რა მოხდება, თუკი რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს — NASA-ს პასუხი
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის კოსმოსური სააგენტოსა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ურთიერთობა დაიძაბა.
რუსეთის კოსმოსური სააგენტო Roscosmos-ის ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის, ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, მოსაზრებაც კი გაჩნდა, რომ შესაძლოა, ქვეყანას ISS დაეტოვებინა. როგოზინმა საერთაშორისო საზოგადოება უკვე არაერთხელ გააკრიტიკა და, ამასთანავე, აშშ-საც დაემუქრა.
ასევე იხილეთ: Roscosmos-ის ხელმძღვანელის თქმით, ISS-ის ასტრონავტებს საბრძოლო განწყობა აქვთ
მისმა უცნაურმა რეპლიკებმა ხალხი არაერთ საკითხზე დააეჭვა, ხშირად დასმული კითხვების გვერდზე კი ახლახან NASA-მ მათი მიმოხილვა შემოგვთავაზა.
მაშ ასე: რა მოხდებოდა, თუკი რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებდა? არის თუ არა საერთოდ შესაძლებელი, რუსული სეგმენტი ISS-ს ასე უბრალოდ გამოეყოს და თავისი სადგური შექმნას?
სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ISS-ში რუსი კოსმონავტებისა და NASA-ს ასტრონავტების ყოფნა ნებისმიერ დროს აუცილებელი და თანაბრად საჭიროა. საგულისხმოა, რომ მუშაობის გასაგრძელებლად ერთი სახელმწიფო სრულებით მეორეზეა დამოკიდებული და პირიქით.
"შეერთებული შტატების ორბიტულ სეგმენტში დარღვევების შემთხვევაში მხოლოდ აშშ-ს ასტრონავტებს შეუძლიათ სრულყოფილი რეაგირება. სწორედ ასევეა რუსულ სეგმენტში მომხდარი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და რუსი კოსმონავტების შემთხვევაშიც", — ნათქვამია დოკუმენტში.
ISS-ს რუსული სეგმენტი უზრუნველყოფს მთელი იმ მამოძრავებელი ძალით, რომელიც სადგურის აჩქარების, მაღლივი მართვის, კოსმოსური ჯართის ასარიდებელი მანევრებისა და ორბიტიდან გასვლისთვისაა საჭირო. აშშ კი, თავის მხრივ, სადგურს მზის პანელებსა და სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემის საშუალებით ენერგიით უზრუნველყოფს. ამასთან, მიუხედავად საერთო სადგურში მუშაობისა, NASA-ს ჰიუსტონისა და როსკოსმოსის მოსკოვის საკონტროლო ცენტრები მხოლოდ თავიანთ შესაბამის სეგმენტებს მართავენ.
როგოზინის მიერ გაზიარებულ საკამათო ვიდეოში ისიც გაჟღერდა, რომ რუსული სეგმენტის სადგურისაგან განცალკევება და ნასას ასტრონავტის, მარკ ვანდე ჰეის, დატოვება სრულებით შესაძლებელია, თუმცა NASA-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა რამეს ამტკიცებს:
"კოსმოსური სადგური იმგვარად არ შექმნილა, რომ დემონტაჟი შეიძლებოდეს. სადგურის თითოეული სეგმენტის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, აშშ-სა და რუსეთის სეგმენტები დამოუკიდებლად ვერ იმუშავებს".
მიუხედავად ამისა, როგოზინის მუქარა ბოლომდე უსაფუძვლოც არ ყოფილა: საჭირო კოსმონავტების გარეშე ISS ორბიტიდან გასვლის რისკის წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან სადგურს მუდმივი და სტაბილური მამოძრავებელი ძალა ესაჭიროება.
იმისათვის, რომ აშშ ამ მხრივ რუსეთზე აღარ იყოს დამოკიდებული, დიდი რაოდენობით ახალი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისად კი, დიდი დრო და ფინანსები დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს თავისი შექმნილი Cygnus საფრენი აპარატიც — ერთადერთი კომერციული ხომალდი, რომლითაც სადგურის აჩქარება უცდიათ — აქვს, იგი მამოძრავებელი ძალისათვის რუსულის ჩანაცვლებას მაინც ვერ შეძლებდა.
ეს იმაზეც მეტყველებს, რომ 2030 წლისთვის აშშ-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოშორებაშიც დასჭირდება რუსეთის დახმარება, თუკი აშშ-ის ხომალდს ისე ვერ დახვეწავენ, რომ სადგურის ორბიტიდან გასაყვანად საკმარისი ბიძგი წარმოქმნას.
ასევე იხილეთ: 2031 წელს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავს
მართალია, ნასასთან ერთად როსკოსმოსმაც განაცხადა, რომ ვანდე ჰეი დედამიწაზე რუსული Soyuz ხომალდით ნამდვილად დაბრუნდება, მანამდე კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე მიფრინდა 3 რუსი ასტრონავტი, რომელთა კოსტიუმებმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ ყვითელ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი კოსტიუმებით ასტრონავტები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. როსკოსმოსის განცხადებით, ეს ასე არ არის და ასტრონავტთა ჩაცმულობა მათი უნივერსიტეტის გერბის ფერებს უკავშირდება.
კომენტარები