მულტიმილიონერი რიში სუნაკი, პირველი ფერადკანიანი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერმინისტრი გახდა, ისტორიას დაწერს, როგორც პირველი ინდუისტი, რომელიც ქვეყანას მართავს. ამავდროულად, ის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრია და მესამე ადამიანია, ვინც ბოლო 1 წელში დაუნინგ სტრიტზე დასახლდება.

სუნაკმა მედიისა და საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ წინა შერჩევის დროს მიიქცია, როცა ლიზ ტრასთან ერთად კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა. ახლა კი მის მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ბრიტანულმა და საერთაშორისო მედიებმა მალევე უპასუხეს კითხვებს, ვინ არის რიში სუნაკი და რას შეიძლება ველოდოთ მისგან.

ბიოგრაფია და ფინანსები

სუნაკი საუთჰემპტონში 1980 წელს ინდოელი მშობლების ოჯახში დაიბადა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ აფრიკიდან გადავიდნენ. მამა ექიმი იყო, დედა კი საკუთარ აფთიაქს მართავდა. სამი შვილიდან უფროსმა, სუნაკმა განათლება კერძო სკოლა-ინტერნატში, ვინჩესტერის კოლეჯში მიიღო, სადაც სწავლა წელიწადში 43 335 ფუნტი ღირდა. მან სკოლას ბოლო წლებში 100 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი შესწირა.

სუნაკმა სწავლა პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის მიმართულებით ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო, მიენიჭა პირველი კლასის ხარისხი. მოგვიანებით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო.

ოჯახი

პრემიერმინისტრის ცოლი, 42 წლის მერტი, არის ინდოელი მილიარდერის შვილი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ინდოეთის ბილ გეითსს. ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ამ წლის აპრილში გაირკვა, რომ მერტი გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტი იყო და თავიდან იცილებდა გადასახადებს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ დაიწყებდა გაერთიანებული სამეფოს გადასახადების გადახდას, რათა პოლიტიკური ზეწოლა შეემსუბუქებინა.

სუნაკისა და მერტის ერთობლივი ქონება შეფასებულია 730 მილიონ ფუნტ სტერლინგად, რაც ორჯერ აღემატება მეფე ჩარლზ III-ისა და კამილას, დედოფალ კონსორტის ქონებას. სწორედ ამ მიზეზის გამო სუნაკი საზოგადოების ნაწილში უნდობლობას იწვევს, რადგან არ სჯერათ, რომ ასეთი მდიდარი ადამიანებისთვის ხალხის ყოფითი პრობლემები მნიშვნელოვანი იქნება.

პოლიტიკური კარიერა

სუნაკი დეპუტატად პირველად 2015 წელს აირჩიეს, თუმცა წინ მალე წავიდა და 2020 წლის თებერვალში, ბორის ჯონსონის დროს ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ცნობადობა პანდემიის დროს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის მომზადებით მოიპოვა.

როგორც BBC წერდა, სუნაკისა და მინისტრ საჯიდ ჯავიდის გადაწყვეტილებამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, გზა გაუხსნა მაღალჩინოსნების გადადგომის ნაკადს, რომელმაც, საბოლოოდ, ჯონსონის გადადგომა გამოიწვია.

ფოტო: Rishi Sunak / FB

CNN აღნიშნავს, რომ რიში სუნაკის წინსვლა ბრიტანულ პოლიტიკაში მთავარ თანამდებობაზე გასაოცარია. სულ რაღაც შვიდი კვირის წინ, კონსერვატიული პარტიის ლიდერობის კონკურსში ის ლიზ ტრასმა სასტიკად დაამარცხა, ახლა კი ლიდერობის კონკურსში გამარჯვებული თავადაა. სუნაკმა ტრასის გეგმები ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით თავიდანვე გააკრიტიკა — თქვა, რომ გადასახადების შემცირებისა და ყოველდღიური ხარჯების დაფინანსება სესხის აღების გზით ქვეყნის ეკონომიკურ განადგურებას გამოიწვევდა.

ფოტო: Rishi Sunak / FB

დღეს სუნაკი მეფეს შეხვდა და ოფიციალურად პრემიერმინისტრად დასახელდა. შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ მთავრობის დღის წესრიგში ეკონომიკური სტაბილურობა იქნება.

მან პირობა დადო, რომ შეასრულებს კონსერვატიული მანიფესტის დაპირებებს, როგორიცაა ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, უკეთესი სკოლები, უფრო უსაფრთხო ქუჩები, საზღვრების კონტროლი, გარემოს დაცვა, შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და ეკონომიკის გაძიერება, რაც მოიცავს Brexit-ის შეთანხმებას.

"გაერთიანებული სამეფო დიდი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მე ვიქნები კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომავალი პრემიერმინისტრი. მე მინდა, გამოვასწოროთ ჩვენი ეკონომიკა, გავაერთიანო ჩვენი პარტია და გავაძლიერო ქვეყანა," — ნათქვამია რიში სუნაკის ფეისბუქ პოსტში, რომელიც მან პრემიერად წარდგენის ოფიციალურ ცერემონიამდე გამოაქვეყნა.

ფოტო: Rishi Sunak / FB