როგორ გამოიღვიძა ევროპის მძინარე გიგანტმა
გერმანიის პოლიტიკამ ისეთი კატაკლიზმი განიცადა, როგორსაც არავინ ელოდა — წერს The Atlantic-ის კორესპონდენტი ბერლინიდან, ნოა ბარკინი.
შარშან, როდესაც ანგელა მერკელი ჯერ კიდევ გერმანიის კანცლერი იყო, საგარეო საქმეთა საკითხებში მისი მთავრობის ერთ-ერთ საუკეთესო მოაზროვნეს გავესაუბრე. ჩემი კითხვები ავტორიტარულ ძალებზე ქვეყნის შემაშფოთებელ დამოკიდებულებას და იმას შეეხებოდა, თუ რატომ არ სურს პოლიტიკურ კლასს ამ ურთიერთობების გადახედვა.
იმ დროს ბერლინი რუსეთიდან გაზის ახალი მილსადენის შემოყვანით იყო დაკავებული, ყველაზე დიდი გერმანული კომპანიები კი დიდ ინვესტიციებს აანონსებდნენ ჩინეთში. მაგრამ მერკელის მმართველობის პერიოდი იწურებოდა, მე კი მაინტერესებდა, შეცვლიდა თუ არა ხელმძღვანელობის ცვლილება გერმანიის დამოკიდებულებებს. მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც კითხვები დავუსვი, საკითხის მიმართ სკეპტიკურად აღმოჩნდა განწყობილი.
"გერმანიაში თავისუფლება იმდენს არ ნიშნავს, რამდენსაც სხვა ადგილებში", — მითხრა მან მას მერე, რაც ანონიმურად დარჩენის პირობა ჩამომართვა, რადგან გერმანიის პოზიციებს გულახდილად განვიხილავდით, — "თუ არჩევანი ეკონომიკურ შლასა და თავისუფლებათა შეზღუდვას შორის გვექნება გასაკეთებელი, გერმანია უყოყმანოდ აირჩევს ამ უკანასკნელს".
თებერვლის ბოლოს მერკელის მემკვიდრე, ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის პოდიუმზე ავიდა და საპირისპირო დაამტკიცა. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში გაუმართლებელ შეჭრას მოულოდნელი პასუხი გასცა და წინა პლანზე თავისუფლება დააყენა. ამით მან დაამსხვრია გერმანიის საგარეო პოლიტიკური ტაბუები, რომლებიც 70 წელზე დიდი ხნის წინ, ფედერაციული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისას შეიქმნა.
შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გაზის მიღების თვალსაზრისით აღარ იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული; თავის სამხედრო სექტორს დამატებით 100 მილიარდ ევროს დაახარჯავდა; და ასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სტინგერის რაკეტას მიაწვდიდა უკრაინას, რათა მას უთანასწორო, სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევის წინააღმდეგ დახმარებოდა. გერმანია, შესაძლოა, იძულებული გახდეს, თავისი ატომური სადგურების სიცოცხლეც გაახანგრძლივოს, რათა ის ენერგეტიკული ნაპრალი შეივსოს, რომელიც რუსული გაზის მიღების შეწყვეტით წარმოიქმნა.
თითოეული ეს გადაწყვეტილება მიწისძვრასავითაა. ერთად აღებული, ეს პოლიტიკური კატაკლიზმია, რომელსაც სიფრთხილით ცნობილი ახალი კანცლერისგან, პაციფისტური ფესვების მქონე გერმანული პარტიების კოალიციისა და რუსეთთან ახლო კავშირის დიდი ისტორიის მქონე სოციალ-დემოკრატების მთავრობისგან არავინ ელოდა. "ჩვენ ახალ ერაში შევდივართ", — განუცხადა შოლცმა პარლამენტს, — "და ეს იმას ნიშნავს, რომ სამყარო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, აღარ არის ისეთი, როგორსაც ადრე ვიცნობდით".
იმის გასააზრებლად, თუ რამდენად დიდი ცვლილებების მომსწრენი ვართ გერმანიაში, უკან უნდა გავიხედოთ და თვალი შევავლოთ იმას, თუ საიდან მოდის ეს ქვეყანა.
