მეცნიერებმა მე-18 საუკუნეში მცხოვრები, "ვამპირად" მიჩნეული ინდივიდის სახე აღადგინეს — ფოტო
200 წელზე მეტი ხნის შემდეგ, დნმ-ის შესწავლამ ცხადყო, თუ როგორ გამოიყურებოდა ის და დიახ, ის გენეტიკურად ადამიანი იყო.
მე-18 საუკუნის ბოლოს, გრისვოლდში, კონექტიკუტის შტატში, კაცი დაკრძალეს; მისი ბარძაყის ძვლები ერთმანეთთან იყო გადაჯვარედინებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივებს ის ვამპირი ეგონათ. თუმცა აქამდე მის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ, დნმ-ის მტკიცებულებები ცხადყოფს, თუ როგორ გამოიყურებოდა ის (და დიახ, ის გენეტიკურად ადამიანი იყო).
დნმ-ის ანალიზის ჩატარების შემდეგ დაასკვნეს, რომ სიკვდილის მომენტში, დაღუპული მამაკაცი (ცნობილი როგორც JB55) დაახლოებით 55 წლის და ტუბერკულოზით დაავადებული იყო. 3D სახის რეკონსტრუქციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, სასამართლო ექიმმა დაადგინა, რომ JB55-ს, სავარაუდოდ, ჰქონდა ღია ფერის კანი, ყავისფერი ან თაფლისფერი თვალები, ყავისფერი ან შავი თმა და ჭორფლები.
საფლავში ფეხებისა და თავის ქალას განლაგებიდან გამომდინარე, მკვლევრები ეჭვობენ, რომ რაღაც მომენტში ცხედარი დაიშალა და ხელახლა დაკრძალეს — ეს პრაქტიკა ხშირად ასოცირდება რწმენასთან, რომ ვიღაც ვამპირი იყო. ისტორიულად, ზოგს ოდესღაც ეგონა, რომ ისინი, ვინც ტუბერკულოზით დაიღუპნენ, ვამპირები იყვნენ.
"ნაშთები იპოვეს მკერდზე გადაჯვარედინებული ბარძაყის ძვლებით — ამ გზით ისინი ვერ შეძლებდნენ სიარულს და ხალხზე თავდასხმას", — განაცხადა ელენ გრეიტაკმა, Parabon NanoLabs-ის ბიოინფორმატიკის დირექტორმა და ორგანიზაციის Snapshot Advanced DNA Analysis-ის განყოფილების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა.
ანალიზების ჩატარება სასამართლო მეცნიერებმა დაიწყეს მამაკაცის ჩონჩხის ნაშთებიდან დნმ-ის ამოღებით. თუმცა ორ საუკუნეზე მეტი ასაკის ძვლებთან მუშაობა რთული აღმოჩნდა.
"ტექნოლოგია კარგად არ მუშაობს ძვლებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ძვლები ისტორიულია", — თქვა გრეიტაკმა. "როდესაც ძვლები ბერდება, ისინი იშლება და ფრაგმენტდება დროთა განმავლობაში. ასევე, როდესაც ნაშთები ასობით წლის მანძილზე იყო კონკრეტულ ადგილას, ბაქტერიებისა და სოკოების მსგავსი გარემოს დნმ ასევე ხვდება ნიმუშში. ჩვენ გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ შეგვეძლო დნმ-ის ამოღება რთული ისტორიული ნიმუშებიდან."
გენომის ტრადიციული თანმიმდევრობისას, მკვლევრები ცდილობენ, ადამიანის გენომის თითოეული ნაწილი 30-ჯერ დაალაგონ თანმიმდევრობით, რაც ცნობილია როგორც "30X დაფარვა". JB55-ის დაშლილი ნაშთების შემთხვევაში, თანმიმდევრობამ მხოლოდ 2,5X დაფარვა გამოიღო. ამის შესავსებად, მკვლევრებმა დნმ ამოიღეს იქვე დაკრძალული ინდივიდისგან, რომელიც, სავარაუდოდ, JB55-ის ნათესავი იყო. ამ ნიმუშებს კიდევ უფრო ცუდი, დაახლოებით, 0,68X დაფარვა ჰქონდა.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ ისინი იყვნენ მესამე ხარისხის ნათესავები, ან პირველი ბიძაშვილები", — თქვა გრეიტაკმა.
არქეოლოგებმა თავდაპირველად აღმოაჩინეს "ვამპირის" სავარაუდო ნაშთები 1990 წელს. სასამართლო მეცნიერებმა 2019 წელს ამოიღეს მისი დნმ და შეიყვანეს ონლაინ გენეალოგიურ მონაცემთა ბაზაში, რისი მეშვეობითაც დაადგინეს, რომ JB55 სინამდვილეში იყო კაცი სახელად ჯონ ბარბერი, ღარიბი ფერმერი, რომელიც, სავარაუდოდ, ტუბერკულოზმა მოკლა. მეტსახელი JB55 ეყრდნობოდა მის კუბოზე გამოსახულ ეპიტაფიას, რომელიც აღნიშნავდა მის ინიციალებსა და სიკვდილის ასაკს.
მკვლევრები გამოავლენენ თავიანთ ახალ დასკვნებს, მათ შორის, სახის რეკონსტრუქციას, ვაშინგტონში (აშშ) ადამიანის იდენტიფიკაციის საერთაშორისო სიმპოზიუმის (ISHI) კონფერენციაზე, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ, 3 ნოემბერს, დასრულდება.
კომენტარები