2031 წელს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავს
NASA-ს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწის გარშემო მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური ექსპლუატაციაში 2030 წლამდე დარჩება, რის შემდეგაც მას წყნარ ოკეანეში ჩაძირავენ.
ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ISS-ის პირველი მოდული ჯერ კიდევ 1998 წელს გაგზავნეს, 2000 წელს კი იქ ხანგრძლივი მისიისთვის მომზადებული ეკიპაჟი გაუშვეს. ამ ლაბორატორიაში 19 ქვეყნიდან 200-ზე მეტი ასტრონავტია ნამყოფი თუმცა, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. მომავალში მას კომერციული კოსმოსური პლატფორმებით ჩაანაცვლებენ.
"კერძო სექტორი ტექნოლოგიურად და ფინანსურადაც მზადაა, რომ NASA-სთან თანამშრომლობით შექმნას და აამოქმედოს დედამიწის დაბალ ორბიტაზე განლაგებული სადგურები. ჩვენ მათ საკუთარ გამოცდილებას გავუზიარებთ და დავეხმარებით, რომ კოსმოსში უსაფრთხო, სანდო და დანახარჯ-ეფექტიანი მოდულები განათავსონ", — აცხადებენ სააგენტოში
ახალ ანგარიშში NASA იტყობინება, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ორბიტიდან 2031 წლის იანვარში გაიყვანენ. ამის შემდეგ ის დედამიწის ატმოსფეროში შემოვა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდება. კონკრეტულად, ხმელეთისგან მოშორებულ რეგიონში, რომელიც ამგვარად დაბრუნებული ხომალდებისა და მათი ნარჩენების სასაფლაოა. მის ცენტრს "წერტილ ნემოდ" მოიხსენიებენ.
მაგრამ იქამდე დიდი დროა, კერძოდ, 8 წელი. ამ პერიოდის განმავლობაში ISS კიდევ ბევრ ასტრონავტს უმასპინძლებს, რომლებიც იქ სამეცნიერო კვლევებს ჩაატარებენ. სპეციალისტებს სჯერათ, რომ მისი არსებობის მესამე და ბოლო დეკადა ამ მხრივ ყველაზე ნაყოფიერი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა საკუთარი კოსმოსური სადგური უკვე შექმნა. სრული სახით ის ამ წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას. იმავეს აპირებს რუსეთიც, რომელიც ISS-ის პროექტს 2025-ში გამოეყოფა.
კომენტარები