გველის კბენის საფრთხე მთელ მსოფლიოში იზრდება, რადგან რეპტილიები ტემპერატურის მატებასთან და მზარდ ადამიანურ წნეხთან გასამკლავებლად, ბინადრობის გარემოს იცვლიან — ასეთია შხამიანი გველების შესახებ ჩატარებული კვლევის დასკვნა.

კლიმატური დარღვევებისა და ლანდშაფტის ცვლილებების შედეგად, სულ უფრო ხშირად ხვდებიან ადამიანებს მფურთხავი კობრები აფრიკაში, გველგესლები ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, მოკასინები ჩრდილოეთ ამერიკაში და კრაიტები აზიაში, ვარაუდობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა.

მოზამბიკური მფურთხავი კობრა. მკვლევრების თქმით, კლიმატური დარღვევების შედეგად გველები სულ უფრო ხშირად შეხვდებიან ადამიანებს.

ფოტო: Media Drum World/Alamy

პროგნოზის თანახმად, ეს ტენდენცია უფრო გამოხატული გახდება მომდევნო ათწლეულებში, რადგან სხვა სახეობების მსგავსად, ცხელი პირობებისგან თავდასაღწევად გველები თავიანთი გავრცელების არეალს იცვლიან.

სახეობათა უმეტესობა საბინადრო ადგილების შემცირებას განიცდის, მაგრამ ყველაზე სახიფათო გველების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდება, შეაღწევს მათთვის აქამდე უცნობ ტერიტორიებზე და პოტენციურად მილიარდობით ადამიანს შეეხება.

"ადამიანებსა და შხამიან გველებს შორის გადაკვეთა გაიზრდება", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, WHO-სა და მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომელმა დევიდ უილიამსმა — "შეიძლება ეს განიხილოთ, როგორც რისკი, რომელიც უკანა კარიდან გასვლისას, წაბორძიკებისა და კბენის სახით გელოდებათ".

გველის კბენის სტატისტიკა ბუნდოვანია, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი მიუვალ რაიონებში ხდება და არ ფიქსირდება. თუმცა ახალი სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი შემთხვევა ხდება, უმეტესად ტროპიკულ ზონებში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახიფათო არ არის, მაგრამ ყოველწლიურად 138 000 ადამიანი იღუპება და 400 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ რჩება, აქედან შემთხვევების თითქმის ნახევარი სამხრეთ აზიაში ხდება. აქამდე გველის კბენის საფრთხე მხოლოდ ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე იყო შესწავლილი და მცირედ იყო გაანალიზებული, როგორ შეიძლება კლიმატური და დემოგრაფიული ტენდენციების გამო ეს სურათი შეიცვალოს.

კვლევა, რომელიც PLOS Neglected Tropical Diseases-ში გამოქვეყნდა, ამ ცოდნის ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად. საჯარო და კერძო მონაცემთა ბაზების, სამოქალაქო სამეცნიერო პლატფორმების, მუზეუმის ჩანაწერების, სამეცნიერო ლიტერატურისა და ექსპერტთა დაკვირვებების გამოყენებით, მკვლევარებმა 1 კვ. კმ სიზუსტით დაინახეს ადამიანისთვის საშიში გველის 508 სახეობის გავრცელება პლანეტაზე. შემდეგ კი გამოთვალეს, როგორ შეიცვლება ტემპერატურის მატების შედეგად მათი გადაკვეთა ადამიანის პოპულაციასთან 2050 და 2090 წლებისთვის.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად გველებს ემუქრება. სახეობათა უმეტესობა — მათ შორის აფრიკის პუფ ადერები, ამაზონის მარჯნის გველები და პაპუა-ახალი გვინეასა და ავსტრალიაში გავრცელებული სპილენძთავა გველები — ვერ გაუმკლავდება ტემპერატურის მატებას და ტყეების, ჭარბტენიანი მიწებისა და საძოვრების ფერმებად, მონოკულტურებად და ქალაქებად გარდაქმნას. ზოგი სახეობა გადაშენების პირამდე შეიძლება მივიდეს.

სხვები კი სავარაუდოდ გადაადგილდებიან. მაგალითად შავი მამბა, კენიის სანაპიროდან, ეთიოპიის, ერიტრეის, კონგოსა და ჯიბუტის დიდი ნაწილიდან სავარაუდოდ უკან დაიხევს და გავრცელდება სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიასა და სომალიში.

შავი მამბა სავარაუდოდ სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიასა და სომალის ზოგიერთ ნაწილში გავრცელდება.

ფოტო: blickwinkel/Alamy

ზოგ შემთხვევაში არეალის ცვლილება შხამიან გველებს ისეთ ადგილებში მიიყვანს, სადაც ადამიანებს ამგვარი საფრთხე აქამდე არ ემუქრებოდათ. პროგნოზის მიხედვით, ამერიკაში მოკასინები ჩრდილოეთით — ნიუ-იორკამდეც კი — გაიწევენ. აზიაში კრაიტები სავარაუდოდ მიგრირდებიან მიანმარის ტყეებიდან და ჩინეთის იუნნანის პროვინციიდან ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ქალაქებში. ბრიტანეთში გავრცელებული ევროპული გველგესლა სავარაუდოდ უფრო ხშირად შევა ადამიანებთან კონტაქტში, თუმცა სხვა სახეობის გველგესლები შესაძლოა შემცირდეს. ინდოეთში, სადაც წელიწადში დაახლოებით 60 000 ადამიანი იღუპება გველის ნაკბენით, ყველაზე სახიფათო სახეობები — ინდური კობრები, რასელის გველგესლები და კრაიტები — სამხრეთიდან ჩრდილოეთით გადაინაცვლებენ, სადაც მოსახლეობა გაცილებით მჭიდროა.

"50 წელში სახეობები გამოჩნდებიან იქ, სადაც აქამდე არ ყოფილან, და კონტაქტში შევლენ ადამიანებთან, რომლებსაც წარსულში ეს პრობლემა არ ჰქონდათ", — განაცხადა უილიამსმა. მისი პროგნოზით, ზოგ ქვეყანაში შეხვედრები მოხდება ფერმის ეზოებში ან წყაროებთან, სხვებში კი სათამაშო მოედნებთან ან სარბენ ბილიკებთან.

საფრთხე განსაკუთრებით დიდია ღარიბ, მიუვალ რაიონებში, სადაც ადამიანები მინდვრებში ფეხშიშველა მუშაობენ და ჯანდაცვასთან წვდომა შეზღუდული აქვთ. ისეთ მდიდარ ქვეყნებში, როგორიც ავსტრალიაა, შხამიანი გველების ბევრი სახეობა ბინადრობს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რადგან ფერმერებს ჩექმები აცვიათ, ტრაქტორებს იყენებენ და ანტიდოტის მქონე კლინიკებთან ახლოს ცხოვრობენ.

მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი კვლევა ჯანდაცვის ორგანოებს დაეხმარება, სახიფათო ზონებზე ფოკუსირდნენ და მომავალი ცვლილებებისთვის მოემზადონ, როგორც ადამიანებისთვის, ისე გველებისთვის.

"ჩვენი პროგნოზები შესაბამის უწყებებს დაეხმარება, გადაწყვიტონ, სად შეინახონ და რომელი ანტიდოტი, როგორ მოამზადონ ჯანდაცვის დაწესებულებები, როგორ გაუმჯობესდეს სამედიცინო დახმარება შორეულ რაიონებში და სად საჭიროებს გადაშენების პირას მდგარი გველის სახეობები დაცვას", — განაცხადეს ავტორებმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.