თათული ვაჩაძე 35 წლის ქართველი სინოლოგია, რომელიც უკვე 8 წელია, დუბაიში ცხოვრობს. თათული თავისი პროფესიით ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ამასთან ერთად ქმნის კონტენტს, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა რეკლამასა თუ სოციალური მედიის კოლაბორაციაში. თუმცა, თუ თათულის ჰკითხავთ, როგორ დაახასიათებდა საკუთარ თავს, გიპასუხებთ: "ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო".

მაგრამ თათული ერთი უბრალო გოგო არ არის — ის პირველი ქართველია, რომელმაც მაროკოს საცხენოსნო ტრეკზე იასპარეზა.

"ჩემი ყველაზე დიდი ვნება და ცხოვრებისეული სიყვარული ყოველთვის იყო ცხენები — ეს არის ჩემი ნამდვილი მოწოდება და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი," — ამბობს თათული.

Cheval Essaouira ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხენოსნო კლუბია, რომელსაც წარსულში არაერთი ტრეკი აქვს ორგანიზებული. International Trek of Peace, რომელშიც თათულიმ მიიღო მონაწილეობა, ახალი და განსაკუთრებული პროექტი იყო. ტრეკი მსოფლიოს გარშემო არსებული ომებისა და კონფლიქტების შთაგონებით შეიქმნა. თათულის თქმით, "ტრეკის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ მხოლოდ ერთიანობა, სიყვარული, პატივისცემა და საერთო ვნება შეიძლება გახდეს ნამდვილი მშვიდობის საფუძველი".

პირველად როდის დაინტერესდით ცხენოსნობით და როგორ გახდა თქვენი ცხოვრების ნაწილი?

ცხენები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა მხოლოდ წელიწად-ნახევრის წინ, 34 წლის ასაკში დავიწყე, ჩემთვის ეს კავშირი თითქოს ყოველთვის არსებობდა. ცხენის წელში ვარ დაბადებული და ცხენი ყოველთვის მიმაჩნდა ჩემს Spiritual animal-ად. მამა ახალგაზრდობაში ჯირითობდა და სულ მეუბნებოდა: 'ერთხელ რომ დაჯდები ცხენზე, მოიწამლები მათი სიყვარულით და ვეღარასოდეს მოეშვებიო' — ასეც აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ საკმაოდ ზრდასრულ ასაკში მოვახერხე ამეხდინა ეს ოცნება, რადგან წლები დავუთმე საზღვარგარეთ სწავლას. 2025 წლის 13 იანვარს, როდესაც პირველად ჩავდგი ფეხი უზანგებში, ჩემში ისეთი ძლიერი, ამაღელვებელი და ფანტასტიკური შეგრძნება გაჩნდა, იმ წამს მივხვდი — აღარასდროს მინდოდა ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება.

როგორ მოხვდით მშვიდობის საერთაშორისო ტრეკზე? როგორი იყო შესარჩევი ეტაპი ან რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოგიწიათ მონაწილეობის მისაღებად?

Cheval Essaouira-მ, რომელმაც ეს ტრეკი მოაწყო, გამოაცხადა კონკურსი, რომლის შესახებაც ინსტაგრამის მეშვეობით შევიტყვე. სწორედ ამან გამიღო გზა ამ საოცარი გამოცდილებისკენ და ჩემი ოცნება რეალობად აქცია. პირველი ტრეკისთვის, რომელიც მომავალში რაღაც ბევრად უფრო დიდის დასაწყისი შეიძლება გახდეს, მოიწვიეს 30 მხედარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და სხვა რეგიონებიდან. მონაწილეობის სურვილი მთელი მსოფლიოდან 5000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა, რათა თავიანთი ქვეყნები წარედგინათ. შერჩევის კრიტერიუმები არ იყო საჯარო და პროცესი სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა.

2026 წლის 1-ელ თებერვალს მე ოფიციალურად გამომაცხადეს International Trek of Peace-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად. პირველი ქართველი მხედარი გავხდი, რომელმაც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მაროკოში, კერძოდ კი ესაუირაში გამართული 3-დღიანი ტრეკის განმავლობაში, მქონდა პატივი, საქართველოს დროშა აღმემართა 29 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.

