აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ახალი კვლევის თანახმად, აპალაჩის მთებში ამოსაღები ლითიუმის იმდენად დიდი რეზერვია, რომ ეს 500 მილიარდი ტელეფონის, 180 მილიარდი ლეპტოპის ან 130 მილიონი ელექტრომობილის დასამზადებლადაა საკმარისი.

რეგიონში 2,5 მილიონი ტონა ლითიუმია. ამ რესურსებით შეიძლება აშშ-სთვის იმპორტის აუცილებლობა 328 წლით გაქრეს, რაც ამ ქვეყნის ჩინეთზე, არგენტინასა და ჩილეზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

ლითიუმის წყაროები აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილშია მიმობნეული, უფრო კონკრეტულად, ალაბამიდან მეინამდე. ლითიუმს მსხვილმარცვლოვანი ქანი, პეგმატიტი, შეიცავს.

ზოგადად, ლითიუმი ელექტრონიკის დასამზადებლად მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი ყველგან გვხვდება: სამხედრო აღჭურვილობაში, ელექტრომობილის ბატარეებში, საავიაციო-კოსმოსურ შენადნობებში, ფსიქოტროპულ წამლებში და ა.შ.

ამჟამად აშშ-ში ლითიუმის მხოლოდ 1 საბადო ფუნქციონირებს (კლეიტონის ველზე, ნევადაში). აშშ-ს ლითიუმი არამხოლოდ ნედლი ფორმით შემოაქვს სხვა ქვეყნებიდან, არამედ ხშირ შემთხვევაში უკვე დამზადებული ლითიუმის შემცველი პროდუქტებიც იმპორტირებულია, მაგალითად, ჩინეთიდან.

აპალაჩის ჩრდილოეთ ნაწილში 990 000 ტონა ლითიუმია. ეს მეინის, ნიუ-ჰემფშირის, ვერმონტის, ნიო-იორკის, მასაჩუსეტსის, კონექტიკუტის, როდ-აილენდის, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსისა და დელავერის შტატების ნაწილს მოიცავს. ეს რიცხვი მეცნიერებმა გეოლოგიური რუკებისა და გეოქიმიური და გეოფიზიკური მონაცემების ანალიზით მიიღეს.

ლითიუმით მდიდარი პეგმატიტები შედარებით მცირე ზომის საბადოებია, რომლის სიგანეც 3-იდან 30 მეტრამდეა, სიგრძე კი რამდენიმე ასეული მეტრი. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონებში ბევრი პეგმატიტი გვხვდება, მოსაპოვებელი ლითიუმის რაოდენობა საკმაოდ დიდი გამოდის.

აპალაჩის ჩრდილოეთ ნაწილში ლითიუმი ძირითადად მეინსა და ნიუ-ჰემფშირშია კონცენტრირებული. იქ რამდენიმე საბადო სპოდუმენს შეიცავს. ეს მინერალია, რომელშიც ლითიუმის შემცველობა ძალიან მაღალია, ამ ელემენტის მისგან გამოყოფა კი შედარებით მარტივია.

სამხრეთ აპალაჩი მერილენდის, ვირჯინიის, ჩრდილოეთ კაროლინის, სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიის, ტენესისა და ალაბამის ნაწილებს მოიცავს. აქ 1,57 მილიონი ტონა ლითიუმი გვხვდება. ეს რესურსები ძირითადად სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებშია კონცენტრირებული.

ეს პეგმატიტები 250 მილიონი წლის წინ ლითიუმით გამდიდრებული მაგმისგან კრისტალიზდა. ეს აპალაჩის მთების წარმოქმნისას მოხდა. შესაბამისად, ამ საბადოებიდან ლითიუმის მოპოვება უზარმაზარი ორმოების გათხრით თუ იქნება შესაძლებელი, რაც ლანდშაფტსა და ფლორა-ფაუნას დააზიანებს. გარდა ამისა, ნარჩენი პროდუქტები გარემოს მნიშვნელოვნად დააბინძურებს, მექანიკური აღჭურვილობის ამუშავებით კი დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ნაშრომი გამოცემაში Natural Resources Research გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.