ცხოვრება მიწისძვრის შემდეგ: მკერავის ისტორია
1988 წელს მიწისძვრამ ჩრდილოეთ სომხეთი გაანადგურა, დაანგრია ქალაქები და იმსხვერპლა, სულ მცირე, 25 000 ადამიანი. 30 წლის შემდეგ გიუმრიში, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში ტრაგედიის გავლენას კვლავ გრძნობენ ჰაიკუჰი გალსტიანი და მისი ქმარი.
ჰაიკუჰი გალსტიანი არაფერია თუ არა ამტანი. 63 წლის ასაკში პატარა სახლში, სადაც ქმართან, ვოლოდია სარგსიანთან ერთად ცხოვრობს, მოწყობილი აქვს სამკერვალო, რომელიც მუდამ დატვირთულია.
მხიარული და შრომისმოყვარე გალსტიანი ცდილობს არ აჩვენოს, რომ მთელი თავისი ცხოვრება დაუღალავ შრომაში გაატარა, რათა არსებობა შესძლებოდათ მას შემდეგ, რაც მისი ქალაქი განადგურდა — ჯერ ბუნებრივი კატასტროფით, შემდეგ დეგრადაციითა და სიღარიბით.
გალსტიანი გიუმრიში დაიბადა და გაიზარდა. მუშაობა 1975 წელს დაიწყო.
"სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ შეგირდად სამკერვალოში წავეყვანე. ასე დაიწყო ჩემი ისტორია".
იმ დროისთვის გიუმრი მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი იყო, განთქმული სამკერვალოებისა და "ატელიების" დიდი რაოდენობით.
გალსტიანს გაუმართლა — მან 18 წელი გაატარა იმ ატელიეში, სადაც მამამ წაიყვანა.
ბევრ სხვას ნაკლებად გაუმართლა. მისი მუშაობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, მიწისძვრამ ჩრდილოეთ სომხეთი დაანგრია, 25 ათასიდან 50 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, მიწასთან გაასწორა ქალაქი სპიტაკი და გიუმრის უამრავი ატელიე გაანადგურა. გალსტიანის სამუშაო ადგილი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმეს შორის, რომელიც გადარჩა. ის მხოლოდ 1993 წელს წამოვიდა, დაქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ.
სახლის პოვნა
თუმცა მას და მის ოჯახს მიწისძვრისთვის თავი უვნებლად არ დაუღწევიათ.
ტრაგედიის შედეგად ვოლოდიას სახლი განადგურდა. მისი ჩამოშლის შემდეგ, წყვილი პატარა სივრცეში ცხოვრობდა, რომელიც ერთ დროს სამზარეულო იყო — მათი სახლის ერთ-ერთი ნაწილი, რაც არ ჩამონგრეულა, რადგან სახლიდან მოშორებით ჰქონდათ მოწყობილი.
გიუმრის ცენტრში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის უკან, მათი სახლად გადაქცეული სამზარეულო მხოლოდ 35 კვადრატული მეტრია — მისაღები ოთახი, სადაც, ასევე, გალსტიანის სახელოსნო ფუნქციონირებს, მოიცავს საწოლს, რამდენიმე სკამს, პატარა მაგიდას, ტელევიზორსა და მჭიდროდ ჩადგმულ მაცივარს. ჰაიკუჰის სამკერვალო მანქანას საამაყო ადგილი აქვს მიჩენილი, ზუსტად ფანჯრის ქვეშ დევს, რათა მზის შუქი ბოლომდე მისწვდეს.
სამზარეულო და სააბაზანო დარჩენილ ოთახშია მოწყობილი — დაძველებული საშხაპე და ტუალეტი ფარდის მიღმაა, ხოლო სამზარეულოს ფუნქციას პატარა ნიჟარა და თარო ასრულებს.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა ბოლო 30 წელია მათი სახლის ფუნქციას ასრულებს, ის საცხოვრებლად მაინც არასაიმედოა.
ეს პატარა სახლი ნაკადულის თავზეა განთავსებული და აჩენს რისკს, რომ შემდეგი სეისმური აქტივობის შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი დაიკარგოს, რაც ჰაიკუჰისა და ვოლოდიას გააჩნიათ. საფრთხე რეალურია — 1990 წელს მათი მეზობლის გარაჟი ჩამოინგრა. მართალია არავინ დაშავებულა, თუმცა ნაგებობა მთლიანად დაანგრიეს.
"მიწისძვრის შემდეგ, ეს სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო... ნელ-ნელა ეს შენობა სახლად ვაქციეთ. ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. რა დაგვრჩება, თუ ჩვენი სახლიც ჩამოინგრევა?" — თქვა გალსტიანმა.
ძალების აღდგენა
გიუმრიში მსგავსი პირობები იშვიათობას არ წარმოადგენს. გიუმრის მუნიციპალიტეტის ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რეგიონში 2 756 თვითნაკეთი თავშესაფარია, რომელიც მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები არიან შესახლებული.
