მკვლევრებმა შუა საუკუნეებში მცხოვრები შოტლანდიელი ქალის, მღვდლისა და ეპისკოპოსის სახეები აღადგინეს
1957 წელს შოტლანდიაში აღმოჩენილი 3 ჩონჩხის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, თუმცა დღეს, 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მკვლევრებმა გამოიყენეს სასამართლო მეცნიერება და ტექნოლოგია, რათა ამ ჩონჩხების სახეები 3D რეკონსტრუქციის საშუალებით აღედგინათ.
პროექტი, სახელწოდებით Cold Case Whithorn, არის ინიციატივის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს The Whithorn Trust, შოტლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მართავს Whithorn Priory-ს, შოტლანდიის ერთ-ერთ ადრეულ ქრისტიანულ საზოგადოებას და იმ ადგილს, სადაც ჩონჩხები იპოვეს. BBC News-ის თანახმად, პროექტის მიზანია, "გამოავლინოს ფაქტები შოტლანდიის შორეული წარსულის ადამიანების ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და ჯანმრთელობაზე".
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა 31 000 წლის წინ მცხოვრები ახალგაზრდა ქალის სახე აღადგინეს — როგორ
კრის რინმა, თავის ქალასა და სახის ანთროპოლოგმა შოტლანდიაში, გამოიყენა ტექნოლოგიისა და პრაქტიკული ტექნიკის ნაზავი სამი თავის ქალას — ახალგაზრდა ქალის, მღვდლისა და ეპისკოპოსის — აღსადგენად, რომელთაგან ეს უკანასკნელი გახდა თემის ეპისკოპოსი 1209 წელს. რინის პირველი ნაბიჯი იყო თითოეული თავის ქალას 3D სკანირების შექმნა.
"არ მინდოდა, რომ ეს სახეები ციფრულ სკულპტურებს დამსგავსებოდა, ამიტომ, როდესაც საქმე კუნთებს ეხებოდა, გამოვძერწე ისინი ცვილში და შემდეგ 3D სკანირება გავუკეთე ისე, როგორც თავის ქალა იყო სკანირებული", — თქვა რინმა პროექტის ვიდეო პრეზენტაციაში. "მე ის ვაქციე ადამიანად ფოტოგრაფიული ტექსტურების დამატების გზით, შევარჩიე რამდენიმე განსხვავებული, 3D მოდელის მსგავსი, ადამიანის ფოტოები და დავაპროექტირე თავის ქალაზე."
შედეგად, რინმა მიიღო შუა საუკუნეებშ მცხოვრები სამი ადამიანის უაღრესად რეალისტური 3D რეკონსტრუქცია. მათ "გასაცოცხლებლად" რინმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რისი საშუალებითაც, შეძლო მათი გამოძრავება და გაღიმება.
"თავის ქალებზე ერთმანეთის გვერდით მუშაობა მართლაც საინტერესო იყო, რადგან ერთ-ერთი მათგანი, მღვდელი ტუჩისა და სასის ნაპრალით, ყველაზე ასიმეტრიული თავის ქალაა, რომელზეც კი ოდესმე მიმუშავია", — თქვა რინმა ვიდეოში. "მეორე, ახალგაზრდა ქალი, ყველაზე სიმეტრიული თავის ქალაა, რომელზეც მიმუშავია."
The Whithorn Trust-ის განვითარების მენეჯერი ჯულია მუირ-ვატის აზრით, ამგვარი შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, წარსულიდან "გავაცოცხლოთ" ადამიანები, მეტ ცოდნას მოგვცემს ჩვენს ისტორიასა და წინაპრებზე: "ყოველთვის გამოწვევაა იმის წარმოდგენა, თუ როგორი იყო სინამდვილეში ცხოვრება შუა საუკუნეებში და ეს რეკონსტრუქციები ბრწყინვალე გზაა იმის გასაგებად, თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში ეს ადამიანები ჩვენი წარსულიდან და როგორი იყო მათი ყოველდღიური ცხოვრება, იმედები და რწმენა."
კომენტარები