როგორც გერმანელმა დიპლომატმა თომას ბეგერმა 2019 წელს ახსნა, გერმანია ბერლინის კედლის დაშლიდან აღმოცენდა. გერმანიის გაერთიანებამ და საბჭოთა კავშირის კოლაფსმა დაგვარწმუნა, რომ, როგორც იქნა, ის (გერმანია) ისტორიის სწორ მხარეს დადგა. დასავლეთ ევროპაში დემოკრატიამ ფესვები გაიდგა და ავტორიტარული ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები წარსულს ჩააბარა. იმან, რაც ვლადიმერ პუტინმა, — KGB-ის ყოფილმა აგენტმა, რომელიც კედლის დანგრევისას გერმანიაში, დრეზდენში იმყოფებოდა, — მეოცე საუკუნის "უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად" შეაფასა, გერმანია თავიდან დაბადა. ეს იმის მტკიცებულება იყო, რომ ისტორია ნელ-ნელა ლიბერალური დემოკრატიისკენ იხრებოდა. ცივი ომის დასრულება ასევე ნიშნავდა მშვიდობას და ამ მშვიდობამ გერმანული თავდაცვითი ბიუჯეტი რადიკალურად შეამცირა.
ამასთანავე, ქვეყანა ინდუსტრიულ ტიტანად ყალიბდებოდა, ისრუტავდა რუსულ გაზს და მსოფლიოში საუკეთესო სამანქანო ნაწილებს აღმავლობის გზაზე დამდგარ ჩინეთში ყიდდა. ეს ყველაფერი კი შეერთებული შტატების დამცავი ქოლგის ქვეშ ხორციელდებოდა. ამ გზაზე რამდენიმე წინაღობაც გაჩნდა: ევროპის ფინანსური კრიზისი, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია, შუააღმოსავლური ტერორიზმი და ლტოლვილთა მიგრაცია. თუმცა თავისი მოდელისა და ხედვის მიმართ გერმანიის თავდაჯერებულობა ვერაფერმა შეარყია.
შემდეგ იყო ბრექსიტი, ტრამპის არჩევა და გააზრება იმისა, რომ Wandel durch Handel — გერმანიის მანტრა ვაჭრობის გზით ცვლილების შესახებ — არც ისე კარგად მუშაობდა. ჩინეთს ჯერ კიდევ მიჰქონდა გერმანული მანქანები და ტექნოლოგია, მაგრამ ის პარალელურად ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელსაც გლობალური ამბიციები ჰქონდა და ანგარიშგასაწევი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდა.
მერკელმა, რომელსაც ხელისუფლებაში უკვე ათ წელზე მეტი ჰქონდა გატარებული, მიგვანიშნა, რომ ყველაფერი ვერ იყო რიგზე. 2017 წელს მიუნხენის ლუდის ფესტივალზე ტრამპთან ერთ-ერთი პირველი შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ გერმანია, შესაძლოა, ისე ვეღარ დაყრდნობოდა შეერთებულ შტატებს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. მაგრამ მერკელს რიგითი გერმანელებისთვის არასდროს განუმარტავს, რომ ომის შემდგომი გერმანიის მოდელის სვეტები ირყეოდა, ან რომ მომავალი ცვლილებებისათვის მათ ფასის გადახდა მოუწევდათ.
საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი გადაწყვეტილება მან მაშინ მიიღო, როდესაც ევროკავშირს ძალით გაატანინა ინვესტიციის შეთანხმება ჩინეთთან — იმისდა მიუხედავად, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამას ღიად ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო მისი ბოლო მცდელობა, შეენარჩუნებინა ძველი მსოფლიო წესრიგი, რომელიც წესებზე, შეუზღუდავ ვაჭრობასა და დიდ ძალაუფლებებს შორის კომფორტულ კავშირებზე იყო დაფუძნებული. პროექტი სამი თვის შემდეგ თავს დატეხილი სანქციების შედეგად ჩავარდა.
და მაინც, თავისი საარჩევნო კამპანიისას შოლცის გზავნილი ამომრჩევლისადმი ის გახლდათ, რომ ბევრის არაფრის შეცვლა იყო საჭირო. ის მერკელის ერთგვარ იდეურ მემკვიდრედ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. მან თავისი წინამორბედის საფირმო, ალმასის ფორმის ხელების ჟესტიც კი გაითავისა, რათა გერმანელები დაერწმუნებინა, რომ Mutti (მერკელისთვის შერქმეული ზედმეტსახელი, რომელიც დედის კნინობით ფორმას აღნიშნავს) მოწინააღმდეგე პარტიის წევრ, უთმო, 63 წლის რბილ მოხუცში განაგრძობდა ცხოვრებას. ის საუბრობდა ყოფილი კანცლერის, უილი ბრენდტის საფირმო Ostpolitik პოლიტიკის აღდგენაზე, რაც მოსკოვსა და პეკინთან გაძლიერებული თანამშრომლობით უნდა მიღწეულიყო.