იმ მომენტში, როცა გამარჯვებულთა შორის ჩემი სახელი დავინახე, ისეთი ემოციების ტალღა დამეტაკა გულში, რომ მაშინვე ავტირდი — ვეღარ შევიკავე თავი. ალბათ, ეს იყო იღბლის, მადლობისა და სიამაყის განცდა ერთად, რომლებმაც ერთდროულად მოიყარა თავი და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ დაუვიწყარ მომენტად იქცა.

მსგავსი მასშტაბის ტრეკზე საქართველოს სახელი პირველად გაჟღერდა. როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია?

ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი ის დაუჯერებელი სიამაყის განცდა იყო, როდესაც ხელში პირველად დავიჭირე საქართველოს უზარმაზარი დროშა და ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 29 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, გავაქროლე ჩემი რაში — ოსკარი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ქვეყანას ვატარებდი ჩემთან ერთად, მსოფლიოს გვერდით, ერთ რიტმში, ერთი მიზნისთვის, ამ დაუვიწყარი ერთიანობის მომენტში.

ამ ტრეკზე პირველ ქართველად ყოფნა, ჩემთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მონაწილეობის მიღება. ეს იყო გამბედაობა — გადამედგა ნაბიჯი უცნობ სამყაროში და სიამაყით მეტარებინა ჩემი ქვეყნის სახელი

თათული ამ წარმატების შემდეგ გაჩერებას არ აპირებს — ცხენების სიყვარულისა და საქართველოს წარმოჩენის სურვილით სავსე ახალ შესაძლებლობებს ეძებს: "ოქტომბერში მონაწილეობას მივიღებ ემირატების 40-80-კილომეტრიან endurance რბოლაში. ასევე, გავაგრძელებ ახალი შესაძლებლობების ძიებას, განსაკუთრებით ისეთების, რომლებშიც ჩემი ლამაზი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას შევძლებ".

და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ქართველებს, რომლებიც საცხენოსნო სფეროში ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?

ყველას, ვინც ახლა იწყებს ცხენოსნობას, ვეტყოდი, რომ თქვენ შეაბიჯებთ რაღაც მართლაც ჯადოსნურ სამყაროში, თუმცა ეს კავშირი არ იწყება მხოლოდ ცხენზე ჯდომით — ის იწყება ნდობით, პატივისცემით და გაგებით. ჯერ ემოციური კავშირის დამყარებაა ცხენთან, შემდეგ კი — მისი გაჭენება.

დიახ, ეს ყველაფერი სავსეა სილამაზით, თავისუფლებით და დაუვიწყარი ემოციებით, მაგრამ ეს ასევე სახიფათო სპორტია. თქვენ არ ზიხართ უბრალოდ ცხენზე — თქვენ კავშირი გაქვთ გიგანტურ, ჭკვიან და ძალიან ძლიერ ცოცხალ არსებებთან. პატივი ეცით მათ. იგრძენით. ისწავლეთ. რადგან როცა კავშირი რეალურია, ცხენოსნობა ხდება სიტყვებით აუხსნელი გამოცდილება.

და მათ, ვისაც ოცნება გულში აქვთ დამალული, ვეტყოდი — გთხოვთ, არასოდეს იფიქროთ, რომ უკვე გვიანია, თქვენი ოცნება შეუძლებელი ან ზედმეტად არარეალურია. ნუ შეგეშინდებათ გვიან დაწყების. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებულობის. ნუ შეგეშინდებათ, თუ თავიდან ვერავინ გაიგებს თქვენს ხედვას. იშრომეთ, შეინარჩუნეთ ვნება და არასოდეს მისცეთ შიშს უფლება, გადაწყვიტოს თქვენი მომავალი.

თუ მე შევძელი ამის მიღწევა 35 წლის ასაკში, ცხენოსნობის მხოლოდ წელიწადნახევრიანი გამოცდილებით, მაშინ თქვენთვისაც არაფერია შეუძლებელი.


როგორც თათული გვპირდება, ახლო მომავალში ის მაროკოში იმ ადამიანების წაყვანას გეგმავს, რომლებსაც თავადაც სურთ მსგავსი გამოცდილების მიღება და დაუვიწყარი მოგონებების შექმნა.