ბიოტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ს გამქრალი სახეობების გაცოცხლება სურს. აქამდე მათ თაგვებს მამონტის ბეწვი გაუზარდეს და 12 500 წლის წინ გადაშენებული მგლის მსგავსი ლეკვები შექმნეს. ახლა სპეციალისტებმა სამგანზომილებიანი პრინტერით კვერცხის ხელოვნური, ბადისებრი სტრუქტურის "ნაჭუჭი" დაბეჭდეს რომლიდანაც 26 წიწილა გამოიჩეკა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ლემმა, განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგია შეიძლება ისე განავითარონ, რომ სახეობათა გაცოცხლების მიზნით გამოიყენონ. უფრო ზუსტად, ცოცხალი ფრინველების გენეტიკურად შესაცვლელად, რათა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის გიგანტურ მოას (Dinornis robustus) მიამსგავსონ. ამ არსების კვერცხის ზომა ქათმისას 80-ჯერ აღემატებოდა, ამიტომ სუროგატი ფრინველის მეშვეობით ასეთი ზომის კვერცხის მიღება შეუძლებელია.

შესაბამისად, სპეციალისტებმა ხელოვნური ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც, მათი თქმით, უფრო ეფექტიანიც კი შეიძლება იყოს. დამოუკიდებელი მეცნიერები ამბობენ, რომ კომპანიის მიღწევა საყურადღებოა, მაგრამ ეს ბადისებრი ნაჭუჭი ნამდვილ ხელოვნურ კვერცხად ვერ მიიჩნევა. მათი თქმით, მას ამისთვის რამდენიმე კომპონენტი აკლია: ხელოვნური მემბრანა საკმარისი ოდენობის ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს, მაგრამ იქ არაა დროებითი ორგანოები, რომლებიც წიწილის სტაბილურ ზრდასა და ნარჩენების წმენდაში მონაწილეობს.

ასევე, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გადაშენებული ცხოველების გაცოცხლება მეტწილად შეუძლებელია. მათი აზრით, ამ ტექნოლოგიით გენეტიკურად მოდიფიცირებულ ფრინველს შექმნიან, თუმცა ეს მოა არ იქნება.

კვერცის ნაჭუჭის იმიტაცია, რომელიც სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდეს.

ფოტო: Colossal Biosciences

Colossal Biosciences-ის მეცნიერებმა განაყოფიერებული კვერცხუჯრედები ხელოვნურ სისტემაში მოათავსეს და ინკუბატორში გადაიტანეს. დაამატეს კალციუმიც, რადგან ეს ელემენტი ემბრიონების მიერ კვერცხის ნაჭუჭიდან შეიწოვება. შემდეგ მათ განვითარებას რეალურ დროში აკვირდებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფრინველის ემბრიონების განვითარების შესასწავლად გამჭვირვალე აპკები ადრეც შეუქმნიათ, ამიტომ ხელოვნური "ნაჭუჭი" სიახლე არაა. ამის მიუხედავად, კომპანიას ამბიციური მიზნები აქვს, თუმცა მოას "გაცოცხლებამდე" ჯერ კიდევ დიდი გზაა, თუ ეს მართლაც მოხერხდება. პირველ რიგში, სახეობის დნმ ცოცხალი ფრინველებისას უნდა შეადარონ, ხოლო ახალი სისტემა ზომაშიც გაზარდონ.

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ კომპანია მოას მსგავს ფრინველს შექმნის, მას ახლანდელ გარემოში გადარჩენა გაუჭირდება. იგივე საფრთხეა სხვა გადაშენებული ცხოველების შემთხვევაშიც, ამიტომ მკვლევრებს გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე კონცენტრირებას ურჩევენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.