ხელოვნურმა ინტელექტმა მეცნიერებს ასაკობრივი უსინათლობის სამკურნალო საშუალება შესთავაზა
ფოტო: FutureHouse
სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის მრავალაგენტურმა სისტემამ — Robin-მა — დამოუკიდებლად შეიმუშავა სამკურნალო ჰიპოთეზა და ლაბორატორიულად დაადასტურა მისი ეფექტიანობა მშრალი ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის (dAMD) მიმართ. მშრალი ასაკობრივი მაკულური დეგენერაცია ასაკთან დაკავშირებული თვალის დაავადებაა, რომელიც 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში განვითარებულ ქვეყნებში უსინათლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
Robin შეიქმნა FutureHouse-ის მკვლევართა გუნდის მიერ და წარმოადგენს პირველ AI სისტემას, რომელსაც შეუძლია ექსპერიმენტული ბიოლოგიის კვლევის ყველა ძირითადი ეტაპი ინტეგრირებულად განახორციელოს: ჰიპოთეზის გენერირება, ექსპერიმენტის დაგეგმვა, შედეგების ინტერპრეტაცია და განახლებული ჰიპოთეზების შემუშავება. სისტემა ლიტერატურის ძიების აგენტებს მონაცემთა ანალიზის აგენტებთან აერთიანებს, რაც მას სამეცნიერო პროცესის ნახევრად ავტონომიურ წარმართვის საშუალებას აძლევს. Robin სამი კომერციული AI მოდელის (OpenAI o4-mini, Anthropic Claude 3.7 Sonnet და Google Gemini 2.5 Pro) ერთობლივ გამოყენებაზეა დაფუძნებული.
Robin-მა კვლევის პროცესში ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის ფაგოციტოზის გაძლიერება განსაზღვრა, როგორც პერსპექტიული სამკურნალო სტრატეგია. ამ ჰიპოთეზის საფუძველზე სისტემამ ორი პრეპარატი გამოავლინა: KL001 და Ripasudil. განსაკუთრებით აღსანიშნავია Ripasudil — კლინიკაში გლაუკომის სამკურნალოდ გამოყენებული Rho კინაზას (ROCK) ინჰიბიტორი, რომელიც dAMD-ის სამკურნალოდ კონკრეტულად ფაგოციტოზის გაძლიერების მექანიზმით მანამდე არ ყოფილა შემოთავაზებული. Robin-მა ორივე პრეპარატის ეფექტიანობა ლაბორატორიულ უჯრედებზე დაადასტურა.
შემდგომ ეტაპზე Robin-მა RNA-seq ექსპერიმენტი შესთავაზა Ripasudil-ის მოქმედების მექანიზმის გასარკვევად. ამ ანალიზმა გამოავლინა ABCA1-ის — ლიპიდების გამომყვანი ტუმბოს — გააქტიურება, რომელიც კვლევის ავტორთა შეფასებით, შესაძლოა, dAMD-ის თერაპიის ახალ სამიზნეს წარმოადგენდეს.
აღსანიშნავია, რომ მთელი პროცესი, Robin-ის შექმნიდან სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებამდე, მცირე გუნდის მიერ მხოლოდ 2,5 თვეში შესრულდა, რაც ნათლად წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს სამეცნიერო კვლევის დაჩქარებაში.
Robin-ის მიერ მიღებული შედეგები ამ ეტაპზე შეზღუდულია ლაბორატორიულ უჯრედებზე კვლევით. კლინიკური გამოყენებისთვის აუცილებელია პრეკლინიკური ცდები ცხოველებზე და შემდგომ კლინიკური გამოცდები ადამიანებზე, რაც ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ კვლევის სამეცნიერო რეცენზირების პროცესში სპეციალისტებმა მიუთითეს, რომ ROCK ინჰიბიტორები dAMD-ის სამკურნალოდ სხვა მექანიზმებით ლიტერატურაში უკვე განხილული იყო — ამდენად Robin-ის წვლილი მდგომარეობს კონკრეტულად ფაგოციტოზის მექანიზმით ამ პრეპარატის შემოთავაზებაში, რაც ახალი და ლაბორატორიულად დასაბუთებული მიდგომაა.
კომენტარები