ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

  • ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
  • ვიზიტი ოფიციალურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების თემა დღის წესრიგში არ ყოფილა.

რა ვიცით ლუკაშენკოს ვიზიტზე: ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტი პუტინის ინიციატივაა და თქვა: "გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".

  • დე ფაქტო რეჟიმის ვიდეოებში ლუკაშენკოს არცერთხელ არ მოუხსენებია აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა: "ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არის, მას რუკიდან ვერ წაშლი, ვერანაირი სანქცია ამას ვერ იზამს".
  • გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებდა იმასაც, რომ არავისთვის ცუდი არ უნდათ, მათ შორის, არც საქართველოსთვის.
    "ჩვენ ჩამოვედით სიკეთით. თუ რამით შეგვიძლია თქვენი დახმარება, თან ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, მისი მიმართულებები კი არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

  • უწყებაში "პროტესტის ნიშნად" ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.
  • პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკოს საქციელი.
  • " ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", — განაცხადა მან.