთვის მორაესმა ინდივიდის ორი მიახლოებითი ციფრული პორტრეტი შექმნა, მაგრამ როდესაც საქმე გამომეტყველების არჩევაზე მიდგა, ცოტა შეყოყმანდა.
"ტრადიციისამებრ, ნეიტრალური სახის გამომეტყველება ავირჩიეთ, რადგან მიჩვეულები ვართ ჩვენი ნამუშევრების სპეციალისტებისთვის წარდგენას", — აღნიშნა მან. "ახლა ტენდენცია იქნება ნამუშევრისთვის ორი მიდგომის წარმოჩენა: ერთი უფრო მეცნიერული, მარტივი და ნაცრისფერში, თვალებდახუჭული და თმის გარეშე; ხოლო მეორე უფრო სუბიექტური, რომელშიც დავაგენერირებთ გაფერადებულ სახეს ბეწვითა და თმით."
მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდის სქესის არევა არქეოლოგებს იშვიათად ეშლებათ, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. მორაესმა მოიყვანა ბრაზილიაში აღმოჩენილი "ზუზუს" ჩონჩხის სწორედ ასეთი მაგალითი.
"ეს შემთხვევა განსხვავებული იყო. თავიდან იგი ქალად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანო კვლევებით დადასტურდა, რომ კაცი იყო", — აღნიშნა მორაესმა.
ასევე, შვედეთში იარაღთან ერთად დამარხული ვიკინგი თავდაპირველად მამრობითი სქესის წარმომადგენლად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ქალი იყო.
თავის ქალას გარდა, ქვის ხანის სამარხში აღმოჩენილი სხვა ნივთები თავდაპირველი გათხრების დროს მოიცავდა ქვის არტეფაქტებს, ძვლის წვერებსა და რამდენიმე კბილს. თუმცა, ამის გარდა, ბევრი არაფერია ცნობილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც იქ დაკრძალეს.
კომენტარები