ISS-ზე ახლადმისულ რუს ასტრონავტებს უკრაინის დროშის ფერი კოსტიუმები აცვიათ — რისი თქმა სურთ მათ
არის თუ არა ეს პროტესტი, თუ ასტრონავტების უნივერსიტეტისადმი პატივისცემის გამომხატველი ჟესტი, უცნობია. თუმცა, რთულია თვალში არ მოგხვდეთ უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილი სამი რუსი ასტრონავტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გუშინ მივიდა.
ეკიპაჟი პარასკევ დილით, Soyuz-ის კოსმოსური ხომალდით გაემართა ISS-ისკენ, რამდენიმე საათში გუნდი უკვე სადგურზე იყო. თუმცა, სადგურში შესვლის ვიდეოზე ცხადად ჩანს, რომ მათ ახალი ფერადი კოსტიუმები აცვიათ, რომელში გამოყენებული ფერებიც საოცრად ჰგავს უკრაინის დროშის ფერებს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მიმართ პროტესტს გამოხატავს, მეორე მხრივ კი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. თუმცა, არსებობს განსხვავებული პოზიციებიც.
Ars Technica-ს კოსმოსის მიმართულების რედაქტორი და საერთაშორისო კოსმოსური ურთიერთობების საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ერიკ ბერგერი ტვიტში წერს, რომ რთულია იმის თქმა, თუ ვის ეკუთვნის კოსტიუმი დიზაინი. ის კოსმოსის ერთ-ერთ ენთუზიასტს ეყრდნობა, რომლის თქმითაც, ეკიპაჟის წევრმა თქვა, რომ საწყობში ძალზედ ბევრი ყვითელი ქსოვილი იყო. თუმცა, რამდენად სარწმუნოა ეს ვერსია, მით უფრო მაშინ, როცა კოსმოსში ქვეყნის წარმომადგენელთა ჩაცმულობას ეხება საქმე, თვითონ გადაწყვიტეთ.
რა თქმა უნდა, ყველა ვერ თანხმდება იმ აზრზე, რომ რუს ასტრონავტებს უკრაინის მხარდაჭერა სურდათ. სხვა ჰიპოთეზის თანახმად, კოსტიუმები მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელიმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პატივის მისაგებადაა შეკერილი. გუშინდელ ტვიტში როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა რუსი ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისვლა აღნიშნა და თქვა, რომ "თითოეული მათგანი მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელიმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია".
შეიძლება უკვე მიხვდით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ უნივერსიტეტის ფერები ლურჯი და ყვითელია. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ უნივერსიტეტისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ კოსმონავტები ამ კოსტიუმებით. თუმცა, ერიკ ბერგერმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური ურთიერთობების საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია, ეს თეორია უკუაგდო და საკმაოდ ლოგიკური მიზეზითაც.
უნივერსიტეტის გერბში გამოყენებულ ფერებს კოსტიუმების "ფერები არც ისე ემთხვევა. ეს აშკარად უკრაინის დროშაზე გამოყენებული ყვითელია. როცა სადგურზე ჩასვლასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ოლეგ არტემევს ჰკითხეს კოსტიუმების ფერზე, მან ხუმრობით უპასუხა, რომ ზედმეტად ბევრი ყვითელი ქსოვილი ჰქონდათ. მას ბაუმანის უნივერსიტეტთან კავშირი არც კი უხსენებია".
თუ ეს ნამდვილად უკრაინის მხარდასაჭერი ჟესტია, აღფრთოვანებას იმსახურებს. თუმცა, მეორე მხრივ ამას პრობლემების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, როგოზინი უკვე დაემუქრა ევროპასა და აშშ-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ავარიით. ხოლო რუსეთში არათუ პროტესტის გამომხატველ ასტრონავტებს, არამედ ომის სახელის მხსენებელ მოქალაქეებსაც კი აპატიმრებენ.
თუ ეს ასტრონავტების დამოუკიდებელი ინიციატივაა, ეს დიდი შეურაცხყოფა იქნება როგოზინისთვის, რომელმაც ეკიპაჟის გაშვებამდე განაცხადა, რომ მათ "საბრძოლო განწყობა" ჰქონდათ. ჯერჯერობით, უცნობია რას გულისხმობს ეს "საბრძოლო განწყობა", თუმცა, ადამიანთა უმეტესობამ სამი რუსი ასტრონავტის კოსტიუმი უკრაინის მხარდაჭერის ჟესტად უკვე აღიქვა.
კომენტარები