დამსხვრეული მინა ხარკოვის რკინიგზის სადგურზე
ისლამ მელიკოვი ბაქოში დაიბადა. მან ბოლო სამი ათწლეული ხარკოვში გაატარა. OC Media მას უკრაინული ქალაქიდან გაქცევაზე და პოლონეთი-უკრაინის საზღვართან თავშესაფარში ომის შესახებ ფიქრებზე ესაუბრა.
ისლამ მელიკოვს პოლონეთის სასაზღვრო ქალაქში, პრჟემიშლში, იულიუშ სლოვაცკის პირველ საშუალო სკოლაში ვესაუბრე. ის იქ თავის ცოლთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად იყო — ძალებს იღდგენდა, სანამ გერმანიისკენ გაემგზავრებოდა.
ბაქოში დაბადებული ეთნიკურად აზერბაიჯანელი ისლამ მელიკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში ბოლო სამი ათწლეული ცხოვრობდა.
"ჩვენ პოლონეთში 23 მარტს 18:00 საათზე ჩამოვედით", — მითხრა მან.
"მარტო რომ ვყოფილიყავი, იქ დავრჩებოდი [უკრაინაში]. მაგრამ პატარა ბავშვებთან ერთად, სხვანაირია", — მისი შვილიშვილი ლეილა მხოლოდ 16 თვისაა.
"ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ. ეს პატარა ჯერ არც კი დადის", — თქვა მან.
იულიუშ სლოვაცკში ჩასვლამდე ორი დღით ადრე, ის და მისი ოჯახი ხარკოვის რკინიგზის სადგურში ასეულობით ადამიანთა მჭიდრო მასაში იყვნენ. მანამდე, დროებით თავშესაფარში 6 დღე გაატარეს — ის ადგილობრივი სკოლის სარდაფში იყო მოწყობილი.
კანკალებს, როცა იხსენებს, როგორ ელოდებოდა მისი ოჯახი საევაკუაციო მატარებლის ჩამოსვლას.
"ადამიანთა აურაცხელი რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთს აწვებოდნენ. საშინელება, სრული საშინელება", — თქვა მან.
შემდეგ, როცა ხალხი ერთმანეთს ხელს კრავს და ყველა ბაქანზე ასვლას ცდილობს, აფეთქების ხმა ისმის.
"ჭურვი რკინიგზის სადგურთან აფეთქდა. სადგურის ნახევარში მინა დაიმსხვრა. ხალხი პანიკაში ჩავარდა. ვფიქრობდი, რომ ძალა აღარ მქონდა შერჩენილი. აღარ შემეძლო არაფრის გაკეთება. მაგრამ როგორღაც, ღმერთის წყალობით, თითქოს ხელახლა მომეცა ძალა", — თქვა ისლამმა.
მელიკოვის ოჯახმა ხალხმრავლობიდან თავის დაღწევა სცადა და ლიანდაგისკენ, მოაჯირებზე ასვლა დაიწყო. პარალელურად, მატარებელი პირველ ბაქანზე ჩერდებოდა. "სასწაულის" დახმარებით, მათ მიაღწიეს სარკინიგზო ლიანდაგებამდე და მაღლა აძვრნენ. მატარებელში ასვლა დროულად მოახერხეს.
"ისინი არასოდეს აპატიებენ რუს ხალხს"
შეჭრა ისლამისთვის, როგორც სხვა ბევრისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ამას არავინ ელოდა", — თქვა მან.
"პირველი სამი დღე ვფიქრობდით: ხარკოვი ყოველთვის იყო რუსულენოვანი ქალაქი. იქ 30 წელი ვცხოვრობდი და არასდროს გამიგია უკრაინული საუბარი — მხოლოდ 2014 წელს, მაიდნისა და რევოლუციის შემდეგ, ზოგიერთმა ადამიანმა მაღაზიებში დაიწყო უკრაინულად ლაპარაკი".
24 თებერვლიდან ხარკოვი იყო ერთ-ერთი იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსული თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა — 1,4-მილიონიან ქალაქში უთვალავი ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა.
"ეს ნაძირალა [ვლადიმერ პუტინი] ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებითა და ვაკუუმის ბომბებით. ეს აკრძალულია [საერთაშორისო სამართლით], მაგრამ ის მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ გაა*ვან", — თქვა ისლამმა და სახეზე ბრაზმა გადაუარა.
ის, რაც ისლამმა ხარკოვში დაინახა, აფიქრებინებს, რომ უკრაინელების ეს თაობა "არასოდეს აპატიებს რუს ხალხს". ის ამბობს, რომ რუსი ხალხი კრემლის პროპაგანდითაა ტვინგამორეცხილი — მათ შორის, მისი ნათესავები, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ რუსული ჯარები ხარკოვს დაბომბავდნენ.
"რუსეთში 3 ბიძა მყავს, დაბომბვის ღამეს დავურეკე და ვუთხარი, რა მოხდა. მაგრამ მათი მედია სხვა რაღაცას აჩვენებს", — იხსენებს ის.
ისლამისთვის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომხდარზე ლომის წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა ის ასევე ადანაშაულებს რუს ხალხს, რომ პუტინის წინააღმდეგ არ გამოვიდნენ.
"140 მილიონიდან [რუსეთის მოქალაქეების] 30% რომ გამოსულიყო, პუტინს გაუმკლავდებოდნენ. მაგრამ ეს არ უნდათ. თუმცა ხალხი სამუდამოდ არ ცოცხლობს", — აღმოთქვა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები