თალიბანის და ძალადობის წელი — რა ხდება ავღანეთში
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარები გავიდნენ — თალიბებმა ქაბული აიღეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. გასული წლის აგვისტოს ბოლოს ევაკუაციის პროცესი ოფიციალურად დასრულდა და 20-წლიანი ომის შემდეგ ავღანეთი უკანასკნელმა სამხედრომაც დატოვა.
მოსვლისთანავე თალიბანი ამტკიცებდა, რომ ხალხს შეეძლო თავიანთ რუტინულ ყოველდღიურობას დაბრუნებოდა, თუმცა მალევე დაიწყეს მოქალაქეების დევნა, დაბლოკეს არაერთი მედიასაშუალება, შეზღუდეს ქალების უფლებები — დააწესეს ტანსაცმლის შესახებ რეგულაციები და კანონი, რომელიც კრძალავს კაცის გარეშე საზოგადოებრივ ადგილებში შესვლას, ქალებს შეეზღუდათ განათლების უფლებაც.
ძალაუფლების ჩაგდების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე თალიბებმა ისიც განაცხადეს, რომ "მიესალმებიან თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესას". მომდევნო თვეს კი მედიის წინააღმდეგ მთელი რიგი დირექტივები დააწესეს.
ქალ ჟურნალისტებს სახელმწიფო მედიაში მუშაობა ეკრძალებათ, კერძო მედიასაშუალებებში გამოჩენა კი მხოლოდ სახის დაფარვის შემთხვევაში შეუძლიათ. მედიაკომპანიებს მუსიკის, პოპულარული სერიალებისა და გასართობი გადაცემების გაშვებაზეც დაუწესდათ შეზღუდვა, რის გამოც, რეკლამები შეწყდა, ბევრი გამოცემა კი დაიხურა.
- ავღანელი ქალები დამსხვრეული ოცნებებისა და შიშების პირისპირ
- ყოველი დღე უკანასკნელი მგონია — ავღანელი აქტივისტი ქალი
რამდენიმე დღის წინ, 14 აგვისტოს, ქაბულის აღების წლისთავამდე ერთი დღით ადრე განათლების სამინისტროსთან 40-მდე ქალი შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ: "პური, სამუშაო და თავისუფლება" და ეჭირათ ბანერი: "15 აგვისტო შავი დღეა". თალიბებმა მარში დაარბიეს და აქტივისტებზე ფიზიკურად იძალადეს.
ამ ერთ წელში ავღანეთში არსებული მდგომარეობა მნიშნველოვნად რომ გაუარესდა, ამას არაერთი ორგანიზაციის განცხადება მოწმობს. მაგალითად, Amnesty International-ის ივლისის ანგარიშში ნათქვამია, რომ თალიბებმა ქალებისა და ბავშვების უფლებები გაანადგურეს. ხაზგასმითაა აღნიშნული შეურაცხყოფისა და წამების შესახებ იმ ქალების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
ამ პრობლემებზე საუბრობს გაეროც. მათი ცნობით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, დაკავებები და წამება. ივლისში გაეროს უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ ავღანეთის ეკონომიკა თალებების კონტროლის დამყარების შემდეგ 30-40%-ით შემცირდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი თალიბანი ძალაუფლებაში მოვლას ზეიმობს. Reuters-მა გაავრცელა ფოტოები ქაბულის ქუჩებიდან, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავენ თალიბები ქაბულის დაცემის წლისთავს.
კომენტარები