Roscosmos-ის ხელმძღვანელის თქმით, ISS-ის ასტრონავტებს საბრძოლო განწყობა აქვთ
რუსეთის კოსმოსური სააგენტო Roscosmos-ის ხელმძღვანელმა, დიმიტრი როგოზინმა, დღეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) კოსმონავტების შემდეგი ეკიპაჟის გამგზავრების შესახებ აღფრთოვანება გამოხატა.
თუმცა, მისი სიტყვების არჩევანი, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო იყო.
"ბაიკონურში სახელმწიფო კომისიამ Soyuz MS-21-ის პილოტირებული კოსმოსური ხომალდის მთავარი და სარეზერვო ეკიპაჟები დაამტკიცა", — წერს როგოზინი Twitter-ზე რუსულად. "ბიჭებს საბრძოლო განწყობა აქვთ".
აქედან გამომდინარე, ნუთუ როგოზინი ვარაუდობს, რომ ISS-ზე, შესაძლოა, ახლო მომავალში ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი? შესაძლოა, მან კოსმონავტებს, უბრალოდ, შემართება მისცა ისევე, როგორც ფეხბურთელებს მიმართავენ ხოლმე მატჩის დროს გვერდითი ხაზიდან.
თუმცა, თუ მის ბოლოდროინდელ თავხედურ შენიშვნებს გავითვალისწინებთ, შესაძლოა იგი ამ სიტყვებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ISS-ის კოსმოსურ საზოგადოებაზე მისი შედეგების გარშემო არსებული დაძაბულობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
როგოზინმა აქამდე რამდენიმე წამქეზებლური კომენტარი გააკეთა იმ ქვეყნების მისამართით, რომლებმაც რუსეთსა და Roscosmos-ს სანქციები დაუწესეს. მან უფრო შორსაც შეტოპა და ბორტზე ასტრონავტების უსაფრთხოებასაც დაემუქრა, აშშ კი "500 ტონიანი სტრუქტურის დაშლის" შესახებ გააფრთხილა.
ISS-ს ამ კვირაში კიდევ სამი კოსმონავტი შეუერთდება Roscosmos-დან, რომლებიც ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან ხვალ გაემგზავრებიან.
30 მარტს დედამიწას NASA-ის ასტრონავტი და ორი კოსმონავტი რუსული Soyuz კოსმოსური ხომალდით დედამიწას დაუბრუნდებიან, რაც, მდგომარეობების გათვალისწინებით, საკმაოდ უხერხული მოგზაურობა იქნება.
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუ კონკრეტულად რა იგულისხმა როგოზინმა ბოლო განცხადებაში, თუმცა თუ მან მართლა ძალადობისკენ მოუწოდა კოსმოსურ სადგურზე მყოფებს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მას აქამდე უფრო არაადეკვატური განცხადებებიც გაუკეთებია.
კომენტარები