მაგრამ როგორც ჰაროლდ მაკმილანმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისას განაცხადა, "მოვლენებს, ძვირფასო ბიჭო, მოვლენებს" ისე შეუძლიათ ლიდერების შეცვლა, როგორც ამას თავადაც კი ვერასდროს წარმოიდგენდნენ. პუტინის ქმედებებზე შოლცის პირველი რეაქცია მომხდარის მნიშვნელობის დაკნინება იყო. Nord Stream 2, რუსული გაზსადენი გერმანიაში, რომელიც არაერთხელ გამხდარა ევროკავშირისა და ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკის ობიექტი, "აპოლიტიკური ბიზნესპროექტია", რომელიც სანქციებზე საუბრისას არ უნდა იყოს მხედველობაში მიღებულიო, განუცხადა შოლცმა მსოფლიოს დეკემბრის შუა რიცხვებში — სწორედ მაშინ, როდესაც პუტინს სამხედრო ნაწილები რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაჰყავდა.
შოლცის პოზიციის უეცარი ცვლილება მაშინ, როდესაც რუსული შენაერთები უკრაინაში შევიდნენ, იმ ზეწოლის შედეგი იყო, რომელსაც მისი მთავრობა კვირების განმავლობაში ფეხის თრევის გამო ქვეყნის უახლოესი მოკავშირეებისგან განიცდიდა. თუმცა მხოლოდ ზეწოლა არ ხსნის შოლცის მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რასაც ასეთი პოლიტიკოსისგან მოველოდით.
ეს ქმედებები დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ნამდვილად შეიცვალა; იმისა, რომ გერმანიამ უნდა დახარჯოს თანხები თავდაცვაში. მან ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ საკუთარი ღირებულებები შეინარჩუნოს. მსოფლიოში, რომელიც სისტემატური შუღლითაა სავსე, ის შვეიცარიის დიდ ვერსიად ვეღარ დარჩება. ამ გადაწყვეტილებების მიღებისას შოლცი საკუთარი პარტიის შეხედულებების, გერმანული ბიზნესგარემოს და იმ პოზიციის წინააღმდეგ წავიდა, რომელზეც, ბევრის აზრით, გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა იდგა. და მაინც, მის კოალიციაში შემავალი პარტიები კანცლერს ზურგს უმაგრებენ, გერმანული მედია კი ადიდებს მის სიმამაცეს. იმავე დღეს, როდესაც შოლცმა თავისი განცხადება გააკეთა, ტიერგარტენთან, ბუნდესტაგის გვერდით 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად.
შოლცმა ერთი ხელის მოსმით გაითავისუფლა თავი მერკელისეული იმ ფრთხილი მიდგომისგან, რამაც ის კანცლერად აქცია. თავისი 16-წლიანი კანცლერობის განმავლობაში მერკელსაც არაერთი მონუმენტური გადაწყვეტილება მიუღია. თუმცა არცერთი მათგანი მსოფლიოში გერმანიის ადგილისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ან მისი ეკონომიკისთვის პოტენციურად იმდენად საზიანო არ ყოფილა, როგორიც შოლცის მიერ კანცლერობის მესამე თვეში გაკეთებული არჩევანია. ირონიულია, რომ ის ტაბუები, რომლებიც ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის სამარცხვინო წარსულიდან მოსდევს, ევროპის გულში მიმდინარე მორიგი ომის შედეგად დაიმსხვრა.
რა მოხდება შემდეგ, ბუნდოვანია, რადგან შოლცის მიერ მიღებული ზომები ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა იქნება — განსაკუთრებით კი იმ წინააღმდეგობის ფონზე, რომელსაც ის ღრმად ფესვებგადგმული გერმანული ინტერესთა ჯგუფებისგან შეხვდება. დაფინანსება მოკლებული გერმანული არმია ერთ ღამეში ვერ გაიმართება წელში, რუსული გაზის შეცვლა კი მძიმე ამოცანაა.
ასევე გაურკვეველია, რა ზეგავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილებები ბერლინის ურთიერთობაზე პეკინთან, რომელმაც პუტინთან "უსაზღვრო" პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ჯერ კიდევ არ დაუგმია მისი აგრესია. ჩინეთი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია გერმანული ეკონომიკისა და მოწინავე ბიზნესისთვის, ვიდრე რუსეთი. ეს საფრთხეა გერმანული უშიშროებისთვისაც — მართალია, აღნიშნული პროცესი მოსკოვთან ურთიერთობის ჩამოშლასთან შედარებით ნელა წარიმართება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად საგანგაშოა.
თუმცა კამათელი უკვე გაგორდა. "ევროპაში მშვიდობასა და თავისუფლებას ფასი არ ადევს", — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა. როგორც ჩანს, როცა საქმე საქმეზე მიდგება, თავისუფლება დგას კეთილდღეობაზე მაღლა.
კომენტარები