გერმანულმა და იტალიურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კატასტროფის შემდეგ სწრაფი ჰუმანიტარული რეაგირების ფარგლებში დროებითი საცხოვრებლები ააგეს, სადაც დაზარალებულები, მაქსიმუმ, 5 წლით უნდა დაბინავებულიყვნენ. თუმცა დღეს, 30 წლის შემდეგაც, ოჯახები კვლავ აგრძელებენ იქ ყოფნას.
მიუხედავად იმისა, რომ 1988 წლის მიწისძვრის შემდეგ, ტერიტორიის აღდგენის მიზნით საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა და სამთავრობო პროგრამების განხორციელება დაიწყო, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ ეს საქმე შეაფერხა.
საფუძველი უკვე ჩაყრილი იყო და არსებობდა მზაობა, თავშესაფრის გარეშე დარჩენილებისთვის ახალი სახლები აეგოთ, თუმცა ეს გეგმა იმ დროისთვის არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩავარდა.
2008 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა რეგიონის სრული აღდგენისა და 2012 წლამდე დაზარალებულების შესახლების პირობა დადო, თუმცა ათი წლის შემდეგაც გეგმა შეუსრულებელია.
უპრეცედენტო სტიქიის შედეგად რეგიონის ეკონომიკა დაზარალდა — წინათ ხმაურიანი ინდუსტრიული ჰაბი, გიუმრი და მიმდებარედ შირაქის პროვინცია, უკიდურესად გაღარიბდა. 1988 წლის შემდეგ, პროვინცია სომხეთის ერთ-ერთ უღარიბეს რეგიონად იქცა. სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის 2020 წლის მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 45% სიღარიბეში ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობა განახევრდა, რადგან მათი ნაწილი ახალი სამსახურებისა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად ემიგრაციაში წავიდა.
თავის გატანა
მათთვის, ვინც დარჩა, შესაძლებლობები ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ გიუმრიში ახალი საცხოვრებლები არსებობს, ქირა ძალიან ძვირია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახიფათო პირობებში ცხოვრების პარალელურად, თავის გატანას ცდილობს.
ეს ეხება გალსტიანსაც, რომელიც თავის თავს და ქმარს არჩენს – ვოლოდია ადრე მკერავი იყო, მაგრამ 1974 წელს მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ პერიოდულად აკეთებდა მცირე სამუშაოებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ახლა ის დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარაებს.
"მიჩვეული ვარ მუშაობას. კერვით არასდროს ვიღლები. იყო დრო, როცა დილის 2-3 საათამდე ვმუშაობდი, თუმცა დაღლილობა არასდროს მიგრძნია", — ამბობს გალსტიანი.
მისი თქმით, მას უამრავი ერთგული კლიენტი ჰყავს — ზოგიერთი ჯერ კიდევ მიწისძვრამდე პერიოდიდან მოყოლებული. ნაწილი გიუმრის გარეთ ცხოვრობს, ნაწილი ქვეყნის გარეთ. მაგრამ ჰაიკუჰის კარი კლიენტებისთვის მუდამ ღიაა.
ადრე მთლიან კოსტიუმებზეც მუშაობდა, თუმცა დღესდღეობით თავის გატანას მეტწილად მცირე შეკვეთებით ახერხებს. წყვილი მთავრობისგან ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ფინანსურ დახმარებას არ იღებს.
მათი თქმით, რამდენჯერმე მიიღეს დახმარების შეთავაზება გიუმრის მუნიციპალიტეტისგან, თუმცა უარი თქვეს, რადგან შესაძლოა, სხვებს ეს უფრო მეტად დასჭირვებოდათ.
მომავლის იმედი
მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის შემდეგ გიუმრის აღდგენითი სამუშაოები ნელა მიმდინარეობს, ის კვლავ გრძელდება. მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1989 წლიდან 2021 წლამდე ფუნქციონირებდა, 5 419-მა ოჯახმა ახალი სახლები მიიღო.
ამ პროექტის დასრულების შემდეგ, სომხეთის მთავრობა ახალ პროგრამაზე მუშაობას მათთვის, ვისაც კვლავ სჭირდება დახმარება. მისი დაწყება, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის იგეგმება.
უფრო ადგილობრივ დონეზე, გიუმრის მუნიციპალიტეტი არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რათა უსახლკაროდ დარჩენილები ბინებით უზრუნველყოს. 2017-2020 წლებში დახმარებისა და განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით 41 ბინა აშენდა. კიდევ ერთ სომხურ NGO-სთან, Ark-თან მუშაობის ფარგლებში, ერთად უახლოეს მომავალში 10 ბინის გადაცემა იგეგმება.
თუმცა გალსტიანი არ ელის, რომ საცხოვრებელს მალე შეიცვლის. კატასტროფის, ომისა და პოლიტიკური გადატრიალების პერიოდში ცხოვრების შემდეგ, ის თავის სამუშაოს უყურებს როგორც მუდმივი სიამაყისა და სიხარულის წყაროს. გეგმავს, რომ მკერავად კიდევ ძალიან დიდ ხანს იმუშავოს.
"ეს სრულიად ჩემია. რასაც ვაკეთებ, დიდი სიყვარულით ვაკეთებ და მჯერა, რომ ყველაფერი იმ სიყვარულშია, რომელსაც ჩადებ".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები