სტამბულში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა განიხილეს და რისთვის არიან მზად მოლაპარკებების პროცესში. ძირითადი ყურადღება მათ უსაფრთხოების გარანტიების მიღების საკითხს დაუთმეს.

უსაფრთხოების გარანტიები

დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიან განაცხადა, რომ ისინი დაჟინებით მოითხოვენ, ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიებზე იყოს ქმედითი და არა ისეთივე ფურცელი, როგორც ბუდაპეშტის მემორანდუმი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ არაფერზე მოუწერიათ ხელი და ეს შეთავაზებაა.

"ჩვენ გვინდა, რომ იყოს მოქმედი საერთაშორისო მექანიზმი უკრაინისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებით, სადაც გარანტი ქვეყნები ნატოს მე-5 მუხლის ანალოგის მიხედვით იმოქმედებენ, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი, რადგან არსებობს მოტივაციის მექანიზმი. ჩვენ ვამბობთ — კონსულტაციები უნდა გაიმართოს სამ დღეში, ეს შეიძლება იყოს აგრესია, ჰიბრიდული ომი, ნებისმიერი ფორმატით შენიღბული ომი.

ამის შემდეგ გარანტორმა ქვეყნებმა უნდა მოგვაწოდონ სამხედრო დახმარება შეიარაღებული ძალებისთვის, იარაღის, დახურული ცის სახით — ყველაფერი, რაც ახლა ძალიან გვჭირდება და ვერ ვიღებთ", — განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, გარანტორებს შორის ხედავენ გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი, ისრაელი).

"ჩვენ ვთავაზობთ თავისუფალ შეერთებას უსაფრთხოების ხელშეკრულებაში: თუ სხვა ქვეყნებს სურთ გაწევრიანება, ჩვენ მათ ამის კანონიერ უფლებას მივცემთ", — განაცხადა მან.

რეფერენდუმის აუცილებლობა

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ის შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხზე ეროვნული რეფერენდუმის ჩატარდება.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ განხორციელდება ის.
ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს კონტაქტი საზოგადოებასთან და მიიღოს დადებითი შედეგები იმაზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების კონტური, რომელსაც მიიღებს უკრაინა", — თქვა მან.

ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი

არახამიამ აღნიშნა ისიც, რომ აქვთ გადაუჭრელი საკითხები ორდლოსა და ყირიმთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე.

"ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გასცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველოდებით ოფიციალურ განცხადებებს. ეს არის სისტემა, რომელზედაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ უკრაინის ახალი მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით", — განაცხადა მან.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დელეგაცია სთავაზობს რუსეთს შეთანხმების ცალკეულ პუნქტში დააფიქსიროს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსის საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებებით 15 წლის განმავლობაში გადაწყდება.

"რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმი, ეს ასევე არის შეთანხმების ცალკეული პუნქტი. ჩვენ ვთავაზობთ უკრაინისა და რუსეთის წინადადების დაფიქსირებას 15 წლის განმავლობაში გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკებები ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე", — განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე დაამატა, რომ ცალკე პუნქტში უკრაინა სთავაზობს რუსულ მხარეს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, არ გამოიყენონ სამხედრო ან შეიარაღებული ძალები ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად.

უკრაინის დელეგაცია ვარაუდობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედს პირდაპირ მოლაპარაკებებში გაადწყვეტენ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები.

რა თქვა რუსეთის დელეგაციამ

რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის 2 მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. მათი თქმით, ისინი შეამცირებენ საბრძოლო აქტივობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

მედინსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, რუსულმა მხარემ უკრაინიდან განსახილველად მიიღო "მათი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია შეთანხმებაში ჩართვასთან დაკავშირებით" და ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, როცა შეატყობინებენ პუტინს.

მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. მისი თქმით, ეს ვერსია იძლევა დამატებით შესაძლებლობებს პოლიტიკური ნიუანსების განხილვისთვის.

მნიშნველოვანია ისიც, რომ მედინსკის თქმით, უკრაინის წინადადებები გულისხმობს, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

როდის იქნება შემდეგი რაუნდი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი გაირკვევა მას შემდეგ, როცა ცნობილი იქნება რუსული მხარის რეაქცია უკრაინის შეთავაზებულ უსაფრთხოების ხელშეკრულების კონცეფციაზე.

"უკვე არის მოწინააღმდეგეების პირველი დადებითი რეაქცია - მზადყოფნა რადიკალურად შეწყვიტოს ცეცხლი ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით. ეს გადაჭრის მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პრობლემებს", — განაცხადა პოდოლიაკმა.