ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
ფოტო: Getty
ზღვის დონის მატება გლობალური დათბობის პირდაპირი შედეგია. უკვე 6 ათწლეულია, მეცნიერები ამ ფენომენს აქტიურად იკვლევენ.
ახალი ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ 1960 წლის შემდეგ გლობალურად ზღვის დონემ საშუალოდ 2,06 მილიმეტრით აიწია. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ბოლო ათწლეულებში ეს ტემპი გაორმაგდა: 2005-2023 წლებში საშუალოდ 3,94-მილიმეტრიანი ზრდა დაფიქსირდა. ამის ყველაზე დიდი მიზეზი ოკეანის დათბობაა: თბილი წყალი ზომაში მატულობს და მეტ ადგილს იკავებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოკეანის დათბობა ზღვის დონის მატების 43%-ს განაპირობებს.
1960 წლიდან მოყოლებული ამ ყველაფრის მთავარი გამომწვევი ოკეანის დათბობა იყო, 1993 წლიდან კი ყინულის გაქრობა, რაც ანტარქტიდასა და გრენლანდიაში მყინვარების დნობამ დააჩქარა.
ასევე იხილეთ: ზღვის დონის მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი შენობა საფრთხეშია
მრავალი წლის განმავლობაში ზღვის დონის მატების ცალკეული მიზეზები ნაკლებად იყო გამოკვლეული, ე.ი. რომელი ფაქტორი რამდენად იწვევს ზღვის დონის მატებას. ახალი ნაშრომის ავტორებმა ეს საკითხი უკეთ გაიგეს და წარმოაჩინეს, რომ გაუმჯობესებული ინსტრუმენტებითა და უფრო დაკვირვებული ანალიზით ამ პრობლემების გაგება უკეთ შეიძლება.
გუნდის თქმით, თავიანთი მიგნებები სადამკვირვებლო ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეს სატელიტური გაზომვების, ხმელეთის მოძრაობის განსაზღვრისა და ყინულის დნობის გაზომვის ტექნიკების დახვეწას გულისხმობს.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

კომენტარები